in

არქიტექტურა შეგრძნებების დონეზე – ინტერვიუ ნინო მანჯავიძესთან

ნინო მანჯავიძე პროფესიით არქიტექტორია. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მისი არქიტექტურისადმი სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო, ამაში კი განსაკუთრებული როლი მამამ, მათემატიკის პროფესორმა, თენგიზ მანჯავიძემ შეასრულა. ნინოს ხელოვნებისადმი ინტერესი იმ გარემოს უკავშირდება, რომელშიც იზრდებოდა. პატარაობიდანვე დაინტერესდა ხატვით, ლიტერატურით, კინოთი. ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა მამის საქმიანობას და ზოგჯერ მორჩენილი, გამოუყენებელი მასალისგან ცდილობდა სხვადასხვა ნივთის შექმნას.

„ვფიქრობ, ჩანასახის დონეზე, ქვეცნობიერად იყო ჩემში “შექმნითი” ხელოვნების მიმართ გარკვეული მისწრაფება…“ 

დღეს ნინო თავად გვიყვება იმ საინტერესო გზის შესახებ, რომელიც ბავშვობიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება…

გვიამბეთ ბავშვობის იმ მოგონებებზე, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა თქვენზე.

ყველაზე დიდხანს, ბავშვობიდან გამომყვა მამასთან შთაბეჭდილებების გაზიარების სურვილი, რომელიც საოცარ სიხარულს მანიჭებდა. ალბათ, ის იყო ჩემი პირველი მეგობარი. ვფიქრობ, გადაჭარბებულად აფასებდა ჩემს ნიჭს მათემატიკის მიმართ. თუმცა, ჩემს პროფესიაში არცთუ ბოლო ადგილი უჭირავს მათემატიკურ აზროვნებას, ანალიზის უნარს. გეომეტრიისა და სტერეომეტრიის ამოცანების ამოხსნა განსაკუთრებით მიყვარდა. ვხატავდი და ლიტერატურა მიზიდავდა, კინოს გადაღებაზე ვოცნებობდი…

სამოცდაათიან წლებში მამამ ჩვენი ბინის სერიოზული რეკონსტრუქცია გადაწყვიტა და კედლების დემონტაჟი დაიწყო. მაშინ რვა წლის პატარა გოგო ვიჯექი და ვაკვირდებოდი, როგორ ხაზავდა მამა ბინის გეგმარებასა და ავეჯის განლაგებას ე.წ. ,,მილიმეტროვკაზე“. მიხსნიდა როგორ ეხმარებოდა მას ეს ჯადოსნური ფურცელი, დაეცვა ზომები. ამას მოჰყვა მამის მეგობრის, არქიტექტორ თენგიზ მაჭარაშვილის ულამაზესი ესკიზები, დატუშული და დაფერილი აკვარელის საღებავებით. ეს ყველაფერი ძალიან მომწონდა, მაგრამ რასაკვირველია, ბოლომდე ვერ აღვიქვამდი არქიტექტორის ჩანაფიქრს. დღეს რომ ვაკვირდები, ამდენი წლის შემდეგაც, თამამი და საინტერესო არქიტექტორული გადაწყვეტილება იქნა შემუშავებული. პატივს ვცემ მამას ინტუიციას, რომ პროფესიონალს მიანდო ინტერიერის დიზაინი. იმ დროში ამას თითქმის არავინ აკეთებდა. ბევრჯერ მინახავს, როგორ იჭრებოდა ელექტრო ხერხით ესა თუ ის დეტალი. პატარა, გამოუყენებელ ნაჭრებს მაძლევდნენ და დიდი ინტერესით ვაკეთებდი სავარძლებს, მაგიდასა და საწოლს თოჯინისათვის. ცოტა მოზრდილი ნარჩენებით სახლის გაკეთებასაც ვცდილობდი…

თენგიზ მანჯავიძე
ნინო მანჯავიძე დედასთან, მამასთან და უფროს დასთან ერთად

სად მიიღეთ განათლება? როგორი იყო ეს პროცესი…

არქიტექტურა მრავალმხრივ ცოდნას მოითხოვს. ტექნიკური განათლება და შემოქმედებითი პოტენციალი თითქმის თანაბრადაა საჭირო პროფესიონალად ჩამოყალიბების გზაზე, თუმცა გამორჩეული ხედვა და შემოქმედებისგან სიამოვნების მიღების სურვილი უპირობოდ მამოძრავებელი ძალაა.

