in

ხელოვნება, როგორც ყოველდღიურობის ნაწილი — ლალი სვიმონია Tbilisi Walls-ის შესახებ

ფოტო: ლელი ბრაგონრავოვა

თანამედროვე ქალაქის კულტურული ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი ხელოვნებაა — არა მხოლოდ როგორც ესთეტიკური გამოცდილება, არამედ როგორც სოციალური და ეკონომიკური რესურსი, რომელიც სივრცეს ახალ მნიშვნელობებს სძენს. ბოლო წლებში საქართველოს ქალაქებში მზარდად ჩნდება ინიციატივები, რომელთა მიზანია ხელოვნების ინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში, ინტერიერის დიზაინსა და ბიზნესის იდენტობაში. სწორედ ამ კონტექსტში ჩამოყალიბდა „Tbilisi Walls“ — პლატფორმა, რომელიც ხელოვნების დემოკრატიზაციის იდეას ემყარება და მიზნად ისახავს, გააერთიანოს შემოქმედი და მომხმარებელი, არტისტი და სივრცე.

ინტერვიუში, რომელიც ჩაწერილია Tbilisi Walls-ის დამფუძნებელ ლალი სვიმონიასთან, საუბარია იმ მოტივაციაზე, რომელმაც ჩვენს რესპონდენტს მრავალწლიანი კორპორატიული გამოცდილების შემდეგ უბიძგა სრულიად ახალ, შემოქმედებით გზაზე. ლალი სვიმონია აღწერს, როგორ გადაიქცა ხელოვნებისადმი პირადი სიყვარული ინოვაციურ პლატფორმად, რომელიც დღეს ქართულ კულტურულ სივრცეში ახალი ტიპის ურთიერთობას ამყარებს არტისტებსა და საზოგადოებას შორის. მისი ნაამბობი ნათლად აჩვენებს, რომ ხელოვნება შეიძლება გახდეს არა მხოლოდ დეკორის, არამედ ცხოვრების ფილოსოფიის ნაწილი — გზა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, საკუთარი იდენტობა სივრცეში ხელოვნების ენით გამოხატონ.

ეს ინტერვიუ არა მხოლოდ ბიზნესის ისტორიაა, არამედ მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება ინდივიდუალური ინიციატივა იქცეს კულტურული მედიის ფორმად — სივრცედ, რომელშიც ხელოვნება იღებს ყოველდღიურ განზომილებას და იქცევა ქალაქის ცხოვრების რიტმის ნაწილად.

მხატვარი: თეო ბურკი. თბილისი, ლონდონი

ლალი, გვიამბეთ, როგორ დაიბადა Tbilisi Walls-ის იდეა

Tbilisi Walls-ის შექმნის იდეა დაიბადა იმ სურვილიდან, რომ 20-წლიანი საბანკო და კორპორატიული კარიერის შემდეგ მინდოდა შემექმნა საკუთარი, დამოუკიდებელი პროექტი — ისეთი, რომელიც ჩემთვის ინტერესისა და შთაგონების წყარო იქნებოდა.

ხელოვნება ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა ჩემს ცხოვრებაში: პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად ვთანამშრომლობდი არტისტებთან, ვაწყობდი ფოტოგრაფებისა და მხატვრების პერსონალურ გამოფენებს საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში, მიმუშავია კატალოგების შექმნაზე. ასევე ვფლობ ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების მოკრძალებულ კოლექციას, რომელიც ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ასახავს და ჩემი ენერგიის წყაროა.

სწორედ ამიტომაც, წლების განმავლობაში თანდათან გამიჩნდა სურვილი, ამ ინტერესისთვის უფრო პრაქტიკული ფორმა მიმეცა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 2024 წლის ზამთარი, როცა მალტაზე ორ-თვიანი სასწავლო პროგრამით ყოფნისას გავიცანი ადგილობრივი წარმატებული არტ-პროექტის ავტორი, რომლის საქმიანობამაც დამანახა, რომ თანამედროვე ხელოვნებას შეუძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალი ენერგია და სილამაზე შემოიტანოს.

