in

კერძო სახლი ავლაბარში – “სტუდია 9”-ის პროექტი

Banner M2
Banner M2

ინტერიერი, რომელზეც გვინდა მოგიყვეთ, დაპროექტდა ძველი თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე ერთი გამორჩეული სახლისათვის. შენობის რეკონსტრუქციის პროექტზე, ისევე როგორც ინტერიერის დიზაინზე, იმუშავა არქიტექტურულმა კომპანიამ  „სტუდია 9“.

არსებული არქიტექტურა, შენობის ადგილმდებარეობა, მისი ხასიათი – თაღებით, აგურის მოპირკეთებით, ჭედური ელემენტებით, თავად იყო ინსპირაცია. გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ისეთი ინტერიერი, რომელიც იქნებოდა არქიტექტურის საინტერესო გაგრძელება. ინტერიერი გვინდოდა ყოფილიყო შთამბეჭდავი, ამავდროულად სადა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ თანამედროვე კლასიკა.

ფოტო: ოთო გორდელაძე

გადაწყვეტილებების ძიების პროცესში გვქონდა ბევრი იდეა, სადაც დიდი როლი ითამაშა დამკვეთის ხედვამ, მისმა სურვილებმა და  გემოვნებამ. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ორივე მხარე აქტიურად იყო ჩართული პროექტირების პროცესში, რამაც საინტერესო გამოცდილება მოგვცა.

ფოტო: ოთო გორდელაძე

გვინდოდა თამამი გადაწყვეტილებები, ამიტომ ჰოლი, როგორც პირველი შთაბეჭდილება სახლში შემოსვლისას, გავაკეთეთ  განსხვავებული. სხვადასხვა ფერის ბუნებრივი ქვის ჭრელი იატაკით გაკეთდა აქცენტი, ხოლო სახლის დანარჩენი სივრცეები ელეგანტური და სადაა.

რენდერი
ფოტო: ოთო გორდელაძე

ჰოლი მეტალის ვიტრაჟული კარითაა დაკავშირებული „სიგარის ოთახთან“, სადაც სალონური ტიპის ინტერიერია. მწვანე ხის პანელებში მოპირკეთებული კედლები და ნატურალური შავი ქვის ბუხარი საკმაოდ მყუდრო გარემოს ქმნის.

სახლის ცენტრალური ელემენტია – მრგვალი ხის კიბე – დახვეწილი რკინის მოაჯირით, რომელიც ულამაზეს კომპოზიციას ქმნის ფანჯრის თაღებთან ერთად და აერთიანებს სამივე სართულს.

აღსანიშნავია ასევე ლურჯი ფერის გამოყენება, რომელიც დამკვეთის საყვარელი ფერია, სწორედ ამიტომ იგი დომინირებს ჩვენს ინტერიერში.

ინტერიერის დაპროექტებისას ყოველთვის ვითვალისწინებთ ოჯახის წეევრების ასაკსა და ინტერესებს. ბავშვის ოთახი თავისი სველი წერტილით, ვფიქრობთ, გამოგვივიდა სახასიათო.

რენდერი
ფოტო: ოთო გორდელაძე

საინტერესო დეტალია თითბერის აქსესუარები ინტერიერში. მაგალითად, ნატურალური ხის იატაკში და ბუხრის მოპირკეთებაში ჩაყოლებული თითბერის კანტები, ამავე ფერის განათებები და სახელურები.

ფოტო: ოთო გორდელაძე

სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, ჩვენი დიზაინერები აქტიურად არიან ჩართული ზედამხედველობის პროცესში, რათა საბოლოო შედეგი  მაქსიმალურად იყოს მიახლოვებული პროექტის წინასწარ ვიზუალიზაციასთან.

პარტნიორის კონტენტი

ინტერიერი სრული განტვირთვისთვის – დეა მამაიაშვილის ნამუშევარი

როგორ მოვაწყოთ პატარა სამზარეულო-სასადილო – 10 პრაქტიკული რეკომენდაცია