in

არქიტექტურა როგორც შემოქმედებითი აზროვნება, ზუსტი მეცნიერება და სოციალური პასუხისმგებლობა – ინტერვიუ ვახტანგ კასრელიშვილთან

არქიტექტურაზე საუბრისას ხშირად საბოლოო ვიზუალურ შედეგზე ვკონცენტრირდებით – ფორმაზე, მასალაზე, კომპოზიციასა და იმ შთამბეჭდავ გამოსახულებაზე, რომელსაც პროექტი გვთავაზობს. თუმცა, ამ ვიზუალური ენის მიღმა არსებობს არაერთი ნაკლებად თვალსაჩინო, მაგრამ განმსაზღვრელი საკითხი: როგორ მუშაობს შენობა გარემოსთან მიმართებით, რა გავლენას ახდენს ის მიკროკლიმატზე, ინფრასტრუქტურაზე, ადამიანების გადაადგილებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სწორედ ამ ფენების გათვალისწინება აქცევს არქიტექტურას რთულ პროფესიულ პრაქტიკად.

ამ თვალსაზრისით, არქიტექტურული ობიექტის დამოუკიდებლად განხილვაც არასაკმარისია – თითოეული შენობა უკვე არსებული ურბანული ქსოვილის ნაწილია და, თავის მხრივ, თავადაც მონაწილეობს მის ცვლილებაში. ამიტომ არქიტექტურული გადაწყვეტილების შეფასება მხოლოდ ესთეტიკური კრიტერიუმებით ვერ შემოიფარგლება; საჭიროა იმის გააზრებაც, თუ რა სივრცით, ეკოლოგიურ და სოციალურ შედეგებს წარმოშობს ის. ასეთი მიდგომა კი პროფესიულ ცოდნას, კვლევას და სხვადასხვა დისციპლინასთან მუშაობის უნარს მოითხოვს, რაც არქიტექტურული განათლების მნიშვნელობასაც კიდევ უფრო ზრდის. ვახტანგ კასრელიშვილის გამოცდილებაში ეს ორი მიმართულება – არქიტექტურა და ქალაქგეგმარება – სწორედ ამ სისტემურ ხედვაში იკვეთება.

დღეს ჩვენს კითხვებს პასუხობს არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი და საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კასრელიშვილი, რომლის პროფესიული და აკადემიური გამოცდილება ვენის, მოსკოვისა და MIT-ის წამყვან ურბანულ სკოლებს აერთიანებს.

ჩვენი რესპონდენტის აზრით, თანამედროვე ურბანული გამოწვევების, კლიმატური ცვლილებებისა და ქაოტური განაშენიანების ეპოქაში არქიტექტურა ვეღარ დარჩება მხოლოდ ზედაპირული ესთეტიკის ან ვიზუალური დეკორაციის სფეროდ. იგი სვამს კითხვებს: სად გადის ზღვარი მხატვრულ ინტუიციასა და ემპირიულ მონაცემებს შორის? რატომ არის სივრცითი შემოქმედებითობა უპირველესად სოციალური და ეთიკური აქტი? და რა სისტემური გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული ქალაქები და პროფესიული განათლება?

საბოლოო ჯამში, დღევანდელ ინტერვიუში, ვახტანგ  კასრელიშვილი  გადმოგვცემს საკუთარ ხედვას იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება, არქიტექტურა იქცეს არა მხოლოდ სივრცის შექმნის, არამედ ქალაქისა და მასში ცხოვრების ხარისხის გააზრებული ფორმირების ინსტრუმენტად.

ვახტანგ, გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა არქიტექტურიდან ურბანიზმამდე — რა იყო ის გარდამტეხი ეტაპი, რომელმაც ქალაქის მასშტაბით აზროვნებისკენ გიბიძგათ?

