in

იატაკის კონვექტორი – რისთვის გამოიყენება და რა ჯდება მისი მონტაჟი საქართველოში?

თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანის ცხოვრებას ბევრად უფრო მარტივს, კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობა იატაკის კონვექტორია, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთ მოთხოვნად და ინოვაციურ გამოგონებას წარმოადგენს. მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ დანადგარი ერთდროულად გათბობისა და გაგრილების სისტემას ითავსებს და სხვადასხვა სეზონზე სახლში სასურველ ტემპერატურას უზრუნველყოფს. მისი უპირატესობა ისიცაა, რომ განსხვავებით სხვა გამათბობელი სისტემებისგან, ის არ იკავებს დიდ ფართს, ნებისმიერი ტიპის ინტერიერის დიზაინს ერგება და რადიატორებთან შედარებით, ბევრად მარტივი მოსავლელია, რადგან არ საჭიროებს ხშირ წმენდა-დასუფთავებას და შესაბამისად, არ წარმოქმნის დაბინძურებულ კერებს. დღეს სწორედ გათბობის ამ ინოვაციურ მეთოდზე გიამბობთ, რომელიც იატაკში მონტაჟის შედეგად ნებისმიერ დროს სახლში გრილ და თბილ ტემპერატურას უზრუნველყოფს და კომფორტულ, სასიამოვნო გარემოს განაპირობებს.

იატაკის კონვექტორს შემდეგი ძირითადი მახასიათებლები გააჩნია:

კომფორტული გამოყენება და მოხმარების სიმარტივე – ამ პროდუქტის უმთავრესი ღირებულება ისაა, რომ განსხვავებით სხვა გამათბობელი სისტემებისგან, რომლებიც სახლში მხოლოდ თბილ ტემპერატურას უზრუნველყოფენ, კონვექტორებს გათბობასთან ერთად, გაგრილების ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია და მათი დახმარებით სახლში სასიამოვნო გარემოს შენარჩუნებას ზაფხულშიც შეძლებთ. ამასთანავე, მისი მონტაჟი საკმაოდ მარტივია, იატაკის გათბობასთან შედარებით, რომელიც მთელს ზედაპირზე, იატაკის საფარის ქვეშ ეწყობა, კონვექტორი მხოლოდ მცირე ადგილს იკავებს, მოსავლელად კი ბევრად მარტივი და მოსახერხებელია. იმის გამო, რომ პროდუქტი იატაკის ქვეშაა მოთავსებული, რადიატორებისგან განსხვავებით, ის ყოველდღიურ წმენდასა და მტვრისგან დაცვას არ საჭიროებს.

ენერგოეფექტურობა და ეკონომიურობა – კონვექტორი (გამოყენების საჭიროებიდან გამომდინარე, გათბობის შემთხვევაში) გათბობის ქვაბის სისტემას უერთდება, მისი მოხმარება კი რადიატორებთან შედარებით, ბევრად ეფექტურია, რადგან თუ რადიატორები ზედაპირიდან 30-40 სანტიმეტრის სიმაღლიდან იწყებს სივრცის გათბობას და თბილი ჰაერი ჯერ ჭერამდე ადის, შემდეგ კი ოთახში ნაწილდება, კონვექტორი უშუალოდ ძირიდან, იატაკიდან გამოყოფს სითბოს და მთელ სივრცეში მაღალი ტემპერატურის თანაბარ გადანაწილებას უზრუნველყოფს. იატაკის გათბობისგან განსხვავებით, რომელსაც შედარებით დიდი დრო სჭირდება სასურველი ტემპერატურის მისაღწევად, კონვექტორი ბევრად მალე ახერხებს სახლის დათბუნებას და სასიამოვნო გარემოს ქმნის. ეს ყოველივე მის ენერგოეფექტურობას განაპირობებს: სწრაფი გათბობის შედეგად, ქვაბი ნაკლები დატვირთვით მუშაობს, შესაბამისად ყოველთვიური კომუნალური ხარჯიც მცირდება.

ორიგინალური ინტერიერი და სივრცის ეფექტური გამოყენება –  კონვექტორები მცირე ადგილს იკავებს ინტერიერში, რაც საშუალებას იძლევა, არსებული სივრცე თავისუფლად და ბევრად ეფექტურად გამოვიყენოთ. კედლები უფრო საინტერესოდ დავტვირთოთ და ნებისმიერ ზონაში სასურველი ავეჯი განვალაგოთ. ამასთანავე, დღესდღეობით დიზაინერები ცდილობენ ტრადიციული გამათბობელი სისტემებისგან განსხვავებით, უპირატესობა ინოვაციურ, განსხვავებულ პროდუქციას მიანიჭონ, კონვექტორები კი თანამედროვე ტენდენციების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. ასევე, მომხმარებელს შეუძლია შესაბამისი დიზაინისა და ზომის პროდუქტი ნებისმიერი ტიპის ინტერიერს შეუხამოს და პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად, სახლის ესთეტიკური მნიშვნელობაც გაზარდოს.

