in

ქალაქი, როგორც საზოგადოების სარკე – ინტერვიუ ვლადიმერ ვარდოსანიძესთან

ურბანული სივრცე ჩვენს ყოველდღიურობაში ყველაზე თვალსაჩინოდ იცვლება, თუმცა ამ ცვლილებების მიზეზებზე და შედეგებზე საუბარი ცოტას შეუძლია. არქიტექტორი და ურბანისტი ვლადიმერ ვარდოსანიძე იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც საბჭოური სწორხაზოვანი გეგმარებიდან დამოუკიდებელი საქართველოს ქაოტურ განაშენიანებამდე მოვიდა და ამ პროცესს როგორც პრაქტიკოსი და მკვლევარი შეესწრო. ის ქალაქს მხოლოდ არქიტექტურულ ობიექტად კი არ აღიქვამს, არამედ სოციალურ ორგანიზმად — კულტურის, მეხსიერებისა და საერთო ცხოვრების წესის მატარებლად. ვლადიმერ ვარდოსანიძე იკვლევს, როგორ აყალიბებს ქალაქს ტრადიციები, როგორ ცვლის ურბანული სივრცე საზოგადოებას და რატომ არის აუცილებელი, რომ არქიტექტურამ ადამიანისადმი ემპათიით იარსებოს.

ეს საკმაოდ ლაკონური, მაგრამ ღრმა შინაარსით გამორჩეული ინტერვიუ გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ ხედვას თანამედროვე ურბანულ საკითხებზე. ის გვაძლევს, იშვიათ შესაძლებლობას, სხვა თვალით შევხედოთ ქალაქს, მის სოციალურ ფენებსა და შინაგან რიტმს. შესაძლოა, სწორედ ამ საუბარმა დაგვაფიქროს იმის შესახებ თუ რა არის თბილისის ნამდვილი იდენტობა და როგორ შეგვიძლია მისი ხელახლა წაკითხვა.

“მთელი პროფესიული ცხოვრება იმას მოვანდომე, რომ გამემიჯნა არქიტექტურა და ურბანისტიკა. ამიტომ, კითხვებზე პასუხები, ძირითადად, ამ უკანასკნელის შესაბამისია,” – ვლადიმერ ვარდოსანიძე 

ბატონო ვლადიმერ, თქვენ დაიბადეთ და განათლება მიიღეთ საბჭოთა კავშირში. რამდენად დიდი გავლენა იქონია საბჭოთა კონტექსტმა არქიტექტურისა და ურბანული ცხოვრების თქვენეულ აღქმაზე? როგორი იყო სამუშაო პროცესი თქვენთვის იმ პერიოდში? რა იყო მთავარი ღირებულებები და შეზღუდვები ქალაქგეგმარების მიმართულებით?

ურბანული ცხოვრება საზოგადოებრივი ცხოვრების ანარეკლია, ერთგვარი სარკეა. ამ სარკეში კარგად ისახებოდა ის ცვლილებები, რომლითაც საზოგადოებრივი ცხოვრება ხასიათდებოდა. საბჭოთა პერიოდში ვცდილობდი პროფესიულ დისიდენტობას – ვცდილობდი ყოველთვის ადამიანის წარმოჩენას; ამიტომ იყო, რომ პროფესიულ მეთოდოლოგიურ მიდგომად ურბანსოციოლოგია ავირჩიე. შეზღუდვები იყო… ქალაქგეგმარებაში – საიდუმლოების დაცვის მოთხოვნა. სხვა შეზღუდვები სამშენებლო ნორმებსა და წესებს გულისხმობდა.

რა გამოცდილება და გაკვეთილები შეიძლება მივიღოთ საბჭოთა პერიოდის ქალაქგეგმარების პრაქტიკიდან? რომელი ასპექტებია კვლავ აქტუალური თანამედროვე ურბანული განვითარების კონტექსტში და სად ჩანს მისი შეზღუდვები ან პრობლემები?

მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ქალაქგეგმარება არ შეიძლება ექვემდებარებოდეს ოლიგარქიულ ინტერესებს, ჯგუფურ თუ პირად ამბიციებს. უძრავი ქონება არქიტექტურას არ უდრის. აქტუალური გამოწვევები ახლებურია და უკავშირდება ურბანისტიკის დისკრედიტაციას,  დამცირებას და მიფუჩეჩებას.

