in

როგორ შევარჩიოთ ფერთა პალიტრა ინტერიერისთვის?

თქვენ შეიძლება მიჰყვეთ ფერების ტენდენციებს, შეარჩიოთ პოპულარული ტონები საღებავების წამყვანი ბრენდებისგან, გჯეროდეთ ფერების ფსიქოლოგიის და ა. შ. თუმცა დღეს გაგაცნობთ 5 რეკომენდაციას, რომლებიც დაგეხმარებათ, ფერთა პალიტრის ფართო არჩევანი მინიმუმამდე შეამციროთ.

გაიხსენეთ ყველაფერი

სასიამოვნო ასოციაციებისა და მოგონებების გახსენება ფერის შესარჩევად სწორი გზაა. იფიქრეთ ადგილებზე, მოვლენებზე ან საგნებზე, რომლებმაც თქვენში დადებითი ემოციები გამოიწვია.

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ: კედლების ფერი კაფეში, სადაც მეგობრებთან ერთად შეკრება მოგწონთ, ღამის ცის ელფერი ვან გოგის ნახატში, მოგონებები მოგზაურობიდან და ა. შ.

„ჰკითხეთ“ გარდერობს

ინტერიერის ფერთა პალიტრის შესარჩევად ორიგინალური გზა თქვენს გარდერობზე ორიენტირებაა. წლების განმავლობაში ტანსაცმლის ყიდვისას ალბათ მოახერხეთ იმის გარკვევა, თუ რომელი ელფერები მოგწონთ, რომელი არ უხდება თქვენი სახის ფერს და, რაც მთავარია, როგორ შეუხამოთ ფერები ისე, რომ ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს.

ენდეთ ბუნებას

თუ ზემოთ მოცემული ვარიანტები ვერ დაგეხმარათ, ენდეთ საუკეთესო დიზაინერს — ბუნებას. მისი პალიტრები ყოველთვის ჰარმონიულია, თვალისთვის სასიამოვნოა, დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, არასოდეს არის მოსაწყენი და ერთფეროვანი.

მიენდეთ საკუთარ თავს

შესაძლოა, ერთმა და იმავე ფერმა სხვადასხვა ადამიანში სრულიად განსხვავებული ასოციაციები გამოიწვიოს. ამიტომ, მიენდეთ საკუთარ თავს და შეარჩიეთ ისეთი ფერი, რომელიც თქვენში სასურველ ემოციებს აღძრავს.

ინდივიდუალური აღქმა ზოგჯერ ფერის ფსიქოლოგიის ძირითად პოსტულატებსაც კი  ეწინააღმდეგება. ჩვენ ვიცით, რომ წითელი ფერი ნერვულ სისტემას აღაგზნებს და ბევრს აგრესიულად ეჩვენება, მწვანე ყველაზე მშვიდი ელფერია, თეთრი კი სისუფთავესა და სივრცესთან ასოცირდება. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვის წითელი კედლები უფრო კომფორტულია, ვიდრე მწვანე, თეთრი კი საავადმყოფოს არასასიამოვნო გარემოსთან არის დაკავშირებული.

ზოგი ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს მრავალი გაჯერებული ფერის გარემოში, ზოგისთვის კი მინიმალისტური პალიტრა უფრო მომხიბვლელია. რაც არ უნდა თქვან ფერის თერაპიის მიმდევრებმა, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაუჯეროთ. იგივე წესი ვრცელდება ფერთა ტენდენციებზეც.

გამოიყენეთ ნიმუშები

მაღაზიაში შეარჩიეთ სასურველი ფერის რამდენიმე ელფერი, წაიღეთ ნიმუშები სახლში და კედლის მცირე ნაწილები შეღებეთ.

შეადარეთ ნიმუშები, შეაფასეთ თითოეული ელფერის ნიუანსი, ნახეთ, როგორ ერგება ისინი ინტერიერის სხვა ნაწილებს. იდეალურ შემთხვევაში, თქვენ უნდა ნახოთ, თუ როგორ გამოიყურება ფერი დღის განსხვავებულ პერიოდებში, სხვადასხვა განათებისა ამინდის პირობებში.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერის წამყვანი ელფერების შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს უნდა ენდოთ, ხოლო პროფესიონალი დიზაინერი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ მათი ერთმანეთთან თავსებადობა და სწორი „დოზები“.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ბინა ფისტასფერი კედლებით და მკვეთრი აქცენტებით ზემო ვაკეში – სალომე მეტრეველის ინტერიერი

12 ადგილი თბილისში, სადაც მაგიდის გადასაფარებელს შეიძენთ