in ,

როგორ შევარჩიოთ ინტერიერის დიზაინერი – ანა გრიგოლიასა და მარიამ გვაზავას გიდი

ინტერიერის დიზაინერის შერჩევა რთული და საპასუხისმგებლო ამოცანაა. მნიშვნელოვანია, ყველაფერი კარგად დაგეგმოთ და არ დატოვოთ ადგილი შეცდომებისთვის, რადგან მიღებულ შედეგებთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება.

ინტერიერის დიზაინერისა და დამკვეთის ურთიერთობაში მთავარი ნდობაა, ამიტომ აუცილებელია, ვიპოვოთ ის, ვისაც ნამდვილად ესმის ჩვენი მოთხოვნები, პრიორიტეტები და, რაც მთავარია, სრულ შესაბამისობაში მოდის ჩვენს პიროვნებასთან.

ინტერიერის დიზაინერის მოძიება ყველანაირი სტილისა და ბიუჯეტისთვის არის შესაძლებელი. კომპანიების უმრავლესობას შეუძლია დიზაინის ტენდენციებისა და სტილის ფართო სპექტრთან მუშაობა, მთავარია, დავსვათ სწორი კითხვები და დიზაინერთან ერთად დავსახოთ სწორი ამოცანა.

მაინც როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ინტერიერის დიზაინერი? სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გვიზიარებენ საკუთარ რჩევებს Material Editors-ის დამფუძნებლები, მარიამ გვაზავა და ანა გრიგოლია:

Material Editors-ის შესრულებული პროექტი

რჩევა #1: გადახედეთ რამდენიმე პორტფოლიოს:

პორტფოლიოს განხილვა პირველი საფეხურია ინტერიერის დიზაინერის შერჩევის  პროცესში. გადახედეთ რამდენიმე დიზაინერის პორტფოლიოს. სჯობს ეს ციფრი სამ შესაძლო ვარიანტამდე დაიყვანოთ, რათა გაგიადვილდეთ გადაწყვეტილების მიღება. დაათვალიერეთ მათი ნამუშევრები, შეეცადეთ, შეიტყოთ მეტი მათ შესახებ და წარმოიდგინოთ თავი მათ მიერ შექმნილ სივრცეებში.

რჩევა #2: გაიგეთ ყველაფერი თქვენი დიზაინერის გამოცდილებაზე:

ინტერიერის დიზაინერის პორტფოლიოში აუცილებლად უნდა იყოს CV, რომელიც ასახავს მის განათლებას, სამუშაო გამოცდილებას და განხორციელებული პროექტების ჩამონათვალს. დღეს  ძალიან მარტივია გაეცნო ინტერიერის მოწყობის ზოგად პრინციპებს, ტრენდებს და გახდე დიზაინერი, მაგრამ ის, რაც კარგ პროექტს განასხვავებს უნაკლო პროექტისგან, არის წლების განმავლობაში მიღებული პროფესიული და ტექნიკური ცოდნა.

Material Editors-ის შესრულებული პროექტი

რჩევა #3: ენდეთ თქვენს შეგრძნებებს:

ენდეთ თქვენს შეგრძნებებსა და ინტუიციას, რაგდან ინტერიერის დიზაინერთან კარგი ურთიერთობის დამყარება და ერთად მუშაობის უნარი მთავარია. თქვენ უნდა ეწყობოდეთ ერთმანეთს და ამასთანავე კომფორტულად გრძნობდეთ თავს კომუნიკაციის ყველა ნაბიჯზე. ინტერიერის დიზაინერთან მუშაობა საკმაოდ პერსონალური პროცესია, რადგან მას უზიარებთ პირად ინფორმაციას და დეტალებს თქვენი ცხოვრების სტილზე. თქვენ დაგჭირდებათ არა მხოლოდ კარგი ურთიერთობა, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სასურველი შედეგი, არამედ მიმღებლობაც, რომ გახსნილი იყოთ ახალი იდეებისთვის.

რჩევა #4: განსაზღვრეთ თქვენი სტილი:

კლიენტების ნაწილს უკვე განსაზღვრული აქვს თავისი პერსონალური სტილი. შერჩეული აქვთ საინსპირაციო ფოტოები, ფერები, ფაქტურები და დეტალები, მაგრამ დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ძალიან რთულია, დრო დაუთმო პირადი სტილის კვლევას. ამ შემთხვევაში პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი დაგეხმარებათ გაგაცნოთ სხვადასხვა აქტუალური სტილი რეფერენსებისა და ნიმუშების ჩვენებით. ჩვენ კლიენტებს ასევე ვთავაზობთ კითხვარს, რომლის შევსების შემდეგაც თავად ვადგენთ მათი ცხოვრების სტილს, ინტერესებსა და პრიორიტეტებს.

