in

ინტერიერი ჯანმრთელობის სადარაჯოზე — 7 სასარგებლო გადაწყვეტა

საცხოვრებელი სივრცე ფერების, ფორმების, სინათლის, ტაქტილური შეგრძნებების, სურნელის, ბგერების, ემოციური რეაქციების და ასოციაციების კომპლექსს წარმოადგენს. ეს ყველაფერი ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე ყოველდღიურად ზემოქმედებს. იმისათვის, რომ ინტერიერი „ჯანსაღი“ გავხადოთ, ვირჩევთ ბუნებრივ მასალებს, ვიკვლევთ გარემოსდაცვით სერტიფიკატებს, ვყიდულობთ კომფორტულ, ერგონომიულ ავეჯს, ვცდილობთ სისუფთავის შენარჩუნებას, მაგრამ ხშირად უგულებელვყოფთ სხვა, ნაკლებად აშკარა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს. როგორ ვაქციოთ ინტერიერი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში ჩვენს დამხმარედ? დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.

შესავალი ფერთა თერაპიაში

ფერი სივრცის აღქმაზე მკვეთრად ზემოქმედებს. სინათლის ტალღების ვიბრაციის სიგრძისა და სიხშირის განსხვავებების გამო, თვალებისა და ტვინის მიერ ყველა ელფერი განსხვავებულად აღიქმება და განსხვავებულ ემოციურ რეაქციას იწვევს. წითლის სინათლის ტალღები უფრო გრძელია და ჩვენი აღქმისთვის ეს ფერი უფრო რთულია, ვიდრე მწვანე ან ლურჯი, რომელთა სინათლის ტალღებიც მოკლეა. წითელი უფრო აქტიურად გვეჩვენება, ხოლო მწვანე და ლურჯი ელფერები დამამშვიდებელი ეფექტის მქონეა.

ასევე მნიშვნელოვანია ასოციაციები. მაგალითად, მცენარეები მწვანეა. ეს ბუნებრივი ასოციაციები ადვილად იკითხება და იწვევს ბუნებრივ ანტისტრესულ რეაქციას, როგორიც შეიძლება ტყეში მზიან დღეს სიარულის დროს განიცადოთ.

ფერთა თერაპიის მიმდევრები თავიანთ კვლევებში უფრო შორს მიდიან და თითოეულ ფერს ანიჭებენ გარკვეულ სამკურნალო თვისებებს, ამტკიცებენ, რომ ნარინჯისფერი ზრდის მადას, ყვითელი შთააგონებს ოპტიმიზმს, იასამნისფერი ამაღლებს თვითშეფასებას და ა.შ.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერთა თერაპიის საფუძვლები, მაგრამ ყველა რეკომენდაცია სიტყვასიტყვით არ უნდა მიიღოთ. სერიოზულად არ უნდა ელოდოთ, რომ საძინებელში კედლების ელფერი არტერიული წნევის დაწევას შეძლებს, მაგრამ ეს ნამდვილად იმოქმედებს თქვენს ემოციურ ფონზე. ფერთა პალიტრის შერჩევისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ფსიქოლოგების რეკომენდაციებითა და პირადი ასოციაციებით. რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეთ, რომ ფერები მუშაობს კომბინაციაში და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კონკრეტული ელფერის დოზაზე.

ბუნებრივი ასოციაციები

რაც უფრო ახლოს არის ინტერიერი ვიზუალურად ველურ ბუნებასთან, მით უფრო ადვილია მასში დასვენება. ბიოფილური დიზაინის გულშემატკივრები დარწმუნებულნი არიან, რომ ბუნებრივი ასოციაციებით გაჯერებული ინტერიერი ქალაქის მაცხოვრებლისთვის დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის და ბუნებასთან კავშირს უზრუნველყოფს.

ბიოფილური დიზაინი მხოლოდ ბუნებრივ მასალებს არ ეხება. ის მოიცავს ბუნებრივ ფერებს, გლუვ, გამარტივებულ ფორმებს და ტექსტურებს, რომლებიც „ცოცხალ“ სამყაროს ჰბაძავს. ასევე მისასალმებელია ოთახის მცენარეები, რადგან მათი ყურება სასიამოვნოა და ადამიანში სიმშვიდეს აღძრავს.

ფარდები უძილობის წინააღმდეგ

კარგი ძილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ფარდები. თუ ღამით დაძინება გიჭირთ, შეარჩიეთ გაუმჭვირვალე ნაჭერი, რომელიც დილის შუქთან და ქალაქის განათებასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. საძინებელში სიბნელე მელატონინის გამომუშავებას შეუწყობს ხელს და თქვენც მარტივად დაგეძინებათ.