ავტორები: ი. ჩხენკელი, ჯ. ჯიბლაძე, გ. ჯაფარიძე, გ. შავდია

თქვენი აზრით, რამდენად თანხვედრაშია არქიტექტურა და ურბანული გარემო საზოგადოების ღირებულებებსა და იდენტობასთან? რა როლი იქონია ქართულმა ტრადიციებმა, რიტუალებმა და კოლექტიურმა მეხსიერებამ ქართული ქალაქების ჩამოყალიბებაში?

არქიტექტურა და ქალაქგეგმარება აბსოლუტურად ადეკვატურია ჩვენი საზოგადოების სოციოკულტურული პორტრეტისა – ის უკეთესი, უბრალოდ, ვერ იქნება. სამწუხაროდ, ტრადიციული ქართული კულტურა ურბანული კულტურა არ არის, ის რურალური კულტურაა. ამდენად, ქალაქად ცხოვრებას ახლა ვსწავლობთ.

რას ფიქრობთ ქართული ქალაქების ურბანული განვითარების მიმართულებაზე და რა არის სოციო-კულტურული წინააღმდეგობები,

ამ კითხვაზე პასუხად მოვიყვან ციტატას ერთი ქართველი პოეტისგან, ის მიმართავს თბილისს: „მე ერთ პატარა სოფელს დავაკლდი, მაგრამ შენს სიდიდეს ვერ შევემატე.“ ეს არის მარგინალი ადამიანის დასაფასებელი გულწრფელი აღიარება.

როგორ შეიძლება ქალაქმა გააძლიეროს კომუნის შეგრძნება მის მოქალაქეებში? როგორ შეიძლება ქალაქი ებრძოდეს იზოლირებულობას?

ქალაქმა უნდა გამოიჩინოს სოციალური სოლიდარობა, რასაც უზარმაზარი მანქანებით გადაადგილება და „ჩარაზულ უბნებში“ (gated communities) ბინადრობა ხელს არ უწყობს. მივხედოთ ჯინის კოეფიციენტს…

რა განსაზღვრავს ქალაქის სულს და ფიქრობთ თუ არა, რომ გლობალიზაციისა და კომერციალიზაციის პროცესი დამღუპველია ქალაქის სულის ანუ ინდივიდუალიზმისთვის?

ქალაქის სულს განსაზღვრავს კოლექტიური მეხსიერება, ურბანონიმიის ჩათვლით. ლექციაზე აღმოვაჩინე, რომ ჩემი სტუდენტებისთვის ურბანონიმი „ზემელი“ უცნობია. „ვარანცოვი“  ჯერ-ჯერობით შემორჩენილია.

თქვენს ნაშრომებში წაგვიკითხავს ანჯელა კარტერის ფრაზა: “ქალაქებს აქვთ სქესი: ლონდონი მამაკაცია, პარიზი – ქალი, ხოლო ნიუ-იორკი – გაწონასწორებული ტრანსსექსუალი”. თქვენი აზრით ვინ არის თბილისი?

თბილისისთვის უფრო მისასადაგებელია მუსიკალური შედარება – „თბილისი – ჯაზია“.

თქვენ როგორ განსაზღვრავთ კარგ არქიტექტურას და არის თუ არა ქალაქი ან ქვეყანა, რომლის პრაქტიკა და მაგალითი ჩვენთვისაც იქნება გამოსადეგი? რომელი ქალაქი გამოსახავს ჰარმონიას არქიტექტურასა და ხალხს შორის იდეალურად?

საერთდ არ მიყვარს სიტყვა „კარგი“ – ის არაფრის მთქმელია. ჩემთვის საქართველოში მისაბაძი ქალაქი იყო ძველი სიღნაღი და ძველი ბათუმი; ჰარმონია სწორედ ამ ქალაქებში იყო.

ბათუმი, 1980-იანი წლები

თქვენი აზრით რა არის შეკითხვა, რომელსაც ადამიანები უფრო ხშირად უნდა სვამდნენ ქალაქის უკეთ გასაგებად?

უფრო ხშირად უნდა მიმართავდნენ ქალაქის საბასეულ განმარტებას მის „სიტყვის კონაში“ – ყველაფერი ქალაქის ფორმულის სახით მასშია ნათქვამი.

როგორც არქიტექტორი და პედაგოგი, რას ფიქრობთ, რაზე უნდა ფოკუსირდნენ ახალგაზრდა არქიტექტორები და ურბანისტები?

უწინარესად, დროულად უნდა გააკეთონ არჩევანი – არქიტექტორობა თუ ურბანისტობა და დაჩნენ ერთგულნი საკუთარი არჩევანისა. დანარჩენს სწავლა და მოგზაურობა თავისით მოიტანს.

სახლი ტყესა და მდელოს შორის – nArchitects-ის პროექტი