in

ლეგენდარული პარიზული ბინის რენოვაცია – პიერ იოვანოვიჩის შედევრი

Banner M2
Banner M2

1920-იან წლებში ახალგაზრდა ფრანგი ინტერიერის დიზაინერი ჟან-მიშელ ფრანკი მეთვრამეტე საუკუნის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად პარიზის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მოკლე, ვიწრო ქუჩაზე. მან ბინას ისეთივე რენოვაცია ჩაუტარა, როგორსაც საკუთარი მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი დამკვეთებისთვის აპროექტებდა, მათ შორის ინგლისელი მწერლის, ნენსი კანარდისა და ნოაილის ვიკონტისა და მისი მეუღლისთვის. მისი სტილი ყოველივე ზედმეტი ორნამენტისგან გამიჯვნასა და შენობის თავდაპირველი კონსტრუქციის შენარჩუნებაში მდგომარეობდა. 1920-იანი წლების ინტერიერი დეტალების სიჭარბითა და მრავალფეროვნებით იყო გამორჩეული, თუმცა ჟან-მიშელ ფრანკი თანამედროვე ტრენდად სპარტანულობას და უბრალოებას მიიჩნევდა.

ფრანკმა მუშებს დაავალა, რომ ლუი XVI-ის პორტრეტის მუხის ჩარჩოსთვის საღებავი მოეშორებინათ და ხის მასალისთვის ბუნებრივი იერსახე დაებრუნებინათ. თავის მეგობართან, ავეჯის ოსტატ ადოლფ შანუსთან ერთად, რომელიც შემდგომში მისი ბიზნესპარტნიორი გახდა, ფრანკმა შექმნა ისეთი დეკორი, რომელიც კონკურენციას მონასტერსაც გაუწევდა. ბინაში გაბატონდა მსუბუქი, ნეიტრალური ფერთა პალიტრა, რომელიც გამოიხატებოდა აბაზანის თეთრი, მუქი ნაცრისფერი დეტალებიანი მარმარილოთი, ტყავის სავარძლითა და გადასაფარებლით, რომლითაც ფრანკმა ლუი XIV-ეს  კუთვნილი სასადილო მაგიდა დაფარა. მან ბინის ვერსალის პარკეტი ხელშეუხებლად დატოვა, თუმცა ხელოვნების ნიმუშები და მინიატურული სამშვენისები სრულიად აკრძალა. ინტერიერი იმდენად “გაშიშვლდა”, რომ ჟან-მიშელ ფრანკის სახლში სტუმრობისას ჟან კოკტომ აღტაცება შემდეგი ფრაზით გამოხატა – „მომხიბლავი ახალგაზრდა კაცია, სამწუხაროა, რომ გაქურდეს.“

ფრანკმა სახლი 1940 წელს გაყიდა და ბუენოს-აირესში გადასახლდა. თუმცა, სამწუხაროდ, 1941 წელს ნიუ-იორკში მგზავრობისას, ის დეპრესიამ შეიპყრო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ამბის შემდეგ პარიზულმა დუპლექსმა მრავალი პატრონი გამოიცვალა და მისი ინტერიერი ყოველ მფლობელთან ერთად იცვლებოდა და მათ გემოვნებას ერგებოდა. მათ შორის იყო ფრანგი მაქსიმალისტი არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ჟაკ გარსია, რომელმაც  სახლს მისგან რადიკალურად განსხვავებული ხედვის მქონე ფრანკის კვალი სრულიად წაუშალა.

თუმცა, ლეგენდარული პარიზული ბინის ისტორია ამით არ დასრულებულა. ის პარიზში მოღვაწე დიზაინერმა, პიერ იოვანოვიჩმა აღმოაჩინა მაშინ, როცა ბინის ახლანდელმა მფლობელებმა მისი რენოვაცია დაუკვეთეს. სახლში ფრანკის დროინდელი დაუსრულებელი მუხის პანელები და წიგნების თაროები იყო შემორჩენილი შემოსასვლელი ოთახის მკრთალ ვარდისფერ მარმარილოსთან ერთად. იოვანოვიჩისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა კლიენტების სურვილის ასასრულებლად, რომლებსაც ბინისთვის ჟან-მიშელ ფრანკისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროს დაბრუნება სურდათ.

