in

ინტერიერის დიზაინერი, როგორც პროფესია — ნინო მანჯავიძის ხედვა

ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა დღეს საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, იზრდება ამ პროფესიით დაინტერესებულთა რიცხვიც, რომელთაც დიზაინის სფეროში დასაქმება და ინტერიერის შესწავლა სურთ. პროფესიის არსის სრულად გაგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ამ პროფესიაზე და მის შესახებ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას ფლობენ.  ამ პრობლემატიკაში გარკვევის მიზნით, ჩვენ გამოცდილ არქიტექტორსა და დიზაინერს — ნინო მანჯავიძეს მივმართეთ, რომელიც ინტერიერის დიზაინერის პროფესიასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას გვიზიარებს.

ნინო მანჯავიძე  განმარტავს არქიტექტურის პროფესიას, რომელშიც ნათლად არის წარმოდგენილი თუ რა ერთობლიობას წარმოადგენს არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი და როგორი განუყოფელია ეს ორი დისციპლინა ერთმანეთისგან, რადგან არქიტექტურა ინტერიერის დიზაინის ფუნქცია-მოვალეობებსაც მოიაზრებს. ჩვენი რესპონდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ამ ერთობლიობიდან ინტერიერის დიზაინის გამიჯვნა აქტუალური  მე-20 საუკუნიდან გახდა, რა დროსაც არქიტექტურა შენობის კონცეფციასა და ფორმაზე, ინტერიერის დიზაინი კი შიდა სივრცეზე ფოკუსირდა.

„არქიტექტურა, როგორც დისციპლინა შენობა-ნაგებობების დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნებას,  მეცნიერებას გულისხმობს და ურბანულ დაგეგმარებას, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის შექმნას მოიცავს. ამგვარი ერთობლიობიდან ინტერიერის დიზაინერის, დეკორატორის პროფესიული კუთხით გამიჯვნა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მე-20 საუკუნეში, რასაც ხელი შეუწყო მოდერნიზმისა და ფუნქციონალურობისადმი დაინტერესებამ, ახალი ტექნოლოგიებისა და მასალების განვითარებამ.

დღეს ინტერიერის დიზაინერი ხელოვნებას, ტექნოლოგიას, პრაქტიკულ უნარებსა და სხვადასხვა დისციპლინარულ ცოდნას აერთიანებს. კონცეპტუალურ გააზრებას და დეტალურ დამუშავებას მოითხოვს როგორც კერძო, ასევე საჯარო პროექტები, საცხოვრებელი და კომერციული ფუნქციის შემცველი კომპლექსები, მათ შორის  რესტორნები, ოფისები, სასტუმროები, მაღაზიები და სხვა.

არქიტექტორი მუშაობს შენობის კონცეფციაზე, ფორმაზე, ფუნქციასა და დაგეგმვაზე. ითვალისწინებს შენობის სტრუქტურას და საინჟინრო სისტემებს, საკანონმდებლო რეგულაციებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ურთიერთქმედებს გარემოსთან და ურბანულ ინფრასტრუქტურასთან. ინტერიერის დიზაინერი კი შენობის შიდა სივრცეზეა ფოკუსირებული და კონსტრუქციის, ფუნქციონალურობისა და ერგონომიკის პრინციპებს ითვალისწინებს. შესაბამისი ატმოსფეროს შექმნა მოიცავს მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის, განათების, ტექსტილის, დეკორატიული ელემენტებისა და აქსესუარების შერჩევას. ინტერიერის დიზაინერს ასევე შეუძლია შეიმუშაოს ინტერიერის გეგმარება, ითანამშრომლოს სხვადასხვა პროფესიონალებთან, არქიტექტორებთან და ინჟინრებთან. ზოგიერთ შემთხვევაში, არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის ასპექტი შეიძლება გაერთიანდეს კიდეც, განსაკუთრებით მცირე პროექტებზე მუშაობისას, სადაც ერთი გუნდია პასუხისმგებელი როგორც არქიტექტურაზე, ასევე სივრცის დიზაინზე. საბოლოო ჯამში, არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის გადაწყვეტილებების ინტეგრაცია ხელს შეუწყობს უფრო თანმიმდევრული და ჰარმონიული დიზაინის შექმნას. დიდ და რთულ პროექტებში მოვალეობების გაყოფა შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს საბოლოო შედეგის მისაღწევად.