კინორეჟისორობაზე ვოცნებობდი. რეჟისორისა და არქიტექტორის პროფესიები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივე სინთეზური ხელოვნებაა და მრავალი ადამიანის, პროფესიონალის ჩართულობას მოითხოვს. სკოლის დასრულების შემდეგ, რადგან თეატრალურ უნივერსიტეტში სარეჟისოროზე მიღება არ იყო, ხატვისა და ქანდაკების სიყვარულმა მიბიძგა ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი გავმხდარიყავი. ყოველმხრივ გამორჩეული ლექტორები მასწავლიდნენ: ნანული თევზაძე, გიული გეგელია, გია შაიშმელაშვილი, მერაბ გუგუნავა, ირაკლი ციციშვილი, თინათინ ჩიჩუა, გივი ყანდარელი, რობერტი ჩოჩელი, ოთარ სეხნიაშვილი…

პროფესია, რომელიც ავირჩიე, ყოვლისმომცველი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად ბატონ გელა კანდელაკთან ე.წ მეორად სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავირიცხე, არქიტექტურისადმი ბოლომდე ერთგული დავრჩი.

მინდა ორი დეტალი გამოვყო ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაზე. ბატონ შოთა ბოსტანაშვილთან ურთიერთობა და პროფესიასთან დაკავშირებული კონსულტაციები, ჩემთვის ნამდვილი დღესასწაული იყო. ამ პოეტური ბუნების ადამიანმა ძალიან კარგად იცოდა არქიტექტურის ისტორია, იცნობდა ძველ და თანამედროვე ლიტერატურას, ფილოსოფიას და ღრმა ანალიზის უნარით გამოირჩეოდა. ასევე, გამიმართლა და ბატონი პავლე ძინძიბაძე გახდა ჩემი ხელმძღვანელი. უნივერსიტეტმა კი  ჩემი დიპლომი მაშინდელ საკავშირო დიპლომების კონკურსზე გააგზავნა, სადაც მეორე ხარისხის დიპლომი ავიღე. რა თქმა უნდა, ესეც გარკვეული სახის სტიმული იყო იმ დიდ გზაზე, რომელიც წინ მელოდა…

გვიამბეთ თქვენი კარიერული გზის შესახებ…

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ერთი წელი ვიმუშავე ბატონ შოთა ყავლაშვილთან „თბილქალაქპროექტში“. გავიცანი საოცარი ადამიანები, თავისი საქმის პროფესიონალები (ავთანდილ სუმბულაშვილი, ნინელი გიორგიძე, ლერი კუპრაშვილი, გოდერძი მაჩაბლიშვილი). მიუხედავად იმისა, რომ თავს ძალზედ კომფორტულად ვგრძნობდი, გული მაინც ბატონ ვოვა ქურთიშვილის სახელოსნოსკენ მიმიწევდა. მას ახალგაზრდა არქიტექტორების გუნდი ჰყავდა შემოკრებილი და მალე ამ გუნდის წევრი გავხდი. „თბილქალაქპროექტი“ კი ჩემთვის ცოდნის შეძენისა და გაღრმავების ადგილად იქცა.

„ქალაქპროექტი“

ბატონი ვოვა გახლდათ პროგრესულად მოაზროვნე, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი, მაღალი კლასის პროფესიონალი, რომელიც არასდროს მოგახვევდა თავის აზრს და ოსტატურად შეეძლო სხვისი ჩანაფიქრისთვის სწორი მიმართულებისა და განვითარების მიცემა. ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან – ნუნუ სარალაშვილთან, ზაზა ისაკაძესთან, ზაზა ფილიშვილთან ერთად, დაპროექტდა და განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ობიექტი: მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქცია, ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, სასტუმრო, ბიზნესცენტრი და ა.შ.

ბიზნესცენტრის მაკეტი, მარჯანიშვილის ქუჩაზე

გუნდური მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ვგრძნობდი, რომ საკუთარი სათქმელი დამიგროვდა და დამოუკიდებლად მუშაობის სურვილმა პროფესიული განვითარების ახალი ეტაპი გააჩინა. ოც წელზე მეტია არქიტექტურული პროექტების პარალელურად, ინტერიერის დიზაინითაც ვარ დაკავებული. ცხადია, დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავდროულად ძალზედ საინტერესო.

