in

შავ-თეთრი ინტერიერი ვერაზე – Wii Design Studio-ს ნამუშევარი

ვერაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის დიზაინ პროექტი სტუდია Wii Design Studio-ს შესრულებულია. სივრცე ახალგაზრდა მამაკაცს ეკუთვნის, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო მინიმალისტური ესთეტიკა მარტივი ფორმებითა და ორი ტონის, შავისა და თეთრის გამოყენებით. საცხოვრებელი სივრცის საერთო ფართობია 80 კვ.მ, რომელსაც დამატებით 40 კვ.მ საზაფხულო ტერასა ემატება.

Wii Design Studio-ს დამფუძნებლები, ქეთი ბიბილეიშვილი და მარი ზურაბიშვილი

პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბებისას გუნდს ერთდროულად რამდენიმე გამოწვევასთან მოუწია შეჭიდება. მიუხედავად იმისა, რომ ფართი არც ისე მცირე ზომისაა, კონკრეტული განლაგება რთულად ექვემდებარებოდა გეგმარების ფუნქციურ განახლებას. ბინაში განთავსებულია ღია გეგმარების საერთო სივრცე სამზარეულოსთან ერთად, ერთი სველი წერტილი, მთავარი და სტუმრის საძინებელი. დამკვეთის საჭიროებიდან გამომდინარე, სტუმრის საძინებელი არ უნდა ყოფილიყო ინტენსიური გამოყენების ზონა, ამიტომ მისაღებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭა. სწორედ ამ პრიორიტეტმა განსაზღვრა სივრცის დაგეგმარების მთავარი პრინციპი — სტუმრის საძინებელი მეორეხარისხოვანი ბუნებრივი განათებით დაპროექტდა, რათა მაქსიმალურად გამოკვეთილიყო საცხოვრებელი ზონის ვიზუალური მთლიანობა.

ბინის ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა მინა ბლოკის ტიხარი, რომელიც სივრცეებს ერთმანეთისგან ჰყოფს და ერთდროულად ქმნის ინტერიერის სახასიათო კომპოზიციურ ღერძს. ამ ტიხარში ინტეგრირებულია დამალული RGB LED განათება, რომლის ფერთა სპექტრი მაცხოვრებლის სურვილის შესაბამისად, მარტივად იცვლება — ამ ფუნქციამ ინტერიერს მისცა მოქნილობა და განსხვავებული განწყობის შექმნის შესაძლებლობა დღის სხვადასხვა მონაკვეთში. მასალის გამორჩეული ტექსტურა და შუქის გამტარიანობა სივრცეს თანაბრად უნაწილებს სინათლეს, რის შედეგადაც ბინა მკვეთრი ჩრდილების გარეშე აღიქმება როგორც ნათელი და ჰაეროვანი გარემო.

ინტერიერის ფერთა პალიტრა მკაცრად ორი ტონის — შავისა და თეთრის — ირგვლივ არის აგებული, თუმცა დიზაინერებმა ფერების ერთფეროვნების თავიდან ასაცილებლად აქტიურად გამოიყენეს განსხვავებული ტექსტურები. სამზარეულო და კუნძული დამზადებულია შავი დაშპონილი მუხისგან, ხოლო სამუშაო ზედაპირი და სამზარეულოს წინსაფარი — თეთრი დეტალების მქონე შავი კერამოგრანიტით.

მისაღები სივრცე კი პირიქით — თეთრი ტონის დომინირებითაა გადაწყვეტილი: ბუკლეს ქსოვილის დივანი და პუფი ქმნის მსუბუქ, დამამშვიდებელ ატმოსფეროს. ერთ-ერთ კედელზე არსებული კოლონის ფუნქციური გამოყენების შედეგად გაჩნდა მეტალის თაროები, რომლებიც კედელს ვიზუალურად ათავსებენ და ამავდროულად, საცხოვრებელ ზონას არქიტექტურულ იერ-სახეს სძენენ.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასადილო ზონას, რომელიც მდებარეობს მინა ბლოკის ტიხართან. აქ შავი მრგვალი მაგიდა და შავთეთრი „პეპიტას“ პრინტით დამზადებული ბენჩი სივრცის ზოგად იდეას აგრძელებს.

შემოსასვლელი ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია პროექტში: შავი მუხის შპონით მოპირკეთებული მომრგვალებული სათავსო და მის მოპირდაპირედ განთავსებული დიდი მრგვალი სარკე მინა ბლოკის კედელზე ქმნის განსაკუთრებულ პირველ შთაბეჭდილებას.

მთავარი საძინებელი შავი და თეთრი ელემენტების ჰარმონიულ შერწყმაზეა აგებული: თეთრი ხის საწოლი და შავი შპონის გარდერობი ხაზს უსვამს ფერთა წონასწორობას.

სტუმრის საძინებელში, სადაც ბუნებრივი განათება მინიმალურია, სივრცის ოპტიკური გაფართოვების მიზნით, კედელი მთლიანად სარკის სიბრტყეებითაა დაფარული, ხოლო ფერის სახით მხოლოდ საწოლის კედელი გვევლინება — ეს გადაწყვეტა ქმნის ნათელ, მსუბუქ და გამჭვირვალე ატმოსფეროს.

როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, მათი მთავარი გამოწვევა იყო დამკვეთის მიერ შერჩეული ორი ფერის ბალანსის ისე გადანაწილება, რომ სივრცე არ აღმოჩენილიყო არც გადამეტებულად გამუქებული და არც გადათეთრებული — მიზანი იყო ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ერთდროულად იქნებოდა ფუნქციური, ესთეტიკური და ფსიქოლოგიურად კომფორტული მაცხოვრებლისთვის.

გარდა ვიზუალური ასპექტისა, სივრცე გამოირჩევა მდიდარი შინაარსობრივი შრეებით — ერთი შეხედვით მკაცრი და ცივი პალიტრა სინამდვილეში ბევრ შესაძლო სცენარს იტევს, რომელშიც ადამიანის ყოველდღიური ყოფა ჰარმონიულად ეხმიანება არქიტექტურულ სტრუქტურას. შედეგად, Wii Design Studio-მ შექმნა ინტერიერი, რომელიც ერთდროულად თანამედროვე, კონცეპტუალურად გამართული და პრაქტიკულია.

“ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს

მწვანე ტონში გადაწყვეტილი ბინა შვედეთში