კონცეპტუალურ და ფუნქციონალურ  გადაწყვეტილებებს ექსტერიერისა და ინტერიერისთვის შეუძლია გავლენა მოახდინოს ერთმანეთზე. შენობისთვის არჩეული სტილი და ზოგადი კონცეფცია შეიძლება გაგრძელდეს როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. ფუნქციური საჭიროებები და სივრცის ორგანიზება  შენობისათვის  შეიძლება განისაზღვროს ინტერიერის საჭიროებებით და პირიქით. ექსტერიერის მასალების არჩევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ინტერიერის მასალებისა და მოპირკეთების არჩევანზე. მასალების თანმიმდევრულობამ — შექმნას ერთიანი შთაბეჭდილება და უზრუნველყოს ჰარმონია ექსტერიერსა და ინტერიერს შორის. ზოგადად, კონცეპტუალური და ფუნქციური გადაწყვეტილებების კოორდინაცია ექსტერიერსა და ინტერიერს შორის არის წარმატებული შენობის დიზაინის მთავარი ასპექტი, რათა შეიქმნას ჰარმონიული და ფუნქციონალური სივრცე როგორც გარეთ, ასევე შიგნით”.

ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ყველა დიზაინ პროექტი უნიკალურია და პერსონალიზებულ მიდგომას საჭიროებს. მის სრულყოფილად განხორციელებაში მთავარ როლს კი დიზაინერი, მის მიერ შემუშავებული იდეა და კონცეფცია თამაშობს. ნინო მანჯავიძე დეტალურად გვესაუბრება პროფესიისთვის საჭირო უნარებზე, მის ნაკლოვანებებზე, ფინანსურ მხარესა და მოვალეობებზე, რაც ინტერიერის დიზაინს ახლავს თან.

„ინტერიერის დიზაინი არის ფუნქციური და ჰარმონიული სივრცეების შექმნის ხელოვნება, რომელიც  დამკვეთის მოთხოვნებს ასახავს ინტერიერის დიზაინერის  პროფესიული გამოცდილების პრიზმაში.

პროფესიის უპირატესობები:

  • ინტერიერის დიზაინერს, უნიკალური ინტერიერს შექმნით შესაძლებლობა აქვს შემოქმედებითი თავისუფლება გამოავლინოს;
  • დიზაინის მრავალფეროვნება სხვადასხვა ფუნქციონალური გადაწყვეტებისას, პროფესიონალს საშუალებას აძლევს, მუდმივად განვითარდეს და სიახლის ძიებაში იყოს;
  • ისეთი სივრცის შექმნა, რომელსაც დამკვეთის კმაყოფილება და სიხარული ახლავს, საოცრად მამოტივირებელი ასპექტია.

პროფესიის ნაკლოვანებები:

  • ინტერიერის დიზაინერის  სამუშაო გრაფიკი არაპროგნოზირებადია;
  • სამუშაოს შემსრულებელთა ცოდნაზე და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული მიღებული შედეგის ხარისხი;
  • მაღალი კონკურენცია მუდმივად თვითგანვითარებასა და გამძლეობას მოითხოვს;
  • დამკვეთის არასტაბილური ნაკადი და პოპულარიზაციის ხარჯები შესაძლოა ფინანსური სირთულეების საბაბი გახდეს.

ფინანსური ასპექტები:

ინტერიერის დიზაინერის ხელფასი / ჰონორარი შეიძლება განსხვავდებოდეს გამოცდილების, რეპუტაციის და ადგილმდებარეობის მიხედვით.

სამუშაო პერსპექტივა:

სივრცის პერსონალიზაციის მოთხოვნა აგრძელებს ზრდას, შესაბამისად, იზრდება   მოთხოვნა ინტერიერის  დიზაინერებზეც.

საჭირო უნარები და თვისებები:

  • სივრცეში წარმოსახვის უნარი და შემოქმედებითი აზროვნება;
  • ჰარმონიული ინტერიერის შესაქმნელად მნიშვნელოვანია გეგმარებითი პრინციპების, ფერის თეორიის, აკუსტიკის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების სპეციალიზებული ცოდნა;
  • ტექნოლოგიების, მასალების, ბრენდების ცოდნა. მნიშვნელოვანია გააზრებულად, სწორად შეირჩეს სასურველი მოსაპირკეთებელი მასალები, ავეჯი, სანათები თუ აქსესუარები თითოეული პროექტისათვის;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი — დამკვეთის ყურადღებით მოსმენა, სასურველი ინფორმაციის მიღება და გაანალიზება. მომწოდებლებთან და სამშენებლო ინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიონალებთან  წარმატებული კომუნიკაცია;
  • დროის რესურსის და პროექტის ბიუჯეტის ეფექტურად მართვის უნარი, სამუშაო პროცესის კომპეტენტურად ორგანიზება;

საქმიანობის სფეროები და მოვალეობები:

