in

სარეცხის საშრობი თუ სარეცხი მანქანა შრობის ფუნქციით?

მზიანი დღეების რაოდენობა სულ უფრო შემცირდა და შესაბამისად, აივანზე გაფენილი სარეცხის გაშრობაც სულ უფრო გართულდა. ერთი დღე, ორი დღე, ზოგჯერ რამდენიმე დღეც კი არ კმარა და მერე იძულებული ვართ, საშრობი კონსტრუქციები სახლში გადავიტანოთ. ეს თითქოს მარტივი გამოსავალია, სანამ გასაშლელი საშრობი მისაღებში ნახევარ სივრცეს არ დაიკავებს და ოთახში ყოველი გავლისას მისთვის გვერდის ავლა არ მოგვიწევს.

თუმცა შინ სარეცხის გაშრობისას ადგილის ნაკლებობა მხოლოდ ერთი პრობლემაა. რეალურად მას სხვა უხილავი პრობლემებიც ახლავს თან – სველი ტანსაცმლიდან წყალი ორთქლდება და თუ ოთახი ცუდად ნიავდება, ტენი შიგნით რჩება. ზამთარში ამას ფანჯარაზეც შეამჩნევთ – ცივ მინაზე წყლის წვეთები გროვდება. თუ ოთახი ხშირად ნესტიანია, კედლებზე ობიც შეიძლება გაჩნდეს. ობის სპორებმა კი შეიძლება სასუნთქი გზები გააღიზიანოს, ალერგიული სიმპტომები გამოიწვიოს ან ასთმა გაამწვავოს.

ამ პრობლემებისგან თავის დაღწევის გზას თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა გვთავაზობს. აქ კი მთავარი კითხვა ჩნდება – სარეცხი მანქანა შრობის ფუნქციით თუ ცალკე საშრობი? ერთი შეხედვით, კომბინირებული მოდელი უფრო მოსახერხებელი ჩანს – თუ ორივე საქმეს ერთი მოწყობილობა აკეთებს, მეორე რაში გვჭირდება? თუმცა პასუხი ასეთი ცალსახა არ არის. ქვემოთ სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, როდის რომელი ვარიანტი ჯობს.

როდის გამოგადგებათ სარეცხი მანქანა შრობის ფუნქციით (ორი ერთში)?

თუ პატარა ბინაში ცხოვრობთ და აბაზანაში ერთი მანქანისთვის ძლივს გამონახეთ ადგილი, კომბინირებული მოდელი ბუნებრივი არჩევანია. საღამოს რამდენიმე პირსახოცს ჩადებთ, რეცხვისა და შრობის ერთიან ციკლს ჩართავთ და სარეცხის სხვა დოლურაში გადატანა აღარ დაგჭირდებათ.

ოღონდ ყიდვამდე ორ მაჩვენებელს დააკვირდით: თუ მანქანას რეცხვისთვის 9 კილოგრამი უწერია, შრობისთვის კი – 6, ერთი ჩართვით მაქსიმუმ 6 კილოგრამს გარეცხავს და გააშრობს. თუ დოლურას რეცხვისთვის ბოლომდე შეავსებთ, შრობის დაწყებამდე სარეცხის ნაწილის ამოღება მოგიწევთ. რამდენიმე ნივთის შემთხვევაში ამ განსხვავებას ვერც იგრძნობთ, მაგრამ თეთრეულისა და პირსახოცების ერთად გარეცხვისას შეიძლება ისევ იმავე კითხვას დაუბრუნდეთ – დარჩენილი სველი სარეცხი სად გავფინო?

როდის ჯობია ცალკე საშრობი?

წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი შაბათი. ჯერ თეთრეული გაქვთ გასარეცხი, მერე პირსახოცები და ბოლოს ტანსაცმელი, რომელიც მთელი კვირა კალათაში გროვდებოდა. თუ ორი მანქანა გაქვთ, თეთრეულს საშრობში გადაიტანთ და იმავე წუთს პირსახოცების რეცხვას დაიწყებთ. ერთი კომბინირებული მანქანის შემთხვევაში კი პირსახოცების გარეცხვას ვერ დაიწყებთ, სანამ თეთრეული არ გაშრება. თუ ასეთი შაბათი ყოველ კვირას გაქვთ, ორი მანქანის პარალელურად მუშაობა უკვე საგრძნობი შეღავათია.

გარდა ამისა, ცალკე საშრობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პლუსი აქვს.

  • ტექნოლოგია და ქსოვილის მოფრთხილება. ცალკე საშრობების უმრავლესობა სითბური ტუმბოს (Heat Pump) ტექნოლოგიით მუშაობს. ასეთი საშრობი გაცილებით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და სარეცხს დაბალ ტემპერატურაზე აშრობს, რაც ტანსაცმელს დაპატარავებისა და დაზიანებისგან იცავს.
  • დიდი დოლურა და ნაკლები ნაოჭი. რადგან საშრობის დოლურა უფრო ტევადია, თბილი ჰაერი თავისუფლად ცირკულირებს, ტანსაცმელი ნაკლებად იჭმუჭნება და ბევრი ნივთის დაუთოება აღარც კი გჭირდებათ.
  • მტვრისა და ბუსუსების ფილტრი. საშრობი ქსოვილს აშორებს უმცირეს მტვერს, ძაფებსა და ცხოველის ბეწვს, რომლებიც ჩვეულებრივი რეცხვის შემდეგ ქსოვილზე რჩება.

თანაც, ორი მოწყობილობისთვის იატაკზე ყოველთვის ორი თავისუფალი ადგილი არ გჭირდებათ. თუ მოდელები თავსებადია, სპეციალური სამაგრის დახმარებით შეგიძლიათ საშრობი პირდაპირ სარეცხ მანქანაზე დადგათ. ეს გამოსავალი მაშინაც იდეალურია, როცა თქვენი ძველი სარეცხი მანქანა მშვენივრად მუშაობს და მისი გამოცვლა არ გინდათ.

არჩევანის გაკეთებამდე უბრალოდ ბოლო რეცხვის დღე გაიხსენეთ. თუ ყველაზე მეტად ის გაწუხებთ, რომ მეორე დილას მისაღებში ისევ ნესტიანი პირსახოცები გხვდებათ და სარეცხიც ცოტა გაქვთ, კომბინირებული მანქანა სავსებით საკმარისი იქნება. მაგრამ თუ საღამოს ჯერ კიდევ სავსე კალათას უყურებთ და ფიქრობთ, მოასწრებთ თუ არა კიდევ ერთი მანქანის ჩართვას, ცალკე საშრობისთვის ადგილის გამონახვა ნამდვილად ღირს.

Hitachi Elevators საქართველოშია –  გინესის რეკორდსმენი, მსოფლიოში უსწრაფესი ლიფტი უკვე ქართულ ბაზარზეა