რა ჯდება და რაზეა დამოკიდებული კონვექტორის ფასი?

კონვექტორის მონტაჟისას რეკომენდებულია ამ სფეროში გამოცდილ შესაბამის პირებს მიმართოთ, რომლებიც პროდუქტის სწორად შერჩევასა და ინსტალაციაში დაგეხმარებიან, რათა თავიდან აიცილოთ სხვადასხვა გართულება და კონვექტორის გამოყენება მაქსიმალურად ეფექტური გახადოთ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დღეს ჩვენ ამ დარგში მოღვაწე ერთ-ერთ კომპანიას, Berketi Design-ს მივმართეთ.

კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კონვექტორის მონტაჟისას სასურველია, მისი მოთავსება ფანჯრიდან 100 მმ-ის დაშორებით მოხდეს. პროდუქტის გამოყენება კი განსაკუთრებით ეფექტური ისეთ ადგილებშია, სადაც ვიტრაჟული ტიპის ფანჯრებია განთავსებული, ვინაიდან ამ შემთხვევაში გაცილებით მეტია თბოდანაკარგი, რომელსაც რადიატორები და იატაკის გათბობის სისტემა შესაძლოა ვერ მოერიოს, ამიტომ ასეთ დროს, კონვექტორი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, რადგან ის შედარებით მძლავრ გამათბობელ საშუალებას წარმოადგენს.

რაც შეეხება კონვექტორის ფასს, მასალის ღირებულება დამოკიდებულია კონვექტორის დიზაინზე – სიგრძეზე, სიგანესა და ფერზე. ამასთანავე, სიმძლავრეზე, რომელიც თბოდანაკარგებით განისაზღვრება. თავის მხრივ, თბოდანაკარგის გამოთვლა სხვადასხვა ფაქტორით იანგარიშება – როგორი ტიპის საცხოვრებელია, კერძო სახლია თუ ბინა. ბინის შემთხვევაში გასათვალისწინებელია სართული და ის, თუ რამდენად თბება მიმდებარე საცხოვრებლები, როგორია ჭერის სიმაღლე, კედლების სისქე, ფანჯრების რაოდენობა. ამ ყოველივეს განსაზღვრა, საბოლოოდ, შესაფერისი სიმძლავრის კონვექტორის შერჩევაში დაგეხმარებათ.

არსებობს კონვექტორის სტანდარტული ვერსიები და მომხმარებლის სურვილზე მორგებული (სასურველი ფერისა თუ ზომის) მასალა, რომლის ფასიც შესაბამისად იზრდება, რადგან შეკვეთით ხდება დამზადება. საშუალოდ, კონვექტორის ფასი 1000 ლარიდან ივარაუდება. მაგალითად, 8 სანტიმეტრი სიღრმის მქონე კონვექტორის ფასი 1070 ლარიდან იწყება, ხოლო 9 სანტიმეტრიანის შემთხვევაში – 1230 ლარიდან (სტანდარტული კონვექტორის სიგანე  140 სანტიმეტრს მოიცავს, რომელიც მოთხოვნის მიხედვით უფრო პატარაც შეიძლება დამზადდეს). მომხმარებლის სურვილზე მორგებული 28 სანტიმეტრიანი შავი ფერის კონვექტორი თავისი სრული აღჭურვილობით (კონვექტორი, ცხაური, კონტროლ პანელი, ვენტილატორი) 5240 ლარი დაჯდება.

რაც შეეხება მონტაჟის ღირებულებას, ის კონვექტორის ზომასა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ ბევრი კონვექტორის დაყენებაა საჭირო, მისი ფასი ერთობლივად იანგარიშება და კლებადია. საშუალოდ, ერთი კონვექტორის მონტაჟის ღირებულება (იმ შემთხვევაში თუ იატაკი ამოსაჭრელი არ არის) 250 ლარიდან იწყება, იატაკის ამოჭრის შემთხვევაში კი, საშუალოდ, ერთი პროდუქტის ინსტალაციას 100 ლარი ემატება. კონვექტორების საჭირო რაოდენობა თბოდანაკარგის მიხედვით გამოითვლება.

რომ შევაჯამოთ, იატაკის კონვექტორი ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, რომელსაც სივრცის გათბობასთან ერთად, გაგრილების ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია. კონვექტორს მრავალი უპირატესობა გააჩნია: ის მცირე ადგილს იკავებს და მეტ თავისუფლებას იძლევა, რათა სახლი თქვენი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით მოაწყოთ. რაც შეეხება ხარჯებს, მასალისა და მონტაჟის ღირებულება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული და შესაბამისად, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს.

 

გარეკანის ფოტო: ოთო გორდელაძე

კერძო სახლი თუ კორპუსის ბინა – როგორ გადავწყვიტო?

როგორ შევარჩიოთ ლითონის შესასვლელი კარი? – 8 გასათვალისწინებელი ფაქტორი