in

დიზაინი, რომელიც ადამიანთან ემოციურ კავშირს ქმნის – ინტერვიუ ნინო გორგილაძესთან

ინტერიერის დიზაინერის პროფესიული გამოცდილება მხოლოდ სივრცის დაგეგმარებასა და ვიზუალური კონცეფციის შექმნას არ მოიცავს. ამ სფეროში მუშაობა სხვადასხვა ეტაპისა და პროცესის ცოდნასაც მოითხოვს – იდეის ჩამოყალიბებიდან მასალებისა და ავეჯის შერჩევამდე, პროექტის კოორდინაციასა და საბოლოო რეალიზაციამდე. სწორედ ამ გამოცდილების მრავალფეროვნება აყალიბებს დიზაინერის ხედვას და ეხმარება მას, სივრცე არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისითაც გაიაზროს.

არქიტექტორ-დიზაინერის, ნინო გორგილაძის პროფესიული გზაც დიზაინის სხვადასხვა მიმართულებასთან შეხებით ჩამოყალიბდა. დაგროვილი გამოცდილება ნინოსთვის დღეს დიზაინერული მიდგომის მნიშვნელოვანი საფუძველია. იგი საკუთარ ხელწერას კონკრეტულ სტილს ან განმეორებად ესთეტიკას არ უკავშირებს – მისთვის თითოეული პროექტი იმ ადამიანის გაცნობით იწყება, ვისთვისაც სივრცე იქმნება. დამკვეთის ცხოვრების წესი, ჩვევები, გემოვნება და ყოველდღიური საჭიროებები განსაზღვრავს როგორც კონცეფციის საწყისს, ისე საბოლოო შედეგს. დიზაინერის ამოცანად კი ნინო ამ სურვილების სწორად ამოცნობას, განვითარებასა და საკუთარ პროფესიულ ხედვასთან დაბალანსებას მიიჩნევს.

დღეს ნინო საკუთარი სტუდიის, Space-ის ფარგლებში მუშაობს და თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად უდგება. მისთვის დიზაინერის ხელწერა კონკრეტული სტილის გამეორება კი არა, დამკვეთის პიროვნების, ცხოვრების წესისა და საჭიროებების სწორად ამოცნობაა. სწორედ ამიტომ, სივრცის შექმნის საწყის ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანთან ურთიერთობასა და მის შესახებ ისეთი დეტალების აღმოჩენას, რომლებიც საბოლოოდ ინტერიერის ხასიათს განსაზღვრავს. ამ მიდგომაში ესთეტიკა და ფუნქციურობა თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა საბოლოო მიზანი მხოლოდ მათი დაბალანსება არ არის – ნინოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელთანაც ადამიანს ემოციური კავშირი გაუჩნდება.

Homeis.ge-თან ინტერვიუში ნინო გორგილაძე გვიყვება პროფესიულ გზაზე, განსხვავებული გამოცდილებების გავლენასა და ინდივიდუალური დიზაინერული მიდგომის ჩამოყალიბებაზე. საუბარი ეხება დამკვეთის სურვილებისა და დიზაინერის ხედვის თანხვედრას, ფუნქციურობასა და ესთეტიკას შორის ბალანსს, შთაგონების წყაროებსა და იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ინტერიერის დიზაინის სფეროში არსებობს – მათ შორის, სივრცის ინდივიდუალობის შენარჩუნებასა და პროექტის ხარისხიან რეალიზაციას.

ნინო, მოგვიყევით როგორ გაჩნდა თქვენი ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ – რა იყო ის საწყისი ეტაპი, რომელმაც ამ სფეროში მოგიყვანათ? 

ჩემი ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ ბავშვობიდან იღებს სათავეს. ყოველთვის მქონდა განსაკუთრებული მიზიდულობა ხელოვნების, ფორმებისა და კომპოზიციის მიმართ. პატარაობიდან ვხატავდი, მიყვარდა ფურცელზე სხვადასხვა კომპოზიციური ელემენტით თამაში, ფორმების ძიება და მათი ერთმანეთთან ჰარმონიული დაკავშირება. ასევე, გატაცებული ვიყავი ქარგვითა და გობელენის ხელოვნებით, რაც ალბათ კიდევ უფრო მიქმნიდა ინტერესს ტექსტურების, დეტალებისა და ფერთა ურთიერთობის მიმართ.

