დიზაინი ხშირად ინდივიდუალურ ხედვასთან ასოცირდება – ავტორის ხელწერასთან, პირად ესთეტიკასა და იმ უნიკალურ მიდგომასთან, რომელსაც ის საკუთარ პროექტებში ავლენს. თუმცა, როდესაც შემოქმედებით პროცესში ორი ადამიანია ჩართული, დიზაინი დამატებით განზომილებას იძენს. ასეთ შემთხვევაში, სივრცე იქმნება არა მხოლოდ იდეების რეალიზაციის, არამედ მუდმივი დიალოგის, აზრთა გაცვლისა და საერთო ხედვის ჩამოყალიბების შედეგად.
წარმატებული თანამშრომლობა დიზაინში მხოლოდ პროფესიულ უნარებს არ ეფუძნება. ის საერთო ღირებულებებს, ერთმანეთის მიმართ ნდობასა და განსხვავებული მოსაზრებების ჰარმონიულად შეთავსების უნარს მოითხოვს. სწორედ ამ პროცესში ყალიბდება შემოქმედებითი იდენტობა, რომელიც ცალკეული ავტორების ფარგლებს სცდება და დამოუკიდებელ ხასიათს იძენს. შედეგად, თითოეული ახალი პროექტი ხდება სივრცე, სადაც სხვადასხვა იდეა ერთ მთლიან კონცეფციად გარდაიქმნება.
ინტერიერის დიზაინერები და Spott Studio-ს დამფუძნებლები, გვანცა ახალბედაშვილი და ელენე ძაძუა სწორედ ასეთ შემოქმედებით პარტნიორობაზე გვიამბობენ. ინტერვიუში ისინი იხსენებენ, როგორ დაიწყო მათი პროფესიული გზა, როგორ ჩამოყალიბდა საერთო ხედვა სტუდიის შექმნამდე და რა პრინციპებით ქმნიან სივრცეებს, სადაც არქიტექტურა, მასალები და ადამიანის ინდივიდუალური საჭიროებები ერთიან, გააზრებულ გარემოდ ყალიბდება.

ელენე, გვანცა, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა დიზაინთან და როდის მიხვდით, რომ ეს სფერო იქნებოდა თქვენი პროფესიული გზა?
გვანცა: ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიზიდავდა განსხვავებული და საინტერესო სივრცეები. ყოველთვის ინტერესით ვათვალიერებდი ახლობლების სახლებს და განსაკუთრებით მსიამოვნებდა ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც გამორჩეული დიზაინი და ატმოსფერო იყო შექმნილი. დედაჩემი ხშირად ყიდულობდა ინტერიერის დიზაინის ჟურნალებს და მათი დათვალიერება ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა იყო.
ასევე, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა თამაში „The Sims“, სადაც საათობით ვაწყობდი და ვქმნიდი განსხვავებულ სახლებსა და ინტერიერებს. იმ დროს საერთოდ არ ვიცოდი, რომ არსებობდა ინტერიერის დიზაინერის პროფესია, თუმცა ეს ინტერესები და სიყვარული სივრცეების მიმართ ბუნებრივად გროვდებოდა ჩემში. მოგვიანებით, როდესაც ამ სფეროს უფრო ახლოს გავეცანი, მივხვდი, რომ ინტერიერის დიზაინი სწორედ ის პროფესია იყო, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავდა ჩემს ინტერესებს, ხედვასა და შემოქმედებით მიდგომას.
ელენე: ბავშვობიდან მაინტერესებდა დიზაინი. ყველა ანიმაციას და ფილმს, რასაც ვნახავდი, ინტერიერის მიხედვით გამოვარჩევდი და ვიმახსოვრებდი. ვუყურებდი ყველა გადაცემას და ვაგროვებდი ჟურნალებს დიზაინზე, რაც მაშინ ხელმისწვდომი იყო ჩვენთვის. პატარა ვიყავი, როდესაც სწორედ ერთ-ერთ ასეთ გადაცემაში აღმოვაჩინე ფილიპ სტარკი და მისი საკულტო წვენსაწური, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვუყურებდი ჩემს ოჯახის წევრ არქიტექტორებს, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჩემთვის – როგორ ისხდნენ სამუშაო მაგიდებთან და ქმნიდნენ პროექტებს. ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და არქიტექტურის არჩევის ერთ-ერთ მოტივაციად იქცა. არ მახსენდება სხვა პროფესია, რაზეც ოდესმე მიფიქრია.
როგორ ჩამოყალიბდა თქვენი ხედვა სტუდიის შექმნამდე – რა გამოცდილებებმა ან გარემომ იმოქმედა თქვენი, როგორც დიზაინერების აზროვნებაზე?