Material Editors-ის შესრულებული პროექტი

რჩევა #5: იყავით გულახდილი თქვენს ბიუჯეტზე

ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ თქვენი ბიუჯეტი და რა თანხის დახარჯვას აპირებთ როგორც რემონტის პროცესში, ასევე ავეჯისა და სხვა დეტალების შესაძენად. ეს დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ისეთი დიზაინერი, რომელიც თქვენს საფასო კატეგორიას მოერგება. დიზაინერების უმრავლესობა მოქნილია და შეუძლიათ სხვადასხვა ბიუჯეტთან მუშაობა, ისე, რომ ამან შედეგზე გავლენა არ მოახდინოს.

 

რჩევა #6: დასვით რაც შეიძლება მეტი კითხვა

მას შემდეგ, რაც შერჩეული დიზაინერების სიას შეამოკლებთ, შეხვდით მათ და დაუსვით რაც შეიძლება მეტი კითხვა:

  1. როგორია მათი დამახასიათებელი სტილი და ხელწერა, ან თუ არსებობს რომელიმე დიზაინის მიმართულება, რომელზეც არასოდეს იმუშავებენ?
  2. რამდენ პროექტს მართავს კომპანია მოცემულ პერიოდში და რა ვადაში დაასრულებს თქვენს პროექტს?
  3. როგორია მათი კომპანიის სტრუქტურა, ვინ იმუშავებს თქვენს პროექტზე და რა როლი ექნებათ მათ?
  4. როგორია მათი პროექტის მართვის სტილი დიზაინის კონცეფციის ეტაპიდან დეტალური დოკუმენტაციის მომზადებამდე?
  5. როგორ მართავს კომპანია საავტორო ზედამხედველობის პროცესს და რა მეთოდებით აგვარებს პროცესის დროს წარმოქმნილ პრობლემებს?

Material Editors-ის შესრულებული პროექტი

რჩევა #7: გაეცანით პროექტის განრიგს და დოკუმენტაციის ჩამონათვალს

მნიშვნელოვანია გამოითხოვოთ პროექტის განრიგი, რომელშიც მითითებული იქნება პროექტის ფაზები განსაზღვრული თარიღებით, იმ დოკუმენტაციისა და პრეზენტაციების სია, რომელსაც ყოველი ფაზის დასასრულს მიიღებთ. ეს საშუალებას მოგცემთ უფრო კონკრეტულად შეადაროთ შემოთავაზებული სერვისები და არჩიოთ თქვენთვის მისაღები. გირჩევთ, არასდროს გამოტოვოთ დეტალური ნახაზებისა და დოკუმენტაციის ფაზა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მიიღებთ თუ არა იმ შედეგს, რასაც კონცეფციის ეტაპზე დიზაინერი რენდერებისა და სხვა ვიზუალიზაციების საშუალებით შემოგთავაზებთ.

რჩევა #8: გაეცანით ხელშეკრულებას

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტთ ვისთან გსურთ მუშაობა, მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას. სამუშაოების დაწყებამდე, კონტრაქტში განსაზღვრული უნდა იყოს ვადები, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და საბოლოო დოკუმენტაციის ჩამონათვალი. პროფესიონალი დიზაინერი აუცილებლად შემოგთავაზებთ მის მიერ შედგენილ კონტრაქტს. ყურადღებით გაეცანით ყველა პუნქტს და ეცადეთ, მოარგოთ ისინი თქვენს მოთხოვნებს, რათა ორივე მხარე დაზღვეული იყოს ყველანაირი მოულოდნელობისა და გაუგებრობისგან.

Material Editors-ის შესრულებული პროექტი

რჩევა #9: დაიწყეთ თანამშრომლობა

იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი ასახავდეს თქვენს მოთხოვნებს, აქტიურად ჩაერთეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საუკეთესო სამუშაო პროცესი ურთიერთთანაშრომლობაზეა დაფუძნებული, მაგრამ თუ კლიენტს არ აქვს საკმარისი დრო პროცესში სრულად ჩასართავად, ეს ფაქტორი წინასწარ უნდა განისაზღვროს.

Material Editors-ის შესრულებული პროექტი

ახლა, როცა უკვე იცით, როგორ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ინტერიერის დიზაინერი, გისურვებთ წარმატებას ამ ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანის შესრულებაში.

გარეკანის ფოტო: დავით ჭალიძე

ანტიკვარიატის კოლექციონერის სახლი ბარსელონას გულში

გარე ავეჯის ხელახალი გადააზრება და ტრენდული ბრენდების გამორჩეული მოდელები