განათება სიმშვიდისთვის

მზის შუქი ინტერიერში სამკურნალო თვისებების მქონედ და ესთეტიკურად ითვლება, ამიტომ დიზაინერები და არქიტექტორები მასზე „ნადირობენ“. მაგრამ თუ ბინას სამხრეთისკენ მიმართული პანორამული ფანჯრები არ გააჩნია, ხოლო მზიანი დღეები თქვენს მხარეში იშვიათია, არ უნდა იფიქროთ, რომ დანაკლისს ხელოვნური თეთრი შუქი აგინაზღაურებთ. ცივი სინათლე ფსიქიკას აღაგზნებს და ასეთ ოთახში დასვენება არ გამოვა. ჭარბი განათება საძინებელში ან მისაღებ ოთახში ასევე ვერ დაგეხმარებათ სიმშვიდის ეფექტის შექმნაში.

საღამოობით ჩვენი სხეული ყველაზე კარგად გრძნობს თავს თბილი ხელოვნური განათების ფონზე. დღის ამ მონაკვეთში ასევე უმჯობესია ზედმეტ განათებაზე უარის თქმა ადგილობრივი სანათების სასარგებლოდ — იდეალურ შემთხვევაში სუსტი განათებით. ასეთი შუქი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ჩვენს ბიორიტმებთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფუნქციურ ადგილებში — აბაზანის სარკესთან, სამზარეულოს სამუშაო ზონაში — ყოველთვის უნდა იყოს საკმარისი სინათლე და უმჯობესია არა თბილი, არამედ ცივი ან ნეიტრალური განათება შეარჩიოთ.

ცოდნის წყურვილი

რისთვის არის საჭირო წიგნები ციფრულ ეპოქაში? ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ინტერიერში წიგნების ფიზიკური არსებობა ხელს უწყობს პროდუქტიულობას და სწავლის მოტივაციას. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახლის ოფისებსა და ბავშვთა ოთახებში.

გარდა ამისა, წიგნის ხელმისაწვდომობა ყოველთვის სასარგებლოა — სულ რაღაც 10 წუთიანი კითხვა დაგეხმარებათ შეანელოთ გულისცემა, შეამციროთ კუნთების დაძაბულობა და სტრესის დონე. რა თქმა უნდა, ქაღალდის წიგნს შეუძლია უკეთ გაუმკლავდეს ამას, ვიდრე ციფრულ მოწყობილობას.

ხელოვნება კურნავს

ინტერიერი უნდა შეიცავდეს ისეთ საგნებს, რომლის ყურებაც გსიამოვნებთ და თქვენთვის ფანტაზიას აღვიძებს. ასეთი ნივთი შეიძლება ხელოვნების ნიმუში იყოს.

აუცილებელი არ არის, რომ აღიარებული შედევრი ან ძვირადღირებული ნამუშევარი შეიძინოთ, მთავარია, მან თქვენში სასიამოვნო განცდები აღძრას. უბრალოდ მიენდეთ საკუთარ გრძნობებს და შეარჩიეთ ის, რაც თქვენ მოგწონთ, რადგან ერთი და იგივე ნახატი ზოგი ადამიანისთვის გამაღიზიანებელი იქნება, ზოგისთვის კი — დამამშვიდებელი.

დასუფთავება და დატენიანება

ვიზუალურ კომპონენტები სამკურნალო ეფექტს მხოლოდ ოთახში ჯანსაღ მიკროკლიმატთან ერთად ქმნის. სიმშრალის პერიოდში ჩვენ ხშირად ვხდებით უენერგიო, გაღიზიანებული, ჩვენი შრომისუნარიანობა იკლებს, კანი და თმა მშრალი, მტვრევადი ხდება.

პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ ოთახის დამატენიანებელი მოწყობილობა, რომლის ტიპიც ოთახის ფართობიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ მტვერი, ალერგენები, ბაქტერიები და მავნე აირისებრი ნივთიერებები, რომლებიც თან ახლავს ქალაქში ცხოვრებას, ჰაერში დაფრინავს. მათი თავიდან მოშორება კიდევ ერთი სასარგებლო მოწყობილობის — ჰაერის გამწმენდის დახმარებით შეგიძლიათ. მოწყობილობა, რომელიც მრავალი ფილტრით არის აღჭურვილი, რეალურად პასუხისმგებელია იმ ჰაერის ხარისხზე, რომელსაც სუნთქავთ.

რუბრიკა “მყუდრო სახლის” წარმდგენია კომპანია ელიტ ელექტრონიქსი

ინიგო ჯონსი — კლასიკური ინგლისური ტრადიციის დამფუძნებელი არქიტექტურაში

თანამედროვე ინტერიერი კლასიკური შტრიხებით შატბერაშვილის ქუჩაზე- სტუდია Abigroup-ის ნამუშევარი