ჯერ კიდევ 2007–2008 წლებში, როდესაც ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში, არქიტექტურის ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაზე — „ურბანულ სტრატეგიებზე“ ვსწავლობდი, ქალაქი პირველად  გავიაზრე როგორც რთული, ცოცხალი მორფოლოგიური და გეომეტრიული სისტემა. მოგვიანებით, 2016–2019 წლებში მოსკოვის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში ურბანისტიკის მიმართულებით მაგისტრატურის გავლამ ჩემს ხედვას მკაცრი ემპირიული, ეკონომიკური და სოციოლოგიური სიღრმე შემატა. ამ ყველაფრის ლოგიკური შეკვრა კი მოხდა 2019–2020 წლებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT), ურბანული და რეგიონული კვლევების სპეციალურ პროგრამაზე — SPURS (Special Program for Urban and Regional Studies), სადაც ქალაქგეგმარება გლობალური კლიმატური გამოწვევებისა და სივრცითი პოლიტიკის ჭრილში გავიაზრე.

ამ აკადემიური ეტაპების პარალელურად და მათ შუალედებში მუდმივად პრაქტიკაში ვიყავი — ვმუშაობდი ვენაში, პრაღაში, მოსკოვსა და საქართველოში. სხვადასხვა კულტურულ და ურბანულ გარემოში მუშაობამ ჩამომიყალიბა მარტივი პრინციპი: არქიტექტორი ვერ იქნება სრულფასოვანი პროფესიონალი, თუ მას არ ესმის ქალაქის ეკონომიკური და ეკოლოგიური კანონზომიერებები, ხოლო ურბანისტი ვერასდროს შექმნის სიცოცხლისუნარიან სტრატეგიას, თუ მას არ გააჩნია შენების მატერიალური ლოგიკისა და რეალური სივრცის შეგრძნება.

ფინალისტი პროექტი „TerraViva“-ს საერთაშორისო კონკურსისთვის „Tactical Urbanism“ (2025)

რა გავლენა მოახდინა თქვენმა გამოცდილებამ დღევანდელ ხედვაზე არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების მიმართ?

2020 წელს, შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, ჩემი პროფესიული მოღვაწეობა პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, აქტიურად გავაგრძელე საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით. ეს იყო სრულიად გაცნობიერებული არჩევანი, რადგან დავინახე, რომ ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებას ვერასდროს დავიწყებთ შედეგებიდან — უნდა დავიწყოთ იმ ფუნდამენტიდან, სადაც პროფესიული აზროვნება იბადება, ანუ უმაღლესი განათლებიდან.

სამწუხაროდ, ჩვენი ადგილობრივი აკადემიური მიდგომები დღესაც ძალიან ფრაგმენტული, იმპულსური და სამეცნიერო სიღრმეს მოკლებულია. პროფესიული საქმიანობა ხშირად რჩება მხოლოდ ზედაპირული ფორმის ძიებად ან ეკრანზე აწყობილ ლამაზ სურათად, რომელსაც რეალურ საინჟინრო ლოგიკასთან, ეკოლოგიასთან და სოციალურ რეალობასთან კავშირი გაწყვეტილი აქვს.

არქიტექტურა ვეღარ დარჩება მხოლოდ ინტუიციურ, ესთეტიკურ პრაქტიკად; ის უნდა გარდაიქმნას მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სივრცით მეცნიერებად. ნამდვილი შემოქმედებითი ძალა სწორედ მაშინ იბადება, როდესაც არქიტექტორის ინტუიცია ზუსტ ემპირიულ მონაცემებსა და სივრცით კვლევებს ემყარება.

სანამ რაიმეს დაპროექტებას დავიწყებთ, ჯერ სიღრმისეულად უნდა შევისწავლოთ ტერიტორიის მონაცემები — მისი მიკროკლიმატი, სოციალური ქცევა, მასალების სასიცოცხლო ციკლი. ამავდროულად, თეორია არ უნდა დარჩეს მხოლოდ კომპიუტერულ ფაილებში; სტუდენტი აუცილებლად უნდა გავიდეს სახელოსნოსა და ლაბორატორიაში, სადაც მასალასთან უშუალო შეხებით, 1:1 მასშტაბის ფიზიკური ექსპერიმენტებით გამოსცდის საკუთარ ჩანაფიქრს.