ამასთან ერთად, რამდენიმე წელია, ახალგაზრდებს ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას . სტუდენტებთან ურთიერთობა ორმხრივი პროცესია. ჩვენ ერთად ვიზრდებით და ვვითარდებით. თავადაც შევეჭიდე დოქტორანტურას და ვაგრძელებ სწავლას. ჩემთვის საინტერესოა პრაქტიკისა და მეცნიერული ცოდნის სინთეზი, სადაც შესაძლებელი იქნება სიახლის პრაქტიკაში დანერგვა, გარემოს გაჯანსაღება, რომელიც ახალ არქიტექტურულ და ადამიანურ ღირებულებას ქმნის. კვლევის ობიექტად თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბანი ე.წ. „აკადემქალაქი“ ავირჩიე, რადგან ეს ადგილი წარმოადგენს არასწორი ურბანული განვითარების შედეგს და ეკოლოგიურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრობლემურია. ამავე დროს, ეს არის უბანი, რომლის მიმდებარედ არსებულ სახლში გავიზარდე და ფაქტობრივად ჩემს თვალწინ ხდებოდა თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო უბნის დეგრადაცია. ჩემ მიერ გაწეულ შრომას გამართლებულად ჩავთვლი, თუ შედეგად, ამ უბნის გაჯანსაღების პრაქტიკულ რეკომენდაციებს შევიმუშავებ.

საქართველოს უნივერსიტეტი

საიდან იღებთ შთაგონებას?

შემოქმედების სურვილი სხვადასხვანაირად შეიძლება დაიბადოს. შესაძლოა საინტერესო ლექცია მოისმინო, ინტერესი გაგიჩნდეს, ახალი თვალით შეხედო ამა თუ იმ პრობლემას და გადაწყვეტილების მიღების სურვილმა შემოქმედებითი ჟინი გაგიჩინოს. საწყის ეტაპზე, ახალი სამუშაო, ახლად დასახული ამოცანა ფიქრისა და განსჯის დასაწყებად საკმარისი მოტივაციაა. აზროვნებისაგან მიღებული სიამოვნება შთაგონებად გარდაიქმნება და  შემდეგ პროცესი იწყება. ამასთანავე, ჩემთვის მაცოცხლებელი ძალაა მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებები.

როგორია თქვენი მუშაობის ფილოსოფია? და რა არის თქვენი ნამუშევრების მთავარი სათქმელი?

„კარგად შესრულებული სამუშაო ლოცვის ტოლფასიაო“ – ეს სიტყვები იტალიელ მისიონერებს ეკუთვნით, რომელიც ძალიან ესადაგება ჩემს ფილოსოფიას. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ მე ჩემს ცხოვრებას ლოცვაში ვატარებ…

მიმაჩნია, რომ ბედნიერება მხოლოდ გაწყვილებით მიიღწევა. ეს შეიძლება იყოს ორი ადამიანის გაწყვილება, ფიქრთან გაწყვილება… მთავარი სათქმელიც დამკვეთის სურვილებთან გაწყვილებით წარმოიშობა და ის ყოველთვის სხვადასხვაა.

გაწყვილების პირველი ეტაპი მეტნაკლებად მტკივნეულია, თუმცა შეიძლება პირიქითაც მოხდეს და ბოლოში გართულდეს ურთიერთობა. ჯერ კარგად უნდა გაითავისო, რა სურს დამკვეთს და რამდენად სწორად გრძნობს თავისივე სურვილებს. ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, სწორედ ეს ამრავალფეროვნებს და საინტერესოს ხდის ჩვენ შემოქმედებას. ის ყოველთვის მოულოდნელობებითაა აღსავსე. გათელილ გზაზე სიარული არ მიყვარს. საკუთარ თავში გაკეთებული აღმოჩენებით კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ეს არის ნამდვილი, ცოცხალი პროცესი. ჩემთვის პრიორიტეტულია გამართული ფუნქციონალური გადაწყვეტა, მაქსიმალური კომფორტი, გეგმარებითი პრინციპების რაციონალურად გამოყენება.

რას იტყოდით ქართული არქიტექტორული სივრცის შესახებ? როგორი სტილია დღეს ჩვენთან ყველაზე გავრცელებული?

ვფიქრობ, ქართული არქიტექტორული სივრცე, პირველ რიგში, კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული.

ურთიერთობის ფორმები ბადებს ფუნქციებს, რომელთაც შესაბამისი გარემო სჭირდებათ. იქ, სადაც არ არის შესაძლებელი თავისუფლად გადაადგილება, ავტომობილების პარკირება, მუშაობა და დასვენება, იქმნება ურბანული პრობლემები და ამას თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავზე განიცდის. თუმცა, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მრავალფუნქციური კომპლექსები, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი სივრცეები, ხელს უწყობს  ცხოვრების წესის გაუმჯობესებას.

