in

ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შექმნილი ინტერიერი ორთაჭალაში – სანდრო კვირიკაძის ნამუშევარი

ორთაჭალაში მდებარე ეს საცხოვრებელი სივრცე არქიტექტორ სანდრო კვირიკაძის ახალი ინტერიერის პროექტია, რომლის მთავარი კონცეფცია თავიდანვე მკაფიოდ განისაზღვრა — ეს უნდა ყოფილიყო სრულიად მშვიდი და ჰარმონიული სახლი. სივრცე, სადაც არ დომინირებს ზედმეტი ფორმები და სადაც ყველაფერი მიმართულია სიმშვიდისა და კომფორტის შექმნისკენ.

საწყისი გეგმარება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ბარიერი იყო. გაუმართავი ზონირება, უხვად არსებული კორიდორები და არაპროპორციული ოთახები არქიტექტორს ახალი გადაწყვეტებისკენ უბიძგებდა. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე თამამი და რადიკალური ნაბიჯი იყო არსებული გეგმარების სრული შეცვლა. ეს ამოცანა სანდრო კვირიკაძემ მარტივად გადაჭრა და მან სივრცის სრული გადააზრება შემოგვთავაზა. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება სწორედ დიდი, ერთიანი მისაღები სივრცის შექმნა აღმოჩნდა, რაც უზრუნველყოფს ოთახის ჰაეროვნებას, სინათლეს და მოძრაობის თავისუფლებას.

სწორედ ამ სივრცეში, შემოსასვლელში, განთავსდა წრიული ფორმის დამოუკიდებელი ბლოკი, რომელიც სველი წერტილის ფუნქციას ასრულებს. ეს წრე შავი ხითაა გამოყოფილი და არქიტექტურულად გამოკვეთილი დეტალია, რომელიც შემოსვლისთანავე ახდენს პირველი შთაბეჭდილებას.

გეგმარების ამგვარი გადაწყობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა შახტებისა და სველი წერტილების სწორად განთავსებას. შედეგად, საცხოვრებელი სივრცე ბევრად უფრო რაციონალურად გადანაწილდა და ბინაში გვხვდება ერთი დიდი, ნათელი მისაღები, საერთო სველი წერტილი, სტუმრის საძინებელი, მთავარი საძინებელი ინდივიდუალური სველი წერტილითა და საგარდერობოთი და ცალკე გამოყოფილი მცირე სამრეცხაო სივრცე.

მასალებისა და ფერების კომბინაცია მთლიანად ეხმიანება არქიტექტორის თავდაპირველ კონცეფციას — ბუნებრივ, თბილ და მოსვენებულ გარემოს. სივრცეში დომინირებს ნატურალური ხის პანელები, რომლებიც ბუნებრივ ტონალობაში დარჩა. ამ ფონზე განსაკუთრებულ კონტრსტს ქმნის შავი ხის მოჭრილი წრიული ბლოკი. ხის იატაკის გადასვლაში თითბერის დეტალი ამშვენებს ხაზს, რაც ამარტივებს გადასვლას მასალიდან მასალაზე და ქმნის ვიზუალურად სუფთა და დახვეწილ ეფექტს. შემოსასვლელში გამოყენებული ტრავერტინის დიდი ფილები კედლებზე გადადის და იმეორებს თავის მოტივს ელექტრო ბუხრის ზონაშიც.

 

საძინებლების სივრცეები ინარჩუნებს სიმშვიდისა და სიმსუბუქის შთაბეჭდილებას. აქ ავეჯი მასიური ნატურალური ხითაა შესრულებული, რატანის ტექსტურასთან შეხამებით. ფერთა გამა აქაც მინიმალისტური და ბუნებრივია — თეთრი და ღია ტონები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს  სიმყუდროვისა და სინათლის შეგრძნებას.

საბოლოო შედეგი ნამდვილად გამორჩეულია თბილისის ინტერიერული პრაქტიკისთვის. ეს არის პროექტი, რომელიც არ მხოლოდ ვიზუალურად, არამედ მასალის კუთხითაც უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს. ეკოლოგიურად სუფთა მასალები, კარგად გააზრებული სივრცეები და მშვიდი, ნატურალური გარემო ქმნის ინტერიერს, რომელიც ერთდროულად თანამედროვე, დახვეწილი და კომფორტულია.

პროექტის ავტორი: სანდრო კვირიკაძე 

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

პერმაკულტურის კონცეფცია და ცირკულარულობა არქიტექტურაში

LG MoodUP™  უკვე ელიტშია