„ვერის პარკის სივრცითი ინტერვენცია მჭიდრო ურბანულ ბირთვში. პროექტი წარმოადგენს დაბალი ჩარევის სტრატეგიას, რომელიც მიმართულია ქალაქის კრიტიკული ეკოლოგიური და სოციალური კავშირების შესანარჩუნებლად.“

თქვენი გამოცდილებით, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცალკეული ნაგებობა ურბანული ქსოვილის ფორმირებასა და განვითარებაში?

თქვენი კითხვის ფორმულირება რომ შემდეგნაირი ყოფილიყო: „თამაშობს თუ არა როლს?..“, პასუხი ძალიან მარტივი და ცალსახად დადებითი იქნებოდა. ამის დასასაბუთებლად უამრავი საერთაშორისო კვლევის მოყვანა შეიძლება, რომლებიც ადასტურებს შენობის გავლენას გარემოსა და ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

მაგრამ მთავარი სირთულე სწორედ კითხვაში – „რამდენად?“ იმალება. აი, აქ კი პროფესიული საუბარი ზოგადი რიტორიკიდან ზუსტ მეცნიერებასა და გაზომვად მონაცემებში უნდა გადავიდეს. ცალკეული შენობის გავლენა ქალაქის ქსოვილზე არ არის აბსტრაქტული რამ — ის კონკრეტული ფიზიკური პარამეტრებით იზომება. კომპიუტერული მოდელირებით ჩვენ შეგვიძლია ზუსტად დავინახოთ, კეტავს თუ არა კონკრეტული შენობა ქარის ბუნებრივ დერეფანს და რამდენად ამცირებს ჰაერის ცირკულაციას მიმდებარე კვარტალში; შეგვიძლია გამოვთვალოთ მზის ინსოლაცია, დაჩრდილვა და ის, თუ რამდენად ზრდის გამოყენებული მასალები ზედაპირის ტემპერატურას. მონაცემთა ანალიზი ზუსტად გვაჩვენებს, იწვევს თუ არა შენობის გაბარიტები და ფუნქციური დატვირთვა ინფრასტრუქტურის კრიტიკულ გადახურებას.

მხოლოდ მონაცემებით შეგვიძლია გავცეთ ობიექტური პასუხი კითხვას – „რამდენად?“. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერი მსჯელობა — თუნდაც ის დარგის გამოცდილი სპეციალისტისგან მოდიოდეს — რჩება მხოლოდ სუბიექტურ მოსაზრებად, რომელიც გაურკვეველ პირად გამოცდილებას ეყრდნობა. საუნივერსიტეტო განათლების ამოცანაც სწორედ ესაა: ვასწავლოთ არა მხოლოდ ფორმის შექმნა, არამედ მისი რეალური ფიზიკური და ეკოლოგიური შედეგების ზუსტი გაზომვა.

გარდა მასშტაბისა, რა თავისებურებებით განსხვავდება არქიტექტურული და ურბანული პროექტები ერთმანეთისგან, განსაკუთრებით სამუშაო პროცესის თვალსაზრისით? და როგორ იცვლება თქვენი მიდგომა მათ შორის?

მთავარი განსხვავება სისტემურ კომპლექსურობაში, დროის აღქმასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.

არქიტექტურულ პროექტზე მუშაობისას შემოქმედებითი თავისუფლებისა და ინდივიდუალური გადაწყვეტების სივრცე გაცილებით დიდია, ავტორს აქვს საშუალება, ყოველი დეტალი და კვანძი თავად მართოს. თუმცა, როდესაც შენობა აშენდება, მისი ფიზიკური სხეული უკვე ფიქსირებულია და იქ რაიმეს შეცვლა ძალიან რთულია. ურბანული პროექტი კი შინაარსობრივად ბევრად უფრო რთული ორგანიზმია — ეს არის გრძელვადიანი, მოქნილი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ერთდროულად აერთიანებს მოკლევადიან ნაბიჯებსა და ათწლეულებზე გათვლილ მიზნებს. ურბანული გეგმა აუცილებლად უნდა იძლეოდეს დროში ცვლილებებისა და ადაპტაციის შესაძლებლობას, რადგან ქალაქი მუდმივად იცვლება.

