in

არქიტექტურა, როგორც მუდმივი აღმოჩენების პროცესი – ინტერვიუ დავით ცუცქირიძესთან

როდესაც პროფესიის არჩევანი ადრეული ინტერესით იწყება, არჩეული სფეროს მიმართ ცნობისმოყვარეობა მუდამ ისეთივე ცოცხალი რჩება, როგორსაც ბავშვობაში, ხოლო შექმნისა და აღმოჩენის მიმართ ლტოლვა, დროთა განმავლობაში, უფრო მკაფიო მიმართულებად ყალიბდება.

არქიტექტურისადმი ინტერესი დავით ცუცქირიძეს ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა. ათი წლის ასაკში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არქიტექტორი გახდებოდა, თუმცა ამ არჩევანს წინ ხატვის სიყვარული უძღოდა. არქიტექტურა იყო შესაძლებლობა, ერთ სივრცეში მოეყარა თავი ხატვას, ძერწვას, იდეას, ფორმასა და სხვადასხვა სამყაროს, რომელსაც შემოქმედებითი პროცესი აერთიანებს. მას იზიდავდა იდეა, რომ ამ პროფესიით შესაძლებელი იყო საკუთარი წარმოსახვის რეალურ გარემოდ ქცევა. წლების შემდეგ ეს ბავშვობის ინტერესი პროფესიულ გზად იქცა, თუმცა ხატვა მის არქიტექტურულ პრაქტიკაში დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

მიუხედავად ასეთი მკაფიო ხედვისა, მისი პროფესიული გზა სულაც არ დაწყებულა არქიტექტურით. მან განათლების მიღება მედიცინის მიმართულებით დაიწყო და ამ სფეროში გატარებულმა ორმა წელმა მოგვიანებით მისი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს – ჯანდაცვის არქიტექტურას – დააკავშირა. წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მუშაობამ – საზოგადოებრივი სივრცეებიდან საცხოვრებელ სახლებამდე – მის პრაქტიკაში გააერთიანა ისეთი გამოცდილებები, რომლებმაც არქიტექტურა კიდევ უფრო მრავალმხრივ სფეროდ აქცია; სადაც სივრცის შექმნა მხოლოდ ფორმისა და ფუნქციის გადაწყვეტას არ გულისხმობს და ტექნოლოგიის, ინჟინერიის, დიზაინისა და, რაც მთავარია, ადამიანების საჭიროებების ერთმანეთთან დაკავშირებას მოითხოვს.

დღეს დავით ცუცქირიძე Tsutskiridze+Architects-ის დამფუძნებელია და არქიტექტურას კვლავ იმავე ცნობისმოყვარეობით უყურებს, რომელიც პროფესიის არჩევისას ჰქონდა. მის პროექტებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ადამიანის გამოცდილება, სივრცის შეგრძნება, ფერი და ის იდეა, რომელიც შენობის ფუნქციას არქიტექტურულ ფორმასთან აკავშირებს. მისთვის მნიშვნელოვანია ის დეტალები, რომლებიც პროექტის საერთო კონცეფციას აგრძელებს – არქიტექტურიდან ინტერიერამდე, ავეჯიდან გრაფიკულ ელემენტებამდე – პროექტის თითოეული ნაწილი ერთი იდეიდან უნდა ვითარდებოდეს და საერთო გარემოს ქმნიდეს. შექმნა მისთვის მხოლოდ შენობის დაპროექტებით არ მთავრდება და თითოეული პროექტი ახალი აღმოჩენისა და სწავლის შესაძლებლობას ტოვებს.

ინტერვიუში დავით ცუცქირიძე გვიამბობს არქიტექტურისკენ მიმავალ გზაზე, მრავალფეროვან გამოცდილებასა და საკუთარი არქიტექტურული ხელწერის ძიებაზე. Homeis.ge-თან საუბარი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული დიზაინი, ტექნოლოგიების როლი და თანამედროვე ქართული არქიტექტურის გამოწვევები.

