ჟურნალ Homeis.ge-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი, სახელწოდებით „სახლი და ბიზნესი“, 12 დეკემბერს სასტუმრო „ტელეგრაფში“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ერთ დარბაზში აღმოჩნდნენ არქიტექტურის, დიზაინის, სამშენებლო-სარემონტო, უძრავი ქონებისა და სხვა მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლები. იმის გათვალისწინებით, რომ ფორუმზე დასასწრები ბილეთები ძალიან სწრაფად გაიყიდა, თავიდანვე ცხადი იყო საზოგადოების მაღალი ინტერესი. ღონისძიებამ თავიდანვე შექმნა მოლოდინი ძლიერი შთაბეჭდილებებისა და შთაგონების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოლოდინი სრულად გამართლდა.
რეგისტრაციის დაწყებისთანავე, ისედაც თბილ და კომფორტულ გარემოში, ატმოსფერომ მეტი იდილია შეიძინა, როდესაც მისაღები სივრცე ნელ-ნელა სტუმრებით აივსო. თითოეული ადამიანი ჩაცმის სტილითა თუ სხვა დეტალებში გამოხატული ინდივიდუალიზმით გამოირჩეოდა, შესაბამისად, აქედანვე თვალსაჩინო გახდა ფორუმის მიზანი – სხვადასხვა პროფესიის, ხედვისა და ღირებულებების მქონე ადამიანების ერთ სივრცეში შეკრება, რომლებსაც აერთიანებთ საერთო ინტერესი არქიტექტურის, დიზაინისა და უძრავი ქონების მიმართ.
პარალელურად, შიდა სამზარეულო ფუსფუსს მოეცვა. ტექნიკურ სამზადისთან ერთად, გამომსვლელები საკუთარ სიტყვას იმეორებდნენ. ორგანიზატორებისა და გამომსვლელებისთვის მზადების პროცესი იმდენადვე ამაღელვებელი იყო, რამდენადაც სტუმრებისთვის – მოლოდინი. ეს ემოციებით სავსე ატმოსფერო მალე განიტვირთა: ღონისძიება კლასიკური მუსიკის ჰანგებით გაიხსნა, რაც სტუმრებისთვის სასიამოვნოდ მოულოდნელი აღმოჩნდა – მუსიკოსებმა ატმოსფეროს სიმშვიდე შემატეს. ჰარმონიული მელოდიის ფონზე განწყობა კიდევ უფრო ამაღლებული გახდა, ხოლო მოლოდინი გამძაფრდა.

ფორუმის პირველ ნაწილში გამომსვლელებმა მსმენელს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. თითოეული მათგანის მიერ განვლილმა კარიერულმა გზამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პროფესიონალები ჩამოაყალიბა. მათი შემოქმედების მრავალფეროვნებაში ყველასთვის მოიძებნებოდა შთამაგონებელი იდეები. მათ შორის იყო NS Studio-ს დამფუძნებელი ლუკა ჩაგანავა, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ აქცია იდეა რეალობად და როგორ გადასცემს იგი რწმენას საკუთარ გუნდს.
არქიტექტორმა და ინტერიერის დიზაინერმა ნინო ჩხარტიშვილმა საკუთარი თავი შენობის ისტორიულ შრეებსა და სივრცის ახალ სიცოცხლეს შორის გადებულ ხიდზე იპოვა და დაგვანახა, როგორი სიფრთხილით გარდაქმნის ის ძველ არქიტექტურულ სულს ახალ ხედვად ისე, რომ არ დაკარგოს სივრცის ხასიათი.
სტუდია STIPFOLD-ის დამფუძნებელმა – ბექა ფხაკაძემ ინდივიდუალური ხელწერის ძიების შესახებ გვიამბო. მან ისაუბრა “შემოქმედებით მოგზაურობაზე”, სადაც ერთმანეთს წესრიგი და ქაოსი დაუპირისპირა.
Dressup Home-ის ბრენდ-მენეჯერმა, მარიამ ჩიკვილაძემ ყურადღება გაამახვილა სახლში კომფორტის შექმნის მოთხოვნილებაზე, ციფრული სამყაროს როლზე და ონლაინ პლატფორმების შეუზღუდავ პოტენციალზე ამ პროცესში.
