in ,

ინტერიერი სრული განტვირთვისთვის – დეა მამაიაშვილის ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომლის შესახებ დღეს გიამბობთ, თბილისი ჰილსის კომპლექსში მდებარეობს. ეს არის 190 კვადრატული მეტრის მქონე სივრცე, რომელიც ორი ბინის გაერთიანების შედეგად იქნა მიღებული. დამკვეთის მთავარი სურვილი იყო ისეთი ინტერიერის შექმნა, რომელშიც მას საფუძვლიანი დასვენების შესაძლებლობა მიეცემოდა. ამ მიზნის მისაღწევად მან სტუდია IDEA-ს მიმართა.

ვთვლი, რომ საცხოვრებელი ბინის ინტერიერი, პირველ რიგში, უნდა ასახავდეს მისი მფლობელის ხასიათს, მის ინდივიდუალიზმს, ცხოვრების სტილსა და რითმს. ამიტომ ინტერიერის შექმნის პროცესი ორიენტირებული იყო ფუნქციონალურობაზე, სიმარტივეზე და ამავდროულად იმაზე, რომ დიზაინი ყოფილიყო ჩასმული სწორ გეომეტრიულ ხაზებსა და ფორმებში,” – გვიამბობს პროექტის ავტორი, დეა მამაიაშვილი

შეიძლება ითქვას, რომ ამ ბინის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი მდებარეობაა. დიზაინერმა ძალიან კარგად გამოიყენა სახლის იდეალური ორიენტაცია და საუცხოო ხედები. მან საძინებლები აღმოსავლეთით განათავსა, საიდანაც შავნაბადას მონასტერი მოჩანს,  ხოლო ბინის უფრო აქტიური ზონები მთელ თბილისს გადაჰყურებს და კარგ ამინდში ამ სივრცეებიდან ყაზბეგის მყინვარით ტკბობაა შესაძლებელი.

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ მოთავსდეთ კომფორტულ სავარძელში, აანთოთ ბუხარი, უსმინოთ შეშის ტკაცუნს და უყუროთ, როგორ ტოვებს მზე ბოლო სხივებს მყინვარის მწვერვალზე – ვფიქრობ ასეთ გარემოში მარტივია მოწყდე მთელი დღის პრობლემებს, სულიერად დაისვენო და აღიდგინო ძალები,” – დეა მამაიაშვილი

ინტერიერი შესრულებულია მშვიდ და თბილ ტონებში. აქვეა ე.წ. გამწვანების კუნძულები, რომლებიც საინტერესო აქცენტების სახით გვევლინება სივრცეში. ცალკე აღნიშვნის ღირსია განათების სხვადასხვა სცენარის არსებობა ბინაში – შუქ-ჩრდილების თამაშის შედეგად სივრცეში სულ სხვადასხვა განწყობის შექმნაა შესაძლებელი.

ერთ-ერთი გამორჩეული აქცენტი ამ ინტერიერში ონიქსის ბუნებრივი ქვაა დეკორატიული განათებით დიმერზე, რომლის ცქერაც დაუსრულებლად არის შესაძლებელი.

ბინის კიდევ ერთი საინტერესო სივრცე ჰამამია. ეს არის ორთქლის საუნა, რომელიც ასევე აძლევს დამკვეთს დამატებითი რელაქსაციის და დასვენების საშუალებას.

საერთო ჯამში, ბინის ინტერიერი საკმაოდ საინტერესო და სახასიათოა. ეს არის სივრცე, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი სტილითა და არასტანდარტული დიზაინ გადაწყვეტებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიზაინერმა საპროექტო დავალებას ძალიან წარმატებულად გაართვა თავი და შექმნა ისეთი ინტერიერი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს დამკვეთის გემოვნებასა და მოთხოვნებს.

დიზაინი: IDEAS
სარემონტო სამუშაოები: ფოლადაშვილის რემონტი
ქვით მოსაპირკეთებელი სამუშაოები: თოკო გრიგალაშვილი
ავეჯი: ლიბრა გრუპი
რბილი ავეჯი: ფილოუ
გამწვანება: Design Blooms
ბუხარი: ბუხრის სახლი
ონიქსი: ზოდი
ფოტოგრაფი: Goga Photographer

სრულიად თეთრი ინტერიერი ბრუკლინში

კერძო სახლი ავლაბარში – “სტუდია 9”-ის პროექტი