in

რა უნდა გავითვალისწინოთ კონდიციონერის მონტაჟისა და მისი გამოყენების დროს – ექსპერტის რჩევები

ზაფხულის ცხელ დღეებში კონდიციონერი ყველაზე საჭირო მოწყობილობაა, რომელიც სიგრილით უზრუნველგყოფთ და თქვენს კომფორტზე ზრუნავს. გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონი კონდიციონერის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ აუცილებლად უნდა იზრუნოთ მის გამართულ მუშაობასა და სწორ მონტაჟზე. არასწორი მონტაჟის გამო ხშირად ტექნიკა ნაადრევად ფუჭდება.

კონდიციონერის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ ამ სფეროში მოღვაწე დარგის სპეციალისტს მივმართეთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ კონდიციონერის მონტაჟისას?

კომპანიის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ კონდიციონერის მონტაჟამდე აუცილებელია საჭირო პირობების შექმნა, რათა შემდგომი პრობლემები თავიდან ავიცილოთ.

„შავი კარკასის შემთხვევაში, რემონტის მიმდინარეობისას აუცილებელია, წინასწარ მომზადდეს კონდიციონერისთვის საჭირო სისტემა და ყველა ტექნიკური მხარე. მომხმარებელს ვურჩევთ, კონსულტაცია გაიაროს ტექნიკოსთან (მისი მომსახურება, დაახლოებით, 50 ლარი ღირს), რომელიც განსაზღვრავს კონდიციონერის განთავსების ადგილს, ასევე, მონტაჟის ყველა ტექნიკურ მხარეს. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან არასწორი მონტაჟისას მილი, სადენი და ნახვრეტი შეუსაბამო ადგილას კეთდება. ხშირად წყლის კონდენსატი აივანზე გამოდის და კონდიციონერის წყალი გარეთ ისხმება, რის გამოც მეზობლებს ექმნებათ დისკომფორტი. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და მისი ინსტრუქცია ზედმიწევნით შეასრულოთ“, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

ექსპერტი გვირჩევს, რემონტის დროს წყლისა და კანალიზაციის მილები გავითვალისწინოთ. კონდიციონერს ინდივიდუალური დენის ხაზი სჭირდება, მისი არარსებობის შემთხვევაში მემონტაჟეებს სხვა ჩამრთველებიდან უწევთ დენის წყაროს გაყვანა. ასევე, საკანალიზაციო მილიც კონდიციონერის შიდა და გარე ბლოკებს უნდა დაუკავშირდეს.

კონდიციონერი უნდა დამონტაჟდეს ჭერიდან 8 სმ-ის დაშორებით. გარე ბლოკი ჭერიდან 10 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული, რათა მოწყობილობა მარტივად მისადგომი იყოს, თუ მისი შეკეთება გახდება საჭირო. უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეკეთებისას იხდება ხუფი, რომელშიც აპარატურაა განთავსებული. საკმარისი ადგილის არარსებობის შემთხვევაში, ეს პროცესი გართულდება.

სერვისმენის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მონტაჟის ღირებულება 150 ლარიდან იწყება და მისი ფასი მონტაჟის სირთულეზეა დამოკიდებული. ზოგჯერ საჭიროა კედელში მილის ჩადება და შემდეგ მონტაჟი. თუ გარე ბლოკი რთულად მისადგომია, ალპინისტების ჩართულობა ხდება საჭირო, ეს კი მონტაჟის ღირებულებას ზრდის.

„მომხმარებელს ხშირად ჰგონია, რომ კონდიციონერი კვადრატულობის მიხედვით უნდა შეარჩიოს, რაც არასწორია. ხშირად ყოფილა, როდესაც 40 მ2-იან ბინაში 60 მ2-იანი ფართისთვის განკუთვნილი მოდელის დამონტაჟება შეგვითავაზებია (რომლის ფასიც, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია) და ამას უკმაყოფილება გამოუწვევია. სინამდვილეში კონდიციონერი არა ფართობის, არამედ თბოდანაკარგის მიხედვით ირჩევა, ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია სახლის განლაგებაზე, ფანჯრებისა და ვიტრაჟების რაოდენობაზე. თუ სახურავის ბინაა და ბოლო სართულზე მდებარეობს, სივრცე რთულად თბება და გრილდება, ბევრად უფრო მძლავრი კონდიციონერია საჭირო. შესაბამისად, მოწყობილობის არჩევისას ეს პარამეტრებიც გასათვალისწინებელია“, – გვიხსნის სპეციალისტი.

კონდიციონერის გამოყენება

გავრცელებულია აზრი, რომ მაცივარ-აგენტს (იმავე ფრეონს, გამაგრილებელ კომპონენტს) პერიოდულად გამოცვლა სჭირდება, თუმცა, ჩვენი რესპონდენტის თქმით, ეს არასწორია: „თუ სისტემას პრობლემა არ აქვს და კონდიციონერი არ ჟონავს, აუცილებელი არ არის მაცივარ-აგენტის შეცვლა ან დამატება. შესაძლოა, მოწყობილობამ 15 წელი იმუშაოს ისე, რომ მსგავსი რამ საჭირო არ გახდეს, ან, პირიქით, ერთ წელიწადში მოგიხდეთ მაცივარ-აგენტის შეცვლა, რაც ნაკლებად კვალიფიციური ხელოსნის მიერ არასწორად შესრულებული სამონტაჟო სამუშაოს გამო ხდება“.

რაც შეეხება ფილტრებს, თუ კონდიციონერს სეზონურად იყენებთ, მნიშვნელოვანია, მისი ფილტრები გაზაფხულზე გაიწმინდოს. დიდი ქსელებისა და მარკეტებისთვის კი, რომლებსაც კონდიციონერი მუდმივად ჩართული აქვს, მათი რეცხვა ორ კვირაში ერთხელაა სასურველი. ფილტრების წმენდა საკმაოდ ადვილია, ამიტომ დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ გაასუფთაოთ. თუმცა, თუ სპეციალისტის გამოძახებას გადაწყვეტთ, მისი მომსახურება, საშუალოდ, 50 ლარი დაგიჯდებათ.

რომ შევაჯამოთ, უპირველესად, გასათვალისწინებელია კონდიციონერის მონტაჟისათვის საჭირო პირობების განსაზღვრა, რაშიც სპეციალისტი დაგეხმარებათ. კონდიციონერის გამოყენების დროს აუცილებელია, პერიოდულად გაწმინდოთ მისი ფილტრები, მაცივარ-აგენტის შეცვლა კი მოწყობილობის გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

როგორ მოვაწყოთ სამუშაო სივრცე? – ელენე სხვიტარიძის რჩევები

რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა შეირჩეს პრემიუმ-კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკა?