in

ღვინის რესტორანი ქართული მოტივებით – სტუდია Due-ს პირველი ნამუშევარი ბერლინში

ბერლინის ცენტრში, სადაც ისტორია და თანამედროვე რიტმი ერთმანეთს ერწყმის, დიზაინ სტუდია Due-მ თავისი პირველი პროექტი განახორციელა — ღვინის რესტორანი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ორ განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებულ ზონას: ღვინის მაღაზიას და მყუდრო რესტორანს. ეს არის ადგილი, სადაც ელეგანტური დიზაინი და მშვიდი ატმოსფერო სტუმრებს თავიდანვე განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.

ინტერიერში შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს ღვინის ბოთლის ფორმის მასშტაბური თაროები — სივრცის მთავარი დიზაინ აქცენტი, რომელიც დაუვიწყარ პირველ შთაბეჭდილებას ახდენს. მაღაზიაში განთავსებული მაღალი თაროები, დატვირთული ღვინის ბოთლებით, ხაზს უსვამს ჭერის სიმაღლეს და ინტერიერის მოცულობას, რაც ინტერიერს ბევრად ფართო და ჰაეროვან შეხედულებას ანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეალური ზომა დიდ ფართს არ მოიცავს.

რესტორნის ნაწილი სრულიად სხვა განწყობას ქმნის: მყუდრო და დახვეწილი გარემო აქ სტუმრებს დროის შეჩერების განცდას უქმნის. სივრცის ორივე მხარეს განლაგებული თაღები კორპის მასალით არის დაფარული და შინდისფერი ტონალობითაა შეღებილი, რომლის შთაგონებაც ქართული ღვინო — საფერავია. განათება რბილი და თბილია, რაც ინტერიერს სიმშვიდეს მატებს და იდეალურ ფონს ქმნის ხანგრძლივი, სასიამოვნო ვახშმისთვის.

ეს რესტორანი, თავისი დიზაინითა და ატმოსფეროთი, Due-ს ხედვას ატარებს — თბილი, დახვეწილი, ელეგანტური და სასიამოვნო გარემო, სადაც ღვინისა და დიზაინის სინთეზი სტუმრებს დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება.

პროექტის ავტორები: ლიკა ლასარეიშვილი და ცოტნე ანდრიაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Due“  

ფოტოგრაფი: დიტო თედიაშვილი

ვაშლის ხის ირგვლივ დაგეგმარებული სახლი კანადაში

რა არის ინტერიერის დიზაინი და როგორ იცვლება ჩვენი მოთხოვნები საცხოვრებელი სივრცის მიმართ