in ,

საუბრები არქიტექტურაზე ნიკა ლეკვეიშვილთან და ნუცა კანდელაკთან – TIMM Architecture

TIMM Architecture არის არქიტექტურულ დიზაინსა და კვლევებზე ორიენტირებული საერთაშორისო კომპანია, რომელიც როგორც მცირე პროექტებზე, ასევე მასშტაბურ ურბანულ გადაწყვეტებზეც მუშაობს. კომპანია 2016 წელს დაარსდა და საქმიანობა თავდაპირველად მილანში დაიწყო, სადაც იმ დროს კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი – ნიკა ლეკვეიშვილი ცხოვრობდა. TIMM Architecture-ის შემდგომი მოღვაწეობა თბილისში გაგრძელდა და მას უკვე 8 ადამიანისგან შემდგარი გუნდი ჰყავს, რომელიც საკუთარი კონცეფციის წყალობით ხშირად ხვდება საერთაშორისო არქიტექტურული პრესის ყურადღების ცენტრში.

დღევანდელ სტატიაში ჩვენს კითხვებს კომპანიის მთავარი არქიტექტორები – ნიკა ლეკვეიშვილი და ნუცა კანდელაკი უპასუხებენ:

– როგორ დაიწყო თქვენი არქიტექტურით დაინტერესება?

ნუცა: გავიზარდე ოჯახში, სადაც ბაბუები და მშობლები არქიტექტორები იყვნენ. შესაბამისად, არქიტექტურასთან ბავშვობიდანვე მქონდა შეხება. ჩაბარების დროს დარწმუნებული არ ვიყავი ამ პროფესიაში დავრჩებოდი თუ არა. არქიტექტურული სწავლება საშუალებას გაძლევს შეხება გქონდეს ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან, ვფიქრობდი ეს იქნებოდა ერთგვარი მედიუმი სანამ ჩამოვყალიბდებოდი იმეზე, თუ რა მინდოდა. შემდგომ, როდესაც უკვე შევყევი, შემიყვარდა ეს პროფესია და აღარ მიფიქრია რაიმეს შეცვლაზე.

ნიკა: ამ ნაწილში ჩემი და ნუცას ისტორიები პრაქტიკულად იდენტურია. ჩემი მშობლებიც არქიტექტორები არიან. ბავშვობაში ანიმაციურ ფილმებს ვაკეთებდი და ამ მიმართულებით ვგეგმავდი გაგრძელებას. ზუსტად იმავე მიზეზით ჩავაბარე არქიტექტურულზე როგორც ნუცამ და დღემდე აქ ვარ.

APOLLO

previous arrow
next arrow
Slider

 

previous arrow
next arrow
Slider

 

HOTEL ON CHAKHRUKHADZE

previous arrow
next arrow
Slider

 

– ვისაუბროთ გავლენასა და თქვენი დიზაინის პრინციპებზე, როგორ ფიქრობთ, რას და ვის აქვს, ან ჰქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენს პროექტებზე?

ნუცა: სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა არქიტექტორს ჰქონია ჩემზე გავლენა. გამოვყოფდი ფრენკ ლოიდ რაიტს, მის ვან დერ როეს, ალვარო სიზას და რემ კულჰაასს.

ნიკა: ჩემი განათლება მიდიოდა ძირითადად მოდერნიზმის პერიოდის არქიტორების განდიდებით, სადაც ცენტრში ყოველთვის იდგა მის ვან დერ როე. სტუდენტობისას ძალიან დეტალურად ვაანალიზებდი მის პროექტებს. ერთ-ერთი გასხივოსნება მქონდა, როდესაც წავიკითხე იუჰანი პალაზმას წიგნი ‘კანის თვალები’, საიდანაც აღმოვაჩინე ცუმტორი და ის დღემდე ჩემზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე არქიტექტორია. ამ წამს გავლენის ქვეშ ვარ ივონ ფარელის და შელი მაკნამარასი, მილანის პოლიტექნიკურში სწავლისას მქონდა შეხება ამ ორ გენიოს ადამიანთან, რომლებიც იმ მომენტში შესაბამისად ვერ დავაფასე და ახლა ვნანობ ამას. ეს დღეებია მათ ლექციებს ვუსმენ.

– ყველა პროექტი ინდივიდუალურია, მაგრამ რა არის ხელწერა თქვენს შემოქმედებაში?

ნიკა: ჩვენი დიზაინის განვითარება ხდება ესე: ვქმნით ერთგვარი განცდების ნარატივს, რომელსაც შემდგომ ვცდილობთ, რომ შემოვაკრათ არქიტექტურული ფორმები. ჩვენ პროექტებში ჭრილია იდეის განვითარების დომინანტი და არა გეგმარება.

– საიდან მოდის ინსპირაცია კონცეფციაზე მუშაობის დროს?