დავით, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როდის დაინტერესდით არქიტექტურით და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ათი წლისამ გადავწყვიტე, რომ არქიტექტორი გავხდებოდი. თუმცა, ჯერ ხატვა იყო… მგონია, ხატვასთან ერთად დავიბადე და სწორედ ამ სიყვარულმა მიმიყვანა არქიტექტურამდე. ერთი ნათესავი მყავდა არქიტექტორი. როცა ვხვდებოდით, საუბრისას მიკროპენს ამოიღებდა და რაღაცას მონიშნავდა, ხაზავდა, წერდა. მე გაფართოებული თვალებით ვუყურებდი. ძალიან მინდოდა, მეც მქონოდა. მერე, ჩემი ბავშვური ლოგიკით მივხვდი: მიკროპენი დამსახურებულად რომ გქონდეს, არქიტექტორი უნდა გახდე. ამ სურვილმაც თავისი საქმე გააკეთა. დღეს საკმაოდ ბევრი კარგი მიკროპენი მაქვს.

მაშინ, რა თქმა უნდა, არქიტექტურის მნიშვნელობა არ მესმოდა. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ არქიტექტორობა გაძლევს შესაძლებლობას, ხატო, ძერწო, აშენო, რაღაც შექმნა. ჩემს წარმოსახვაში არქიტექტორი სწორედ შემქმნელი ადამიანი იყო. მინდოდა, მეც ეს მეკეთებინა. მას შემდეგ ეს სურვილი არ შეცვლილა. მხატვარი არ ვარ, მაგრამ დღემდე ხატვით ვსაზრდოობ. ის შემოქმედებითობა, რომელიც ხატვაშია, ჩემს არქიტექტურაშიც შემოდის. ჩემთვის ეს ურთიერთდაკავშირებული ღრმა სამყაროებია.

ხშირად ვამბობ, რომ არქიტექტურა ჩემი პროფესია კი არა, ჩემი ცხოვრებაა. რაღაც ხაზს გაავლებ, რაღაცაზე გაიფიქრებ და ის იმ წუთიდან იწყებს სიცოცხლეს. მერე, როცა იქმნება, თუნდაც ძალიან პატარა რამ, უკვე დიდი სამყაროს ნაწილი ხდება. ამ პროცესს ჩემთვის დასასრული არ აქვს. ადამიანი ქმნის და ცვლის გარემოს. მერე კი, ამ გარემოში როცა სხვა ადამიანი მოხვდება, ისიც იცვლება თავისებურად. ეს ციკლური პროცესია. არქიტექტურა ცოცხალი სამყაროა, სულ ფეთქავს, სუნთქავს, მოძრაობს, მუდმივად ახლდება. იმდენ რამეს იტევს, რომ ვერ წარმომიდგენია, ერთ დღეს ამოიწუროს. ამდენი წლის შემდეგაც იგივე ცნობისმოყვარეობით ვარ პროცესში. ისევ მინდა რაღაცის აღმოჩენა, სწავლა, შექმნა.

როგორ განვითარდა თქვენი კარიერა, რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები და რა გამოცდილებებმა ჩამოაყალიბა თქვენი ხედვა?

ჩემს გზაზე იყო ერთი გადახვევა – მედიცინა. ბავშვობიდან მაინტერესებდა, რა ხდებოდა ცოცხალ ორგანიზმში. არქიტექტურა რომ არა, დიდი ალბათობით, ექიმი ვიქნებოდი. სკოლის დამთავრებისას ჩემს გარშემოც გაჩნდა ასეთი მოსაზრება: კარგი იქნებოდა, ექიმი გამოვსულიყავი. ეს გამოწვევად მივიღე. ვიფიქრე, რატომაც არა. ვიცოდი, რომ არქიტექტორობა დამელოდებოდა.

სამედიცინოზე ჩავაბარე და ორი წელი აქტიურად ვისწავლე. იქაც სიღრმეში ჩასვლა მაინტერესებდა. მერე ჩემს მთავარ სურვილს დავუბრუნდი და არქიტექტურის საფუძვლიანად შესწავლა დავიწყე. თუმცა ის ორი წელი არსად დაკარგულა. პროფესიაში პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი, ჩემი მაშინდელი კვალიფიკაციის შესაბამისად, სამედიცინო ფუნქციის მქონე ობიექტზე მუშაობაში ჩავერთე. ასე შეხვდა ერთმანეთს ეს ორი მიმართულება. მედიცინა ჩემს ცხოვრებაში დარჩა, ოღონდ უკვე არქიტექტურის მეშვეობით.