  • დიზაინერი ადგენს საპროექტო დავალებას, ითვალისწინებს დამკვეთის საჭიროებებს, რეფერენსებს და ბიუჯეტს. რის საფუძველზეც სივრცის დაგეგმარება, ფუნქციონალური, ერგონომიული ასპექტების გათვალისწინებით ზონირება, ავეჯის განაწილება მიმდინარეობს;
  • ინტერიერის მთავარი თემის კონცეფციიდან გამომდინარე, დიზაინერი ირჩევს კედლების, ჭერის, იატაკისა და სხვა ზედაპირების მოსაპირკეთებელ მასალებს, ადგენს ფერების სქემებს;
  • ფუნქციური მოთხოვნებიდან, ესთეტიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, დიზაინერი ირჩევს ავეჯს, სანათებს, სხვადასხვა ელექტრო, გათბობა-გაგრილების მოწყობილობებს, ტექსტილსა და დეკორატიულ ელემენტებს;
  • ინტერიერის დიზაინერი ქმნის კონცეპტუალური ავეჯის კონცეფციას და დიზაინს,  არჩევს შესაფერის მასალებს და აქსესუარებს, ამზადებს შესაბამის ნახაზებს და სპეციფიკაციებს ავეჯისთვის. აგრეთვე, მას  შეუძლია დაეხმაროს დამკვეთს ავეჯის მწარმოებლის მოძიებაში, რომელიც მოცემული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელებს პროექტს. ამასთანავე, დიზაინერი უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს და პროექტის მენეჯმენტს ავეჯის წარმოების პროცესში, რათა დამკვეთის  მოლოდინები და პროექტის დიზაინი დაკმაყოფილდეს.
  • დიზაინერი ქმნის  კონცეპტუალურ  რენდერებს, რათა დამკვეთს  წინასწარ შეუქმნას წარმოდგენა   სივრცის ვიზუალზე, რაც მას გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება;
  • დიზაინერი თანამშრომლობს სხვა პროფესიონალებთან — არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, კონტრაქტორებთან და  მომწოდებლებთან პროექტის ინტეგრირებულად შესრულების მიზნით;
  • დიზაინერი ამუშავებს  ნახაზებს, დიაგრამებს და სპეციფიკაციებს სამშენებლო და სარემონტო ჯგუფებისთვის და შესაბამის კონსულტირებას უწევს, რაც პროექტის ზუსტ შესრულებას უზრუნველყოფს;
  • სამუშაოთა წარმოების ყველა ეტაპზე დიზაინერი უწევს საავტორო ზედამხედველობას და შესრულებული სამუშაოს ნახაზებთან შესაბამისობას ამოწმებს;
  • დიზაინერი აკონტროლებს პროექტის ხარჯებს, შესრულების ვადებს, რაც სამუშაოს  დროულად და ბიუჯეტის გათვალისწინებით შესრულებას უზრუნველყოფს.

ჩვენი რესპონდენტი ერთმანეთისგან განასხვავებს ინტერიერის დიზაინერისა და  დეკორატორის ფუნქცია-მოვალეობებს და ინტერიერის დიზაინს უფრო ფართო მასშტაბში მოიაზრებს, რადგან დეკორატორისგან განსხვავებით, მას არქიტექტურული განათლება უნდა ჰქონდეს მიღებული. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ხშირად, ორივე საქმიანობას კვალიფიციური კადრი ითავსებს და სრულ მომსახურებას სთავაზობს დამკვეთს.

„ტერმინები “ინტერიერის დიზაინერი” და “ინტერიერის დეკორატორი” ზოგჯერ ერთი და იმავე მნიშვნელობით  გამოიყენება, თუმცა მათ შორის არსებითი სხვაობაა, კერძოდ: ინტერიერის დიზაინერს უფრო ფართო მოვალეობები და პასუხისმგებლობები აკისრია, ვიდრე ინტერიერის დეკორატორს.  ინტერიერის დიზაინერი ითვალისწინებს არა მხოლოდ ინტერიერის ვიზუალს და სტილს, არამედ მის პრაქტიკულობას, უსაფრთხოებას, ერგონომიკას. ის უზრუნველყოფს სივრცის დაგეგმარებას, დიზაინის კონცეფციის განსაზღვრას, არქიტექტორებთან და ინჟინრებთან კოორდინაციაში ტექნიკური საკითხების მართვას და პროექტირებას.

ინტერიერის დეკორატორს კი არ აქვს მიღებული ფორმალური განათლება არქიტექტურასა და დიზაინში.  შესაბამისად, ის შეიძლება დაქირავებული იყოს კონკრეტული სერვისებისთვის, როგორიცაა ავეჯის შერჩევა ან ფერების სქემის შედგენა.

ამრიგად, მთავარი განსხვავება ინტერიერის დიზაინერსა და ინტერიერის დეკორატორს შორის არის ის, რომ პირველი ეხება ფუნქციური სივრცეების შექმნას და დაგეგმვას, ხოლო მეორე ინტერიერის გაფორმებას. თუმცა, რეალურ პრაქტიკაში, ეს როლები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა და ბევრმა პროფესიონალმა შეიძლება უზრუნველყოს ორივე მომსახურება, რაც დამოკიდებულია დამკვეთის  მოთხოვნებზე და  პროექტის სირთულეზე“.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ლოფტის სტილის ბინა შვედეთში

ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი