თანამედროვე არქიტექტურა სულ უფრო მეტად სცდება მხოლოდ ფუნქციურ და ესთეტიკურ ჩარჩოებს და იქცევა ადამიანის, გარემოსა და მეხსიერების დიალოგად. ის განსაზღვრავს არა მხოლოდ სივრცეს, არამედ ჩვენს ემოციებს, ქცევასა და ყოველდღიურ გამოცდილებასაც. სწორედ ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არქიტექტორის როლი — როგორც შემოქმედისა, რომელიც სივრცეს აზრსა და ისტორიას ანიჭებს.
ბექა ბექაურისთვის არქიტექტურა არის ენა, რომლის საშუალებითაც იგი წარსულს, აწმყოსა და მომავალს აკავშირებს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა მინიმალისტური ფორმებით, მასალისადმი პატივისცემითა და ემოციური სიღრმით. კონტექსტის გააზრება, იდეის პრიორიტეტი და სივრცისადმი კრიტიკული დამოკიდებულება მის შემოქმედებაში ერთიან სისტემად ყალიბდება.
ინტერვიუში ბექა გვიზიარებს საკუთარ პროფესიულ გზას, შემოქმედებით ფილოსოფიასა და ხედვას არქიტექტურის სოციალური და კულტურული როლის შესახებ — იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც თითოეულ სივრცესა და გადაწყვეტილებას თან ახლავს.

ბექა, როდის და როგორ დაინტერესდით არქიტექტურით და როგორ აღმოჩნდით ამ სფეროში?
არქიტექტურასთან პირდაპირი კავშირი არასდროს მქონია, არც ოჯახის და არც გარემოს მხრიდან. ამ სფეროს მიმართ ინტერესი აბიტურიენტობის პერიოდში გამიჩნდა, როდესაც ჩემს ცხოვრებაში უნდა გადამედგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამერჩია პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე გავყვებოდი. ეს უნდა ყოფილიყო არჩევანი, რომელსაც მომავალში არ ვინანებდი. ამიტომ მომიწია ჩემი ინტერესების, შესაძლებლობებისა და მიღებული შედეგების ანალიზი – როგორ მოვედი აქამდე და როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება ამის შემდეგ. ყოველთვის მიყვარდა ხატვა, თუმცა არა ტიპიური ნატურმორტების, პორტრეტებისა და მსგავსი მიმართულების, არამედ უფრო სკეჩების სახით, სადაც ფურცელზე გასმული რამდენიმე ხაზით ვხედავდი იდეას, მიუხედავად იმისა, რეალურად იყო თუ არა რაიმე მკაფიოდ გამოსახული ფურცელზე. ყოველთვის მსიამოვნებდა რაღაცის ნულიდან შექმნა და განსაკუთრებით თავად შექმნის პროცესი. ბავშვობაში კი ხშირად ვაკეთებდი მინიატურულ სახლებს კენჭებისგან და ხის ტოტებისგან, რასაც დღეს უკვე პროექტის ნულიდან შექმნის პროცესს ვადარებ. ამ ყველაფრის გაანალიზებამ გადამაწყვეტინა, რომ ჩემი ცხოვრება არქიტექტურასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, როგორც საქმესთან, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს და რომელსაც არ აღვიქვამ, როგორც ტიპიურ სამსახურს.
გვიამბეთ თქვენი გამოცდილების შესახებ – რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები პროფესიულ გზაზე და როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?
ჩემი პირველი ნაბიჯები არქიტექტურის სფეროში უნივერსიტეტში სწავლის დაწყებას უკავშირდება. 2017 წლიდან, პირველივე კურსიდან, სწავლების საწყის ეტაპზევე მომეცა შესაძლებლობა, შეხება მქონოდა რეალურ პროექტებთან. თავდაპირველად, ეს იყო ინტერიერის დიზაინი, ხოლო მოგვიანებით – არქიტექტურა. პირველ კურსზე, სატელევიზიო პროექტის ფარგლებში, მივიღე პრაქტიკული გამოცდილება ინტერიერის დიზაინის განხრით. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მიმდინარეობდა გამოცდილი არქიტექტორებისა და დიზაინერების მენტორობით, რაც დამეხმარა სწორ პროფესიულ გზაზე დადგომასა და განვითარების სწორი მიმართულების განსაზღვრაში. შემდგომში, უნივერსიტეტში შექმნილი მცირე საპროექტო სტუდიის მეშვეობით, მომეცა შესაძლებლობა, მეტი გამოცდილება მიმეღო როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის რეალურ პროექტებზე მუშაობისას. მეოთხე კურსზე კი, ლექტორის რეკომენდაციით, მოვხვდი კომპანიაში „Majid Al Futtaim“, სადაც დავიწყე მუშაობა ჯუნიორ არქიტექტორის პოზიციაზე. აღნიშნულ კომპანიაში არქიტექტურას უკვე ტექნიკური კუთხით შევეხე და გავიღრმავე ცოდნა საბაზისო, მაგრამ მნიშვნელოვან ტექნიკურ მიმართულებებში. სამსახურის პარალელურად, აქტიურად ვცდილობდი ესთეტიკური და სივრცითი აზროვნების განვითარებას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიზანშეწონილად მივიჩნიე, რომ სამაგისტრო პროგრამა დაუყოვნებლივ არ გამეგრძელებინა. გადავწყვიტე, მიმეღო დამატებითი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც მეტად დამაკავშირებდა რეალურ სამუშაო გარემოსთან, და მხოლოდ ამის შემდეგ გამეგრძელებინა სწავლა. სამი წლის სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ გადავწყვიტე, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა გამეგრძელებინა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიდგომამ გაამართლა, არქიტექტურას შევხედე განსხვავებული, უფრო გააზრებული კუთხით. 2025 წლიდან კი მუშაობას ვაგრძელებ Studio 9-ში, სადაც მიწევს მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობა ძალიან კარგ და გამოცდილ გუნდთან ერთად.
როგორ აღწერდით თქვენს არქიტექტურულ ხელწერას? რამ განაპირობა თქვენი ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბება?
ჩემი არქიტექტურული ხელწერა მომდინარეობს სხვადასხვა არქიტექტურული სტილების, ვიზუალების, ემოციების, მრავალჯერადი მცდელობებისა და შეცდომებისგან. გარკვეულწილად, ის დაფუძნებულია წარსულზე და კულტურულ ესთეტიკაზე. ჩემს სტილს ვახასიათებ როგორც მინიმალისტურს, ემოციურს, სადაც არქიტექტურა იქცევა ისტორიის მთხრობელად, მჭიდროდ უკავშირდება გარემოს და წარმოადგენს თანამედროვეობას, რომელიც ეფუძნება წარსულის ესთეტიკას. ხშირად ვმუშაობ პერსონალურ პროექტებზე, რომლებიც შთაგონებულია კონკრეტული ტერიტორიის ისტორიით. ვცდილობ, ვიპოვო იდეის ნაპერწკალი წარსულ მოვლენებში, გავაცოცხლო ისინი და თანამედროვე არქიტექტურის საშუალებით არაპირდაპირ გადავცე ჩემი სათქმელი. საერთო ჯამში, მრავალმა მცდელობამ და ექსპერიმენტმა ჩამომიყალიბა ჩემი სტილი – სტილი, რომელიც მაძლევს თავისუფლებას, მუდმივად ვითარდება, ეძებს საკუთარ თავს და ცდილობს გადმოსცეს ის, რისი გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია, ამიტომ არქიტექტურას ვიყენებ ისე, როგორც მეორე სალაპარაკო ენას!
რა ფილოსოფია დგას თქვენი შემოქმედების მიღმა – რა იდეები და ღირებულებები განსაზღვრავს თქვენს მიდგომას დიზაინში?
პროექტიდან გამომდინარე, დიზაინთან მიმართებით ჩემი მიდგომა შეიძლება ინდივიდუალური იყოს, თუმცა ყველა ნამუშევარს აერთიანებს რამდენიმე ძირითადი პრინციპი. ჩემთვის, თანამედროვე არქიტექტურა წარმოადგენს დიალოგს ბუნებასა და ადამიანს შორის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ტერიტორიის ლოკალურ მასალებს, რომლებიც შენობას ხდის ჩუმს, მაგრამ ამავე დროს, შინაარსობრივად ძლიერს. ტრადიციას ვიყენებ არა როგორც დეკორატიულ ელემენტს, არამედ როგორც იდეას, ლოგიკასა და კულტურულ მეხსიერებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ინდივიდუალურმა ხედმა თქვას საკუთარი სათქმელი – ხედში უნდა იკითხებოდეს ისტორია, მოძრაობა, ემოცია, სიხარული, მწუხარება და ადამიანის ყოფის სხვადასხვა მდგომარეობა. ვცდილობ, ჩემმა არქიტექტურამ დასვას კითხვა და არ გასცეს მხოლოდ პირდაპირი პასუხი. იგი უნდა სცემდეს პატივს გარემოს, ადამიანურ მეხსიერებასა და წარსულს, და კრიტიკულად აჩვენებდეს მომავალს, როგორც წარსულის გამოძახილს და შესაძლო სწორ გზას.
რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტზე მუშაობისას და შემოქმედებითი პროცესის რომელი ეტაპისგან იღებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?
პროექტზე მუშაობისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იდეა. ის საფუძველი, რომელსაც ემყარება პროექტი და ის გამოძახილი, რომელსაც რეალობა ქმნის. მუშაობის პროცესში ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველაზე მცირე დეტალიც კი, რაც შესაძლოა ვიზუალში გამოვიყენო, იდეურად მჭიდროდ იყოს დაკავშირებული შენობასთან და არ იყოს კონტექსტიდან ამოვარდნილი. ამ ყველაფრიდან განსაკუთრებულად გამოვარჩევ პროექტის დაბადების ეტაპს, იმ საწყის მომენტს, საიდანაც ყველაფერი იწყება და ნელ-ნელა ფრთებს ისხამს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ზოგიერთი იდეა სრულიად უცნაურად ჩნდება: ფიქრის გარეშე, ისე, თითქოს ის უბრალოდ ელოდებოდა საკუთარ დროს… ელოდებოდა ჩემს მზადყოფნას, გამოცდილებას, ახალ ხედვას, რათა შემძლებოდა მისი სწორად განვითარება და რეალიზაცია. ამიტომ ყოველთვის მიყვარს რაღაც ახლის დაწყება, თუმცა არანაკლებ სიამოვნებას მანიჭებს იმ პროცესის ყურება, როცა ეს ყველაფერი ფრთებს შლის, როცა ვხედავ სწორ გზას, როცა სიცარიელე თანდათან ფორმებად იქცევა, ჩნდება ემოციები, ჩნდება სათქმელი და იბადება რაღაც ახალი. სწორედ ეს პროცესი ქმნის არქიტექტურას, სათქმელს, მე კი ამ პროცესისგან ვიღებ უდიდეს სიამოვნებას!
არქიტექტურული პროექტის თქვენ მიერ შესრულებულ ვიზუალიზაციას ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფერო გამოარჩევს. რა განწყობის გადმოცემას ცდილობთ თქვენს ნამუშევრებში და როგორ ახერხებთ ამას?
არქიტექტურა და 3D ვიზუალიზაცია, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული პროფესიებია. თუმცა, ჩვენს რეალობაში ხშირად ეს ორი ურთიერთდაკავშირებული საქმიანობა სხვადასხვა ადამიანების მიერ სრულდება. ასეთ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: ვინ გადმოსცემს პროექტის სათქმელს, ემოციებსა და ხედვას სწორად, თუ არა თავად მისი ავტორი? სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, არქიტექტურასთან ერთად, 3D ვიზუალიზაციაც შემესწავლა. ეს განათლება მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი პროექტი საზოგადოებას წარვუდგინო სწორად და მაქსიმალურად იმ ფორმით, როგორც თავად ვხედავ მას. ყოველი პროექტის კეთების მომენტში, დიდ ყურადღებას ვუთმობ გარემოს, განათებას და ფორმების ჩამოყალიბებას 3D ვიზუალიზაციის კუთხით. ვცდილობ, სწორი რაკურსითა და განათებით გამოვძერწო ფორმები, შევქმნა საინტერესო ატმოსფერო და უსიტყვოდ გადმოვცე ჩემი სათქმელი. ეს პროცესი ყოველთვის მრავალ მცდელობას მოითხოვს. ხშირად დიდხანს ვირჩევ რაკურსს და მასზე დაკვირვებით ვაანალიზებ: ვიღებ თუ არა ამ ხედით იმ განცდას, რასაც შენობა უნდა გადმოსცემდეს? ვიღებ თუ არა სწორ ემოციებს ამ ტიპის განათებით? მრავალი კითხვისა და ექსპერიმენტის შემდეგ იქმნება განწყობა, ატმოსფერო და ვიზუალი – ერთგვარი დიალოგი ავტორსა და მისივე შენობას შორის.