ჯანდაცვის არქიტექტურა რთული და ძალიან საინტერესო სფეროა. აქ ბევრი პროცესის ცოდნა გჭირდება, ტექნიკურისაც, ფსიქოლოგიურისაც. არქიტექტურას ემატება დიზაინი, ტექნოლოგიები, ინჟინერია. თითოეულში უნდა ჩაიხედო და გაიგო, როგორ უკავშირდება დანარჩენს. ზედაპირულად ვერ დარჩები, რადგან საბოლოოდ ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების ყოფაზე აისახება.

საერთოდ, არქიტექტურამ ბევრ ისეთ სამყაროში შემახედა, რომლებთანაც სხვაგვარად შეიძლება შეხება არც მქონოდა. წლების წინ მუზეუმის პროექტზე ვმუშაობდი და ძალიან ამაღელვებელი იყო ამ სფეროსთან ურთიერთობა. საზოგადოებრივ სივრცეს თავისი სამყარო აქვს. საცხოვრებელი სახლი კიდევ სხვა განზომილებაა, ადამიანის ცხოვრების უმთავრეს ნაწილს ეხები და იქ სხვანაირი სიღრმე გხვდება.

რაც დრო გადის, თითქოს უფრო პროფესიონალი ხდები და, ამავე დროს, უფრო მკაფიოდ ხედავ, რამდენი რამ არ იცი. ახალი პროექტი იწყება და ისევ თავიდან გაქვს რაღაც სასწავლი. ამდენი წლის შემდეგაც, ჩემთვის ეს განცდა არ შეცვლილა. სულ პატარა ფორმაზე მუშაობამაც შეიძლება რაღაც ახალი გასწავლოს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ეტაპი გავიარე, ყველაფერი ვისწავლე და ახლა მხოლოდ ამ ცოდნას ვიყენებ. მუდმივ სწავლაში და ძიებაში ვარ. არქიტექტურა იმდენად დიდი სამყაროა, რომ მასთან შედარებით საკუთარი თავი ჯერ კიდევ პატარა მგონია. ძალიან ბევრი გზა მაქვს გასავლელი.

ამ პროფესიით ცხოვრებას თავისი სირთულეც აქვს. ჩემ გარშემო ადამიანები ამბობენ, რომ ოჯახისათვის, მეგობრებისთვის, სხვა რაღაცებისთვის დრო აღარ მრჩება. როცა საქმეში ხარ ჩაფლული, ვეღარ ამჩნევ, როდის დაღამდა, როდის ჭამე, როდის დაიძინე. ჯანმრთელობაზეც ჰქონია ამას გავლენა. მაგრამ მაინც არ მაქვს განცდა, რომ არქიტექტურამ რაღაც წამართვა. უფრო მეტი მომცა. ერთი-ორი დღე რაღაცაზე თუ არ ვიფიქრე, მგონია, თითქოს სხვა სხეულში ვარ. ბედნიერი ვარ, რომ ამ სამყაროში ვცხოვრობ. ჩემთვის ეს მხოლოდ პროფესიული გამოცდილება არ არის. არქიტექტურამ სამყაროს აღქმა შემიცვალა და მიცვლის დღემდე. ზოგჯერ ისეთ სფეროში შეგიყვანს, რომელზეც აქამდე არც გიფიქრია, ზოგჯერ ადამიანის ცხოვრებასთან ძალიან ახლოს მიგიყვანს. შენც სწავლობ, იცვლები და მერე ამ ყველაფრიდან რაღაცას ქმნი. ამ სამყაროში ცხოვრებაც ბედნიერებას მაძლევს და ამ სამყაროთი ცხოვრებაც. არც მინდა, სხვა რამეს ვაკეთებდე.

როგორ დაახასიათებდით თქვენს ხელწერას, რით გამოირჩევა თქვენი არქიტექტურული სტილი და რა იდეები ან პრინციპები უდევს საფუძვლად თქვენს ნამუშევრებს?

ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი სიტყვა ბოლომდე ნათქვამი მაქვს. რაღაც ნიშნები, ალბათ, უკვე ჩანს, მაგრამ ძიებაში ვარ. ძალიან მიყვარს შენობაში სივრცის შექმნა. მინდა, ადამიანი რომ შევა, სივრცე იგრძნოს. ეს მხოლოდ ჰორიზონტალური სივრცე არ არის. ვერტიკალური სივრცე სულ სხვა თავისუფლებას გაძლევს. ამიტომ, ჩემს პროექტებში ხშირად არის ატრიუმი. გაგუას კლინიკაშიც, ადვოკატთა ასოციაციის შენობაშიც, კერძო სახლშიც კი, პატარა შენობა რომ იყოს, ვცდილობ, ეს განცდა შევინარჩუნო.

გაგუას კლინიკაში სამსართულიანი ატრიუმია. ადამიანების რეაქციას დავკვირვებივარ: შედიან შენობაში და უცებ მათ წინ ეს სიმაღლე, ეს სივრცე იხსნება. თითქოს მეტი ჰაერია. ადამიანი სუნთქავს. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია.

მიყვარს მომრგვალებული კუთხეებიც, რბილი გადასვლები. ეს ზოგჯერ შენობაში ჩანს, ზოგჯერ ინტერიერში. თუმცა ეს არ არის წესი, რომელსაც ყველა პროექტს ვუსადაგებ. შეიძლება რომელიმე ნამუშევარში საერთოდ სხვა მიდგომა დამჭირდეს. მიუხედავად ამისა, რაღაც მსგავსებებს ადამიანები უკვე პოულობენ. მაგალითად, სკოლის პროექტი უნახავთ და უკითხავთ: შემთხვევით, შენი ხომ არ არისო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის იდეა. ფუნქციური გადაწყვეტის გარდა, პროექტს თავისი ამბავი უნდა ჰქონდეს – რაღაც, რასაც შემოქმედებითად დაეყრდნობი. ადვოკატთა ასოციაციის შენობაზე მუშაობაში მიწის შერჩევიდანვე ვიყავი ჩართული. ადგილი პირველად რომ ვნახე, მაშინვე გამიჩნდა წარმოდგენა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო შენობა. შემაღლებული ადგილი იყო, ქალაქის კარგი ხედით. გვერდით სასამართლოს შენობა იდგა, ცოტა მოშორებით პროკურატურა. უცებ გაჩნდა სამი წერტილი: დანაშაული, სასჯელი და სამართალი. მერე კიდევ სამი: ადვოკატები, მოსამართლეები და პროკურორები. ასე გაჩნდა სამკუთხედის ფორმა. ამ იდეაში ცოტა იუმორიც იყო: ადვოკატები მოსამართლეების სიმაღლეზე მაინც ყოფილიყვნენ, ან ოდნავ მაღლაც. მიწის მდებარეობა ამის შესაძლებლობას იძლეოდა. შემდეგ მთელი პროექტი ამ იდეაზე ავაწყე. სამკუთხედი უბრალოდ არჩეული ფორმა არ ყოფილა, კონკრეტული ადგილიდან და შენობის დანიშნულებიდან წამოვიდა.

ადვოკატთა ასოციაციის ოფისი

მერე ეს მუშაობა დეტალებშიც გრძელდება. ხშირად პროექტს არქიტექტურიდან გრაფიკულ დიზაინამდე თვითონ ვქმნი: შენობას, ინტერიერს, ავეჯის ცალკეულ ნივთებს, პანოს, ლოგოს, ბრენდის ელემენტებს. მინდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული და ერთად ჰარმონიულად ცხოვრობდეს. მაგალითად, ინტერიერს რომ ვაკეთებ, ავეჯიც მინდა ორგანული იყოს ამ სივრცისთვის. ზოგჯერ არსებულიდან ვარჩევ იმას, რაც მოუხდება. მაგრამ არის შემთხვევა, როცა გჭირდება რაღაც კონკრეტულად ამ ადგილისთვის შექმნილი. მაშინ თვითონ ვაპროექტებ. შეიძლება სკამი იყოს, სავარძელი, კარი ან სახელური. სულ პატარა დეტალიც კი.

ადვოკატთა ასოციაციის ოფისი

ერთ-ერთი ამბულატორიისთვის კედლის პანო შევქმენი. სწორედ იმ კედლისთვის, რომელიც ქუჩიდანაც უნდა დაენახა ადამიანს და შიგნით შესვლისასაც. ამ პანოში პროექტის იდეა იყო ჩადებული. შემდეგ მისი გრაფიკული ელემენტები სხვა ნაწილებშიც გაგრძელდა, კედლების გაფორმებაში, საინფორმაციო თუ მარკეტინგულ მასალებში. ერთი კონკრეტული კედლისთვის შექმნილი გამოსახულება მერე სხვადასხვა ფორმით მეორდებოდა და მთელ გარემოს უკავშირდებოდა.