ნიკა: კონცეფციაზე მუშაობის დროს ინსპირაციის წყარო არის ადგილი, სადაც ვაპროექტებთ. როგორც იაპონური ცნობილი წიგნი “ჩაის წიგნი” გვეუბნება, ის ადამიანები, რომლებიც ვერ შეძლებენ უბრალო რაღაცეებში დიდებული სიღრმეების აღმოჩენას, მუდამ იქნებიან სტერეოტიპების მსხვერპლები. პროექტის განვითარება ერთგვარი არქეოლოგიასავითაა. იდეა უკვე იქ არის და არქიტექტორის როლია, რომ ის აღმოაჩინოს. ინსპირაციის წყაროები იმალება იმ გარემოში, სადაც პროექტს ვანვითარებთ. ეს არის სინათლე, ხედი, ხე, ან მომავალი მაცხოვრებლის რაიმე საინტერესო თვისება და სხვა. ერთ-ერთ ჩვენს პროექტში ეს იყო ცენტრში ხე, რომლის გარშემოც განვითარდა მთელი პროექტი.

HOUSE P

previous arrow
next arrow
Slider
previous arrow
next arrow
Slider

 

– არის თუ არა მნიშვნელოვანი კონტექსტი პროექტზე მუშაობის დროს?

ნუცა: სინამდვილეში არათუ მნიშვნელოვანია, არამედ იდეის განმაპირობებელი ფაქტორია. არქიტექტურა არის დიალოგი
გარემოსთან. არქიტექტურა ან ეწერება კონტექსტში ან გააზრებულად ანგრევს მას და ქმნის ახალ კონტექსტს.

– რამდენად მნიშვნელოვანია შენობის მდგრადობა (Sustainability) და რა ხდება საქართველოში ამ კუთხით?

ნუცა: ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენო მაქსიმალურად ადგილობრივი მასალები, თუ ეს შესაძლებელია. ის იდეა,
რომ შენობა უნდა იყოს ენერგოეფექტური, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ არა ტექნოლოგიური კუთხით, არამედ
სწორი დაგეგმარებით, გარემოსთან ურთიერთობით და როგორც უკვე ავღნიშნე, ბუნებრივი მასალების გამოყენებით. ვინაიდან არ არსებობს არანაირი ორგანიზაცია, რომელიც შენობებს შეაფასებს მდგრადობის კოეფიციენტის საფუძველზე. ჩემთვის შეუძლებელია რაიმე რეალური მოსაზრების გამოთქმა ამ მიმართულებით.

ESTA SALES OFFICE

ISTANBUL HOUSING

– როგორ შეაფასებთ თბილისში მიმდინარე დეველოპერულ პროექტებს? რა მდგომარეობაა ამ კუთხით ქვეყანაში?

ნიკა: არქიტექტურა ყოველთვის იყო ნებისმიერი საზოგადოების საუკეთესო სარკე. ამ წამს თბილისში არის მიმდინარე საინტერესო პროექტებიც, უინტერესო პროექტები და კატასტროფულად ცუდი პროექტებიც. დეველოპმენტი არის ბიზნესმოდელებზე დაფუძნებული. რამდენიმე კომპანია ცდილობს ბრენდის შექმნას ხარისხიანი არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ხარჯზე, თუმცა უმრავლესობა ფოკუსირებულია მაქსიმალურად იაფად ჩქარ მშენებლობაზე. რაც ავტომატურად გვაძლევს შედეგს, რომ განაშენიანების პრაქტიკულად უმრავლესობა არის საკანონმდებლო დონეზე დასაშვები ყველაზე იაფიანი და უხარისხო ნაგებობები.

– თქვენი აზრით რა იწვევს ქალაქის ასე განვითარებას?

ნუცა: ქალაქი ვითარდება ქაოტურად. ესეთი განვითარება ჩამოაყალიბა გენგეგმაში მუდმივი ცვლილებების შეტანამ.
დეველოპმენტი არის ჩვეულებრივი ბიზნესი. ის საზღვრავს რა მიწა იყიდოს და როგორ დაგეგმოს იმისთვის, რომ გავიდეს
მაქსიმალურ მოგებაზე. მთავარია, რომ ქალაქს ჰქონდეს გენგეგმა, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებას და
ნებისმიერი დეველოპერი მის ჩარჩოში უნდა ექცეოდეს.

– რომელ პროექტებს გამოარჩევდით თბილისის ბოლო დროის არქიტექტურიდან?

ნიკა: უდაოდ მნიშვნელოვანია გიორგი ხმალაძის ყავის ქარხანა. ასევე თბილისის არქიტექტურული ბიენალეს
დაარსება, რაც შენობა არ არის მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი არქიტექტურის განვითარებისთვის.

სურეალისტური ბინა ჭავჭავაძეზე

ლეგენდარული პარიზული ბინის რენოვაცია – პიერ იოვანოვიჩის შედევრი