in

ბინა ფისტასფერი კედლებით და მკვეთრი აქცენტებით ზემო ვაკეში – სალომე მეტრეველის ინტერიერი

პროექტი, რომელზეც დღეს მოგითხრობთ, 27 წლის ინტერიერის დიზაინერს, სალომე მეტრეველს ეკუთვნის. მან თავდაპირველი პროფესია სამედიცინო სფეროს დაუკავშირა, თუმცა მოგვიანებით გააცნობიერა, რომ ეს განხრა მისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. როდესაც სალომემ თავისი პირველი სახლის მოწყობა დაიწყო, გადაწყვიტა, დამოუკიდებლად შეექმნა ინტერიერის დიზაინი, რისთვისაც რემონტის პროცესის შესწავლა დასჭირდა. გზადაგზა არსებულ პატარა დაბრკოლებებსა თუ პრობლემებს თავად უმკლავდებოდა. შესაბამისად, საკმაოდ მოკლე დროში ბევრი რამ გაიგო აღნიშნულ სფეროზე. როგორც აღმოჩნდა, ეს პროცესი მისთვის საოცრად სასიამოვნო იყო. სწორედ აქედან გამომდინარე, სალომემ გადაწყვიტა პროფესიულ დონეზე შეესწავლა ინტერიერის დიზაინი. ახალ შეძენილი ბინაც თავად მოაწყო და მიუხედავად იმისა, რომ რენდერებზე არ უმუშავია, სახლი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც თავდაპირველად წარმოედგინა.

ბინა, რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე, „ნამაი ვაკეს“ კომპლექსში მდებარეობს, სალომემ გასული წლის ოქტომბერში შეიძინა. ვინაიდან პროექტთან ახლოს ცხოვრობდა, მშენებლობის პროცესს დაწყების დღიდან აკვირდებოდა, რამაც თავიდანვე მოხიბლა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროექტის არქიტექტურა, ლანდშაფტის დიზაინი და მდებარეობა, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ჩემი გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი ამ სახლის მაცხოვრებელი.“

სალომემ ბინა მწვანე კარკასის მდგომარეობაში შეიძინა, დიზაინის კონცეფციის დასრულების შემდეგ კი სარემონტო სამუშაოები მალევე დაიწყო, რაც დაახლოებით 2 თვეს გაგრძელდა. დიზაინერისთვის ერთ-ერთ ძირითად დაბრკოლებას საქართველოს ბაზარზე არსებული მწირი არჩევანი წარმოადგენდა. შესაბამისად, დროის სიმცირის გამო, სასურველ მასალებზე უარის თქმა მოუწია, რადგან მნიშვნელოვანი იყო ყველა ეტაპის თანმიმდევრულად გავლა და პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის პირველი პროექტი არ იყო, სწორედ საკუთარ სახლზე მუშაობისას ისწავლა დროის სწორი გადანაწილება.

ბინის თავდაპირველი გეგმარება არ საჭიროებდა განსაკუთრებულ ცვლილებებს, ამიტომ მხოლოდ მინიმალურ დონეზე მოხდა კორექტირების შეტანა. რაც შეეხება დიზაინს, ამ მხრივ სალომე შეეცადა, პირველი სახლისგან განსხვავებით, რომელშიც უმეტესწილად ნეიტრალური ფერები ჭარბობდა, რადიკალურად უცხო დიზაინი შეექმნა. ამ პროცესში მას საკუთარი პარტნიორი, არქიტექტორი ელენე ედიშერაშვილი ეხმარებოდა. შესაბამისად, სხვადასხვა მასალის, ფაქტურის, დეტალებისა თუ დიზაინ ელემენტების განხილვა ერთობლივად ხდებოდა.

„ამ შემთხვევაში ბევრად მეტი თავისუფლება მივეცი საკუთარ თავს და დიზაინის შექმნისას გარკვეული ექსპერიმენტები ჩავატარე. თავიდანვე ვიცოდი, რომ მინდოდა კონტრასტული ფერებისა და სხვადასხვა მასალის გამოყენება – შუშა, მეტალი, ხე, კერამიკა, ქვა და ტექსტილი. პროფესიონალი ადამიანების დახმარებით შევძელი, საქართველოში დამემზადებინა სასურველი ავეჯი და დეკორაცია. ჩანაფიქრის ბოლომდე მისაყვანად სახლს გარკვეული დეტალები აკლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ.“ – აღნიშნავს სალომე.

ბინაში ფისტასფერი დომინირებს, რომელიც კედელზე გვხვდება და იატაკის ღია ხისფერ ტონალობასთან კომბინაციით საოცრად თბილ, პოზიტიურ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. ავეჯისა და აქსესუარების მასალად ხის გამოყენებამ კი ბინას მეტი ბუნებრიობა და დადებითი განწყობა შესძინა.

