in ,

„ქრონომეტრი’’ – ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი ლისზე,  სადაც ვიზუალს შინაარსი განაპირობებს

სახელიც მიანიშნებს, რომ აქ მთავარი საზომი ერთეული დროა – დაგეგმარებაც სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება. ლისზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი მათთვისაა, ვინც ქალაქის დინამიკურ რიტმში ცხოვრობს და სივრცისგან მაქსიმალურ ფუნქციურობას ითხოვს. როგორ ითარგმნა ეს იდეა დიზაინის ენაზე – ამის შესახებ „ქრონომეტრის’’ ინტერიერის არქიტექტორ-დიზაინერი, სალომე გულორდავა გვესაუბრება.

 

სალომე, როგორ დაახასიათებდით „ქრონომეტრის’’ ინტერიერის მთავარ იდეას და რა იყო მთავარი შთაგონების წყარო პროექტზე მუშაობისას?

უპირველესად, ჩვენი ამოცანა იყო, პროექტს მობინადრისთვის დროის გონივრული მართვისა და სივრცეში შეუფერხებელი გადაადგილების შესაძლებლობა მიეცა. შთაგონების წყარო სწორედ ქალაქის დაუცხრომელი რიტმი და ადამიანის ყველაზე ღირებული რესურსი – დროა. ამ ტემპთან გამკლავება მხოლოდ გარემოსთან იდეალური ადაპტაციითაა შესაძლებელი, რასაც ჩვენს შემთხვევაში არქიტექტურული სიზუსტე უზრუნველყოფს.

რა არის ის მთავარი ხელწერა, რომლითაც მნახველი მიხვდება, რომ ამ სივრცის დიზაინზე თქვენმა გუნდმა იმუშავა?

ჩვენი ხელწერაა სივრცე, რომელიც ენერგიას ასხივებს და სადაც შინაარსი ყოველთვის განაპირობებს ვიზუალს და არა პირიქით. ეს არის ფუნქციური ესთეტიკა, სადაც ყოველი ხაზი და ფორმა კონკრეტულ დანიშნულებას ემსახურება.

როგორ მიაღწიეთ ფუნქციურობისა და ესთეტიკის იმ ბალანსს, რომელიც მაცხოვრებლისთვის კომფორტის ასეთ მაღალ დონეს ქმნის?

მთავარი ამოსავალი წერტილი ფუნქციური მრავალფეროვნებაა: სამუშაო ზონა, ველნესი და კომერციული ობიექტები ერთ სივრცეშია თავმოყრილი, შესაბამისად, კომფორტს აქ ლოგიკური დაგეგმარება ქმნის. მაგალითად, საოფისე ნაწილისთვის ცალკე გამოყოფილი ლიფტები მაცხოვრებლების პრივატულობას იცავს და მათთვის შიდა სივრცეებს შორის გადაადგილებას მაქსიმალურად სწრაფსა და მარტივს ხდის.

ფერებზეც რომ ვისაუბროთ, რა პრინციპით შეარჩიეთ პალიტრა და როგორ აითვისეთ ბუნებრივი განათების რესურსი?

პალიტრა აგებულია სოლიდურ, ელეგანტურ ტონალობებზე. ჩვენ ვერიდებით მონოქრომულობას და ვიყენებთ დაბალანსებულ აქცენტებს, რათა სივრცე იყოს ცოცხალი და არა მოსაწყენი ან პირიქით, ზედმეტად გადატვირთული. რაც შეეხება განათებას, ის დიზაინის ცენტრალური ელემენტია. სრულად შემინული ფასადი საშუალებას გვაძლევს, მზის სინათლე მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რაც გარემოს ბუნებრივი ენერგიით ავსებს და მუშაობისა თუ დასვენების პროცესს ბევრად პროდუქტიულს ხდის.

საინტერესოა, ზოგადად როგორ შეიცვალა მოთხოვნები საცხოვრებლის მიმართ,  რა მიიჩნევა 2026 წლის მთავარ ტენდენციად?

