თანამედროვე ქართულ დიზაინში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ შემოქმედები, რომლებიც ტრადიციისა და ინოვაციების შერწყმით ქმნიან გამორჩეულ სივრცეებსა და ობიექტებს. დღეს წარმოგიდგენთ ინტერვიუს ქართველ დიზაინერთან, ანუკა თავართქილაძესთან, რომლის ნამუშევრებიც ზღვარზეა ხელოვნებასა და ფუნქციურობას შორის. მისი თითოეული პროექტი, იქნება ეს ინტერიერი, ავეჯის ელემენტი თუ კონცეპტუალური ინსტალაცია, გვიამბობს ისტორიას სივრცეზე, ადამიანებზე და მათ ურთიერთობაზე გარემოსთან.
ანუკა, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როდის ან რატომ დაინტერესდით არქიტექტურითა და დიზაინით?
ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ვიცოდი, რომ ჩემი მიზნები შემოქმედებით სფეროსთან იყო დაკავშირებული. ყოველთვის მიზიდავდა დიზაინის სხვადასხვა მიმართულება. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას ასეთი დილემის წინაშე ვიდექი: მოდის ან ინტერიერის დიზაინი.
საბოლოოდ, ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა რჩევა, რომელიც მივიღე ჩემი მეგობრის დედისგან, რომელიც იმ პერიოდში სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ასწავლიდა. მან მირჩია არქიტექტურაზე ჩაბარება, რადგან ეს პროფესია მრავალმხრივ განათლებას იძლევა და შემდგომში საშუალებას გაძლევს, იოლად გადაინაცვლო ნებისმიერ შემოქმედებით მიმართულებაში.
გადავწყვიტე ჩამებარებინა არქიტექტურის ფაკულტეტზე. დღეს ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. არქიტექტურამ მართლაც მომცა ფართო ხედვა, დისციპლინა და შემოქმედებითი თავისუფლება, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელოვნებო პროფესიისთვის.
გარდა ინტერიერის დიზაინისა, ამზადებთ ძალიან საინტერესო ავეჯს. გვესაუბრეთ ამ მიმართულებაზეც…
სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, სწავლა იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში გავაგრძელე. კერძოდ, ჩავაბარე ფლორენციის დიზაინის ინსტიტუტში სამაგისტრო პროგრამაზე. იქ განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ავეჯის დიზაინზე, რაც ჩემთვის ახალი, მაგრამ საოცრად საინტერესო და შთამაგონებელი გამოცდილება იყო. სწორედ აქ ჩამომიყალიბდა მტკიცე სურვილი, ამ მიმართულებით მემუშავა და შემექმნა უნიკალური, ფუნქციური და ესთეტიკური დიზაინის მქონე ნივთები.
ფლორენციიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, შევქმენი ჩემი პირველი ავეჯი: „მოლბერტ სარკე“. ამ ნამუშევარმა დიდი მოწონება და გამოხმაურება მოიპოვა სოციალურ ქსელებში, რამაც უზომო სიხარული და მოტივაცია მომცა. ამ წარმატებამ გამიჩინა თავდაჯერება და გამბედაობა, რომ სერიოზულად გამეგრძელებინა მუშაობა ამ მიმართულებით.
გაქვთ თუ არა სტილი, რომელიც ორივე მიმართულებაში იჩენს თავს?
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ყოველთვის ძალიან მიჭირს. ავეჯის დიზაინს რაც შეეხება, ზოგადად, ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები, როგორც ფორმაში, ასევე სტილში თუ საგნის დანიშნულებაში. ინტერიერში ვქმნი თბილ, დაბალანსებულ სივრცეებს, სადაც მცირედი დეტალიც მთავარ როლს ასრულებს და თითოეული ელემენტი თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ვიზუალურად, ასევე ემოციური ზემოქმედების თვალსაზრისით.
იყენებთ თუ არა თქვენ მიერ შექმნილ ავეჯს პროექტებში? თუ კი, როგორ აერთიანებთ ინტერიერის და ავეჯის დიზაინს ერთ მთლიან კონცეფციად?
