7 ნოემბერს თბილისში, ლანდშაფტის ასოციაციის ორგანიზებით, თანამედროვე ურბანული გამწვანებისა და ეკოლოგიისადმი მიძღვნილი მასტერკლასი ჩატარდება. ღონისძიებას გაუძღვება საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, მკვლევარი და ლანდშაფტის არქიტექტორი – ჰენრიკ სიომანი (Henrik Sjöman).
„როგორ შევარჩიოთ ხეები თანამედროვე ქალაქებისთვის“ — ეს არის მასტერკლასის მთავარი გზავნილი, რომელიც დღევანდელი ქალაქების წინაშე არსებულ ყველაზე მწვავე ეკოლოგიურ გამოწვევებს ეხმიანება. თანამედროვე ურბანულ სივრცეში მოთხოვნები გამწვანების მიმართ არსებითად შეიცვალა: დღეს აღარ არის საკმარისი, ხეები მხოლოდ ესთეტიკურ როლს ასრულებდეს, ისინი უნდა იყოს ფუნქციური, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი და ქალაქის ეკოსისტემისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
ჰენრიკ სიომანი მსოფლიოში ცნობილი შვედი მეცნიერი და პრაქტიკოსია — ის გახლავთ შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გეტებორგის ბოტანიკური ბაღის სამეცნიერო კურატორი და კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღების (Kew Gardens) საპატიო მკვლევარი. მისი მრავალწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობა ურბანული ტყეების კვლევას, ხეების კლიმატურ ადაპტაციასა და ქალაქის მკაცრ პირობებში მათ მდგრადობას ეძღვნება.
თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე სიომანი მონაწილეებს გააცნობს უახლეს სამეცნიერო კვლევებსა და მეთოდებს, რომლებიც მწვანე სივრცეების მეცნიერულ და პასუხისმგებლიან დაგეგმვას უდევს საფუძვლად.
მასტერკლასი გააერთიანებს როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ ვარჯიშებსა და დისკუსიას. მონაწილეები რეალური ქეისების მაგალითზე იმუშავებენ მრავალფეროვან ურბანულ სიტუაციებში მცენარეების შერჩევის პრინციპებზე, განიხილავენ კონკრეტულ გამოწვევებს და შეისწავლიან, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს თითოეული ლოკაცია გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად.
ვისთვისაა ღონისძიება?
ღონისძიება განკუთვნილია ლანდშაფტის არქიტექტორებისთვის, დიზაინერებისთვის, მებაღეებისთვის, ურბანისტების, არქიტექტორების, დეველოპერებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც თანამედროვე ქალაქების ეკოლოგიური მომავალი და გააზრებული გამწვანება აინტერესებს.
მასტერკლასი 7 ნოემბერს, თბილისში, „საძველეში“ (ვ. პეტრიაშვილის ქ. №1) გაიმართება. სამუშაო ენა ინგლისურია, უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანიც. მონაწილეებს ღონისძიების დასრულების შემდეგ ჰენრიკ სიომანის ხელმოწერილი სერტიფიკატები გადაეცემათ.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შესაძლეველია ბმულზე








