ცოტა ხნის წინ Dadiani Architects-მა საზოგადოებას ახალი კონცეპტუალური პროექტი წარუდგინა, რომელსაც ღრმა ემოციური დატვირთვა აქვს.
“ამ პროექტის იდეა ეფუძნება 2012 წელს Dadiani Architects-ის მიერ საკონკურსოდ შექმნილი ესკიზური პროექტის გადააზრებას, რომელიც მთაში დაკარგული ალპინისტების ხსოვნას მიეძღვნა. თუმცა, ამ ესკიზის პროექტად გარდაქმნა გადამაწყვეტინა ტრაგიკულმა მოვლენამ, რომელიც 2024 წლის აგვისტოში მოხდა — მთაში ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი თაობის გამორჩეული ბიჭი, მთამსვლელი, არჩილ ბადრიაშვილი,” – თორნიკე დადიანი
მემორიალი ეძღვნება მას, ვინც მთამ მისად დაიტოვა.
ნაგებობის გასათავსებლად შერჩეულია უკაცრიელი, თოვლით დაფარული ადგილი, რომელიც მოქცეულია კლდოვან ქედებს შორის არსებულ მდუმარე გარემოში. მისი არქიტექტურული სტრუქტურა შედგება ნაკლებად დამუშავებული ხის ვერტიკალური კოჭებისგან, რომლებიც ერთმანეთთან ჰორიზონტალური ელემენტებითაა დაკავშირებული. მისი მკაცრი, მაგრამ პოეტური ფორმა ორგანულად ერწყმის ლანდშაფტს — თითქოს თავად ბუნებამ წარმოშვა ის. ხის მასალა არქიტექტურულად ასახავს გარემოს სიშიშვლესა და სიმშვიდეს, თითქოს სტრუქტურა ამოზრდილია მიწიდან და დიალოგში შედის კლდოვან ლანდშაფტთან.
ობიექტის სტუმარი მემორიალში ხვდება რვა მეტრის სიგრძის ნახევრად დახურული პანდუსის მეშვეობით — გზის ბოლოს იხსნება ცენტრალური სივრცე – ვერტიკალური მოცულობა, რომელიც ერთგვარად სამლოცველოს ფუნქციას ასრულებს. ფასადში ინტეგრირებულია უზარმაზარი ჯვრის სიმბოლო, რომელიც შენობის ერთიანი არქიტექტურული ქსოვილის ნაწილია. ვერტიკალური მოცულობის ცენტრში, ცენტრალურ კოჭზე, ჩამოკიდებულია ზარი — ელემენტი, რომელიც არქიტექტურას სინესთეზიურ განზომილებას სძენს და ხმას გარდაქმნის სივრცედ.
ზარი მდუმარეა. ის ელოდება ადამიანის ან ქარის ზემოქმედებას. ეს ინტერაქცია გარდაიქმნება ერთგვარ ინტიმურ რიტუალად, რომლის დროსაც ზარის მიერ გამოცემული ყოველი ბგერა წარსულთან შეხვედრის შესაძლებლობაა. უკიდეგანო სიჩუმეში ზარის ხმა დროის შეჩერებას ჰგავს — ხმოვანი კვალი, რომელიც მეხსიერებას აცოცხლებს.
სამლოცველოს არქეტიპული სტრუქტურა მეტაფორად იქცევა — კოლექტიური მეხსიერების მატარებელ ლიტურგიულ სივრცედ. ზარი კი — ჟღერადი მედიუმი ხდება, რომელიც ვიზიტორთან დიალოგში შედის არა ვერბალურად, არამედ ჟღერადობით. მისი ხმა ვრცელდება მთებში, ეჯახება კლდეებს, იძირება თოვლში და ქრება სივრცეში. ეს არის ხმოვანი ჩანაწერი მარადიულ სივრცეში, სადაც მოგონება ცოცხლდება არა სიტყვით, არამედ ბგერით.
“მემორიალის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომლის მიხედვითაც არქიტექტურა არ არის მხოლოდ ფორმა. ის სენსორული, ემოციური, თვითრეფლექსური სივრცეა, სადაც მატერია და არამატერია თანაარსებობენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხის სტრუქტურა და ზარის ხმოვანება ერთად ქმნიან არქიტექტურული მედიტაციის სივრცეს.
ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური არქიტექტურული ობიექტი. ეს არის სივრცე, სადაც მეხსიერება სხეულებრივ და ემოციურ გამოცდილებად გარდაიქმნება, რომელიც იწყება სამლოცველოში შესვლით, გრძელდება ზართან შეხებით და მთავრდება მდუმარებით,” – თორნიკე დადიანი
პროექტის ავტორი: Dadiani Architects
არქიტექტორი: თორნიკე დადიანი
ვიზუალიზაცია – არჩილ თაკალანძე
ტექსტი: Dadiani Architects