ჩემი ავეჯი სულ რამდენჯერმე მაქვს გამოყენებული და ამას თავისი ახსნაც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ავეჯსაც და ინტერიერსაც მე ვაკეთებ, ამ ორ საქმიანობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, კერძოდ: ავეჯის შექმნის დროს მე სრულიად თავისუფალი ვარ, შემიძლია ვაკეთო ის, რაც მომესურვება. ინტერიერის შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ჩემი და დამკვეთის პოზიციები ერთმანეთს დაემთხვეს, რაც ორივე მხრიდან გარკვეულ კომპრომისზე წასვლას გულისხმობს. ჩემი ავეჯი მთლიანად წარმოადგენს ჩემს სამყაროს, ხოლო ინტერიერის შემთხვევაში, საბოლოო პროდუქტი ჩემსა და დამკვეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგია. ამიტომაც, არ არის ყოველთვის აუცილებელი, რომ მისთვის, ვინც მე, როგორც დიზაინერს, მომმართავს, ჩემი ავეჯიც მოსაწონი იყოს. ზოგადად, ვინაიდან ჩემს ავეჯს ნაწილობრივ ხელოვნების ნიმუშებად აღვიქვამ, იმასაც ვაღიარებ, რომ მათი სრული აღქმისათვის შესაბამისი გარემოა საჭირო. ეს კი ყოველთვის ვერ მიიღწევა დამკვეთის სურვილების გათვალისწინებით, რაც სრულებით ბუნებრივია.
რისგან იღებთ შთაგონებას დიზაინის შექმნის პროცესში?
შთაგონების წყარო ინტერიერის შექმნისას ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, გავლენას ახდენს სივრცის ფუნქცია, იქნება ეს საცხოვრებელი სახლი, ოფისი თუ კომერციული გარემო. კონცეფციის ფორმირება იწყება იმის გააზრებიდან, როგორ უნდა იმუშაოს სივრცემ ყოველდღიურ რეჟიმში და რა ემოცია უნდა დატოვოს მის მომხმარებელზე.
რაც შეეხება ავეჯის დიზაინს, შთაგონება აქაც სხვადასხვაგვარია. შეიძლება მასალამ მომხიბლოს და შემდეგ მასზე დავიწყო ფუნქციის მორგება; შეიძლება პატარა დეტალმა, ფორმამ ან ტექსტურამ წარმოშვას იდეა. ხანდახან უბრალო ნაჭერსაც კი შეუძლია მიმართულება მომცეს. ავეჯის შექმნა ჩემთვის ხშირად სწორედ ასე, მოულოდნელი შთაგონებით იწყება.
თქვენ მიერ შექმნილ რომელიმე კონკრეტულ ობიექტს ხომ არ გამოარჩევდით?
„მოლბერტ სარკე“ (Easel Mirror) იყო ჩემი პირველი დასრულებული ავეჯის პროექტი და სიმბოლურადაც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩემთვის. სარკის სტრუქტურა მოლბერტს მოგვაგონებს, თითქოს არა მხოლოდ გამოსახულებას ირეკლავს, არამედ ისევე გვიჩვენებს ადამიანს, როგორც სურათი ასახავს მხატვარს. სწორედ ეს დიალოგი ობიექტსა და დამკვირვებელს შორის იყო ჩემთვის მთავარი.
ნამუშევრის ფორმა გამიზნულად მარტივია: ხაზოვანი, ფუნქციური და ბუნებრივ მასალაზე ორიენტირებული. ავირჩიე მუხის ხე, რადგან მასში კომბინირებულია სითბო, სიმტკიცე და დროის მიმართ მდგრადობა.
„მოლბერტ სარკე“ არის ჩემი დიზაინის მიდგომის ერთგვარი მანიფესტი, სადაც ფუნქცია და ფორმა, სიმარტივე და სიმბოლიკა ერთიანდება. სწორედ აქ დავიწყე ჩემი ენის ძიება როგორც დიზაინერმა.

„ორადგილიანი სკამი შეყვარებულებისთვის“ – ეს თქვენ მიერ შექმნილი კიდევ ერთი საინტერესო პროექტია. გვიამბეთ მის შესახებ
„lovers chairs”-ის შექმნის იდეა და სურვილი დიდი ხანი მიტრიალებდა თავში. გადამწყვეტი ფორმა აღმოჩნდა კვანძი, თავად კვანძი იყო შთაგონების წყარო. თავდაპირველად შანდალი გავაკეთე რკინის მასალაში და მივხვდი, რომ ამ დეტალის და მასალის გამოყენება შეყვარებულების სკამშიც შეიძლებოდა. კვანძი – სიმბოლო, რომელიც ასოცირდება ურთიერთობის სიმყარესთან, ერთიანობასთან და სიმჭიდროვესთან, ამართლებს ამ სკამის სახელწოდებასა და ფუნქციას. ამ სკამით წარვდექი ბრიუსელის ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოფენაზე “Collectible Design fair”-ზე, და მან საკმაოდ დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა.