პირად პრაქტიკაში ეს ორი მასშტაბი მუდმივად კვებავს ერთმანეთს. როდესაც მუშაობ მსხვილ ურბანულ პროექტებზე, ცალკეული შენობის მიმართ უფრო მომთხოვნი და კრიტიკული ხდები — მას აღარ უყურებ მხოლოდ როგორც ლამაზ ობიექტს, არამედ მაშინვე სვამ კითხვებს მის გარემოზე ზემოქმედებასა და ეკოლოგიურ ფასზე. და პირიქით — ურბანულ პროექტებში არქიტექტურული ხედვა და შემოქმედებითი გამჭრიახობა გეხმარება იმაში, რომ რთული, აბსტრაქტული სტრატეგიები საკვანძო ადგილებში კონკრეტულ, ცოცხალ სივრცით გადაწყვეტებად თარგმნო.

ამ პროცესში არქიტექტორის როლი ფასდაუდებელია, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ურბანულ დაგეგმარებაში არქიტექტორი არის მრავალდარგობრივი გუნდის ერთ-ერთი თანამონაწილე და არა ერთადერთი, ექსკლუზიური ავტორი.

თქვენი დაკვირვებით, რა არის დღეს ქართული ქალაქების მთავარი გამოწვევები — რა არის ის შეცდომები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ქალაქების განვითარებაში? და როგორ ხედავთ მათ მომავალს?

ეს ძალიან კომპლექსური და მტკივნეული საკითხია. როდესაც ქალაქებზე ვსაუბრობთ, ხშირად ყურადღება მხოლოდ თბილისის მჭიდრო განაშენიანებაზე გადადის, არადა, რეალური პრობლემები ბევრად უფრო ღრმა და რეგიონულია.

მე გამოვყოფდი სამ მთავარ სტრუქტურულ გამოწვევას. პირველი არის რეგიონული ქალაქების დემოგრაფიული დაცლა და მიგრაცია — როდესაც შრომისუნარიანი, ახალგაზრდა მოსახლეობა ტოვებს საკუთარ ქალაქს და მიდის თბილისში ან საზღვარგარეთ, ქალაქი კარგავს განვითარების მთავარ ენერგიას. მეორე გამოწვევა ეკონომიკური მონოკულტურა და დაბალი პროდუქტიულობაა; რეგიონების უმეტესობა დამოკიდებულია ან დაბალშემოსავლიან სოფლის მეურნეობაზე, ან სეზონურ, არასტაბილურ ტურიზმზე, მაღალი დამატებული ღირებულების გადამამუშავებელი წარმოება კი თითქმის არ გვაქვს. მესამე ფუნდამენტური პრობლემა ფისკალური და ადმინისტრაციული ცენტრალიზაციაა — თვითმმართველობებს არ გააჩნიათ რეალური ფინანსური ავტონომია და სრულად არიან დამოკიდებული ცენტრალურ ბიუჯეტზე, რაც მათ ადგილზე დამოუკიდებელი სტრატეგიული პროექტების მართვის საშუალებას ართმევს.

რაც შეეხება მომავლის ხედვას — აქ მზა და მარტივი რეცეპტი ნამდვილად არ მაქვს. ერთადერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია, არის ის, რომ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად აუცილებელია სახელმწიფოებრივი, სისტემური ხედვა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად იმ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ქალაქებს რეალურ ეკონომიკურ და სივრცით დამოუკიდებლობას დაუბრუნებს.

„თელავის სივრცითი სტრატეგია: ურბანულ-რურალური უწყვეტობისა და ისტორიული მორფოლოგიის მართვა.“

როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორები ზემოქმედებს ქალაქში ცხოვრების ხარისხზე? ამ თვალსაზრისით, როგორ აფასებთ საჯარო სივრცეების მნიშვნელობას, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში?

