in

ბინა ვარდისფერი აქცენტებით – მარიამ ქუტიძის ინტერიერი შავიშვილის ქუჩაზე

საბურთალოზე, შავიშვილის ქუჩაზე მდებარე 140 კვ.მ ბინა წარმოადგენს სივრცეს, სადაც პირადი გემოვნება და პროფესიული ხედვა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რაც ინტერიერში ნათელ და ჰაეროვან გარემოს ქმნის.

ინტერიერის კონცეფცია ეფუძნება ნათელ ფერთა პალიტრასა და ბუნებრივ მასალებს. როგორც ბინის მეპატრონე, მარიამ ქუტიძე გვიამბობს, ფერთა არჩევანზე გავლენა იქონია მისი ცხოვრების მილანში გატარებულმა წლებმა. სწორედ ამ ქალაქში ჩამოყალიბებული ესთეტიკური ხედვა აისახა მოცემული სივრცის თანამედროვე, თუმცა რბილ ხასიათზე.

“ბინის მოწყობის პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული. პროექტირების ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გეგმარებასა და სივრცის სწორ ზონირებას, რაშიც დიზაინერი ელენე ბერაძე დამეხმარა. თუმცა, ინტერიერის ყველა ელემენტი ინდივიდუალურად, ჩემი მოთხოვნების შესაბამისად დამზადდა,” – მარიამ ქუტიძე

სივრცეში დომინანტი ელემენტია სამზარეულოს კუნძული, რომელიც ვარდისფერი ტრავერტინის მასალით არის შესრულებული.

“ტრავერტინის ქვა შეგნებულად დარჩა დაუმუშავებელი, ფორიანი ზედაპირით, რათა მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო მისი ბუნებრივი ტექსტურა და ავთენტური ხასიათი. ეს მასალა წარმოადგენს ინტერიერის ერთ-ერთ მთავარ აქცენტს და ამავე დროს იდეალურად აბალანსებს მინიმალისტურ, სუფთა არქიტექტურულ ფორმებს, – მარიამ ქუტიძე

რაც შეეხება სამზარეულოს ფასადებს, ამ შემთხვევაში გამოყენებულია მიკროცემენტი, რომელიც ვიზუალურად ამცირებს დეტალების რაოდენობას და ინტერიერს სუფთა, არქიტექტურულ იერს აძლევს.

ვარდისფერი ინტერიერის სხვა ზონებშიც გრძელდება. აღნიშნული ტონი გამოყენებულია ერთ-ერთი აბაზანის კედლებზე მიკროცემენტის სახით, ხოლო ნიჟარისთვის შერჩეულია ბუნებრივი მარმარილო, რომელიც ბუნებრივი ქვის სილამაზესა და ელეგანტურობას უსვამს ხაზს.

ბინაში განთავსებულია ორი საძინებელი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათითა და განწყობით გამოირჩევა. მთავარი საძინებელი, საკუთარი აბაზანითა და საგარდერობო სივრცით, გადაწყვეტილია ნეიტრალურ და მშვიდ ტონებში, რაც დასვენებისა და კომფორტის განცდას ქმნის.

მეორე საძინებელი ბავშვისთვისაა განკუთვნილი. ამ სივრცეში გამოყენებული ვარდისფერი ტონები თბილ, სახალისო და მსუბუქ გარემოს ქმნის, რაც იდეალურად პასუხობს ოთახის მეპატრონის საჭიროებებს.

მარიამ ქუტიძის ინტერიერი წარმოადგენს სივრცეს, სადაც თანამედროვე ესთეტიკა, ბუნებრივი მასალები და ინდივიდუალური ხედვა ერთ მთლიანობად იკვრება. პროექტის თითოეული დეტალი ასახავს მეპატრონის გემოვნებასა და ცხოვრების სტილს, რის შედეგადაც იქმნება ნათელი, ჰარმონიული და ფუნქციური საცხოვრებელი გარემო.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Mohma System Cabin – კომპაქტური ენერგოეფექტური სახლის მოდელი