სხვა კლინიკისთვის ლოგოც შევქმენი და ბრენდის გარკვეული ელემენტებიც. ფერი, ინტერიერი, გრაფიკა, ყველაფერი ერთმანეთზე იყო აწყობილი. სხვადასხვა კომპონენტი იყო, მაგრამ ერთად ცხოვრობდა. აქ ძალიან მეხმარება ხატვა. ეს ყველაფერი ხომ სახვით ხელოვნებასთან არის დაკავშირებული. გინდა, რაღაც დახატო, გრაფიკა გააკეთო, ფერწერას შეეხო, რაღაც გამოძერწო. ალბათ, მარტო არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ამიტომაც არ მყოფნის. სხვა ფორმითაც მინდა შევქმნა. შენობას იდეიდან განხორციელებამდე თითქოს ძერწავ. და ამ ძერწვის პროცესში იმდენი ნიუანსია, იმდენი დეტალი, რომელსაც გინდა, თავად შეეხო, შენი ხელით მისცე ფორმა. ხატვიდან წამოსული შემოქმედებითობა აქ ბევრ სხვადასხვა გზას პოულობს. ამას პროფესიული აზარტიც ახლავს. ახალი დეტალი გამოჩნდება და იმაზეც იწყებ ფიქრს. რაც მეტს ქმნი, კიდევ უფრო მეტი რამის შექმნა გინდება. ჩემთვის ეს პროცესი ძალიან ცოცხალია.

დღეს, როდესაც არქიტექტურაში ვიზუალური ეფექტი ხშირად ფუნქციაზე მეტ ყურადღებას იპყრობს, როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას ესთეტიკასა და რეალურ საჭიროებებს შორის?

ჩემთვის მთავარი ის ადამიანია, ვისთვისაც სივრცეს ვქმნი. როგორ იქნება იქ, რას იგრძნობს, როგორ იმუშავებს ან იცხოვრებს… ბავშვობის ერთი ამბავი ძალიან მკაფიოდ მახსოვს. დიდი ბაბუა საავადმყოფოში იწვა და მის სანახავად მივედი. კლინიკა ძველ, ცნობილ, ისტორიულ შენობაში იყო. პირველი, რაც დამხვდა, სუნი იყო. საავადმყოფოს დამახასიათებელი სუნი. მერე მბჟუტავი, ცივი განათება. შემდეგ ფერი. რაღაცნაირი ცივი, გაჭუჭყიანებული ფერი, იატაკიც… ძალიან უსიამოვნო განცდა დამრჩა. მერე, სხვა საავადმყოფოებში რომ მოვხვედრილვარ, ეს შეგრძნება ისევ მეორდებოდა. ვფიქრობდი, ასეთ გარემოში პაციენტად ყოფნა როგორი უნდა იყოს-მეთქი. მახსოვს ის აზრიც: ოდესმე არქიტექტორი თუ გავხდები, სხვანაირ საავადმყოფოს გავაკეთებ.

როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდა და ფერებზე, განათებაზე, გარემოზე მუშაობა დავიწყე, მშენებლები მეუბნებოდნენ: ამდენს რატომ გვაწვალებ, შეღებე თეთრად, საავადმყოფოა, სასტუმრო ხომ არ არისო. მე პირიქით ვფიქრობდი – საავადმყოფო სასტუმროზე უფრო კომფორტული უნდა იყოს. იქ ადამიანს ისედაც თავისი განცდები აქვს. ამიტომ სუნი, ფერი, განათება – ყველაფერი გაცილებით ფაქიზ ყურადღებას მოითხოვს. როცა სახლს აპროექტებ, დამკვეთი შეიძლება მოვიდეს და გითხრას, ეს შემიცვალე, ასე უფრო მომიხდებაო. პაციენტი სხვა მდგომარეობაშია. შენ უნდა იფიქრო მის ყოფაზე, იმ გარემოზე, სადაც დროის გატარება მოუწევს.