თქვენი აზრით, მოითხოვს თუ არა სილამაზე მსხვერპლს? კერძოდ, თმობთ თუ არა კომფორტს ესთეტიკის გამო? ან პირიქით?
ავეჯის დიზაინში არსებობს ორი ძირითადი მიმართულება: სერიული წარმოება და საკოლექციო ავეჯი. საქართველოში ტექნიკური რესურსების სიმცირის გამო, ჩემმა პრაქტიკამ, თავისთავად, საკოლექციო ხაზის ფორმა მიიღო, რომელიც, როგორც წესი, შეზღუდული ტირაჟით იქმნება. ამ მიმართულებას ნაკლებად აქვს მოთხოვნა მაქსიმალურ კომფორტზე, თუმცა ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ ნივთი არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ფუნქციურიც იყოს. ვცდილობ, არ დავკარგო ბალანსი, რომ ფორმაზე და მასალაზე ექსპერიმენტმა ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო მოხერხებულობა არ წაართვას ნივთს.
თქვენთვის იდეალური მასალა არის…
ყველა ბუნებრივი მასალა. ძალიან მიყვარს ხე, ბუნებრივი ქვები, ასევე უჟანგავი ფოლადი. თუმცა არის რაღაც მასალები, რაც საქართველოში არ კეთდება და მათზეც სიამოვნებით ვიმუშავებდი. მაგალითად, პლასტმასი, მინა…
3 რჩევა, რომელსაც მისცემდით ქართველ დამკვეთს?
პირველ რიგში, გთხოვთ, დააფასეთ დიზაინერის შრომა. სამწუხაროდ, ბევრი დამკვეთისათვის დიზაინერის შრომა უბრალოდ “ხაზვასთან” არის დაკავშირებული, რაც ასე თუ აღვწერთ, ძალიან მარტივად გამოიყურება. ხშირად არ ითვალისწინებენ ხოლმე, რომ თითოეულ იდეასა თუ რენდერს დიდი ცოდნა და შრომა უდევს საფუძვლად.
მეორე რჩევა იქნებოდა დიზაინერების ნდობა. თუკი ადამიანს დახმარებისათვის მიმართავთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მისი ნამუშევრები ნანახი გაქვთ და მოგწონთ მისი შემოქმედება. არ შეიძლება შუა გზაში აბსოლუტურად სხვა სტილის არჩევა, რომელიც დიზაინერის ესთეტიკაში არ ჯდება. ასეთ დროს დამკვეთის სურვილის დასაკმაყოფილებლად დიზაინერს საკუთარ თავზე ძალადობა უწევს, რაც უკიდურესად არასასიამოვნო პროცესია.

3 რჩევა მომავალ არქიტექტორს…
- იყავით ცნობისმოყვარეები
- იყავით გაბედულები
- ენდეთ საკუთარ ინტუიციას
გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებ
ბოლო პერიოდში ჩემი პროდუქტების მიმართ გაზრდილმა ინტერესმა ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რომ გავაგრძელო მუშაობა ყველა იმ პროექტზე, რომელიც აქამდე მხოლოდ ესკიზების სახით არსებობს. აუცილებლად ვაპირებ უფრო მეტ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიღებას და ამ გზით მეტი გამოცდილების მიღებას. ერთი შეხედვით ეს მიზანი მარტივად გამოიყურება, თუმცა ჩვენთვის, ქართველებისათვის ეს ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩემი ნაცნობი ევროპელი დიზაინერები ძალიან მარტივად ახერხებენ საკუთარი ავეჯის ქვეყნიდან ქვეყანაში ტრანსპორტირებას. მათთვის ეს ბევრად უფრო მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩემთვის ყოველი გამგზავრება დიდი ფინანსური წნეხის გარდა, ძალიან შრომატევად საქმიანობას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, დიზაინერულ გამოფენებში მონაწილეობა ძალიან პრინციპული საკითხია, როგორც ინდივიდუალური განვითარებისათვის, ასევე საქართველოს პოპულარიზაციისათვის და სწორედ ამიტომ, არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება პროდუქტიული ვიყო და რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო გამოფენაში დავაფიქსირო საქართველო, როგორც ადგილი, სადაც ღირებული პროდუქტი იქმნება.