in ,

ესმა ხეცურიანის მიერ გაცოცხლებული უნიკალური ისტორიის მქონე სახლი ქუთაისში

Banner M2
Banner M2

ესმა ხეცურიანის პროექტებს ქართველი საზოგადოება დიდი ხანია იცნობს. დიზაინერის უნიკალური სტილითა და საუცხოო ხელწერით შექმნილი ინტერიერები აღფრთოვანებას იწვევს ნებისმიერ მნახველში. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც თითოეული დეტალი იმდენად ნაფიქრი და გააზრებულია, რომ თავად ნამუშევარი გვევლინება ამბის მთხრობელად. ესმა ხეცურიანის შემოქმედებაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, თუმცა დღეს ჩვენ მას ერთ კონკრეტულ პროექტზე გავესაუბრეთ. ეს გახლავთ დიზაინერის საკუთარი სახლი, რომლის ინტერიერის შექმნაზე მან თავად იმუშავა.

ესმა ხეცურიანი. ფოტოს ავტორი: ირმა შარიქაძე

– ესმა, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როგორი იყო თქვენი ბავშვობა? რა ასაკიდან დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?

-ბავშვობაში ჩემთვის არ იყო საინტერესო ისეთი თამაშები, რომლებიც ჩვეულებრივ გარემოს მოითხოვდა. მაგალითად, სათამაშოდ ავდიოდი მე-14 სართულის სახურავზე (ჩემი თხოვნაა, რომ ეს არავინ გაიმეოროს!) და იქ ვერთობოდი. ამ გარემოში მომწონდა ის, რომ არანაირი დეკორაცია არ მიშლიდა ხელს თამაშში. ძალიან ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ თამაშის შინაარსი, არამედ ის გარემო, სადაც ეს ხდებოდა. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი რატომ იყო ეს ყველაფერი ასეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის.

ვერ გეტყვით, რომ დაგეგმილი მქონდა ინტერიერის დიზაინერობა ბავშვობიდან. ჩემთვის რაღაცეების „გამოგონება“ იყო მთავარი. ხან სპექტაკლებს ვდგამდი, ხან ინტერვიუებს ვწერდი ქუჩაში, ხან გადაცემას ვამონტაჟებდი, ხან “დიჯეი” ვიყავი, ხან გრაფიკული დიზაინერი, ხან მამაჩემის ან ბებიაჩემის ტანსაცმელს და ფეხსაცმელს დავჭრიდი და გადავაკეთბდი… ეს პროცესი მიყვარდა და სწორედ ამით ვიღებდი სიამოვნებას.

– თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე გიმუშავიათ და თითოეული მათგანი ცალკე განხილვის საგანია, მაგრამ დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემაა თქვენი ქუთაისის სახლი, რომლის ინტერიერზეც თავად იმუშავეთ. როგორც ვიცით, ეს არის ძველი შენობა, რომელსაც თქვენ ახალი სიცოცხლე შესძინეთ. შეგიძლიათ გაიხსენოთ თუ რამ მოგხიბლათ ამ ნაგებობაში ყველაზე მეტად?

– ამ სახლს ჰქონდა სული, რომელიც იყო მიტოვებული და მას ძალიან უნდოდა კიდევ გაეგრძელებინა სიცოცხლე. მე უბრალოდ მას დავეხმარე, რომ გადარჩენილიყო. ვერ ვიხსენებ იმ ფილმის სახელს, ძველი ქართული ფილმია: კაცს პატარა ბიჭუნას აყვანა უნდა ბავშვთა სახლიდან – და როგორ ელოდება ორივე საბუთების გაფრომებას! ზუსტად ასე ვიყავით ჩვენც.

– მიუხედავად იმისა, რომ სახლი 1910 წლით თარიღდება, თქვენი დაკვირვებით, ის უფრო ძველი პერიოდის არის. რა როლი ითამაშა ამ დეტალმა ინტერიერის დიზაინის შემუშავების პროცესში?

– მე რამდენადაც ვიცი, სახლი 1910 წელს აშენდა ჯიბრაილ იაშვილის (პაოლო იაშვილის მამის) მიერ. აქ „ცისფერი ყანწების“ და „ოქროს ვერძის“ რედაქცია იყო განთავსებული. შემდეგ არანაკლებად საინტერესო ისტორია ჰქონდა: მაშიდენლი ქუთაისის თავი – გრიგოლ ნარსია ცხოვრობდა, რომელიც ჩემი მეუღლის დიდი ბაბუის, მეღვინის, ანტონ ხეცურიანის მეგობარი იყო. შემდეგი ბინადარი კი ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის თეატრის დამფუძნებელი – თეიმურაზ კობახიძე იყო, ხოლო ბოლოს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის მეორე მუსიკალური სკოლის დამფუძნებელი, რამაზ ფურცელაძე ცხოვრობდა აქ. ამას იმიტომ ვყვები, რომ ეს სახლი ჩვენთვის არის ქუთაისის ძალიან საინტერესო ისტორიისა და სახეების გაცოცხლების ადგილი – ჩვენ ყველა წინა ბინადარის რაღაც შტრიხი გავითვალისწინეთ და სხვადასხვა ეპოქის კვალი დავტოვეთ სახლის კონსერვაცია-რესტავრაციის დროს, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი – ნანა კუპრაშვილი. თუმცა, საბოლოო ჯამში, დღეს ეს მაინც ჩვენი ოჯახის სახლია და არა რაიმე ტიპის მუზეუმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ლამაზი და ფუნქციური ჩემთვის განუყოფელია.