მაგრამ მხოლოდ პაციენტზე არა. ექიმსაც თავისი საფიქრალი აქვს. მასაც სჭირდება გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და საქმეს უკეთ გააკეთებს. ასევე აქვე არის ადამიანი, რომელიც მოსაცდელში ზის და ახლობელს გულშემატკივრობს. არის დამხმარე პერსონალი, სერვისის თანამშრომელი. ყველას თავისი განცდა და საჭიროება აქვს. ამიტომ ჩემთვის ფერი მხოლოდ ის არ არის, რაც კედელზე ჩანს. მინდა, ადამიანში დადებითი ემოცია გამოიწვიოს. ფერებს ჩემს პროექტებში ძალიან დიდი ადგილი უკავია, იდეის თვალსაზრისითაც, ადამიანის განცდისა და შემოქმედების თვალსაზრისითაც. ყველა ჩემს პროექტს თავისი ფერი აქვს. თან ფერი ისეთი რამ არის, ერთხელ რომ აირჩევ და ყველაფერი გადაწყვეტილია, ასე არ გამოდის. მე შეიძლება ლურჯს სხვანაირად ვხედავდე, სხვა ადამიანი სხვანაირად. იმავე ფერს სინათლეზე სხვა სახე აქვს, საღამოს – სხვა. იცვლება განათება და იცვლება ისიც, რასაც ხედავ.

ფერების სამყარო ამოუწურავია ჩემთვის. რაც უფრო აკვირდები, მით უფრო ბევრ რამეს ამჩნევ. ამიტომ ფერის შერჩევა მხოლოდ ის გადაწყვეტილება არ არის თუ რა მომწონს. ვფიქრობ იმაზეც, როგორ გამოჩნდება კონკრეტულ გარემოში, რას იგრძნობს ადამიანი, როგორ დაუკავშირდება დანარჩენ სივრცეს. ერთ-ერთ პირველ დიდ კლინიკაში, რომელზეც ვიმუშავე, კორპორატიული ფერები წითელი და შავი იყო. თითქოს რთული წარმოსადგენია ამ ფერების კლინიკაში შეტანა. განსაკუთრებით წითლის – სად გამოიყენებ, რამდენს, როგორ, რომ გამაღიზიანებელი არ გახდეს. დამკვეთის მხარდაჭერით ეს ბალანსი ვიპოვეთ. საერთოდ, დამკვეთებთან ხშირად მეგობრული ურთიერთობა მიყალიბდება და თამამ გადაწყვეტილებებში მათი ნდობა ძალიან მეხმარება. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. დღეს მგონია, რომ იმ კლინიკას ამ ფერების გარეშე ვეღარც წარმოიდგენენ.

საბოლოოდ, ყველა ამ გადაწყვეტილებას ადამიანამდე მივყავარ. არქიტექტურა და დიზაინი უნდა “ეფერებოდეს” ადამიანს.

რომელი პროექტი გახდა თქვენი კარიერისთვის გარდამტეხი და რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ?

სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროექტი იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ამ გზას საინტერესოს სწორედ ეს ხდის, თითოეული რაღაც ახალს გასწავლის და მერე შენს პროფესიასაც ცოტა სხვანაირად უყურებ. პირველი პროექტებიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვან ნამუშევარს თავისი ადგილი აქვს. ზოგზე მუშაობისას ვსწავლობდი, როგორ მიმეცა იდეისთვის არქიტექტურული ფორმა. ზოგმა კიდევ უფრო მკაფიოდ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ემოციებისა და საჭიროებების გათვალისწინება. ზოგმა კი დამარწმუნა, რომ საუკეთესო შედეგი მაშინ მიიღება, როცა შენობა, ინტერიერი, ავეჯი და გრაფიკული იდენტობა ერთი იდეიდან მოდის და ერთმანეთს აგრძელებს.