ამ მხრივ, საინტერესოა ბოლნისში და ვანში, პანდემიის დროს ორი ახალი მუზეუმის გახსნა. თითოეულმა მათგანმა რეგიონში საგანმანათლებლო-გასართობი ცენტრების ფუნქცია შეითავსა. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია არქიტექტურა, რომელიც საკუთარი ფუნქციით კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სულიერებას.

ბოლნისის მუზეუმი

ამასთან ერთად, გამოწვევად რჩება ისეთი ობიექტები, როგორიცაა თბილისში ტელევიზიის შენობა, რომელსაც არ აქვს ძეგლის სტატუსი, თუმცა ის წარმოადგენს ერთ-ერთი გამორჩეული სტილის (კონსტრუქტივიზმი) შენობას და ამავდროულად, ქალაქისა და ქვეყნის ისტორიულ კონტექსტში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სამწუხაროდ, შენობა დაუცველია და არავინ იცის რა ბედი ეწევა მას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბათუმის საამშენებლო ბუმი. ქალაქის იერსახე და ხასიათი ყოველდღიურად იცვლება, რომ არაფერი ვთქვათ იმ ავარიულ სახლებზე, რომლებიც შველას საჭიროებს. პროცესები სწრაფად ვითარდება, ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და ყურადღებას ითხოვს.

არქიტექტურული სტილის ჩამოყალიბებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ოციანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში ე.წ. საერთაშორისო სტილი დომინირებს, რომელიც მოდერნისტული ტენდენციებითაა განპირობებული. თუმცა, სტილის მხრივაც, ზოგ შემთხვევაში შეინიშნება არაერთგვაროვნება, ეკლექტიზმი.

რომელია თქვენთვის გამორჩეული არქიტექტორული შენობები?

გამორჩეულად მომხიბლავია ფუნიკულიორის სამსართულიანი შენობა მთაწმინდის პლატოზე, რომელიც ეფექტურად ერწყმის სამთო-საბაგირო რკინიგზას. შენობას ამშვენებს ორსართულიანი ვერანდები, ჰაეროვანი თაღოვანი კოლონადით. ოთხმოც წელზე მეტია, რაც კომპლექსი აშენდა და დღესაც თანამედროვე, აქტუალური და ამაღელვებელია.

ფუნიკულიორი (პროექტის ავტორები: ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანები, თანაავტორი ა. ბალაბუევი)

ასევე გამოვყოფდი არქიტექტორ გიორგი ხმალაძისა და მისი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტს – ყავის ქარხანა „მეამა“ სათავო ოფისით, რომელიც თბილისის აეროპორტთან დამაკავშირებელ გზატკეცილზე მდებარეობს. შთამბეჭდავია მოცულობის ორიგინალური გადაწყვეტა. ინტერიერი კი შენობის ფორმიდანაა გამომდინარე. პროექტი დასამახსოვრებელი და საინტერესოა არა მარტო მხატვრული გადაწყვეტის გამო, არამედ სამშენებლო ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც.

“მეამას” შენობა

ყველა დროის თანამედროვე საცხოვრებელ სახლად ფრენკ ლოიდ რაიტის „სახლი ჩანჩქერზე“ მიმაჩნია, რომელიც მდებარეობს პენსილვანიაში და ამ სახლის ისტორია 1930 წელს იწყება. რაიტმა ის 70 წლის ასაკში დააპროექტა და ააშენა. გარდა არქიტექტურისა, მან თავად შექმნა ინტერიერის და ავეჯის დიზაინი. ბუნებასთან კავშირი, ბუნების ინტერიერში შემოყვანა, ბუნებრივი მასალების გამოყენება – სახლის მთავარი თემა იყო. პროექტი ორგანული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია, რომელიც დღითიდღე კიდევ უფრო აქტუალური ხდება. რაიტმა, ვფიქრობ, ძალიან კარგად დაგვანახა, როგორი უნდა იყოს ადამიანის დამოკიდებულება გარემოსადმი და ბუნებისადმი, რათა მან თავი იგრძნოს სამყაროს განუყოფელ ნაწილად.

“სახლი ჩანჩქერზე”

ვისაუბროთ თქვენს ნამუშევრებზე. რომელ პროექტებს გამოარჩევდით? 