– საინტერესოა თქვენი სახლის ჯადოსნური მისაღები ოთახი. რამ გიკარნახათ ამ კონკრეტული სივრცის დიზაინი?

– ქუთაისში მზის ჩასვლა განსაკუთრებულია. ქალაქის ცენტრში არ გვხვდება მაღალი შენობები და შესაბამისად, დაისი აქ ულამაზესია. ჩვენს კედლებზე არის ბრინჯაოს ფერების მოხატულობა, სადაც დეკორში შევიტანე სარკეები. შედეგად კი მივიღეთ შუქების სასწაული თამაში. ხშრიად რამდენიმე ცისარტყელას „ვიჭერ“ ხოლმე. მხოლოდ ამ ერთ ოთახში ყოველდღიურად უამრავი ახალი კადრი გვხვდება. ამ სივრცეს ძალიან უხდება მუსიკა, მაგრამ ჩემი აზრით, მას სიჩუმე კიდევ უფრო უხდება.

– თქვენი ამჟამინდელი სასადილო ოთახი თავდაპირველად საძინებლად მოიაზრებოდა. თუმცა, თქვენ ამ აზრს არ იზიარებდით. მოგვიყევით ამ ოთახის ინტერიერზე.

– ეს ოთახი მთავარი ოთახის გაგრძელებაა ანფილადური კარით, ამიტომ თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს სასადილო ოთახი უნდა ყოფილიყო. მე აქ მოვათავსე დიდი სასადილო მაგიდა, სადაც დღეს ჩვენი ოჯახი იკრიბება. თუმცა, ჩემთვის ამ დიდი მაგიდის ირგვლივ თითქოს ყველა ძველი ბინადარი იყრის თავს. თავდაპირველად, თითქოს, ეს ოთახი იმალებოდა: კელდები გადაღებილი იყო 70-იან წლებში და რესტავრაციის შედეგად აღმოვაჩინეთ XX საუკუნის 10-იან წლებში უცნობი მხატვრის მიერ დახატული თემატური მედალიონები: დაფნა, ორშიმო, მსხლები, თევზები, ატმები, ხოხობი, გოგრა, ზეთისხილი და სხვა. მოკლედ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ აქ მხოლოდ სასადილო ოთახი შეიძლებოდა ყოფილიყო.

– ძალიან ორიგინალური აბაზანის ოთახი გაქვთ დიდი ფანჯრებით, მცენარეებითა და ულამაზესი ცისფერი კედლებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ეს არ არის სტანდარტული “სველი წერტილი”, არამედ ერთ-ერთი მყუდრო ოთახი სახლში. როგორ მიაღწიეთ აღნიშულ ეფექტს?

– ზოგადად, ჩემთვის ე.წ. „სველი წერტილი“ არის სრულფასოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნეოვანი ოთახი ნებისმიერ ინტერიერში. ამ კონკრეტული ოთახის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენი აბაზანა ფასადზე გადის დიდი ფანჯრებით. ამიტომ თავიდანვე ჩანდა, რომ ის რაღაცნაირად პომპეზური უნდა ყოფილიყო. მე უბრალოდ დავეხმარე მას ამ ყველაფრის გამოხატვაში. შევიტანე დარაბები, დიდი ჭაღები, მაგიდები, მძივებიანი ტორშერები, საპნის დასადები ფიგურები, „დაკრახმალებული“ ფარდები. საშხაპე გადავწყვიტე ისე, თითქოს ის შირმაა – ოღონდ რკინის კონსტრუქიცისა და დამუშავებული შუშებით. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებები შემთხვევითი არ ყოფილა.

– და ბოლოს, როგორი გამოცდლება მიიღეთ საკუთარი სახლის ინტერიერის შექმნის პროცესში? ერთის მხრივ, თქვენ გქონდათ სრული თავისუფლება რიგი გადაწყვეტილებების მიღებისას, (ვინაიდან პროექტის დამკვეთიც და შემსრულებელიც თავად ბრძანდებოდით), მაგრამ ამავე დროს, თქვენ ქმნიდით საცხოვრებელ სივრცეს თქვენი ოჯახის წევრებისთვის, რაც დამატებით პასუხისმგებლობას გაკისრებდათ. რა წარმოადგენდა მთავარ გამოწვევას ამ პროცესში და იყო თუ არა თქვენი მიდგომა განსხვავებული სტანდარტული დაკვეთებისგან ?

– დიახ, ბუნებრივია, დამატებით პასუხისმგელობას ვგრძნობდი. ეს ხომ მუზეუმი არ არის, ეს ჩვენი სახლი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, საჭირო იყო ერთგვარი ბალანსის დაცვა – ერთის მხრივ, ისტორიის პატივისცემა და მისი ძველი ბინადრების გათვალისწინება. ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენი ოჯახის, ჩვენი ასე ვთქვათ, „ღვინის ოჯახის“ წარმოჩენა – ჩემი მეუღლე და ჩვენი გვარი, ჩვენი შვილები, რომლებიც დღეს ჩვენს საგვარეულო ღვინის შექმნაში მონაწილეობენ. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად გამოვიდა, რადგან ამ სახლის და ჩვენი გვარის ისტორია ერთდროულად ერთი და იმავე ადგილას – ქუთაისში ვითარდებოდა. და ამ ისტორიას დასასრული არ აქვს – როგორც ამ სახლის ისტორიას, როგორც ქუთაისის, როგორც ღვინის და იმედია, როგორც ჩვენი გვარის ისტორიას.

 

ბინა დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე – Projector Studio-ს პროექტი

10 სასაჩუქრე იდეა დედის დღისთვის