გამოწვევა იოვანოვიჩისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. „უნდა მეპოვნა ფრანკის ხედვის დედააზრი, თუმცა ის თანამედროვეობისთვის უნდა მომერგო“,-ამბობს იოვანოვიჩი. „მისი სტილის იმიტაცია არ მსურდა, სხვა მხრივ კი, დღევანდელი დროითა და ტრენდებით ვიყავით შეზღუდულები. გვინდოდა, სახლის ისტორიისთვის პატივი გვეცა და, ამასთან ერთად,  ის განგვევითარებინა – აი, სწორედ ესაა საინტერესო – ისეთი აპარტამენტის შექმნა, რომელიც არაა ზედმეტად გაფორმებული. ის უნდა ყოფილიყო  უბრალო და, ამასთან ერთად, ზეგანვითარებული. დაახლოებით ისეთი, როგორიც იქნებოდა ჟან-მიშელ ფრანკის თავდაპირველი ბინა, ის 21-ე საუკუნეში რომ მოეწყო.“

იოვანოვიჩმა რენოვაცია 2500 კვადრატული ფუტის ფართობის მქონე იატაკის პანელების გადაადგილებით დაიწყო. მან ორი მთავარი მისაღები დარბაზი ხელუხლებელი დატოვა, თუმცა დანარჩენი ყველაფერი შეცვალა. ძველებურ პარიზულ ბინებში სამზარეულო უკანა ოთახებში იყო განთავსებული, რადგან ოჯახებს მომსახურე პერსონალი ჰყავდათ, რომლებიც სულ სამზარეულოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. თუმცა იოვანოვიჩმა ოთახი ბინის ცენტრალურ ნაწილში გადმოიტანა და მას მაღალი სკამებით აღჭურვილი კუნძული დაუმატა. „დღევანდელობაში ეს განლაგება უფრო მოსახერხებელია, რადგან სამზარეულო ის სივრცეა, სადაც ოჯახი დიდ დროს ატარებს“,- ასე ახსნა საკუთარი გადაწყვეტილება დიზაინერმა. სახლის ის უკანა ოთახი,  სადაც ადრე სამზარეულო იყო, მან სტუმართა სააბაზანოდ გადააკეთა, ადრინდელი სასადილო ოთახი კი – სტუმრების საძინებელ ოთახად.

„მე ხშირად ვმუშაობ მე-17-მე-18 საუკუნეების სახლებზე, თუმცა მწამს, რომ მათ ფეხი თანამედროვეობასაც უნდა აუწყონ. დღეს სამზარეულოებმა სახლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციები შეითვისეს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საოჯახო ოთახები. ქალებს ახლა მეტი ტანსაცმელი აქვთ, შესაბამისად, უფრო დიდი გარდერობები სჭირდებათ. ადამიანები ბევრად მატერიალისტები გახდნენ და მეტ ნივთებს ფლობენ. შესაბამისად, ეს გვიბიძგებს, ინტერიერის დიზაინს სხვანაირად მივუდგეთ,“-ასაბუთებს პიერ იოვანოვიჩი.

პირველადი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ივანოვიჩმა ბინის გაფორმება უჩვეულო, გამორჩეული დეკორაციებით დაიწყო, რათა მისთვის ორიგინალური იერსახე მიეცა. მან სახლის კონსტრუქციას პატარა, მომრგვალებული კოშკი დაუმატა, რომელშიც ნამგლისებური მაგიდით გაწყობილი  დიასახლისის ოფისი განთავსდა. ამასთან ერთად , დიზაინერმა სახლის კედლებით გარშემორტყმული კიბე განაახლა, რომელიც მეორე სართულს უკავშირდება. ამ სართულს ამშვენებს ივანოვიჩის შეკვეთილი ფრესკა, რომელიც ხაზს უსვამს, გამოკვეთს სახლის მაღალ ფანჯრებსა და მოჩუქურთმებულ კედლებს. კომპოზიციას აგვრიგვინებს 650 კვადრატული ფუტის ფართობის ტერასა, რაც პარიზის ურბანული დაგეგმარებისთვის იშვიათი ფუფუნებაა. ტერასა სასტუმრო და სასადილო ოთახებს უკავშირდება, რაც, დიზაინერის აზრით, ქმნის in and out ეფექტს, რომლის საშუალებითაც იშლება ზღვარი გარემოსა და სახლს შორის და მაცხოვრებელი ერთდროულად აღიქვამს როგორც ინტერიერს, ასევე, ბუნებას, რომლისგანაც კედლები აშორებს.

საუბრები არქიტექტურაზე ნიკა ლეკვეიშვილთან და ნუცა კანდელაკთან – TIMM Architecture

ძველის შერწყმა ახალთან – თანამედროვე აგურის სახლი იტალიის ისტორიულ ქალაქში