თქვენი აზრით, როგორ აისახება არქიტექტურა საზოგადოების კულტურულ და სოციალურ განვითარებაზე და რა როლი აქვს არქიტექტორს საზოგადოების ჩამოყალიბებისა და გარდაქმნის პროცესში?
ამ კითხვის პასუხად მოვიშველიებ უინსტონ ჩერჩილის ცნობილ გამონათქვამს:
„ჩვენ ვქმნით ჩვენს შენობებს, შემდეგ კი ისინი გვქმნიან ჩვენ.“
არქიტექტურა ყოველთვის აყალიბებს საზოგადოებას და ისტორიულად ხშირად გამოყენებულა როგორც ინსტრუმენტი კონკრეტული ინდივიდის, იდეოლოგიის ან რეჟიმისთვის მისაღები ადამიანისა და სოციუმის შესაქმნელად. არქიტექტურული სტილი გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მას შეუძლია შეაფერხოს ან, პირიქით, ხელი შეუწყოს ადამიანის განვითარებას, გარკვეულწილად დამოკიდებულიც კი გახადოს მასზე. არქიტექტურა არის სოციუმის მართვის ერთ-ერთი ძლიერი იარაღი, რომელიც გამოყენებული იყო წარსულში და, ჩემი აზრით, მომავალშიც გამოყენებულ იქნება როგორც განვითარების, ისე დამორჩილების მიზნით. ამ პროცესში, არქიტექტორი ერთგვარი დირიჟორის როლს ასრულებს, ის იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ წარიმართება ადამიანის ყოველდღიური ყოფა. ამიტომ ვფიქრობ, რომ არქიტექტორმა ყოველთვის უნდა სცადოს სოციუმის სწორი და ჯანსაღი განვითარება საკუთარი გავლენის ფარგლებში. მისი იდეები უნდა გამომდინარეობდეს არსებული პრობლემების გააზრებიდან და მათი აღმოფხვრის სურვილიდან, რათა თანამედროვე გადაწყვეტებით შექმნას, ან ახალი სიცოცხლე შთაბეროს მივიწყებულ გარემოს. ვცდილობ, ასეთი არქიტექტორი ვიყო მეც…
როგორც ადამიანი, ვინც აფასებს ესთეტიკას, როგორ განსაზღვრავთ სილამაზეს და რას ნიშნავს თქვენთვის სილამაზე არქიტექტურაში?
სილამაზე ჩემთვის, პირველ რიგში, ასოცირდება სიმარტივესთან, მინიმალიზმთან და მასალის გააზრებულ გამოყენებასთან არქიტექტურაში. ჩემს ნამუშევრებში ყოველთვის ვცდილობ, მარტივი, მინიმალისტური და ზოგჯერ ბრუტალური ფორმებით გადმოვცე სათქმელი, გამოვავლინო კონკრეტული მასალის ინდივიდუალური ესთეტიკა და მაქსიმალური ეფექტი მივიღო მინიმალური ფორმალური საშუალებებით. ჩემთვის უბრალო, მკაფიო და ინდივიდუალური ფორმა გაცილებით მეტს ამბობს, ვიდრე გადატვირთული ორნამენტები და ზედმეტი დეკორატიულობა, რომელიც ხშირად შეცდომით აიგივებენ ესთეტიკასთან. მჯერა, რომ ყოველი მასალა თავისთავად ატარებს შინაარსს, ხასიათს და ემოციას. მას არ სჭირდება ზედმეტი შელამაზება იმისთვის, რომ იყოს მიმზიდველი. ბეტონი, ქვა, ხე, მეტალი – თითოეული მათგანი დამოუკიდებლად „ლაპარაკობს“, გადმოსცემს საკუთარ ბუნებას და ვიზუალურ ძალას. სწორედ ამიტომ არ ვეძებ დამატებით ფორმალურ აქცენტებს იქ, სადაც მასალა უკვე ამბობს ყველაფერს, სადაც სიმარტივე ქმნის ემოციას და სივრცე კვებავს თვალს მშვიდი, წრფელი ფორმებით. ამ მიდგომით ყოველთვის ვცდილობ, მასალის ბუნებრივად დამახასიათებელი თვისებებისგან მივიღო მაქსიმუმი და შევქმნა შენობა, რომელიც იქნება მარტივი, გულწრფელი და ესთეტიკურად გამართული. თუმცა, ეს სიმარტივე იოლი არ არის, მინიმალისტური არქიტექტურა განსაკუთრებულ სიზუსტეს, დისციპლინას და გააზრებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სწორედ ამ სირთულეში ვხედავ მის ღირებულებას და სწორედ ამიტომ ვეძებ სილამაზეს ყოველთვის უბრალო ფორმებში, ზედმეტი დამუშავებისა და ხელოვნური გალამაზების გარეშე.
როგორ ხედავთ მომავლის არქიტექტურასა და თქვენს ადგილს მასში? რა სურვილებს ან მიზნებს უკავშირებთ თქვენს შემოქმედებას და როგორი გავლენა გინდათ ჰქონდეს თქვენს ნამუშევრებს მომავალ თაობაზე?
მომავლის არქიტექტურაში ვხედავ დღევანდელ სტილებს, რომლებიც მუდმივად განვითარდება და მოერგება მომავლის ღირებულებებს. ეს იქნება არქიტექტურა, სადაც ინტეგრირებული იქნება ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციური მასალები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეცვლის დღეს გავრცელებულ ტიპიურ მიდგომებს და მათ ახალ საფეხურზე აიყვანს. არქიტექტურა აღარ იქნება სტატიკური, ის გახდება ადაპტირებადი, უფრო მოქნილი და რეაგირებადი გარემოსა და საზოგადოების საჭიროებებზე. დღევანდელ რეალობაში ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და თანდათან იკავებს ადგილს თითქმის ყველა პროფესიაში. ჩემი გადმოსახედიდან, მომავლის არქიტექტურა ნაწილობრივ, სწორედ მასთან იქნება დაკავშირებული, როგორც იდეების წყარო და გენერატორი, რომელიც ადამიანს დაეხმარება ფიქრში, ანალიზში და ახალი არქიტექტურული ხედვების ფორმირებაში. მიუხედავად ამისა, არსებობს საფრთხეც: ტექნოლოგიაზე გადაჭარბებულმა დამოკიდებულებამ შესაძლოა არქიტექტურა გარკვეულწილად უსიცოცხლო გახადოს. საკუთარ თავს მომავალში ვხედავ არქიტექტორად, რომელიც არქიტექტურას იყენებს არა მხოლოდ შენობების შესაქმნელად, არამედ როგორც ურბანული პრობლემების გადაჭრის ინსტრუმენტს. არქიტექტორად, რომელიც სივრცეს გამოიყენებს როგორც შუამავალს ადამიანსა და ბუნებას შორის. ჩემთვის მნიშვნელოვანია არქიტექტურა, რომელსაც შეუძლია გააცოცხლოს მივიწყებული და მიტოვებული ადგილები, მისცეს მათ ახალი ფუნქცია, ახალი მნიშვნელობა და ახალი სიცოცხლე. მნიშვნელოვანია, არ ჩამორჩე დროს, თუმცა, ამასთან ერთად, შეინარჩუნო რეალობასთან კავშირი. ვცდილობ, ყოველთვის ვიფიქრო, ვიკითხო და ვეძებო პასუხები, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს. ჩემს პროექტებზე დაყრდნობით მინდა, რომ მომავალმა თაობამ შეძლოს და დაინახოს, რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს მაშინ, როცა ის ნამდვილად ფიქრობს.




















