in

Design Georgia ქართველ დიზაინერთა ნამუშევრებს ერთ სივრცეში წარმოადგენს

2019 წელს ქართველი დიზაინერები საერთო იდეის გარშემო გაერთიანდნენ და ასოციაცია Design Georgia დააარსეს. მათი მიზანი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების, ინოვაციური იდეების განხორციელება იყო, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობდა ავეჯისა და ინტერიერის დიზაინერთა პროფესიული განვითარებასა და ინდუსტრიის შესაბამისი სტანდარტების დანერგვას. 

ნამუშევრები: ანჟელიკა რიკი, Ivy Design, Ceramic Studio 1300

Design Georgia-ს წევრებს ინტერიერის და პროდუქტის დიზაინერები, არქიტექტორები და კერამიკოსები წარმოადგენენ. ასოციაცია მათი ერთგვარი “ხმაა”, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების მიერ დიზაინ ობიექტების ღირებულების ღრმა შემეცნებას, მათი პოზიტიური გავლენის განვითარებას ბაზარზე. 

ნამუშევრები: ფუნდუკი

დაარსებიდან დღემდე ასოციაციაციის მოღვაწეობა არაერთ საინტერესო პროექტს ითვლის, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოფენები. Design Georgia-ს ერთ-ერთ პირველ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთ პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაზე, Passagen Interior Design Week Köln-ზე მონაწილეობა, რომელიც გერმანიის ქალაქ კიოლნში ყოველწლიურად იმართება.

მას მოჰყვა პროდუქტის დიზაინის გამოფენა თბილისში – Tbilisi Art Fair. TAFF 2019-ის ფარგლებში, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) ოცი ქართველი დიზაინერის ნამუშევრები იყო წარმოდგენილილი; და ასევე, ესტონეთში, კერძოდ, ტალინში, ერთთვიანი გამოფენა-გაყიდვა, რომელიც, სამწუხაროდ, პანდემიის გამო მალევე დასრულდა.

ნამუშევრები: სტუდია საინი

პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა Design Georgia-ს გეგმებიც: რამდენიმე საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოფენა გადაიდო. თუმცა, ნაცვლად ამისა, ასოციაციამ გააძლიერა ონლაინ გაყიდვები და აქცენტი წევრების პროფესიულ და ორგანიზაციულ განვითარებაზე გადაიტანა; ასევე, ასოციაცია წევრებს გრანტების მოძიებაში დაეხმარა.

სულ მალე, ასოციაცია წარადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც მის წევრებსა და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს გააერთიანებს. მისი მეშვეობით ონლაინ შეძენა არამხოლოდ ადგილობრივად, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

ნამუშევრები: Design Bureau, ია ლიპარტელიანი

საინტერესოა, რომ დღესდღეობით დიზაინ ჯორჯიას გალერეა საცხოვრებელი სახლის შენობაშია გაკეთებული – ეს გადაწყვეტილება ასოციაციის მმართველ გუნდს პანდემიამ მიაღებინა. სახლიც და ეს იდეაც ეკუთვნის დიზაინ ჯორჯიას ერთ-ერთ თანადამფუძნებელს, ასოციაციის ამჟამინდელ თავმჯდომერეს და “სულის ჩამდგმელს“ – ანჟელიკა რიკს. ანჟელიკას მიზანია, გალერეაში უმასპინძლოს მეგობრებსა და თანამოაზრეებს, გაუზიაროს ის უნიკალური დიზაინი, რასაც საქართველოში შეხვდა.

ნამუშევრები: ლევან ლომინაშვილი, ანჟელიკა რიკი

გალერეაში ვხვდებით ბევრ ნაცნობ თუ უცნობ ობიექტს. აქ თავმოყრილია კერამიკის ნაკეთობები, ნახატები, ავეჯი და ა.შ ამ ერთობლიობით ანჟელიკას სურს, აჩვენოს საზოგადოებას, თუ რამდენად ჰარმონიულად არის შესაძლებელი თანაარსებობდეს ხელოვნება და ბრწყინვალე დიზაინი ერთ სივრცეში.

ნამუშევრები: სტუდია საინი, ანუკა თავართქილაძე

ასოციაცია ღიაა თანამშრომლობისთვის და დიდი სიამოვნებით მიიღებს ახალ წევრებს იმისათვის, რომ გააძლიეროს ქართველ დიზაინერთა ქსელი.

ამჟამად გალერეაში შესაძლებელია შემდეგ ხელოვანთა ნამუშევრების ნახვა:

დიზაინბიურო, ლევან ლომინაშვილი, White Studio, Ceramic Studio 1300, Ivy Design, DesignScolio, Funduki, ნატო ერისთავი, ირინა სალმინა, ანუკა თავართქილაძე, მაკა ჯიშკარიანი, ანჟელიკა რიკ, საინი სტუდიო, ია ლიპარტელიანი, ანასტასია კოლესნიკოვა

ნამუშევრები: ნატო ერისთავი, White Studio

გალერეაში სტუმრობა შესალებელია 27 ივნისის ჩათვლით.

მისამართი: ლვოვის ქუჩა 3 (გაგარინის მოედანთან)

რას შეცვლის მსოფლიო პანდემია ინტერიერის დიზაინში – ნინი ჭანტურიას შეფასება

„მომავლის სახლი“ 2025 წელს – Samsung-ის გეგმა