in

კინცუგი – ნატეხების გამთელების იაპონური ხელოვნება

საყვარელი ჭურჭლის, ლარნაკისა თუ ძვირფასი მოგონებებით გაჟღენთილი, სენტიმენტალური მნიშვნელობის მქონე სხვა დეკორაციების გატეხვა ერთ-ერთი ის გარდაუვალი, პატარა სევდაა, რაც  ყველას განგვიცდია. შეიძლება გვეგონოს, რომ გატეხილს ვერაფერი გაამთელებს, ან, თუ გაამთელებს, შეკეთებული ნივთი ვერასდროს იქნება ისეთივე მშვენიერი, როგორიც თავდაპირველად იყო. ნატეხებში, არასრულყოფილებაში სილამაზისა და ესთეტიკის აღმოჩენა ისეთი ფაქიზი და რთული რამაა, რამაც შეიძლება ფილოსოფიურ მოძღვრებებსაც დაუდოს სათავე. სწორედ ნატეხების ოქროთი თუ ვერცხლით გამთლიანების პრაქტიკაა “კინცუგი”, იგივე “კინცუკუროი”, რომელიც გვახსენებს, რომ ბზარები ჩვენი ცხოვრების განვლილი გზის მატიანეა და სწორედ მათში იმალება რეალური მშვენიერება.

 

კინცუგის ისტორია XV საუკუნიდან იწყება, მაშინ, როცა იაპონელ სამხედრო ლიდერს, აშიკაგა იოშიმასას საყვარელი ჩაის ჯამი გაუტყდა და ის შესაკეთებლად იაპონიიდან ჩინეთში გაგზავნა. ამ დროს შეკეთების ხელოვნება დასახვეწი იყო – იაპონელ სამხედროს ჯამი უხეში მეტალით გაუმთელეს, რომლის ვიზუალიც საერთოდ არ ჰგავდა თავდაპირველს. გულდაწყვეტილმა აშიკაგა იოსიმასამ გადაწყვიტა, რომ ჯამი იაპონელი ხელოსნებისთვის მიეტანა, რომლებმაც, როცა ნახეს, თუ რაოდენ ძვირფასი იყო ეს თასი სამხედროსთვის, შეკეთებულ ჯამს ჩინეთში დანამატი მეტალი მოაშორეს და ის ფხვიერი ოქროთი და თხევადი ფისით გაამთელეს. სწორედ ასე შეიქმნა კინცუგი-პრაქტიკა, რომელიც გატეხილ ნივთებს ძვირფასი მეტალებით ამთელებს და შედეგად მას ძვირფას დეკორაციად გარდაქმნის, რომლის ღირებულება ერთიორად იზრდება.

კინცუგის ხელოვნება სამ მიმართულებას მოიცავს – ბზარის  გამთელებას, სიცარიელის სითხით ამოვსებას და სიცარიელის ამოვსებას სხვა ნივთის ნატეხით.

 

 

პირველი მიმართულებისას გატეხილი ნივთის ბზარები ბრჭყვიალა, მბზინავი სითხით ივსება, თუმცა მინიმალური რაოდენობით, რათა ნივთის პირვანდელი სახე სრულად არ შეიცვალოს. ეს სითხე შეიძლება იყოს ოქროსფერი ან ვერცხლისფერი.

მეორე, შედარებით დიდი სიცარიელის ამოვსების მეთოდს მაშინ იყენებენ, როცა ნატეხის რომელიმე ნაწილი დაკარგულია. ამ დროს სითხე შედარებით დიდი რაოდენობისაა და მისი მბზინვარება ბევრად თვალსაჩინოა, რაც შეკეთებულ ნივთს კიდევ უფრო ლამაზს ხდის.

კინცუგის მესამე ტექნიკა შედარებით კომპლექსურია – ბზარების სითხით ამოვსებისას დარჩენილ სიცარიელეს სხვა ჭურჭლის ნაწილებს უმატებენ, რომლებიც შესაძლოა ზუსტად ჯდებოდნენ და თავიანთი ფორმით ერგებოდნენ თავდაპირველ ნივთს, ან განსხვავებული ზომის იყვნენ, რაც კიდევ უფრო უნიკალურს ხდის შეკეთებულ ნაკეთობას.

კინცუკუროის არასრულფასოვნების ესთეტიკამ დროთა განმავლობაში ფილოსოფიური დატვირთვა შეიძინა და საფუძველი ჩაუყარა მიმდინარეობას, რომელსაც „ვაბი-საბი“ ჰქვია.

დღეს კინცუგის ხელოვნება კიდევ უფრო პოპულარულია და არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. ოქროთი ამოვსებული ბზარები გვხვდება არქიტექტურაში, სამკაულებზე და მუზეუმებშიც კი.

 

კინცუგი მხოლოდ ხელოვნება არაა, ესაა მოძღვრება, რომელიც ადამიანებს აჩვენებს არასრულყოფილების სილამაზეს, გვასწავლის, რომ რამდენ ნატეხადაც არ უნდა დავიმსხვრეთ, ყოველთვისაა შესაძლებელი ჩვენი გამთლიანება, ხოლო ის, რაც ჩვენი ნაკლი გვგონია, ხშირად სხვებისგან გამოგვარჩევს და უნიკალურს გვხდის.

ბინა თბილისში სტუდია Tinatin-ის დიზაინით

ინგო მაურერის ჯადოსნური სანათების ესთეტიკა