სახლი ღია გეგმარებით ხასიათდება, სადაც სამზარეულო, სასადილო და მისაღები სივრცე გაერთიანებულია. მიუხედავად ამისა, ავეჯის სწორი გადანაწილებით, ეს ზონები ერთმანეთისგან გამიჯნულია. ცენტრალურ ნაწილში განთავსებული დიდი, თეთრი ქსოვილის მქონე დივანი ოთახს სიმყუდროვესა და სიმსუბუქეს სძენს და ამავდროულად დომინანტურ ფისტასფერს ანეიტრალებს და განსხვავებული აქცენტები შემოაქვს. ყურადღებას იქცევს ამავე ადგილას მოთავსებული შუშის მცირე ზომის მაგიდები და საინტერესო დიზაინ ობიექტები – ნახატები, მცენარეები, ლარნაკები თუ სხვადასხვა აქსესუარი, რომლებიც საერთო ინტერიერს ალამაზებს და მომხიბვლელ იერს ანიჭებს.

აქვეა ხის სასადილო მაგიდა და სკამები საინტერესო დიზაინით, რომელთაც ძველებური სტილი შემოაქვთ სივრცეში და თითქოს წარსულს ახლებურად აცოცხლებენ. ინტერიერში თანამედროვე და გასული საუკუნეების მოდის საინტერესო სინთეზი იქმნება და სწორედ ეს სძენს მას განსაკუთრებულობას.

სამზარეულოში მუქი შინდისფერი ავეჯი გვხვდება, რომელიც გემოვნებიანად ეხამება ფისტასფერს და სივრცეში მკვეთრ აქცენტს წარმოშობს. ოქროსფერი სამზარეულოს ზედაპირი კი ამ ზონას მეტ ელეგანტურობასა და დახვეწილობას სძენს. სამზარეულოს ვიზუალური მხარე 1960-იანი წლების შთაგონებით შექმნილ დიზაინს მოგვაგონებს, რომელშიც თვალშისაცემი, ორიგინალური ჭურჭელი ფერადოვნებით გამოირჩევა და ღია სივრცეში მომხიბვლელად არის განთავსებული. განსაკუთრებულ შტრიხს კი აქ არსებული მიმზიდველი ფორმისა და ფერის სანათები ქმნიან, რომელთაც ფუნქციურთან ერთად, დეკორატიული დატვირთვაც ენიჭებათ.

საძინებელ ოთახებში თეთრი და ნარინჯისფერი ფერთა გამა სჭარბობს. ეს ზონები არაა გადატვირთული სხვადასხვა დეტალებით, ხასიათდება მინიმალიზმით და საოცრად მშვიდ, მყუდრო, ნათელ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან.

საკმაოდ საინტერესოა სააბაზანო სივრცე. ხის ავეჯსა და მუქ ნარინჯისფერ დეტალებს თეთრ სივრცეში მკვეთრი აქცენტები შემოაქვს, რაც მას უფრო თბილ იერს ანიჭებს.

მეორე,  შედარებით მცირე, სველი წერტილის ოთახში კი კედლები საძინებლის ფერს იმეორებს და ნარინჯისფრადაა შეღებილი, შავ-თეთრი ხელსაბანი კი ამ ზონის ელეგანტურობას უსვამს ხაზს.

ბინის გამორჩეული ნაწილია ვერანდაც, რომელიც მაცხოვრებელს თბილისის ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს და ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს.

ინტერიერი, რომელიც მკვეთრი აქცენტებით, მასალებისა და ტექსტურების ჰარმონიული სინთეზითა და გემოვნებიანი კონტრასტით ხასიათდება, საოცრად ინდივიდუალურ და ორიგინალურ სივრცეს ქმნის. ის ერთი შეხედვით იპყრობს მნახველის ყურადღებას და სასიამოვნო განცდას ბადებს. დიზაინში გამოყენებულ ყველა საგანსა თუ ნივთს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ ამ დეტალების ერთობლიობით, მათი სწორი და საინტერესო შეხამებით, მიიღწევა ბინის გამორჩეული და დასამახსოვრებელი სახე.

„ჩემი აზრით, სახლს განსაკუთრებულს სწორედ ნივთები ქმნის. ისინი ანიჭებენ სივრცეს გარკვეულ ხასიათს და ქმნიან კონკრეტულ განწყობას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ნივთის ერთობლიობა, რაც შემდეგ დამოუკიდებელ კომპოზიციას ქმნის და ყველა ადგილს საკუთარ ფუნქციას ანიჭებს”, – სალომე მეტრეველი.

პროექტის ავტორი: სალომე მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

როგორ დავზოგოთ ფული სამზარეულოს მოწყობისას და ღირს თუ არა ეკონომია ამ მხრივ?

როგორ შევარჩიოთ ფერთა პალიტრა ინტერიერისთვის?