ცხოვრების ხარისხი იზომება ადამიანის ყოველდღიური უსაფრთხოებითა და კომფორტით. აქაც სამ ძირითად საყრდენს გამოვყოფდი: უსაფრთხოებას, მობილობასა და საჯარო სივრცეებს.

უსაფრთხოება გულისხმობს როგორც საგზაო დაცულობას ქვეითისთვის, ისე ეკოლოგიურ სიმშვიდეს — სუფთა ჰაერს, დაცულობას ხმაურისგან და ბუნებრივი საფრთხეებისგან. მობილობა და მისაწვდომობა კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს მანქანაში საათების გატარება; მას უნდა ჰქონდეს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შესაძლებლობა, ყოველდღიური სერვისები ფეხით სავალ მანძილზე მიიღოს.

ამ ჯაჭვში საჯარო და რეკრეაციულ სივრცეებს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, უდიდესი დატვირთვა აქვს. პარკები და სკვერები ქალაქის კრიტიკული მწვანე ინფრასტრუქტურაა — ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, მისი შემოსავლის მიუხედავად, შეუძლია უფასოდ დაისვენოს, იურთიერთოს და ქალაქის ნაწილად იგრძნოს თავი. ამავდროულად, ეს არის გადარჩენის ეკოლოგიური ინფრასტრუქტურა: მწვანე სივრცეები პირდაპირ ებრძვის ქალაქის გადახურებას, ანიავებს ქუჩებს და ასუფთავებს ჰაერს. თუ ქალაქში საჯარო სივრცე ქრება, იქ ქრება საზოგადოებრივი ცხოვრებაც.

ღვინის არქეოლოგიური მუზეუმი – “გადაჭრილი გორა” აქტიურ არქეოლოგიურ ზონაში. დიზაინი ეფუძნება სტრუქტურული შექცევადობისა და მატერიალური თავმდაბლობის პრინციპებს (Design for Disassembly), რათა დაიცვას უძველესი მეღვინეობის მიწისქვეშა მორფოლოგია.“

თქვენი აზრით, რამდენად დიდ როლს თამაშობს საზოგადოება ქალაქის ფორმირებაში და პირიქით — ქალაქი საზოგადოების ფორმირებაში?

ამ კითხვაზე პასუხისას შეუძლებელია არ გავიხსენოთ ცნობილი მოაზროვნე ანრი ლეფევრი, რომელიც თავის ფუნდამენტურ ნაშრომში – „სივრცის წარმოება“ – წერდა: „თითოეული საზოგადოება წარმოშობს საკუთარ სივრცეს.“

სივრცე არასდროს არის ცარიელი, ნეიტრალური ადგილი, რომელსაც უბრალოდ შენობებით ვავსებთ. ის პირდაპირ ასახავს იმას, თუ რა ღირებულებები, ეკონომიკური ურთიერთობები და ინტერესები დომინირებს საზოგადოებაში მოცემულ დროს. თუ საზოგადოებაში მთავარი მოკლევადიანი მოგებაა, ქალაქიც ჩახერგილი და სეგრეგირებული შენდება; თუ მთავარი ღირებულება სოლიდარობა და ეკოლოგიაა, მაშინ ქალაქიც ღია, მწვანე და ინკლუზიური ხდება.

მაგრამ ეს პროცესი ორმხრივია: ერთხელ აშენებული სივრცე შემდეგ თავად იწყებს ჩვენი ქცევისა და ფსიქიკის ფორმირებას. აგრესიული, ბეტონით ჩახერგილი გარემო ადამიანებში ბადებს სტრესს, გაუცხოებასა და აპათიას, ხოლო ჰუმანური, მოწესრიგებული და მწვანე გარემო აყალიბებს სოციალურ ნდობასა და სიმშვიდეს. სწორედ ამიტომ, სივრცითი შემოქმედებითობა და არქიტექტორის მიერ გავლებული ყოველი ხაზი უპირველესად სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობის საკითხია.

 

დაბოლოს, რას ურჩევდით სტუდენტებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს — როგორ უნდა აზროვნებდეს მომავალი არქიტექტორი და ურბანისტი?