ამ შთაგონებით დავიწყე ფიქრი პლატფორმაზე, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებდა მხატვრობას და ფოტოგრაფიას თანამედროვე ფორმატში, ხოლო ხელოვანებს მისცემდა საშუალებას, რომ ნამუშევრები ფართო აუდიტორიამდე მიეტანათ.

თბილისში და რეგიონში აშკარად არის მოთხოვნა ხარისხიან, თანამედროვე ხელოვნებაზე, რომელიც შეიძლება ინტეგრირდეს როგორც სახლის, ისე ბიზნესის სივრცეში. სწორედ ამიტომ შევქმენით www.tbilisiwalls.com — ადგილი, სადაც ხელოვნება ყველასთვის ხელმისაწვდომია და ნებისმიერ სივრცეს უნიკალურ ხასიათს სძენს.

როგორია თქვენი მთავარი მისია და ფილოსოფია?

მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრდეს და მომსახურების ადგილებშიც დაინერგოს. ჩვენ გვჯერა, რომ არტი ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი — არა როგორც ელიტარული ფუფუნება, არამედ როგორც ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი.

Tbilisi Walls ქმნის ხიდს ხელოვანებსა და საზოგადოებას შორის. ბევრმა არტისტმა არ იცის, როგორ გაიტანოს საკუთარი ნამუშევრები ბაზარზე და როგორ გაყიდოს სწორად — თუმცა ეს არცაა აუცილებელი. არტისტი ძირითადად საკუთარ შემოქმედებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული.

არტისტებისთვის ჩვენ ვართ პლატფორმა, სადაც მათი ნამუშევრები სწორად წარმოაჩინდება, გაყიდვების გაზრდას და საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანას უზრუნველყოფს. მომხმარებლებისთვის კი – გზა სივრცის მრავალფეროვანი და უნიკალური ატმოსფეროს შესაქმნელად მისაღებ ბიუჯეტსა და სტილში.

ყოველთვიურად პლატფორმას ემატება 1 ან 2 ახალი არტისტი და სიმართლე გითხრათ, მოთხოვნა ძალიან დიდია — ბევრი ფოტოგრაფი და არტისტი თავად მოგვმართავს თხოვნით, რომ მათი ნამუშევრები ჩვენს პლატფორმაზე იყოს წარმოდგენილი, რაც განსაკუთრებით გვახარებს. ბევრსაც ჩვენ ვუკავშირდებით, რადგანაც გვაქვს ამბიცია, რომ www.tbilisiwalls.com საქართველოში გახდეს ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმა ფართო არჩევანით.

ჩვენ გვჯერა, რომ ხელოვნება ყოველდღიურობის ორგანული ნაწილია. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ტენდენციები, როგორიცაა “art as lifestyle”, “affordable art”, “art for business identity”, სრულად ეხმიანება ჩვენს ხედვას — ხელოვნება ყველასთვისაა.

ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია?

ჩვენი აუდიტორია მრავალფეროვანია, თუმცა ყველას აერთიანებს ერთი სურვილი — ყოველდღიური გარემო გახდეს ინსპირაციული და ავთენტური.

  • კორპორატიული სექტორი, ბიზნესები — საჯარო თუ კერძო სტრუქტურების ოფისები, სასტუმროები, რესტორნები, რომლებიც ხელოვნებას იყენებენ როგორც ბრენდის იდენტობისა და ატმოსფეროს ნაწილს.
  • ფიზიკური პირები — ადამიანები, ვისაც სურთ სახლში ინდივიდუალური, თანამედროვე და განსხვავებული ინტერიერი. ესენია ახალგაზრდები, შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები უცხოელები, ასევე ყველა, ვინც ხელოვნებას ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
  • კოლექციონერები — ადამიანები, რომლებიც ეძებენ უნიკალურ ნამუშევრებს და მხარს უჭერენ ახალგაზრდა არტისტებს.