ძალიან მიყვარდა ხელოვნებაზე დაკვირვება. მახსოვს, ოჯახის წევრები და მასწავლებლები ხშირად აღნიშნავდნენ ჩემს განსხვავებულ ხედვასა და შემოქმედებით აზროვნებას. აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა მხატვრულ გამოფენაში. სკოლაშიც კი, გაკვეთილების მოსმენის პარალელურად, ხშირად ვაკეთებდი ჩანახატებს – თითქოს მუდმივად რაღაცის შექმნის, ახალი ფორმის აღმოჩენის სურვილი მქონდა. ეს ჩემთვის ერთგვარი განტვირთვა იყო, პროცესი, რომლისგანაც თავს ვერ ვიკავებდი.

დღეს რომ ვაკვირდები, ვხვდები, რომ მაშინ, ალბათ, უკვე ვსწავლობდი სივრცის აღქმას, კომპოზიციურ აზროვნებასა და ესთეტიკური ბალანსის შეგრძნებას, უბრალოდ ჯერ არ ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი მომავალში ჩემს პროფესიად იქცეოდა.

ინტერიერის დიზაინმა კი მომცა შესაძლებლობა, ეს ბავშვობიდან მოყოლებული შემოქმედებითი ინტერესი უფრო მასშტაბურ ფორმაში გადამეტანა – ფურცლიდან რეალურ სივრცეში. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ შეიძლება სივრცემ მხოლოდ ვიზუალური სილამაზის გარდა, ემოციური დატვირთვაც შეიძინოს და ადამიანისთვის საკუთარი ხასიათის, ცხოვრების სტილისა და ინდივიდუალობის გამოხატვის საშუალებად იქცეს.

ნინო, გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და რა გამოცდილებებმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი თქვენს, როგორც დიზაინერის, ჩამოყალიბებაში?

ჩემი პროფესიული გზა უმცროსი დიზაინერის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო ბათუმში, რესტორან პანორამას პროექტის ფარგლებში. შემდგომ იყო არანაკლებად საინტერესო პროექტი – ბაზარი ორბელიანზე, სადაც ვიყავი ატქიტექტურული ნაწილის კოორდინატორი და საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე სხვადასხვა დანიშნულების სივრცის პროექტირებისას; უფრო ღრმად ჩავიხედე მომიჯნავე სფეროების ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობის ნიუანსებში. შემდგომ იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო კომპანია ROOMS STUDIO-ში ავეჯის წარმოების მენეჯერის პოზიცია.

ვფიქრობ, ჩემმა სხვადასხვა კუთხით მიღებულმა გამოცდილებამ საკმაოდ საინტერესო როლი ითამაშა ჩემს დიზაინერად ჩამოყალიბებაში. გავხდი უფრო მიზანსწრაფული და ჩავიხედე ისეთ ნიუანსებში, რაზეც დიზაინერს ყოველდღიურად შეხება არ აქვს.

როგორ დაახასიათებდით თქვენს დიზაინერულ ხელწერას – როგორი მიდგომა გამოარჩევს თქვენს პროექტებს?

ჩემი ხელწერა კონკრეტული ესთეტიკა კი არა, ინდივიდუალური მიდგომაა. ვფიქრობ, თითოეულ პროექტს საკუთარი ინდივიდუალური ხელწერა უნდა ჰქონდეს, რადგან თითოეული დამკვეთი, მისი გემოვნება, ცხოვრების სტილი და სურვილები განსხვავებულია.

ჩემი აზრით, დიზაინერის მთავარი ამოცანა არ არის საკუთარი ხედვის დამკვეთისთვის თავს მოხვევა ან ყველა პროექტში ერთი და იმავე ესთეტიკის გამეორება. პირიქით, მისი ხედვა მიმართული უნდა იყოს იქით, რომ სწორად გაიგოს დამკვეთის სურვილები, განავითაროს ისინი, საჭიროების შემთხვევაში დააკორექტიროს და საბოლოოდ, რეალობად აქციოს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში საკუთარი პროფესიული ხედვა, ესთეტიკური გემოვნება და გამოცდილება შემაქვს, თუმცა საბოლოო შედეგი აუცილებლად უნდა პასუხობდეს იმ ადამიანის საჭიროებებს, ვისთვისაც სივრცე იქმნება.