მომავალი სპეციალისტი აუცილებლად უნდა აზროვნებდეს კომპლექსურად, თუმცა, სანამ რჩევაზე გადავიდოდე, როგორც ლექტორს და პროგრამის ხელმძღვანელს, მინდა ჩვენს სტუდენტებს ორი უმთავრესი რამ ვუსურვო.

პირველი — ჰქონდეთ შესაძლებლობა, საქართველოშივე მიიღონ ნამდვილად ხარისხიანი, საერთაშორისო დონის განათლება.  მეორე და ალბათ ყველაზე მტკივნეული — სწავლის პროცესში იყვნენ მატერიალურად იმდენად უზრუნველყოფილნი, რომ არ უწევდეთ პარალელურად მძიმე ფიზიკური შრომა საკუთარი თავისა და ოჯახების სარჩენად. ეს ყოველდღიური ყოფითი ბრძოლა წარმოუდგენლად დამთრგუნველია და პირდაპირ აფერხებს მათ შემოქმედებით პოტენციალსა და პროფესიულ განვითარებას. არქიტექტურა და ურბანიზმი მოითხოვს თავისუფალ დროს, ფიქრს, კვლევასა და სახელოსნოში მუშაობას.

რჩევის სახით კი ვეტყოდი: ისწავლეთ ყოველდღე. ჭეშმარიტი პროფესიული ზრდა არ მთავრდება დიპლომის აღებით, ეს არის უწყვეტი, ყოველდღიური შრომა და ძიება. ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ კომპიუტერის ეკრანითა და რენდერებით; იარეთ ქალაქში, შეისწავლეთ რეალური გარემო, იმუშავეთ სახელოსნოში მასალასთან საკუთარი ხელით და რაც მთავარია — შეინარჩუნეთ პროფესიული ეთიკა, რათა თქვენი საქმიანობა ყოველთვის ემსახურებოდეს ადამიანების ღირსეულ და ჯანსაღ მომავალს.

 

რესპონდენტის პროფესიული პროფილი:

ვახტანგ კასრელიშვილი — არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი.

არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი სახელოსნო „მასსა“-ს (MASSA Architecture+Planning Workshop) თანადამფუძნებელი–დირექტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. სივრცითი ინტელიჯენსისა და ტერიტორიის ინსტიტუტის — ISI+T (Institute of Spatial Intelligence + Territory) დამფუძნებელი–ხელმძღვანელი.

რჩეული პროექტები და პროფესიული მიღწევები:

  1. „TerraViva“-ს საერთაშორისო კონკურსის „Tactical Urbanism“ (2025) ფინალისტი —  საკონკურსო ჯგუფის ხელმძღვანელი, არქიტექტორი–ქალაქმგეგმარებელი;
  2. „Broadway Corridor Planning Study“ (Arlington, Massachusetts, USA) — Planning Team Member, Architect-Urban Planner;
  3. „Affordable Housing“ (2020) კონკურსში გამარჯვებული პროექტი — „Veterans Affordable Housing Block in Natick“ (Cambridge, Massachusetts, USA) — Competition Team Member, Architect-Urban Planner;
  4. ვერის ისტორიული პარკის რეგენერაციის პროექტი — პროექტის ხელმძღვანელი, არქიტექტორი–ქალაქმგეგმარებელი;
  5. ზღვის უბნის (თემქის) ახალი რეკრეაციული პარკი — პროექტის ხელმძღვანელი, არქიტექტორი–ქალაქმგეგმარებელი;
  6. თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა — პროექტის ხელმძღვანელი, არქიტექტორი–ქალაქმგეგმარებელი;
  7. ღვინის არქეოლოგიური მუზეუმი („გადაჭრილი გორა“) — პროექტის თანაავტორი, არქიტექტორი–ქალაქმგეგმარებელი.

თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 აცხადებს წლევანდელ თემას — „Places in Transition” (გარდამავალი სივრცეები)

ბუნებრივი ფაქტურებით შექმნილი ინტერიერი კრწანისში — Concept Design Studio-ს პროექტი