გვანცა: ძალიან გამიმართლა, რომ სტუდენტობის პერიოდიდან მქონდა დამოუკიდებელი პროექტები, რაც მაძლევდა მნიშვნელოვან გამოცდილებას. შემდეგ ისეთ კომპანიაში მოვხვდი, საიდანაც საერთაშორისო პროექტებზე ვმუშაობდი, ვთანამშრომლობდი უცხოელ გამოცდილ დიზაინერებთან და კომპანიებთან. ასევე, ძალიან დიდი როლი აქვს საერთაშორისო გამოფენებს და ვორქშოფებს.
ელენე: როგორც აღვნიშნე, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ყველაფრით, რაც დიზაინს ეხებოდა. მეც სტუდენტობის პერიოდში მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა პროფესიონალ და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებული გემოვნების მქონე ადამიანთან. ვფიქრობ, ამ შესაძლებლობამ სხვანაირად გადამაფასებინა და დამანახა დიზაინი, როგორც ამოუწურავი შესაძლებლობების სფერო.
როგორ შეხვდით ერთმანეთს და როგორ გაჩნდა Spott Studio-ს შექმნის იდეა – რა გახდა თქვენი თანამშრომლობის მთავარი საფუძველი?
ერთმანეთს სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობდით და ვმეგობრობდით. საერთო ხედვა და შეხედულება გვქონდა ბევრ საკითხზე, შემდეგ ერთ დიდ პროექტზე მოგვიწია ერთად მუშაობა. მივხვდით, რომ კარგად გამოგვდიოდა თანამშრომლობა და დავაარსეთ Spott Studio.
რა როლს თამაშობს თითოეული თქვენგანის ინდივიდუალური ხელწერა გუნდურ მუშაობაში? როგორ ახერხებთ საერთო სტილის ჩამოყალიბებას და ამავდროულად საკუთარი ხედვის შენარჩუნებას?
იმის მიუხედავად, რომ დიზაინთან დაკავშირებით მსგავსი ხედვა გვაქვს, არის მომენტები, როდესაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრები იყოფა. თუმცა, ყოველთვის ვუსმენთ ერთმანეთს, ვმსჯელობთ და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროექტები იყოს გამორჩეული ინდივიდუალიზმით და საუკეთესო გზით გადმოსცემდეს დამკვეთის ინტერესებს.
როდესაც ახალ პროექტზე იწყებთ მუშაობას, რა არის თქვენთვის საწყისი წერტილი – რა განსაზღვრავს პირველ ნაბიჯს კონცეფციის შემუშავებისას?
ობიექტის პირველად ნახვის დროს, უკვე გვექმნება განწყობა, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია შენობის არქიტექტურა, რომელიც მოითხოვს ინტერიერის ლოგიკურ გაგრძელებას; ასევე, იმ ადამიანების გაცნობა და ინტერესების გაგება, ვისთვისაც ვქმნით ამ დიზაინს.
რამდენად დიდ როლს თამაშობს თქვენთვის მასალა, ტექსტურა და ფერი სივრცის ხასიათის შექმნაში და როგორ ირჩევთ მათ კონკრეტული პროექტისთვის?
ერგონომიულად დაგეგმარებული სივრცის შემდეგ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის მასალებს აქვს. ძალიან გვიყვარს ბუნებრივი ტექსტურები და ასევე ინოვაციური, განსხვავებული მასალებიც. რა მიმართულებით წავიყვანთ პროექტს, დამოკიდებულია შენობის არქიტექტურასა და დამკვეთის ესთეტიკაზე.
თქვენ მიერ შესრულებული პროექტებიდან რომელს გამოყოფდით?
ყველა ის პროექტი გვიყვარს, სადაც დამკვეთი ბოლომდე გამოგვყვა და გვენდო. ბოლო დროის პროექტებიდან გამოვყოფდით „Opera quarter“, „Amagleba“ და ოფისი რიკარდო ბოფილის შენობაში.
როგორ იღებთ გადაწყვეტილებებს მაშინ, როდესაც დამკვეთის მოთხოვნები და სივრცის შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა?
ჯანსაღი კომუნიკაცია და ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ საუკეთესო შედეგის მიღწევას და დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებას. უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება და ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული გამოდის.
თქვენი დაკვირვებით, რა არის დღეს ინტერიერის დიზაინის მთავარი გამოწვევა საქართველოში და როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევებს თქვენს პრაქტიკაში?
ვფიქრობთ, დღესდღეობით ძალიან შეცვლილია ადამიანების დამოკიდებულება ინტერიერის დიზაინის დანიშნულების მიმართ. ადამიანების უმეტესობას გაცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი და შესრულებული სივრცის მნიშვნელობა და აზრი. ძალიან კარგი იქნება თუ ეს ცნობიერება კიდევ უფრო გავრცელდება და დაფასდება.




















