in

ღია გეგმარების მქონე მყუდრო ინტერიერი ჭავჭავაძეზე — თინათინ ძირკვაძის ნამუშევარი

თინათინ ძირკვაძის ახალი პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე, მაღალსართულიან კორპუსში მდებარეობს,  მისი საერთო ფართობი 72 მ2-ია. ნამუშევარი საინტერესო დიზაინით გამოირჩევა და ის მყუდრო საცხოვრებელ ადგილს ქმნის.

როგორც პროექტის ავტორი აღნიშნავს, დამკვეთი საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა, რომელიც ბევრს მოგზაურობს და საკოლექციო ნივთებს, წიგნებსა და ხელოვნების ნიმუშებს აგროვებს. იმის გამო, რომ ის ბინას მხოლოდ პირად მოსასვენებელ სივრცედ იყენებს, დიზაინერმა სახლში ღია გეგმარება შეინარჩუნა.

პროექტზე მუშაობისას მთავარი მიზანი მცირე ზომის სამზარეულოს მოწყობა, შეუმჩნეველი სათავსოების განლაგება  და სხვადასხვა დიზაინობიექტებისა და ნახატების თავისუფლად განთავსება იყო. ამავდროულად, კონცეფცია გულისხმობდა მყუდრო, ნათელი სივრცის შექმნას, რომელიც არ იქნებოდა გადატვირთული. სივრცის გეგმარებისას მთავარ გამოწვევად და დიზაინის განმსაზღვრელ ფაქტორად ბეტონის კონსტრუქცია იქცა, რომელიც სახლს ორ ნაწილად ყოფს.

ინტერიერზე მუშაობისას თინათინისთვის მნიშვნელოვანი იყო დამკვეთის ინტერესების ხაზგასმა და მისთვის მოსასვენებელი, სასიამოვმნო სივრცის მოწყობა, სადაც მარტივი იერსახის მქონე, გამორჩეული ხასიათის მატარებელი მასალები იქნებოდა გამოყენებული.

ნაგებობის კონსტრუქციამ პროექტის ავტორს საშუალება მისცა, იატაკის ქვეშ ცენტრალური გათბობა-გაგრილების სისტემა დაეყენებინა, რამაც ფანჯრებს ქვევით სივრცე გამოათავისუფლა. ეს ადგილი მთლიანად თაროებს დაეთმო და აქ წიგნები და საკოლექციო ნივთები მოთავსდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად მაღალი ჭერი შენარჩუნდა და ნათელი, მსუბუქი სივრცე შეიქმნა.

დიზაინერისთვის პროექტის გამორჩეული ელემენტია წაბლის პატარა ნაჭრებისგან შედგენილი “პარიზული იატაკი”, რომელიც განსაკუთრებულ სითბოს მატებს ვიტრაჟებით გარშემორტყმულ სივრცეს.

სახლში წამყვან ფერად თეთრი ტონებია გამოყენებული, რაც ბინას სინათლითა და ცოცხალი ენერგიით ავსებს. ღია გეგმარების წყალობით, მისაღები, სამზარეულო და საძინებელი ზონა გაერთიანებულია. სამზარეულო საკმაოდ მინიმალისტურია. ის წარმოდგენილია შეღებილი მინის ფასადითა და თხელი ნეოლითის ზედაპირით, რომელიც სამზარეულოს წინსაფარზე და თაროზე მეორდება. სამზარეულოში გამოყენებული „Stoca“-ს ბრენდის ავეჯი, რომელიც  შუშის ფასადებისა და ნეოლითის კომბინაციებითაა ცნობილი, ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმის და მას მომხიბვლელობას სძენს.

მოსასვენებელ ნაწილში კომფორტული თეთრი ტახტი და სავარძლებია განლაგებული. ოთახის ცენტრში კი დახვეწილი დიზაინის ხალიჩა და პატარა მაგიდები გვხვდება. კრემისფერი გრძელი ფარდები და მთელს კედელზე საინტერესოდ დაგეგმარებული თაროები სახლს სახასიათო, განსხვავებულ იერს ანიჭებს.

ყურადღებას იქცევს შემოსასვლელისა და საძინებლის მხრიდან კედლის ნაწილში დამალული კარადები, რომლებიც ოქროსფერი ხის კონსტრუქციითაა დაფარული. ეს დეტალი ბინას დეკორატიულადაც აფორმებს და სივრცეს სიხალისეს მატებს.

საძინებელი ზონა საკმაოდ მყუდრო და ელეგანტურია, მწვანე საწოლი იდეალურად ეხამება ინტერიერს და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. საძინებლის კარადაზე გვხვდება თევზების ორნამენტებით მორთული „Pierre frey“-ის შპალერი, რომელსაც პოზიტიური განწყობა შემოაქვს სივრცეში.

თინათინ ძირკვაძის ახალი ნამუშევარი მრავალფეროვანი დიზაინობიექტებით, ნახატებითა და აქსესუარებით გამოირჩევა და კარგად ასახავს მაცხოვრებლის ხასიათსა და ინტერესებს. ინტერიერი საკმაოდ ეკლექტური, თანამედროვე და მყუდროა. მიუხედავად იმისა, რომ ბინა მაღალ სართულზე მდებარეობს და კედლების დიდ ნაწილზე შუშაა გამოყენებული, პროექტი მაინც ინარჩუნებს თბილ ატმოსფეროს და ქმნის სასიამოვნო გარემოს, სადაც კომფორტულად ცხოვრება და დასვენებაა შესაძლებელი.

პროექტის ავტორი: თინათინ ძირკვაძე

გამოყენებული მასალები:  

სამზარეულოს ავეჯი: „ლინეა იტალია“ — „Stoca“

ავეჯი: „ლინეა იტალია“

იატაკის საფარი: „ლინეა იტალია“

აბაზანის ფილები: „Belle Maison“

შემრევები: „გალერეა დემასი“

კედლის მოპირკეთება: „Interio“

განათება: „ლაით სტუდია“

ავტორი: მეკო მეტრეველი

Eames Lounge Chair & Ottoman – საკულტო დიზაინი, რომელიც თავდაპირველად მეგობრისათვის საჩუქრად შექმნეს

არქიტექტურა, როგორც გაერთიანების შესაძლებლობა — ინტერვიუ დიმიტრი შაფაქიძესთან