ცხადია, ყველა ობიექტი უამრავი ფიქრის, გათენებული ღამისა და შრომის შედეგია, და ყველა მათგანი თავისებურად მიყვარს, მაგრამ ამჯერად, რამდენიმე მათგანი სულ სხვა ნიშნით მინდა გამოვარჩიო.

„გალერეა რუმ დიზაინი“ – შოურუმი, საზოგადოებრივი ინტერიერი, რომელიც საცხოვრებელი ბინის პირველი სართულის რეკონსტრუქციის შედეგად და მის ქვემოთ მდებარე სარდაფების ათვისების ხარჯზე მივიღეთ, გამსახურდიას 39-ში მდებარეობს. რეკონსტრუქციამ მოიცვა გამაგრებითი სამუშაოები, კიბის კონსტრუირება, სანტექნიკური კომუნიკაციების განახლება, ახალი ფასადის ჩამოყალიბება. ყოველივე ეს კი მოითხოვდა არამარტო დიზაინერის ხედვის რეალიზაციას, არამედ არქიტექტორისა და კონსტრუქტორის ერთობლივ გადაწყვეტებს. განსაკუთრებული ძალისხმევა დაჭირდა გაგრილებისა და გათბობის სისტემების მოწყობას საინჟინრო წესების დაცვით, რომელიც არ დაარღვევდა დიზაინის კონცეფციას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინტერიერში და ექსტერიერშიც მიზანმიმართულად გამოყენებულია თავად გალერეა „რუმ დიზაინის“ მოსაპირკეთებელი მასალები.

„ვილა ლაგოდეხი“ ლაგოდეხის ნაკრძალის კულტურული ზონის მიმდებარედ მდებარეობს. არქიტექტურული პროექტი, გარემოს დიზაინი, აუზი, ინტერიერის და ავეჯის დიზაინი ჩემ მიერ იქნა დაპროექტებული. მიუხედავად იმისა, რომ სახლი თბილისიდან შორს შენდებოდა, ზედამხედველობას სიამოვნებით ვუწევდი. ჩემ თვალწინ ცოცხლდებოდა პროექტი და რენდერები. გვერდით მედგა მშენებელი გიორგი ვეკუა და ჩვენი საშემსრულებლო გუნდი. სპეციალურად ამ სახლისთვის ჩინეთშიც კი ვიმოგზაურეთ, რაც საინტერესო გამოცდილება გამოდგა ჩემთვის.

სივრცე მაქსიმალურადაა გახსნილი ბუნებაში და ორგანულად ერწყმის ლანდშაფტს. ტერიტორიაზე ძირითადი შენობის გარდა, განთავსებულია მარანი, საქეიფო, ფანჩატური და დამხმარე სათავსოები. პროექტის დასრულების შემდეგ „სახლი ლაგოდეხში“ მფლობელებმა „ვილად“ მონათლეს და ამით სხვებსაც მიეცათ საშუალება, დაესვენათ და მიეღოთ სიამოვნება. პროექტზე მუშაობისას ლანდშაფტის არქიტექტორები, ნინო შენგელია და მისი ვაჟი, ფარნა მარღანია დამეხმარნენ, რომლებმაც ლანდშაფტის დიზაინ-პროექტი შეიმუშავეს.

„სახლი ლისზე“ თბილისში მდებარეობს. თავდაპირველად საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი ჩემმა კოლეგამ, ვალერი ვარდანიამ შექმნა. მოგვიანებით მეც შევუერთდი და პროექტში ცვლილებები შევიტანე. ამასთან ერთად, დავაპროექტე აუზი, რომელიც თავისი მდებარეობითა და მოპირკეთებით გამორჩეულია და კომპლექსის ერთ-ერთი წამყვანი ელემენტია. ტერიტორიის კეთილმოწყობა რთული რელიეფის გამო, რამდენიმე დონეზე განხორციელდა. ლანდშაფტის დატერასების შედეგად კი გაჩნდა მიწისქვეშა სათავსებიც, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა არსებული ლანდაშაფტური გარემო. ინტერიერის გეგმარება და დიზაინი, სახლის საერთო ხასიათიდან და სტილიდან გამომდინარე შეიქმნა, დამზადდა სპეციალურად ამ ინტერიერისათვის შესაფერისი ავეჯი.

 

სხვათა შორის, ჩემთვის სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ხსენებული პროექტები -„გალერეა რუმ დიზაინი“, „ვილა ლაგოდეხი“ და „სახლი ლისზე“, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის, „არქიტექტურული პრემია“ 2015, 2017 და 2022-ის ნომინანტები გახდნენ.