კონკრეტულად რა მომსახურებას სთავაზობს Tbilisi Walls-ი მომხმარებელს?

ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ორ ძირითად მიმართულებას:

  1. ხელოვნების ნამუშევრების გაყიდვა — თანამედროვე ფოტოგრაფია, ფერწერა და ციფრული არტი, რომლებიც შეიძლება გახდეს სახლის, ოფისის ან სხვა ბიზნეს სივრცის ნაწილი.
  2. ბიზნეს-კონცეპტებზე მორგებული გადაწყვეტილებები — სპეციალური კოლექციები ბანკებისთვის, საელჩოებისთვის, კლინიკებისთვის. ვეხმარებით სივრცის ინდივიდუალურ მოწყობაში ისე, რომ ხელოვნება ბრენდის იდენტობის ნაწილი გახდეს.

დამატებით, არტისტებს ვეხმარებით მარკეტინგით, ლოჯისტიკითა და გაყიდვების პროცესით, რათა მათ საკუთარ შემოქმედებაზე ფოკუსირება მოახდინონ.

ამას გარდა, ჩვენ შეგვიძლია ბიზნესს შევთავაზოთ დაბრენდილი, უნიკალური და დახვეწილი საჩუქრები, მათ შორის:
• არტ ბლოკნოტები
• კერამიკა
• ექსკლუზიურად კომპანიისთვის შექმნილი ილუსტრაციები
• პოსტერები და ნახატები
• არტ ფოტოგრაფია
• პოპ-აპ გამოფენები საოფისე სივრცეებში
• კრეატიული ვორქშოფები
• შარფები, აქსესუარები
• და სხვა ნებისმიერი ნივთი, რომელიც ხელოვნებას უკავშირდება.

როგორია „Tbilisi Walls-ის“ ხელწერა — რა სიტყვებით დახასიათებდით თქვენს ესთეტიკას?

ჩვენი ხელწერაა:

  • თანამედროვე და მრავალფეროვანი – ვირჩევთ ნამუშევრებს, რომლებიც შეესაბამება ახალ ვიზუალურ ტენდენციებს, მინიმალისტური თუ უფრო ექსპრესიული სტილი.
  • ინტუიციური – ვეძებთ ნამუშევრებს, რომლებიც პირველივე შეხედვისას იწვევს ემოციას.
  • დემოკრატიული – ხელოვნება, რომელიც ხელმისაწვდომია არა მხოლოდ კოლექციონერებისთვის, არამედ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვისაც.
  • ხარისხიანი – ფოტოების და პრინტების ბეჭდვისთვის ვიყენებთ მაღალი ხარისხის ქაღალდს. ჩარჩოების ორი ტიპი გვაქვს: მასიური ხის ან მსუბუქი ვინილის, ფერის მორგების შესაძლებლობით. ჩარჩოს მოყვება პასპარტუ და ქაფმუყაო, ხოლო წინა მხარე დამზადებულია მინისგან.

თუ ერთ წინადადებაში უნდა ვთქვათ: ჩვენი ესთეტიკა არის „ხარისხიანი ხელოვნება, რომელიც ცხოვრებასთან ახლოს დგას“.

რამდენად კონკურენტულია აღნიშნულ სფეროში მუშაობა? რა გამოარჩევს თქვენს ბრენდს ბაზარზე არსებული მსგავსი ტიპის კომპანიებისგან? რატომ უნდა ავირჩიოთ Tbilisi Walls-ი?

საქართველოში ონლაინ-ხელოვნების ბაზარი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია.
ბევრი ადამიანი დღესაც ამჯობინებს ხელოვნების ნამუშევარი „მშრალ ხიდზე“ ან პირდაპირ არტისტისგან შეიძინოს — ეს არის ტრადიციული, მაგრამ არა თანამედროვე ფორმა. ახალგაზრდა არტისტებს და დასაქმებულ ადამიანებს უბრალოდ აღარ აქვთ დრო ან რესურსი, რომ ასე იმუშაონ. თანამედროვე ხელოვნების ბაზარი სულ სხვა პრინციპებითაა მოწყობილი.