IPS-ის პროექტების მენეჯერის, ფიქრია ჭეიშვილის გამოსვლა კი დაეთმო კომპანიის მიერ წარმოდგენილი მასალების მიმოხილვასა და მათ მიერ შესრულებული პროექტების დემონსტრაციას.
მნიშვნელოვანი იყო ის 30 წუთიანი შესვენება, რომელმაც ფორუმი არა მხოლოდ ორ ნაწილად გაყო, არამედ გააჩინა ურთიერთობის შესაძლებლობა დამსწრე საზოგადოებას შორის – სტუმრები ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ, სადაც არაერთ პოტენციურ თანამშრომლობას დაედო სათავე.

აღსანიშნავია, რომ წელს homeis.ge მესამედ შეხვდა აუდიტორიას ფიზიკურ სივრცეში, თუმცა ტრადიციულ არქიტექტურულ კონცეფციას პირველად დაემატა ახალი სტრატეგიული მიმართულება უძრავი ქონების შესახებ. ამ თემას პანელური დისკუსია მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლევან ლაბარტყავამ (Lealtor-ის დამფუძნებელი, უძრავი ქონების ექსპერტი), ირინა კვახაძემ (TBC კაპიტალის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი), ეკატერინა დანელიანმა (უძრავი ქონების ექსპერტი, პროდუქტის ხელმძღვანელი, Silk Development) და დავით ბარაბაძემ (უძრავი ქონებისა და საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი). პანელის ფარგლებში დარგის სპეციალისტებმა განიხილეს საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობა, მთავარი გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.
რაც შეეხება ღონისძიების დასკვნით ნაწილს, ის უცხოელმა გამომსვლელმა, არქიტექტორმა და სტუდია Kengo Kuma & Associates-ის პროექტების მენეჯერმა – ნიკოლას გიშარმა დახურა. მისი პრეზენტაცია მოიცავდა თანამედროვე არქიტექტურული სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის, კენგო კუმას მუშაობის ფილოსოფიის განხილვას და სტუდიის მიერ შექმნილი პროექტის, ბათუმის Silk Towers-ის კონცეფციის წარდგენას.
„homeis.ge“-ის ეს ღონისძიება ყოველთვის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთმანეთს ვხვდებით, ერთმანეთის გვესმის, ვუღრმავდებით სხვადასხვა პროექტებს. დღევანდელი ფორუმი საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ ქართულ პროექტებთან ერთად, კენგო კუმას პროექტის პრეზენტაციაც მოხდა. მე მგონია, ეს ის მომენტია, როდესაც „homeis.ge“ შეიძლება საერთაშორისო პლატფორმაც იქცეს და ყოველწლიურად უცხოელი არქიტექტორებიც მოიწვიოს. ყველა ქვეყანას აქვს ერთი ასეთი საყრდენი პლატფორმა და ვფიქრობ, საქართველოში „homeis.ge“ ნელ-ნელა ხდება ასეთი“ – არქიტექტორი, TIMM Architecture-ის დამფუძნებელი, ნიკოლოზ ლეკვეიშვილი ღონისძიებისგან მიღებული შთაბეჭდილების შესახებ
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ფორუმი „სახლი და ბიზნესი“ გამოირჩეოდა გამომსვლელების საინტერესო შემადგენლობით, განახლებული კონცეფციით, საერთაშორისო ჩართულობით და მრავალფეროვანი, შინაარსობრივად დატვირთული პროგრამით. განხილული თემების აქტუალობამ და მრავალმხრივობამ შექმნა სივრცე დარგებს შორის კავშირების გაღრმავებისა და მათი მნიშვნელობის გააზრებისთვის, რაც საბოლოოდ, ინდუსტრიის თანმიმდევრული და სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
ღონისძიების პარტნიორები:
TON design, m2, Home by Dressup, TBC Capital, Mosaics, Silk Development, Buildy, საოფისე ტექნოლოგიები (Office Technologies), Signall, არქი, Render Group, Lutecia, Atelier Rebul, IPS • აიპიეს, Atlas Concorde, Aura Concept • აურა კონცეპტი.




















