in

სახლი როგორც პატარა ოაზისი უდაბნოში – სალომე გულორდავას ნამუშევარი ლისზე

სახლი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, 280 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და მასზე ინტერიერის დიზაინერმა სალომე გულორდავამ იმუშავა.

როგორც თავად გვიამბობს, დიზაინერმა საკმაოდ რთული და კომპლექსური გამოწვევები მიიღო, როგორიც არის: მაღალ ჭერიანი სივრცის გაჩენა პროექტში, საცხოვრებელი ზონების ხედებზე მორგება, ინტერიერსა და ექსტერიერს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება და სივრცეში დიდი ინტენსივობით გამწვანების შემოჭრა. მიღებული შედეგის გათვალისწინებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სალომე გულორდავამ აღნიშნულ საპროექტო დავალებას თავი ძალიან წარმატებით გაართვა.

პირველი, რაც სახლში შესვლისას იქცევს დამთვალიერებლის ყურადღებას, ბუნებრივ ქვაში შესრულებული იატაკის ინსტალაციაა, რომელიც ქვიშაში ამომავალ მზეს მოგაგონებთ.

შთაგონება მთლიანად ბუნებისგან ავიღე, რომლის მთავარი გმირიც იყო უდაბნო პატარა ოაზისით. შესაბამისად, კედლები შესრულებულია ქვიშის ფერში, რომელიც ტონებს იცვლის დღის სხვადასხვა მონაკვეთში, ირეკლავს სამხრეთ-დასავლეთით გაშენებული ორანჟერეის უზარმაზარი ვიტრაჟებიდან შემოსულ მზის შუქს და ინტერიერში თაღოვან დეტალებთან ერთად, ქმნის ჰარმონიულ და მშვიდ გარემოს,” – გვიამბობს პროექტის ავტორი

სალომე გულორდავას თანახმად, გეგმარების მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ თითქმის  არცერთი კვადრატული მეტრი არ უნდა დარჩენილიყო  ბუნებრივი განათებისა და ხედის გარეშე. შესაბამისად, პროექტის ავტორმა პირველ საცხოვრებელ სართულზე უარი თქვა სივრცეების დაყოფაზე. შედეგად, აქ ყველა სივრცე ერთმანეთის ნაწილია და ამავდროულად დამოუკიდებელიც.

სამზარეულო ემსახურება როგორც შიდა, ისე ინტერიერში თითქმის შემოჭრილ ვერანდას, საიდანაც იშლება აუზისა და ქალაქის ულამაზესი ხედები.

 

მეორე სართულზე განთავსებულია საძინებელი ოთახები და სველი წერტილები. ზედა დონე იზოლირებულია პირველი სართულისგან, მაგრამ ამავდროულად, შუშის მოაჯირის ხარჯზე, სივრცის ერთიანობის შეგრძნება არ არის დაკარგული.

საცხოვრებელ სახლებზე მუშაობის პროცესში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სველ წერტილებს. შესაბამისად, ყოველთვის დიდ დროს ვუთმობ მათ გეგმარებასა და დიზაინზე ფიქრს. ამ პროექტის შემთხვევაშიც გამოვარჩევდი არასტანდარტულ, ფუნქციურ და ლამაზ სველ წერტილებს,” – სალომე გულორდავა

აღსანიშნავია, რომ ხელსაბანი ნიჟარები ძირითადად შესრულებულია ბუნებრივი ქვის გამოყენებით და შექმნილია ინდივიდუალური დიზაინით ამ კონკრეტული სველი წერტილებისთვის. რაც შეეხება მთავარ საძინებლის (master bedroom) სველ წერტილს, ის დაყოფილია სხვადასხვა ზონებად: საშხაპე სივრცე, აბაზანის სივრცე, ხელსაბანის სივრცე და პირადი სივრცე, რაც ერთიანობაში მოჰყავს დიდ კარადას და მოსასვენებელ სკამს.

რაც შეეხება პროექტში გამოყენებულ მასალებს, აქ გვხვდება მარმარილოს ქვა, ხე, რატანი. ტექსტურებს ძირითადად მატირებული ზედაპირები ქმნიან ტყავის, ტილოს, ჭილოფისა და ბუკლეს დახმარებით, რომლებიც მარმარილოს ნახევრად პრიალა ზედაპირებთან მიმართებაში საინტერესო კონტრასტს ქმნიან და სივრცეს სხვადასხვა განზომილებას სძენენ.

შეიძლება ითქვას, რომ სახლი საკმაოდ მონოქრომულ სტილშია გადაწყვეტილი. მისაღებში გვხვდება ე.წ. უწყვეტი იატაკი (პლინტუსების გარეშე), რომელიც ერწყმის იდენტური ფერის კედლებსა და ჭერს. როგორც სალომე გულორდავა გვიამბობს, მას სურდა, რომ ამ “ქვიშაში” გამოჩენილიყო ძვირფასი ზურმუხტისა და ლალის ქვები, რომელთა ფუნქციაც ინტერიერში “rojo alicante” და “verde alpi bocciardato” ქვებმა შეასრულეს, რომლებმაც სივრცეში სახასიათო შტრიხები და კომფორტის განცდა შემოიტანეს.

პროექტის ავტორი: სალომე გულორდავა

დიზაინ სტუდია: S__interioirs___

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

ბარსელონაში მდებარე ბინის რენოვაცია – NáBITO Architects-ის პროექტი

კრემისფერი ინტერიერში – 7 აქტუალური რჩევა მის გამოსაყენებლად