in

არსებული სივრციდან ციფრულ მოდელამდე: რას ცვლის Scan to BIM

რენოვაციისას ხშირად პირველი სირთულე არსებულ შენობაზე ინფორმაციის შეგროვებაა. ძველი ნახაზები შესაძლოა ადგილზე არსებულ მდგომარეობას სრულად აღარ ასახავდეს. სივრცის დაგეგმვისთვის კი მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რეალური ზომები, ელემენტების მდებარეობა და გარემოს გეომეტრია.

BIM Solutions Georgia ახალ მომსახურებას — SCAN TO BIM-ს — იწყებს. კომპანია Leica BLK360 G2-ის გამოყენებით აფიქსირებს არსებულ მდგომარეობას და სკანირების მონაცემებზე დაყრდნობით ამზადებს Revit მოდელებს. რას ნიშნავს ეს არქიტექტორისთვის, დეველოპერისა და შენობის მფლობელისთვის? საკითხს BIM Solutions Georgia-ს მმართველ პარტნიორთან, მარიამ ქუთათლაძესთან, კითხვა-პასუხის ფორმატში განვიხილავთ.

მარიამ ქუთათელაძე

მარტივად რომ ავხსნათ, რა არის Scan to BIM?

ეს არის გზა რეალური სივრციდან სამუშაო ციფრულ მოდელამდე. სკანირებით ვიღებთ წერტილთა ღრუბელს — მონაცემებს შენობისა და გარემოს ხილული ზედაპირების შესახებ. შემდეგ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვქმნით Revit მოდელს, რომელშიც ელემენტები ორგანიზებული და რედაქტირებადია.

დამკვეთისთვის მთავარი შედეგი ის არის, რომ არსებულ გარემოზე ინფორმაცია მის საპროექტო სამუშაოში გამოსაყენებელ ფორმატში გადადის. წინასწარ ვთანხმდებით, რა უნდა აისახოს მოდელში და რისთვის გამოიყენებს მას გუნდი.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი პროექტირების დაწყებამდე?

როდესაც არქიტექტორი არსებულ შენობაში ცვლილებას გეგმავს, მას სივრცის რეალური გეომეტრიის ცოდნა სჭირდება. სად არის კედელი, რა სიმაღლეა სართულზე, როგორია ღიობები ან რთული მონაკვეთები — ასეთი ინფორმაცია დაგეგმვის საწყის გადაწყვეტილებებზე მოქმედებს.

მაგალითად, არსებული შენობის ახალი ფუნქციისთვის ადაპტაციისას სკანირებაზე დაფუძნებული მოდელი ეხმარება გუნდს, ახალი გადაწყვეტა არსებულ გარემოს დაუკავშიროს. ეს ამცირებს გაურკვევლობას იმ ნაწილში, რომელიც ხელმისაწვდომია და დაფიქსირებულია.

მხოლოდ ინტერიერისა და შენობის მოდელს ამზადებთ?

მომსახურება ტერიტორიისა და არსებული მდგომარეობის მოდელირებასაც მოიცავს. ვაფიქსირებთ რელიეფს, შენობებსა და ხილულ ელემენტებს და ვამზადებთ .rvt მასალას დაგეგმვისთვის. კონკრეტული ობიექტის მიხედვით განვსაზღვრავთ დაფარვის არეალს, საკოორდინატო მიბმის მოთხოვნებსა და დამატებითი სამუშაოების საჭიროებას.

როგორ გამოიყენება სკანირება მშენებლობის დროს?

მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე არსებული მდგომარეობის დაფიქსირება პროგრესის დოკუმენტირებას უწყობს ხელს. თუ გვაქვს შესადარებელი BIM მოდელი და შეთანხმებული კრიტერიუმები, შესრულებული სამუშაოები შეგვიძლია მას გეომეტრიულად შევადაროთ.

ამ გზით შესაძლებელია გარკვეული გადახრების გამოვლენა — მაგალითად, ელემენტის მდებარეობის ან ზომის განსხვავების. შემოწმების მოცულობა და დასაშვები გადახრები წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, რომ ანგარიში კონკრეტულ გადაწყვეტილებას ემსახურებოდეს.

რა ღირებულება აქვს As-Built მოდელს შენობის დასრულების შემდეგ?

As-Built მოდელი დაფიქსირებულ ფაქტობრივ მდგომარეობას ასახავს. მისი გამოყენება შესაძლებელია ობიექტის ჩაბარებისას, შემდგომი რენოვაციის დაგეგმვისთვის და შენობის მართვის პროცესებში.

აქაც მნიშვნელოვანია მიზნის განსაზღვრა. თუ მოდელი ექსპლუატაციისთვისაა საჭირო, მხოლოდ გეომეტრია შესაძლოა საკმარისი არ იყოს: დამატებით საჭირო მონაცემებსაც დამკვეთთან ერთად ვათანხმებთ.

რას ნიშნავს სკანერისთვის მითითებული 4 მმ სიზუსტე?

ვიყენებთ Leica BLK360 G2-ს, 3D წერტილის სიზუსტით — 4 მმ, მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ სატესტო პირობებში. ეს მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებელია. საბოლოო მოდელის შედეგზე მოქმედებს ობიექტის პირობები, ხილვადობა, მონაცემების გაერთიანება და მოდელირების მიდგომა.

ამიტომ მოდელის ტოლერანსსა და დეტალიზაციას კონკრეტული ამოცანის მიხედვით ვათანხმებთ. ასევე ვითვალისწინებთ, რომ ლაზერული სკანირება ხილულ ზედაპირებს აფიქსირებს — კედლის შიგნით დაფარული კომუნიკაციების შესახებ მონაცემები დამატებით წყაროებს საჭიროებს.

რას მიიღებს დამკვეთი BIM Solutions Georgia-სგან?

შეთანხმებული დავალების მიხედვით — რედაქტირებად Revit მოდელს, ტერიტორიისა და არსებული შენობის მოდელს, პროგრესისა და გეომეტრიული შედარების ანგარიშებს ან As-Built BIM მოდელს. ელემენტების ორგანიზება და იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია, რათა გუნდი მიღებული მასალის გამოყენებას შეძლებდეს.

პირველივე საუბარში ვარკვევთ ობიექტის მდებარეობას, ფართობს, მიზანსა და სასურველ ვადებს. შემდეგ განვსაზღვრავთ სკანირების მოცულობას, მოდელის შემადგენლობას, Revit-ის ვერსიასა და საბოლოო შედეგებს.

ვისთვის იქნება მომსახურება განსაკუთრებით საინტერესო?

არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერებისთვის, რომლებიც არსებულ სივრცეზე მუშაობენ; დეველოპერებისა და სამშენებლო გუნდებისთვის, რომლებსაც არსებული მდგომარეობის დოკუმენტირება სჭირდებათ; შენობის მფლობელებისა და მმართველებისთვის, რომლებიც მომავალ ცვლილებებს გეგმავენ.

ჩვენი მიზანია, არსებული გარემოს მონაცემები პრაქტიკულ სამუშაო მასალად ვაქციოთ — პროექტის საწყისი გადაწყვეტილებებიდან ჩაბარებისა და შემდგომი გამოყენების ეტაპამდე.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ შევარჩიოთ ხის მასალა სახლისთვის: რა უნდა ვიცოდეთ შეძენამდე?