დღეს დიზაინში ე.წ. ემოციური ინტელექტი დომინირებს, რაც სახლის, როგორც პერსონალური თავშესაფრის იდეას აძლიერებს. ცივი მინიმალიზმი უფრო თბილმა, ადამიანურმა გარემომ ჩაანაცვლა და დღეს უკვე აქცენტი ეკოლოგიასა და ბუნებრივ მასალებზე კეთდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა წარსულისა და თანამედროვეობის სინთეზი, ინტერიერში შემოდის ისტორიის მქონე, სახასიათო ნივთები, რომლებიც საკუთარ ამბავს თავადვე ჰყვებიან და რომლებიც თანამედროვე კონტექსტში სრულიად ახალ სიცოცხლეს პოულობენ. საბოლოო ჯამში, მთავარია, გარემო იყოს არა მხოლოდ ვიზუალურად გამართული, არამედ მენტალური თვალსაზრისითაც კომფორტული.

ამ მენტალურმა კომფორტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო წლებში შეიძინა. საინტერესოა, კიდევ რა გარდამტეხი ცვლილებები მოიტანა პანდემიის შემდგომმა პერიოდმა საცხოვრებელი სივრცის დაგეგმარებაში?

ბოლო ხუთმა წელმა დაგვანახა, რომ ზონირება აუცილებლობაა. ღია დაგეგმარება შეცვალა გამყოფმა კედლებმა და აკუსტიკურმა მასალებმა, რამაც პრივატულობის განცდა გააძლიერა. დამკვიდრდა ბიოფილური დიზაინი და ე.წ. „ჩუმი ფუფუნების’’ პრინციპი. დღეს, ციფრული ტექნოლოგიებითა და აჩქარებული რიტმით გადაღლილი ადამიანები უფრო მეტად მიისწრაფვიან ცხოვრების აუჩქარებელი ტემპისკენ. ისინი ირჩევენ სიმშვიდესა და სენსორულ დიზაინს იქ, სადაც მასალებთან შეხება და ტაქტილური აღქმა გადამწყვეტია.

საინტერესოა, ამ სენსორულ და ბუნებრივ გარემოში როგორ პოულობს ადგილს ტექნოლოგია? რამდენად მნიშვნელოვანია დღეს „ჭკვიანი სახლის’’ ელემენტების ვიზუალური ინტეგრაცია?

2026 წლისთვის ტექნოლოგია დიზაინისგან განცალკევებულ ელემენტად აღარ აღიქმება, ის სრულიად უხილავია და ნატურალურ მასალებშია ინტეგრირებული. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მაქსიმალური კომფორტი ვიზუალური ქაოსის გარეშე. დღევანდელი ფუნქციური მაქსიმალიზმი მობინადრის სიმყუდროვეზე მუშაობს, მაგალითად, ბიორიტმული განათება ავტომატურად ერგება ადამიანის ბუნებრივ ციკლებს, უხილავი დამტენები თუ ხმოვანი მართვის სისტემები კი ზედმეტი დეტალებისგან ათავისუფლებს სივრცეს. ტექნოლოგია აქ არა დემონსტრირებისთვის, არამედ იმ შეგრძნების გასამძაფრებლადაა, რომ სახლი თავად ზრუნავს შენზე ისე, რომ ამას თვალით ვერც კი ამჩნევ.

როდესაც ტექნოლოგია ასე შეუმჩნევლად ერწყმის გარემოს, მთელი აქცენტი ვიზუალურ მხარეზე გადადის. საინტერესოა, რა ფერები დომინირებს წელს და რამდენად აქტუალურია ინტერიერში რეტრო ელემენტების გამოყენება?

წელს წამყვანია თბილი, მიწიერი ტონები: ტერაკოტა, მუქი შინდისფერი, ზეთისხილისფერი და მუქი ყავისფერი. განსაკუთრებით პოპულარულია ერთი ფერის სხვადასხვა ტონალობის ფენებად გამოყენება, რაც სივრცეს სიღრმეს ჰმატებს. რაც შეეხება რეტრო ელემენტებს, მათზე მოთხოვნა ემოციური სიმშვიდის ძიებამ გააჩინა. ჩვენ აღარ ვაკოპირებთ გასულ ეპოქებს, პირიქით, მათ თანამედროვე კონტექსტში ახალ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს მიდგომა კი ინტერიერს უნიკალურ ხასიათს სძენს და წარსულსა და დღევანდელობას შორის ერთგვარ კავშირსაც კი ქმნის.

