ოქროყანაში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც ურბანული გარემოსა და კონფიდენციალურობის საკითხს განსხვავებული არქიტექტურული მიდგომით პასუხობს სტუდია Timm Architecture-ს ეკუთვნის და მისი მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ტრადიციული პერიმეტრული ღობის ფუნქცია თავად შენობამ შეითავსოს.

ოქროყანაში არსებული განაშენიანების დიდი ნაწილი მაღალი ღობეებით შემოსაზღვრულ ინდივიდუალურ სახლებს აერთიანებს, რის გამოც ქუჩის სივრცე ხშირად დახურული და ფრაგმენტულია. პროექტი ამ მოდელს არ იმეორებს — აქ სახლი თავად იქცევა “საზღვრად”, რომელიც ნაკვეთს იცავს და შიგნით პრივატულ, მშვიდ გარემოს ქმნის.

ქუჩისკენ მიმართული ფასადი მთლიანად ჟანგმოდებული ფოლადის ზედაპირით არის შესრულებული, რომელშიც დიდი პერფორირებული მეტალის კარებია ინტეგრირებული. ეს მოძრავი პანელები ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: იცავს ინტერიერს ქუჩისგან, აკონტროლებს სინათლისა და ჰაერის ნაკადს და ამავდროულად ცვლის შენობის ვიზუალურ ხასიათს. დახურულ მდგომარეობაში სახლი ერთიან მონოლითურ და ჩაკეტილ მოცულობად აღიქმება, ხოლო კარების გახსნისას ინტერიერი უფრო ღია და გამჭვირვალე ხდება.
სახლის ძირითადი სივრცეები შიდა ეზოს გარშემოა ორგანიზებული. მისაღები, სასადილო და სამზარეულო პირველ სართულზე, ეზოს გასწვრივ ვითარდება და დიდი მინის ღიობებით პირდაპირ უკავშირდება ბაღს. ზედა სართულებზე განთავსებული საძინებლები და კერძო სივრცეებიც ამავე პრინციპს იმეორებს — ყველა ოთახი შიდა ეზოსკენ არის მიმართული, რაც ბუნებრივი განათებასა და კონფიდენციალურობას შორის ბალანსს ქმნის.

სახლის ქვედა დონეზე დამხმარე ზონებია განთავსებული, მათ შორის ავტოფარეხი და ტექნიკური სივრცეები, ხოლო ზედა დონეზე დახურული აუზი და ტერასები გვხვდება, რაც საცხოვრებელ გარემოს კიდევ უფრო აფართოებს.

პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მზის კონტროლსაც. გარე მოძრავი პანელები მზისგან დამცავი სისტემის ფუნქციას ასრულებს და დღის განმავლობაში ინტერიერში სინათლის ინტენსივობას არეგულირებს. ამასთან ერთად, პერფორირებული მეტალის ზედაპირები სივრცეში მუდმივად ცვალებად ჩრდილებს ქმნის.

მასალების არჩევანი პროექტის არქიტექტურულ კონცეფციას პირდაპირ უკავშირდება. ექსტერიერში გამოყენებული ფოლადი შენობას მკაცრ და გამძლე ხასიათს აძლევს, ხოლო ინტერიერში შედარებით თბილი და ბუნებრივი მასალები გვხვდება, რაც საცხოვრებელ გარემოს უფრო მშვიდ და კომფორტულ იერს სძენს.
Timm Architecture-ის ეს პროექტი თბილისის შემოგარენისთვის დამახასიათებელ საცხოვრებელ მოდელს განსხვავებული პერსპექტივით უყურებს და წარმოადგენს საინტერესო მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება გარდაიქმნას ტრადიციული პერიმეტრული კედელი სრულფასოვან არქიტექტურულ ელემენტად.
არქიტექტურა: ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, ნუცა კანდელაკი
დიზაინ გუნდი: ირინა კარლიკოვა, თამარ ნეფარიძე, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გრიგოლაშვილი, გიორგი პატარიძე, ბექა გულდედავა, ელენე შურღაია






































