in

რას უნდა შევუხამოთ წითელი ინტერიერში — 6 საუკეთესო ვარიანტი

ინტერიერში წითელ ფერს სიფრთხილით იყენებენ — ის საკმაოდ მკვეთრი და აგრესიულია, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, არცთუ ისე დადებით ასოციაციას იწვევს (მაგალითად, სისხლის). წითელი მოქმედებს როგორც ფსიქიკაზე, ასევე ფიზიოლოგიაზე. იგი ასტიმულირებს ტვინს და აძლიერებს მადას. მეტიც – მას შეუძლია გულისცემაც კი ააჩქაროს. სწორედ ამიტომ, საცხოვრებლების დიზაინში წითელი ფერი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შევარჩიოთ ის ფერები, რომლებსაც მას შევუხამებთ. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ და 6 საუკეთესო კომბინაციას შემოგთავაზებთ.

აქრომატული ფერები

აქრომატულ ფერთა სპექტრს მიეკუთვნება თეთრი, შავი და ნაცრისფერი. ისინი ძალიან ხშირად ინტერიერში ერთად გამოიყენება. აქრომატული ფერების მთავარი მახასიათებელი პალიტრის მრავალფეროვნებაა. ისინი თანაბარი წარმატებით ერწყმის ყველა სხვა ფერს, თუმცა თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულ ეფექტს იძლევა.

  • თეთრი ვიზუალურად აფართოებს ოთახს, მას სინათლითა და სიმსუბუქით ავსებს. მსუბუქი ზედაპირები უფრო დიდი ჩანს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრიალა ტექსტურასა და კარგ განათებასთანაა შერწყმული.
  • შავი ფერი სივრცეს ინტიმურობის განცდას ჰმატებს, თუმცა მისმა სიჭარბემ შეიძლება ინტერიერი დააუშნოოს: მუქი კედლები უფრო დაბალი და მოკლე ჩანს, ავეჯი — უფრო კომპაქტური, თუმცა, ამავდროულად, გრაფიკული.
  • ნაცრისფერი ერთ-ერთი საუკეთესო საბაზისო ფერია. მისი ელფერების სიმრავლის წყალობით, შეგიძლიათ შექმნათ როგორც მსუბუქი და ჰაეროვანი, ასევე – უფრო სერიოზული და ელეგანტური ინტერიერი.

კრემისფერი

ნაცრისფრის მსგავსად, კრემისფერიც საბაზისო ფერია, რომელიც ნებისმიერ პალიტრას ერგება.

კრემისფერი მშვიდი, მსუბუქი ფერია. ის არ აღიზიანებს თვალს, ამშვიდებს ფსიქიკას და ოთახში სიმყუდროვეს ქმნის. ეს ფერი მშვენივრად გამოიყურება წითლის ნებისმიერ ტონალობის გვერდით. ამ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა პალიტრის საფუძვლად კრემისფრის შერჩევა: დეკორაციისთვის, დიდი ავეჯისთვის, ხალიჩებისა და ფარდებისთვის. აქცენტებისთვის უფრო მკვეთრი ელფერები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც ნეიტრალურ ბაზას გააცოცხლებს. კრემისფერი შეიძლება იყოს საკმაოდ მუქი, ან სრულიად ღია, თითქმის თეთრი. ელფერის შერჩევა დამოკიდებულია ოთახის ზომასა და განათებაზე, ასევე, პალიტრის ზოგად იერსახეზე.

ლურჯი

შედარებით მკვეთრ ფერებს შორის კლასიკური კომბინაცია ლურჯთან შეხამებაა. ამისთვის მისი ნებისმიერი ელფერი გამოდგება – მუქი ტონებით დაწყებული, ცისფრით დამთავრებული.

ალისფერ ტონებს ლურჯი კონტრასტის პრინციპით ერწყმის: ცეცხლი და წყალი, სითბო და სიცივე, ენერგია და სიმშვიდე. სწორედ ამიტომ, ეს ორი ტონი ერთად ჰარმონიულ კომბინაციას იძლევა. თუმცა, მნიშვნელოვანია, პროპორციების თვალსაზრისით, შეცდომა არ დაუშვათ. თუ ორივე ფერს  თანაბარი პროპორციითა და გაჯერების ერთნაირი დოზით ანაწილებთ, შესაძლოა, არც ისე ჰარმონიული შედეგი მიიღოთ. უმჯობესია, მათგან ერთს – მთავარი ფერის, მეორეს კი შემავსებლის ფუნქცია მიანიჭოთ. ასევე, შეგიძლიათ 60/30/10 წესი გამოიყენოთ: საფუძვლად ნეიტრალური ტონი (მაგალითად, ღია ნაცრისფერი ან კრემისფერი) აიღეთ, ლურჯი დამატებით ფერად გამოიყენეთ, ხოლო წითელი — აქცენტად. თუ ლურჯი არ მოგწონთ, ან ძალიან მელანქოლიურად გეჩვენებათ, შეგიძლიათ, მუქი იასამნისფრით, ცისფრით ან აკვამარინით ჩაანაცვლოთ.

მწვანე

თავისი ბუნებრიობის წყალობით, მწვანე საკმაოდ ბევრ ფერს იდეალურად ერწყმის.

ბუნებაში მწვანის გვერდით თითქმის ყველა ფერის ნახვა შეიძლება, მათ შორის წითლისაც – მაგალითად, მარწყვის ბუჩქები, ბროწეულის ხე, გამწვანება ბაღში, ახლად აყვავებული ვარდები. ეს მაგალითები შეგიძლიათ ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად გამოიყენოთ, თუმცა, ლურჯის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ. რაც შეეხება ელფერებს, ერთმანეთს უხდება ღია პასტელური ვარიაციები (მაგალითად, ორაგულისფერი და ფისტისფერი, პიტნისფერი და მარჯნისფერი), ან, პირიქით, მუქი ტონები (ზეთისხილისფერი და შინდისფერი, ბალახისფერი და ტერაკოტისფერი). იმისათვის, რომ ინტერიერი ნათელი ფერებით არ გადატვირთოთ, უმჯობესია, ეს წყვილი აქრომატული ფერით ან ღია კრემისფრით განზავდეს. ასევე, ბუნებრივ პალიტრაში ჯდება ყავისფერიც, განსაკუთრებით – ხის ტექსტურის საშუალებით.

ნარინჯისფერი

ფერთა სწორი კომბინაციის შესაქმნელად ყველაზე პრაქტიკული ხერხი Itten-ის ფერების ბორბლის გამოყენებაა.

მაგალითად, ალისფრის მიმდებარე ელფერი ნარინჯისფერია. ერთის მხრივ, ეს კომბინაცია ძალიან თამამია, რადგან ორივე ელემენტი მკვეთრი, ნათელი და ენერგიულია. მეორე მხრივ, თუ მათ აქცენტებად გამოიყენებთ და უფრო მშვიდი ტონებით (კრემისფერი, თეთრი, ღია ნაცრისფერი) გააზავებთ, მყუდრო და მზიან ინტერიერს მიიღებთ, რომელიც ენერგიით აგავსებთ და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ. იმისათვის, რომ ოთახი არ გადატვირთოთ, წითლისა და ნარინჯისფრის კომპლექსური, ოდნავ მდუმარე ტონები შეარჩიეთ.

ყავისფერი

ყავისფერი და წითელი საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან: ყავისფრის ზოგიერთი ელფერი შეიცავს მოწითალო ნახევარტონს და პირიქით. ამიტომ ეს ორი ფერი ერთად ყოველთვის ბუნებრივად გამოიყურება. ხშირად ისინი კლასიკურ ინტერიერში გამოიყენება, რომელშიც ბევრი სხვადასხვა სახეობის ბუნებრივი ხე და მძიმე, ხავერდოვანი ქსოვილია. თუმცა, ფერთა ამ კომბინაციას საფრთხეც ახლავს: ინტერიერი შეიძლება ძალიან პირქუში და გადატვირთული გამოვიდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, ისინი უფრო ღია, ჰაეროვანი ფერებით უნდა განზავდეს, მაგალითად, თეთრით, მარგალიტისფრით, ნაცრისფრით, სპილოსძვლისფრით ან ჩალისფრით.

 

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

„კასტელო“-ს სივრცეში, ახალი ექსკლუზიური ბრენდის, LIU-JO LIVING COLLECTION-ის გახსნის ცერემონია გაიმართა

ფერადი ეკლექტური სახლი ლონდონში