ჩვენი მთავარი ამოცანაა ნდობის დამკვიდრება — Tbilisi Walls-ზე ყველა ნამუშევარი წარმოდგენილია ავტორის თანხმობით და საავტორო უფლებების სრული დაცვით. ჩვენი მიზანია ხელოვნების პოპულარიზაცია და შთაგონების შექმნა ყოველდღიურ სივრცეებში და ეს ხდება ეთიკური, გამჭვირვალე გზით. ჩვენ პატივს ვცემთ ავტორთა უფლებებს, ყველა არტისტს გადაეცემა შესაბამისი ჰონორარი, ხოლო ჩვენი პლატფორმა ქმნის უსაფრთხო და პროფესიულ სივრცეს, სადაც მომხმარებელი დარწმუნებულია, რომ ნამუშევარი რეალური და ლიცენზირებული პროდუქტია.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ ვრცელდება ინტერნეტიდან უნებართვოდ აღებული და დაბალი ხარისხით დაბეჭდილი ცნობილი არტისტების ნამუშევრები, რომლებიც იყიდება ძალიან დაბალ ფასად. ასეთი პროდუქტის შემქმნელებს ჩვენ კონკურენტად არ მივიჩნევთ. სწორედ ამ ფონზე იკვეთება ჩვენი მთავარი უპირატესობა — ხელოვნებისადმი პატივისცემა და ხარისხიანი პროდუქტი.

გარდა ამისა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ ხელოვნება მხოლოდ მაშინ არის ღირებული, როცა ის ორიგინალია — ერთი ეგზემპლარი, ფერწერა, ტილოზე. ეს შეხედულება მოძველებული და დროში გაჩერებულია. ფოტოგრაფია, პრინტი და ციფრული ხელოვნება დღეს ისეთივე დამოუკიდებელი და მნიშვნელოვნად განვითარებული ფორმებია, როგორც ტრადიციული ფერწერა. სამწუხაროდ, ჩვენთან ფოტოგრაფია და ილუსტრაცია ჯერ კიდევ არ ფასდება სათანადოდ, მაშინ როცა მას შეუძლია არანაკლებად ემოციური და ენერგიული სივრცე შექმნას.

მხატვარი: ლუი კაშა. მალტა

არ არის აუცილებელი ერთ ორიგინალ ნახატზე შეჩერდე — ზოგჯერ სჯობს გქონდეს 10 განსხვავებული პრინტი ან ფოტო, რომლებიც ისტორიას ჰყვებიან, განწყობას ცვლიან და სივრცეს სიცოცხლეს მატებენ.

ხელოვნება არ არის სტატუსის დემონსტრირება და არც მხოლოდ ინვესტიცია — ეს არის ის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შთაგონება და აზრი შემოაქვს. და დიახ, ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ დამოკიდებულება ხელოვნებისადმი.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ინოვაციური ფორმატი — პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია ფოტოგრაფია, ორიგინალი ნახატები და პრინტები, რაც არჩევისა და შეძენის პროცესს ამარტივებს.
მორგებული სერვისი — კერძო პირებს, დიზაინერებს და კომპანიებს ვეხმარებით უნიკალური ინტერიერის შექმნაში თანამედროვე ილუსტრაციისა და ხელოვნების დახმარებით

როგორია ტიპური სამუშაო პროცესი თქვენს კომპანიაში? რა არის საჭირო იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეუკვეთოს პროდუქტი და რა ეტაპებს გადის ის შეკვეთის მისაღებად?