ამ მხრივ გაგუას კლინიკის პროექტი ჩემთვის ღირებულია. ის ნულიდან შეიქმნა და თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი ფუნქცია არქიტექტურასა და დიზაინშიც გამოჩენილიყო. ჩვეულებრივ, სამშობიაროს ეძახიან, თუმცა ეს ქალთა ჰოსპიტალია, ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპთან დაკავშირებული საჭიროებებით. ამიტომ პროექტის იდეაც ქალს, დაბადებას, სიცოცხლეს დაუკავშირდა. სამი მთავარი კომპონენტი გამოიკვეთა: ბეტონი, ყვითელი და მწვანე. ბეტონი ჩემთვის საყრდენი იყო, ფუნდამენტი, სიმტკიცე. მას ქვის ასოციაციაც ჰქონდა. ამიტომ ბევრ ადგილას შეგნებულად დავტოვე დაუფარავი, მოპირკეთების გარეშე. ყვითელი ფერის შთაგონება კვერცხუჯრედი იყო, სიცოცხლის საწყისი. მწვანე კი სიცოცხლის გაგრძელებას უკავშირდებოდა. სხვადასხვა ტონის მწვანე იმიტომ გამოვიყენე, რომ სიცოცხლეც სხვადასხვა ფორმით არსებობს.

მთელი პროექტი ამ იდეაზე აიგო. ეს კონცეფცია არქიტექტურასაც გასდევს და ინტერიერსაც. ფერებს მხოლოდ ცალკეული ადგილების გასალამაზებლად არ ვიყენებდი, ისინი ამ ამბის ნაწილი იყო. საინტერესოა, რომ ყვითლისა და მწვანის ეს შეხამება ადამიანებს დაამახსოვრდათ. სხვაგანაც უნახავთ მსგავსი ფერები და უკითხავთ: ესეც შენი გაკეთებული ხომ არ არისო. პროექტმა თავისი სახე შეიძინა.

ასეთ სამუშაოში ბევრ სხვადასხვა სფეროში ჩაღრმავება გიწევს. ფუნქცია, ტექნოლოგია, ინჟინერია, დიზაინი – ეს ყველაფერი ერთმანეთთან უნდა დააკავშირო. თან არ დაგავიწყდეს არც ერთი ადამიანი, რომელიც ამ გარემოში იქნება.

ამიტომ პროექტის კეთება ჩემთვის სწავლის პროცესიცაა. პატარა ფორმამაც კი შეიძლება რაღაც ახალი გასწავლოს. ვერ ვიხსენებ მომენტს, როცა მეფიქროს, რომ უკვე ყველაფერი ვიცი და ახლა მხოლოდ გაკეთებაღა დარჩა.

თქვენი აზრით, რამდენად ცვლის თანამედროვე ტექნოლოგიები არქიტექტორის სამუშაო პროცესს და რა კუთხით?

ტექნოლოგიური განვითარება ძალიან სწრაფია და არქიტექტურაც მუდმივად ცდილობს, ამ ტემპს გაჰყვეს. წლების განმავლობაში ვნახეთ, როგორ ჩაანაცვლა ხელით პროექტირება კომპიუტერულმა სისტემებმა, როგორ გახდა CAD, BIM და სამგანზომილებიანი მოდელირება ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილი. ეს ყველაფერი პროექტირებას უფრო ზუსტს, სწრაფს და მოქნილს ხდის.

თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიამ შემოქმედებითი პროცესი არ ჩაანაცვლოს. ხელით გაკეთებულ ესკიზს დღემდე თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ხშირად სწორედ იქ იბადება იდეა. ხელოვნურ ინტელექტსაც არქიტექტორის შემცვლელად არ აღვიქვამ. ჩემთვის ის ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც გეხმარება ინფორმაციის დამუშავებაში, ვიზუალიზაციაში, სხვადასხვა ვარიანტის სწრაფად ნახვასა და სამუშაო პროცესის გამარტივებაში. მაგრამ საბოლოოდ, მაინც არქიტექტორის ცოდნა, გამოცდილება, ხედვა და კრიტიკული აზროვნება წყვეტს ყველაფერს.

არქიტექტურაში ისედაც ვერ იტყვი, რომ ყველაფერი ისწავლე. ახალი პროექტი იწყება და რაღაც ისევ თავიდან გაქვს გასაგები. ამიტომ ჩემთვის ტექნოლოგიური განვითარებაც ამ მუდმივი სწავლის ნაწილია. ვფიქრობ, ტექნოლოგიები ცვლის იმას, თუ როგორ ვმუშაობთ, მაგრამ ვერ ცვლის იმას, თუ როგორ ვფიქრობთ.

