ეს ბინა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 150 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ინტერიერის დიზაინ პროექტზე სალომე გულორდავამ იმუშავა, რომელსაც სივრცე ე.წ. “შავი კარკასის” მდგომარეობაში გადაეცა. გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, ამჟამად ბინა მოიცავს გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოს , სამ საძინებელს, 2 სველ წერტილს და მოზრდილ ტერასას, საიდანაც უმშვენიერესი პანორამული ხედები იშლება.
როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, დამკვეთის სურვილი იყო ერთგვარი კომბინირებული სივრცის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა როგორც სტუმრების მიღება და მეგობრებთან სასიამოვნო დროის გატარება, ასევე კომფორტული დასვენება და განტვირთვა. აღნიშნული საპროექტო დავალების შესასრულებლად სალომე გულორდავამ შეიმუშავა დიზაინ კონცეფცია, რომელიც სახლის ირგვლივ არსებული ლანდშაფტიდან და მეპატრონის საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტიდან იღებს შთაგონებას.
“ბინის დიზაინ-კონცეფცია და მისი ფერთა გამის იდეა დაიბადა სივრცის ხასიათიდან, ბუნებრივ პანორამასთან დიალოგში. ტერასიდან გადაშლილი ხედი კუს ტბის მწვანე ფერდობზე, ვაკის პარკსა და ლოკომოტივის სტადიონზე, ქმნის უნიკალურ ფერთა სინთეზს: მკვეთრი წითელი ელემენტები, რომლებიც პარკის საფარსა და სტადიონის სკამებში გვხვდება, ერწყმის ბუნებრივ მწვანე გარემოს,” – სალომე გულორდავა
სწორედ ამ ვიზუალური შეხამების შთაგონებით ვხვდებით სამზარეულოში არაერთგვაროვანი მწვანე შუშის მაგიდის გარშემო წითელ სკამებს, რაც ბუნებრივად აგრძელებს კავშირს შიდა და გარე სამყაროს შორის, ზემოდან კი თითქოს ჰაერში მოლივლივე მსუბუქი ღრუბლოვანი სტრუქტურის ჭაღი ასრულებს განათების ფუნქციას.
სამზარეულოში ყურადღებას იქცევს არასტანდარტული ტიპის ზედა სათავსოები, რომელთა ამრეკლი ზედაპირი ქმნის ილუზიას, რომ მათ მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება აქვთ, თუმცა სინამდვილეში, ამ ზედაპირს მიღმა სრულად ტევადი და დახვეწილი სისტემებია მოწყობილი, რომლებიც უზრუნველყოფს სამზარეულოს იდეალურად ფუნქციონირებას.
ამავე ზონაში დიზაინის მოულოდნელი ელემენტია ინტეგრირებული ფარული კარი, რომელიც სამზარეულოს მოდულისგან განუყოფელია და იმეორებს მის სტრუქტურას, რაც ქნის ერთიანობის შეგრძნებას. ამ კარის მიღმა იმალება მესამე საძინებელი სივრცე, რომელიც მხოლოდ ამ “იდუმალი” გასასვლელით ხდება ხელმისაწვდომი.
სივრცის ესთეტიკაში გამორჩეულ ადგილს იკავებს როიალი, რომელიც ბინის მფლობელისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი ობიექტია.
“სწორედ როიალის შავ-თეთრი კლავიშების ესთეტიკამ განსაზღვრა საბაზისო პალიტრა: სპილოსძვლისფერი კედლები და შავი, რიტმულად გამეორებადი მოცულობითი ელემენტები, რომლებიც ერთგვარად, განასახიერებს ვიზუალურ გამოცდილებად გარდაქმნილ მუსიკალურ რიტმს. პლინტუსებად გამოყენებული კლავიშის ფორმის კერამიკული ფილები კი კედლის ნაწილად იქცა და ქმნის უჩვეულო ჰარმონიას სივრცის ყველა ელემენტთან. რაც შეეხება, როიალის თავზე დამონტაჟებულ ამრეკლი ზედაპირის ჭაღს, ის თითქოს ასრულებს პორტალის ფუნქციას რეალურ სამყაროსა და შემოქმედებით სამყაროს შორის,” – სალომე გულორდავა.
რაც შეეხება საძილე ზონებს, ისინი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და ამ შემთხვევაშიც გვხვდება შავ-თეთრი შტრიხები, რომლებიც ეხმიანება ბინის საერთო კონცეფციას.
დერეფანში და სტუმრის სააბაზანოში გამოყენებული შავი ხაზოვანი განათება და კერამიკული ფილების რიტმული გადაწყვეტა განაგრძობს როიალის თემას, თითქოს მუსიკა სივრცეში გრძელდება სტატიკურად, მაგრამ მაინც ცოცხლად.
სალი გულორდავას პროექტი წარმოადგენს საინტერესო ნამუშევარს, რომელშიც თითოეული დეტალი ნაფიქრია. გარდა იმისა, რომ საცხოვრებელს გამორჩეული ესთეტიკური ღირებულება გააჩნია, ის სრულად ფუნქციური და მაცხოვრებლის ცხოვრების წესზე მორგებულია.
პროექტის ავტორი: სალომე გულორდავა
დიზაინ სტუდია: S One Studio