პროცესი მარტივი და მთლიანად გაციფრულებულია:

  • მომხმარებელი ირჩევს ნამუშევარს პლატფორმაზე ან მოგვმართავს კონკრეტული მოთხოვნით.
  • ვაძლევთ კონსულტაციას კედლის ზომების, სტილისა და სივრცის გათვალისწინებით.
  • ვამზადებთ რენდერებს, რათა დამკვეთმა წარმოიდგინოს წინასწარ, როგორ გამოიყურება ნამუშევარი კონკრეტულ სივრცეში.
  • ვგეგმავთ დაბეჭდვასა და ჩარჩოში ჩასმას.
  • ვახორციელებთ მიწოდებას.

შესაბამისად, მომხმარებელი მხოლოდ არჩევანს აკეთებს, დანარჩენზე ჩვენ ვზრუნავთ.

მხატვარი: სოფო სიმონიშვილი. საქართველო

როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს თქვენი პროდუქტები რიგითი ბიზნესის განვითარების პროცესში?

ხელოვნება ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც თანამშრომელი, ბიზნესი და კლიენტი ერთმანეთს ხვდება. სწორად შერჩეული ნამუშევარი სივრცეს ავთენტურობას, ემოციას და ხასიათს სძენს — მომხმარებელი კი გრძნობს, რომ ამ გარემოში განსაკუთრებული ენერგიაა.

მრავალი კომპანია უკვე იყენებს ხელოვნებას ბრენდის სტრატეგიის ნაწილად. ეს ქმნის ღირებულებას, რომელიც ინტერიერის დიზაინს სცდება: ნამუშევრები ასახავს ბრენდის იდენტობას, აღვიძებს შემოქმედებით ენერგიას და ქმნის განწყობას, რომელიც პირდაპირ აისახება თანამშრომლებისა და სტუმრების გამოცდილებაზე.

როგორ ხედავთ „Tbilisi Walls“-ის განვითარებას მომდევნო წლებში?

  • გაფართოება რეგიონში — პლატფორმა ორენოვანია და მზადაა საერთაშორისო მომხმარებელისთვის.
  • მეტი არტისტი — ვაპირებთ უფრო მეტი ქართველი და უცხოელი არტისტის ჩართვას.
  • ახალი სერვისები ბიზნესისთვის — კრეატიული კონსულტაციები, ექსკლუზიური ილუსტრაციები, პოპ-აპ გამოფენები, ვორქშოფები და სხვა.
  • NFT და ციფრული არტი — მომავალში გვსურს ციფრული მედიუმების ჩართვას, რაც პლატფორმას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
  • ტურისტული კუთხე და ფიზიკური გაფართოება: გვინდა გავხსნათ ფიზიკური სივრცე, სადაც ტურისტებს შეეძლებათ მარტივად შეიძინონ ნამუშევრები — განსაკუთრებით ფოტოგრაფია, თბილისის და საქართველოს ხედებით. ადგილობრივებისთვის კი ეს იქნება კომფორტული ე.წ. გაცემის პუნქტი (pick-up point), სადაც შეძლებენ თავიანთი შეკვეთების გატანას მათთვის სასურველ დროს, კურიერის ლოდინის გარეშე.
  • ამასთან, გვსურს პლატფორმაზე კერამიკის, მცირე ქანდაკებებისა და 3D არტის დამატებას, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებს.

რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ხელოვნების ინტეგრირება ინტერიერში „ფუფუნებაა“ და არა აუცილებლობა?

ხელოვნება არ არის ფუფუნება. დღეს ხელოვნება ისეთივე მარტივად ხელმისაწვდომია, როგორც ნებისმიერი ავეჯი ან დეკორი. განსხვავება ერთია: ხელოვნება კედლებს და სივრცეს მატებს სულს და ენერგიას, რასაც ვერანაირი მასობრივი პროდუქტი ვერ შეცვლის. ხელოვნება არ არის მხოლოდ კედელზე ჩამოკიდებული ნახატი, ან სურათი — ის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს განწყობაზე, ფიქრებზე და ენერგიაზე.

ოკეანის ხედებით შთაგონებელი საცხოვრებელი სახლი კანადაში – Mcleod Bovell Modern Houses-ს პროექტი