რომ გქონდეთ შესაძლებლობა, საქართველოში მხოლოდ ერთი არქიტექტურული პრობლემა გადაგეჭრათ, რას აირჩევდით და რატომ მიგაჩნიათ სწორედ ეს ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად?

პირველ რიგში, არქიტექტორების დაფასებას ავირჩევდი. შეყვარებას თუ არა, დაფასებას მაინც.

ჩემი განცდით, დღეს არქიტექტორს ხშირად უფრო ტექნიკურ შემსრულებლად აღიქვამენ, ვიდრე ადამიანად, რომელიც რაღაცას ქმნის. პატარაა ეს საქმე თუ დიდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენს რეალობაში ბევრი პრობლემაა, მათ შორის ძალიან მწვავეც. მაგრამ პირველ რიგში, მაინც ამ დამოკიდებულების შეცვლას ვისურვებდი. მგონია, რომ დანარჩენზეც იმოქმედებდა.

როცა საზოგადოების დამოკიდებულება ჯანსაღია, კეთილგანწყობილია, როცა შენი საქმის მნიშვნელობა ესმით, კარგი საქმის კეთებაც უფრო ადვილი ხდება. შედეგიც სხვანაირი გამოდის. ამიტომ ერთის არჩევა რომ შემეძლოს, აქედან დავიწყებდი – არქიტექტორის შრომის, ცოდნისა და შემოქმედების დაფასებიდან.

თქვენი აზრით, როგორ უნდა ვითარდებოდეს თანამედროვე ქართული არქიტექტურა, რათა ერთდროულად იყოს თანამედროვე, ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული და საერთაშორისო დონეზეც კონკურენტუნარიანი?

პირველ რიგში, პროფესიონალიზმით. შეიძლება ზოგად პასუხად ჟღერდეს, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან კონკრეტულ რამეს ნიშნავს: არქიტექტურა პროფესიონალმა უნდა შექმნას და ამ პროფესიონალს უნდა უსმენდნენ. ეს წინა კითხვასაც უკავშირდება. ვგულისხმობ არქიტექტორს, რომელსაც ცოდნა, გამოცდილება და კონკრეტულ საკითხზე ჩამოყალიბებული ხედვა აქვს. მას უნდა უსმენდეს საზოგადოებაც, დამკვეთიც, შემსრულებელიც. ჩემი გამოცდილებით, ხშირად ჯერ სხვა მოსაზრებებს ითვალისწინებენ და არქიტექტორის აზრამდე ყველაზე ბოლოს მიდიან, მაშინ როცა სწორედ ის ხედავს ამ პროცესს თავისი პროფესიული ცოდნით.

ვფიქრობ, თანამედროვე ქართული არქიტექტურის მთავარი ამოცანა მხოლოდ წარსულის შენარჩუნება არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი არქიტექტურის შექმნა, რომელიც მომავალშიც შეძლებს კულტურულ ღირებულებად ჩამოყალიბებას. ტრადიციის გაგრძელებაც ჩემთვის არ ნიშნავს ისტორიული ფორმების გამეორებას. ტრადიცია გაცილებით ღრმა რამეა. ეს არის დამოკიდებულება სივრცის, გარემოს, მასალისა და ადამიანის მიმართ. ჩვენ არ უნდა ვიმეორებდეთ მხოლოდ ტრადიციას, ჩვენ უნდა ვქმნიდეთ მომავალ ტრადიციას.

და მგონია, საერთაშორისო დონეზეც სწორედ მაშინ ვიქნებით საინტერესო, თუ საკუთარ იდენტობას არ დავკარგავთ. მსოფლიო დღეს ნაკლებად ეძებს ერთმანეთის მსგავს შენობებს. უფრო საინტერესოა არქიტექტურა, რომელიც საკუთარ კულტურას, კონტექსტსა და დროს გულწრფელად გამოხატავს.

ამ ყველაფრის საფუძველი მაინც პროფესიონალიზმია – გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს ადამიანი, რომელსაც ცოდნაც აქვს, ხედვაც და პასუხისმგებლობაც საკუთარ საქმეზე.

ფერითა და განათებით შექმნილი სივრცე — ანა აბაშიძის ნამუშევარი საბურთალოზე

ბუნებასთან დიალოგით შექმნილი ვილა კაკლებში – ROOMY DESIGN-ის ნამუშევარი