ამიტომ არ ვიტყოდი, რომ ჩემი ხელწერა კონკრეტული სტილია. ჩემი ხელწერა უფრო მიდგომაა – თითოეული პროექტის ინდივიდუალურად გააზრება და ისეთი შედეგის შექმნა, რომელშიც დამკვეთის სურვილები და ჩემი პროფესიული ხედვა ჰარმონიულად ერთიანდება.

რა პრინციპებს ეყრდნობით სივრცის შექმნისას – როგორ პოულობთ ბალანსს ესთეტიკასა და ფუნქციურობას შორის?

აი, აქ იწყება ყველაზე დიდი დილემა – გახადო სივრცე ფუნქციური თუ მხოლოდ ესთეტიკური. ვფიქრობ, ჩემმა გამოცდილებამ მასწავლა ხრიკები, თუ როგორ გავხადო სივრცე ფუნქციური ისე, რომ ესთეტიკურობა არ დავკარგო. ამ ოქროს შუალედის პოვნა საკუთარ თავზე ბევრი მუშაობის შედეგია. პრინციპი ერთია – უნდა მიიღო ფუნქციურად გამართული სივრცე, რომელიც ამავდროულად ესთეტიკურია.

როგორია პროექტის განვითარების პროცესი იდეიდან საბოლოო რეალიზაციამდე და სამუშაოს რომელ ეტაპზე იღებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?

იდეას ყოველთვის დამკვეთის ცხოვრების სტილი და ინტერესები განსაზღვრავს. იდეაც დამკვეთის გაცნობიდან მოდის. დიზაინერები საკმაოდ ძლიერი ფსიქოლოგები ვართ. შეგვიძლია დამკვეთის სურვილების ამოცნობა და ალბათ ეს ჩვენი პროფესიის ყველაზე საინტერესო ნაწილია – დამკვეთის გაცნობა და მისი სურვილების ჩამოყალიბება. ხშირად, სწორ დიზაინერულ გადაწყვეტაში დიდ როლს თამაშობს სწორად ჩამოყალიბებული სურვილები. ვფიქრობ, ეს ყველაზე სასიამოვნო ეტაპია, შემდგომ კი, რა თქმა უნდა – რეალიზებული სურვილის ხილვა. საკმაოდ ბევრი საინტერესო ეტაპი აქვს პროექტის მსვლელობას.

სად და როგორ ეძებთ შთაგონების წყაროს? რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს შთაგონება თქვენს შემოქმედებაში?

ინსპირაციის წყაროს მხოლოდ არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში არ ვეძებ. ჩემთვის ინსპირაცია შეიძლება იყოს  ხელოვნება, არქიტექტურული ელმენტები ან თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შემჩნეული პატარა დეტალი. შთაგონების წყარო შეიძლება იყოს  ყოველწლიური ტენდენციების გაცნობა. დიზაინერულ გამოფენებზე დასწრებაც ჩემთვის ინსპირაციის წყაროა, სადაც ვეცნობი ახალ ტენდენციებს და შევისწავლი ახალ მასალებს.

შთაგონების გარეშე შეუძლებელია პროექტის დაგეგმვა და განხორციელება. ვაკვირდები სხვადასხვა სივრცის ატმოსფეროს, მასალების კომბინაციას, სინათლისა და ჩრდილის ურთიერთქმედებას, პროპორციებსა და მასალათა კომბინაციას. განსაკუთრებით შთამაგონებს ძველი ინტერიერები და ვინტაჟური ავეჯი. მომწონს ნივთები, რომლებსაც საკუთარი ისტორია და ხასიათი აქვთ. ხშირად სწორედ ძველ დეტალებში ვპოულობ ისეთ ესთეტიკურ ღირებულებას, რომლის თანამედროვე ინტერპრეტაციაც ძალიან საინტერესოა.

ვცდილობ, სხვადასხვა წყაროდან მიღებული შთაბეჭდილებები გავაერთიანო და საბოლოოდ, შევქმნა კონცეფცია, რომელსაც საკუთარი ინდივიდუალური ხასიათი ექნება. დაბოლოს, მაინც არ მავიწყდება რომ დამკვეთი ინდივიდია, რომელსაც საკუთარი ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა შევთავაზო ხარისხიანი და, რა თქმა უნდა, ესთეტიური პროექტი რომელიც დროს გაუძლებს.

რას ნიშნავს თქვენთვის სრულყოფილი ინტერიერი – რა კრიტერიუმებით აფასებთ სივრცეს, როგორც დიზაინერი?

