ევროპული არქიტექტურის ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა კონკურსმა — European Union Prize for Contemporary Architecture – Mies van der Rohe Awards 2026 — გამოავლინა ნომინანტთა სია, რომელშიც წელს 8 ქართული არქიტექტურული პროექტია შესული. ეს შედეგი საქართველოს არქიტექტურულ სივრცეში მზარდ ინტერესსა და განვითარებას ნათლად უსვამს ხაზს, განსაკუთრებით თანამედროვე არქიტექტურის, მდგრადი დიზაინისა და კულტურული იდენტობის ერთიანობის კუთხით.
ჯილდო, რომელიც ევროკომისიისა და Fundació Mies van der Rohe-ს მიერ 1988 წელს დაფუძნდა, განკუთვნილია ევროპაში განხორციელებული საუკეთესო არქიტექტურული ნამუშევრების შესაფასებლად. მისი მიზანია გამოავლინოს ის პროექტები, რომლებიც არა მხოლოდ ესთეტიკურად და ტექნიკურად გამორჩეულია, არამედ გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ურბანულ ცხოვრებაზე. როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა, ნორმუნდს პოპენსმა (Normunds Popens) აღნიშნა, “არქიტექტურა მხოლოდ ტექნიკური დისციპლინა არ არის — ის კულტურული, დემოკრატიული და ეკოლოგიური საკითხია, რომელიც გამოხატავს ევროპულ ღირებულებებსა და მრავალფეროვნებას.”
2026 წლის ციკლში, რომელიც ევროკავშირის Creative Europe-ის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, ნომინირებულია 410 ნამუშევარი 40 ქვეყნიდან და 143 რეგიონიდან. მათ შორის 8 პროექტი საქართველოდან, რაც ჩვენი ქვეყნის არქიტექტურულ სცენაზე მზარდ აქტიურობასა და ხარისხის ზრდაზე მეტყველებს.
აღნიშნულ კონკურსში ქართველი ნომინანტების სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- ლისი გარდენ ჰაუსი / Architects of Invention

- ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი / Tsanava + Maisuradze + T-Architects

- სახლი წყნეთში / Wunderwerk

- დაუმთავრებელი სახლი / Alexander Brodsky + David Brodsky

- კურორტ ყვარლის ტბის რეცეფციის პავილიონი / David Giorgadze Architects

- Cenotaph / Kera

- მწვანე კონცხი ბოტანიკო / MUA – Architecture & Placemaking

- ტერაკოტასფერი სახლი წავკისში / Laboratory of Architects #3

წლევანდელი ჟიური, რომლის თავმჯდომარეა ცნობილი ჩილელი არქიტექტორი Smiljan Radić, აერთიანებს ისეთ ავტორიტეტულ ფიგურებს, როგორებიც არიან Carl Bäckstrand (White Arkitekter, შვედეთი), Chris Briffa (მალტა), Zaiga Gaile (ლატვია), Tina Gregorič (სლოვენია), Nikolaus Hirsch (გერმანია/ბელგია) და Rosa Rull (ესპანეთი). მათი შეფასებით, კონკურსი აჩვენებს არა მხოლოდ არქიტექტურის ესთეტიკურ მახასიათებლებს, არამედ მის სოციალურ და კულტურულ გავლენასაც — როგორ გარდაქმნის სივრცე საზოგადოებას და როგორ უკავშირდება ის ადამიანის ყოველდღიურობას.

კონკურსის განრიგი:
2026 წლის იანვარში გამოცხადდება 40 გამორჩეული ნამუშევრის შორთლისტი, თებერვალში — ფინალისტები, ხოლო აპრილში, ფინეთის ქალაქ ოულუში, გამოვლინდებიან გამარჯვებულები. მაისში კი ბარსელონაში, Mies van der Rohe Pavilion-ში, გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, დისკუსიები, გამოფენები და საჯარო პროგრამები.
Mies van der Rohe-ის არქიტექტურული პრემია ევროპის თანამედროვე არქიტექტურის ყველაზე პრესტიჟული აღიარებაა. ის აჯილდოებს პროექტებს ორ მთავარ კატეგორიაში — Architecture და Emerging Architecture, ხოლო გამარჯვებულებს, გარდა 60,000 და 30,000 ევროს პრიზებისა, გადაეცემათ სპეციალურად შექმნილი სკულპტურებიც, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავს ბარსელონას პავილიონის ფორმას.
8 ქართული პროექტის მოხვედრა EUmies Awards-ის ნომინანტთა სიაში მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოსთვის. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ქართული არქიტექტურა თანდათან აღწევს საერთაშორისო რადარს და ღირსეულად იკავებს ადგილს ევროპის თანამედროვე არქიტექტურის რუკაზე.