ესთეტიკა და ხასიათი მნიშვნელოვანია, თუმცა მათ უკან ყოველთვის ზუსტი გათვლები დგას. პრაქტიკულ მხარეზეც რომ გადავიდეთ,  რა არის ის ძირითადი შეცდომები, რომლებსაც ბინის მოწყობისას ყველაზე ხშირად ვუშვებთ?

მთავარი შეცდომა, ხარჯების დაზოგვის მიზნით, პროფესიონალის გარეშე მუშაობის დაწყებაა, რაც საბოლოოდ პროექტს აძვირებს. გარდა ამისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასშტაბების სწორი გადანაწილება. უნდა დავიცვათ „70/30-ის წესი’’, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახის ფართობის მხოლოდ 70% უნდა დაიკავოს ავეჯმა, რათა ადგილი თავისუფალი  მოძრაობისა და ვიზუალური ესთეტიკისთვისაც დარჩეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ტექსტილიც – მისი შეცვლით ინტერიერის ხასიათი თითქმის სრულად ტრანსფორმირდება. ასევე, დღეს პრიორიტეტული გახდა აკუსტიკური დაგეგმარება, ეს არის უხილავი, მაგრამ გადამწყვეტი ინვესტიცია საკუთარ სიმშვიდესა და მენტალურ კომფორტში.

დაბოლოს, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა არის „ქრონომეტრის’’ ის უნიკალური დეტალი, რაც მას გამორჩეულს ხდის და რა იქნება თქვენი მთავარი რჩევა მომავალი მობინადრეებისთვის?

„ქრონომეტრის’’ მთავარი უნიკალურობა მის მთლიანობაშია. ეს არის გარემო, რომელიც მობინადრეს სთავაზობს არა მხოლოდ კომფორტს, არამედ პერსონალურ თავისუფლებას. აქ არქიტექტურა თავად იღებს საკუთარ თავზე ყოველდღიური რუტინის მართვას, რათა თქვენ მეტი ენერგია დაგიტოვოთ საკუთარი ინტერესებისა და თვითრეალიზაციისთვის.

ჩემი რჩევა მომავალი მობინადრეებისთვის კი ასეთია: ნუ იყიდით მხოლოდ ბინას, იყიდეთ დრო და კომფორტი. გამოიყენეთ კომპლექსის ყველა უპირატესობა ისე, რომ თქვენი პირადი სივრცე იყოს მშვიდი ამ აქტიურ და აჩქარებულ გარემოში. ვინაიდან, კომპლექსი სამუშაო და გამაჯანსაღებელ სივრცეებს ერთ შენობაში აერთიანებს, თქვენ აღარ გიწევთ ბინის ფართობის დათმობა მსგავსი აქტივობებისთვის. ეს საშუალებას გაძლევთ, პირადი საცხოვრებელი მაქსიმალურად ეფექტურად აითვისოთ და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად დაზოგოთ ის დრო, რაც აქამდე სახლიდან სხვა დაწესებულებებამდე გადაადგილებისთვის გჭირდებოდათ. ეს კი გრძელვადიანი ცხოვრების პერსპექტივით, სრულიად ახალი სტანდარტის კომფორტს ქმნის.

ასე რომ, გამოიყენეთ ეს სივრცე, როგორც ინსტრუმენტი საკუთარი თავის ხელახლა აღმოსაჩენად. ნუ ეცდებით ინტერიერის მხოლოდ დროებითი, პოპულარული ნივთებით შევსებას – დატოვეთ ადგილი ჰაერისთვის, სინათლისთვის და იმ სიმშვიდისთვის, რომელსაც ეს პროექტი გპირდებათ. გახსოვდეთ, რომ დღეს ყველაზე დიდი პრივილეგია საკუთარ რიტმში ცხოვრების შესაძლებლობაა და „ქრონომეტრი’’ ლისზე სწორედ ამისთვის შეიქმნა.

[R]

გზა ფერწერიდან შპალერის დიზაინამდე – ინტერვიუ ნინა კიკალიშვილთან