“არქიტექტორული პრემია 2015”
“არქიტექტორული პრემია 2022”

კიდევ ერთ ობიექტს გამოვყოფ – „ბინა-სტუდიო არაყიშვილზე“. ფართი სულ რაღაც 40 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. მიუხედავად ფართის სიმცირისა, სასტუმრო ოთახში კუთხის დივანი და ყველა საჭირო ნივთი უნდა განთავსებულიყო. როცა ასეთ ფართს აპროექტებ, თითქოს, ერთი ან მაქსიმუმ ორი ვარიანტი გაქვს… თუმცა, ჩვენ უამრავი ვარიანტი გავაკეთეთ და თქვენ წარმოიდგინეთ, თითოეულ მათგანში მშვენივრად თავსდებოდა კუთხის დივანი! საჭირო იყო დაგვეცვა ბალანსი, რათა ბინა გამოსულიყო კომფორტული და ზომიერი, ნაკლებად გადატვირთული.

გვიამბეთ თქვენს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე

რამდენიმე მიმდინარე პროექტი მინდა გამოვყო: ისტორიულ უბანში მდებარე, ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლში მდებარე ბინის ინტერიერის დიზაინი. ბინის მეპატრონე ამ სახლში მცხოვრები მესამე თაობის წარმომადგენელია და მისი სურვილია, არ დაიკარგოს ბინის ატმოსფერო ინტერიერის განახლების შემდეგ. მთავარი მოთხოვნა სწორედ იმ ავთენტურობის შენარჩუნებაა, რომელიც ამ სახლს ინდივიდუალურობას ანიჭებს და სულიერებასაც უნარჩუნებს. სახლი თითქმის ასი წლისაა და საჭიროებისამებრ, უკვე ჩაუტარდა გარკვეული სახის გამაგრებითი სამუშაოები. მიმდინარეობს შუშაბანდის რესტავრაცია. გარდა არქიტექტურული დეტალებისა, ბინაში ძველი ავეჯიც დაბრუნდება. ასევე, სხვადასხვა ნივთები, რომელსაც წინა თაობები იყენებდნენ. სწორედ ამიტომ, ოსტატურად უნდა შეერწყას ერთმანეთს თანამედროვეობის კომფორტი და წარსულის ისტორია. ამასთანავე, ვმუშაობ რამდენიმე ინტერიერის დიზაინზე ბოჰოსა და ლოფტის სტილში და კერძო საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციაზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მრავალბინიანი და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურასა და დიზაინში სხვა ბიუჯეტურ ბინებთან ერთად, ზამთრის ბაღების თანაარსებობაზე ვფიქრობ. ეს ერთი მხრივ, მიმზიდველს გახდის საინვესტიციო გარემოს და მეორე მხრივ, ქალაქი მიიღებს საინტერესო არქიტექტურულ გადაწყვეტას. ვფიქრობ, ესკიზურ მონახაზს შესაბამისი ბიზნესგეგმაც დავურთო და პროექტი რეალობად ვაქციო.

ზამთრის ბაღები

რას ურჩევდით თქვენი პროფესიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს? 

ვფიქრობ, არქიტექტურა უნდა გიყვარდეს უანგაროდ და მზად უნდა იყო თავდაუზოგავი შრომისთვის. შენობა, რომელიც ვიზუალურად მოგწონს, საჭიროა შეიგრძნო, შეისწავლო ფუნქციონალურად, დააკვირდე დეტალებს. სიამოვნებით უნდა ატარებდე დროს სამშენებლო პოლიგონზე.

მნიშვნელოვანია იმოგზაუროთ და იაროთ ფეხით, ინტერესს იჩენდეთ როგორც არქიტექტურისადმი, ასევე ადამიანების მიმართ, რადგან არქიტექტურულ გარემოს ქმნით ურთიერთობებისათვის!

არსებობს ჩანაფიქრი, მიზანი… და არსებობს ამ მიზნისაკენ სავალი გზა. მიზნის მიღწევას მოჰყვება შედეგი. შედეგი, რომელიც გიყვარს, გაბედნიერებს, რადგან ეს გზა შენ გაიარე ამ სიყვარულის მოსაპოვებლად. რისკი, კომპრომისი, შეურიგებლობა – იყო არჩევანი, არჩევანი, რომელიც ღირებულია, ჩანაფიქრი კი – რეალიზებული!

Hillside House — პროექტი, რომელიც ადამიანისა და ბუნების ურთიერთქმედებას აძლიერებს

თანამედროვე ტიპის ბუხარი ინტერიერში – ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