ჩემთვის, სრულყოფილი ინტერიერი არის ის სივრცე, რომელიც გამართულია ფუნქციურად და ესთეტიურად. ამ ორის ბალანსი თუ არ არის, ეს უბრალოდ უფუნქციო საგნების კომბინაციაა. ადამიანს უნდა შეეძლოს სტრესის გარეშე არსებობდეს სივრცეში და სივრცე უნდა იყოს ადამიანისთვის კომფორტის შემქმნელი ინსტრუმენტი. ინტერიერს ყოველთვის იმ კრიტერიუმით ვაფასებ, თუ რისთვის შეიქმნა ესა თუ ის კონკრეტული ელემენტი, რა როლს ასრულებს კონკრეტულ ადგილას და ა.შ.

საბოლოოდ, ჩემთვის სრულყოფილია სივრცე, რომელშიც ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს და არა მხოლოდ ფუნქციურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არამედ ემოციურ კავშირსაც ქმნის მასთან. ჩემთვის სრულყოფილი ინტერიერი მხოლოდ ესთეტიკური და ფუნქციური სივრცე არ არის. მას უნდა ჰქონდეს მიჯაჭვულობის შექმნის უნარი – ისეთი ემოციური კავშირი, რომელიც ადამიანს საკუთარ სახლთან აკავშირებს. ჩემთვის ეს არის ის განცდა, როდესაც, მსოფლიოს რომელ ნაწილშიც არ უნდა იმყოფებოდე, ყოველთვის გინდება სახლში დაბრუნება; როდესაც სივრცე მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი აღარ არის და იქ ყოფნა განსაკუთრებულ სიმშვიდეს, კომფორტსა და კუთვნილების განცდას განიჭებს.

როგორც დიზაინერისთვის, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დამკვეთს შევუქმნა არა უბრალოდ ლამაზი ინტერიერი, არამედ ისეთი გარემო, რომელთანაც ემოციური კავშირი გაუჩნდება. ლამაზი ინტერიერი შეიძლება ბევრმა შექმნას, მაგრამ ისეთი სივრცის შექმნა, რომელსაც ადამიანი ემოციურად მიეჯაჭვება, უკვე დიზაინერის გაცილებით ღრმა ხედვას მოითხოვს. ამიტომ, როდესაც ინტერიერს ვაფასებ, საკუთარ თავს ვეკითხები: მხოლოდ ლამაზია ეს სივრცე, თუ მასში ყოფნა ნამდვილად გინდა? შეუძლია მას ემოციური კავშირის შექმნა?

თქვენი გამოცდილებით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევები ინტერიერის დიზაინში დღეს, განსაკუთრებით ადგილობრივ კონტექსტში?

ჩემი აზრით, დღეს ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაა. ვიზუალური ინფორმაციისა და ტრენდების ასეთი ხელმისაწვდომობის პირობებში ხშირად ვხვდებით ერთმანეთის მსგავს ინტერიერებს, პინტერესტიდან გადმოკოპირებულს, სადაც სრულად დაკარგულია სივრცის ინდივიდუალური ხასიათი და დამკვეთის პიროვნული იდენტობა.

ხშირად ვდგავარ იმ დილემის წინაშე, როდესაც დამკვეთი სხვადასხვა ციფრული პლატფორმიდან მაწვდის რეფერენსს და უნდა ზუსტად იდენტური ინტერიერი სურათიდან. გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს ინტერიერის დიზაინერის როლის არასწორი აღქმა.

ხშირად, დიზაინერის ფუნქციებს მხოლოდ ვიზუალურ მხარეს უკავშირებენ, ან პირიქით, მისგან ისეთ პასუხისმგებლობებს ელიან, რომლებიც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების მართვასა და ზედამხედველობას უკავშირდება. ზოგჯერ დიზაინერსა და სამშენებლო სამუშაოს მწარმოებელს შორის პროფესიული ზღვარიც კი იკარგება.

მიმაჩნია, რომ დიზაინერი არ არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც დამკვეთის სურვილებს ნახაზებსა და ვიზუალიზაციებში ასახავს. მისი როლი გაცილებით კომპლექსურია: სივრცის ანალიზი, კონცეფციის შემუშავება, ფუნქციური და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება, ესთეტიკური მიმართულების განსაზღვრა და პროექტის მთლიანობის შენარჩუნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის პროექტის რეალიზების პროცესში სამუშაოების არათანმიმდევრული მიმდინარეობა. ადგილობრივ ბაზარზე ხშირად ვაწყდებით კვალიფიციური შემსრულებლების ნაკლებობას, რაც ართულებს პროექტით გათვალისწინებული ხარისხისა და დიზაინერული ჩანაფიქრის ზუსტად განხორციელებას. მეორე მხრივ, ზოგჯერ თავად დამკვეთის მხრიდან პროცესის დაჩქარების სურვილიც იწვევს სამუშაოების არასწორ თანმიმდევრობას. რემონტი საკმაოდ კომპლექსური პროცესია, სადაც თითოეულ ეტაპს თავისი ლოგიკა აქვს. ერთი ეტაპის არასწორად ან ნაჩქარევად შესრულებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მომდევნო სამუშაოებზე, საბოლოო ხარისხსა და ზოგჯერ ბიუჯეტზეც.

ჩემი აზრით, კარგი პროექტის შექმნა მხოლოდ ნახევარი საქმეა – არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი სწორად რეალიზება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, დიზაინერს, დამკვეთსა და შემსრულებელ გუნდს შორის კოორდინირებული მუშაობა და პროცესის წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით წარმართვა. დღეს გამოწვევა მხოლოდ კარგი დიზაინის შექმნა არ არის. გამოწვევაა, რომ შექმნილი იდეა რეალობაში იმავე ხარისხითა და კონცეფციური მთლიანობით განხორციელდეს, რა ხარისხითაც ის პროექტში იყო ჩაფიქრებული.

რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სივრცე იყოს არა მხოლოდ მომხმარებლის ცხოვრების სტილს ფუნქციურად მორგებული, არამედ უნიკალური და პერსონალური? რა ფაქტორები აკავშირებს სივრცეს კონკრეტულ ადამიანთან და ხდის მას ინდივიდუალურს?

ჩემთვის სწორედ ის განცდა, როდესაც ადამიანი საკუთარ სახლში თავს ნამდვილად შინ გრძნობს, მაშინ ჩნდება, როდესაც სივრცე მის პირად საჭიროებებს, ცხოვრების წესსა და ინდივიდუალურ ხასიათს პასუხობს.

ვფიქრობ, დამკვეთის გაცნობის ეტაპზე სწორედ ამ ინფორმაციის მოპოვებას ვცდილობ და ეს მეხმარება, შევქმნა ეფექტური და პერსონალური ინტერიერი.

ხშირად დამკვეთის შესახებ ისეთ დეტალებს ვიგებ, რომლებიც შესაძლოა, მისი ოჯახის წევრებისთვისაც კი არ იყოს ცნობილი. მაგალითად, რა ჰობი აქვს, როგორია მისი ყოველდღიური რიტმი – გადატვირთული თუ მშვიდი, უყვარს თუ არა სახლში საჭმლის მომზადება, როგორი ხასიათი აქვს მის შვილს, რომელი ფერია მისთვის საყვარელი და კიდევ ბევრი ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი.

თუმცა სწორედ ასეთი დეტალები მაძლევს საშუალებას, სივრცე კონკრეტულ ადამიანს მოვარგო. მაგალითად, ოთხი შვილის ოჯახისთვის შექმნილი გეგმარება ბუნებრივია, სრულიად განსხვავებული იქნება იმ ადამიანის საცხოვრებელი სივრცისგან, რომელიც მარტო ცხოვრობს.

ჩემთვის ინდივიდუალიზმი სწორედ აქედან იწყება – იმის გააზრებიდან, რომ არ არსებობს უნივერსალური ინტერიერი, რომელიც ყველას ერთნაირად მოერგება.

საბოლოოდ, ჩემი მიზანია, დამკვეთმა შექმნილ სივრცეში საკუთარი ცხოვრების სტილი, ჩვევები და პიროვნება დაინახოს. ვფიქრობ, სწორედ ეს ქმნის სივრცესა და ადამიანს შორის ემოციურ კავშირს. ხშირად ვახსენებ ჩემს თავს, რომ მე არ ვქმნი ინტერიერს ადამიანისთვის ზოგადად – მე ვქმნი კონკრეტული ადამიანისთვის, მისი ცხოვრების სტილის მიხედვით.

მწვანე არქიტექტურა: რა უნდა გავითვალისწინოთ სახლის აშენებამდე?