in

სან-პაულუში მდებარე ბინის დახვეწილი რენოვაცია

Banner M2
Banner M2

ეს ბინა, რომელიც სან-პაულუს დასავლეთ რეგიონში მდებარეობს, სრულად განახლდა. პროექტის მთავარი მიზანი ოთახებს შორის ახალი კავშირის შექმნა, წყვილის (მეპატრონეები) ხელოვნების ნიმუშების ხაზგასმა, გარემომცველ ბუნებრივ გარემოსთან ვიზუალური კონტაქტის გაფართოება, ინტერიერის ატმოსფეროს განახლება და სამზარეულოს გამოყენების ახალი დინამიკის ხელშეწყობა იყო.

შიშველი ბეტონის კედლები, ხის იატაკი და შეკვეთით დამზადებული ავეჯი სახლში ინდუსტრიულ ინტერიერს ქმნის. საბოლოოდ, დიზაინის კონცეპტუალურ ელემენტებს შორის შეიქმნა ბალანსი, რომელიც გამოყენებულ იქნა ნეიტრალური ფონის დასამკვიდრებლად, რათა მფლობელების ხელოვნების ნიმუშები გამოკვეთილიყო.

ძირითადი ინტერვენციები მოიცავს სოციალურ ზონებში და სამზარეულოში ჭერის მოხსნას, კედლებში ბეტონის გამოვლენას, ზედაპირების ცვლილებას, ელექტროგაყვანილობისა და განათების მოწყობილობების სრულ განახლებას. გარდა ამისა, მოიხსნა რამდენიმე სტრატეგიული კედელი, რამაც ინტერიერის ახალი პერსპექტივები გამოავლინა, როგორიც არის სასადილო და მისაღები ოთახების, ასევე, აივნის ფართო ხედი, რომელიც ახლა შესასვლელიდანვე იშლება. განლაგების ცვლილებამ კი ოთახებს შორის კავშირი და კომფორტი გააუმჯობესა.

სახლში ძველი და ახალი ნივთები ნეიტრალურ ფერებს იზიარებს და ახალ ფერთა პალიტრასთან შესატყვისობისთვის დიზაინერებმა ავეჯის საფარი შეცვალეს. ინტერიერში გამოყენებული ფერები კი შემოდგომისა და მზის ჩასვლის ტონებით არის შთაგონებული.

სამზარეულოს რენოვაცია კერძების მომზადებისა და მისგან მიღებული სიამოვნების გაზიარებას შესაძლებელს ხდის. ეს ოთახი საკუჭნაოს ხარჯზე გაფართოვდა. სამზარეულოს იატაკი ფიქლით არის დაფარული, რაც ჭერამდე აღმართული კარადების ინდუსტრიულ ბუნებას აბალანსებს. ამ კარადების დიზაინი ძველი სააფთიაქო დახლებით არის შთაგონებული.

ბინის შესასვლელის ცენტრალური პოზიცია გაუმჯობესდა იმ კედლის მოხსნით, რომელიც სოციალურ ზონებზე ხედს ბლოკავდა. შედეგად კი ოთახებს შორის კავშირი გაუმჯობესდა.

სასადილო ოთახი ერთ-ერთი აივნის ხარჯზე გაფართოვდა. ახლა ეს სივრცე წარმოადგენს მოსასვენებელი ოთახისა და ბარის ნაზავს, რომელიც ხანგრძლივი საუბრებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

ორმაგი ჭერის მქონე მისაღებ ოთახში დაგეგმარება და ატმოსფერო შეიცვალა. ერთ-ერთ კედელზე პორტუგალიური ნაცრისფერი ქვის მოზაიკა თეთრი საღებავის ფენის საშუალებით ვიზუალურად არის განეიტრალებული, მსგავსად შემოსასვლელის კედლების ეფექტისა, რომელიც ბეტონის ზედაპირებს უსვამს ხაზს.

დახურულ ოთახებში განხორციელდა მცირე ინტერვენციები, რომლებიც ორიენტირებული იყო რამდენიმე ელემენტის შეცვლაზე, როგორიც არის, მაგალითად, კარადების კარები აბაზანაში.

Kartell – იტალიური ბრენდის ისტორია

როგორ მოვაწყოთ ტერასა – სასარგებლო რჩევები და იდეები