in ,

მიხეილ თუმანიშვილის შთამომავლების მიერ განახლებული სააგარაკო სახლი სოფელ წვერში

Banner M2
Banner M2

ეს სახლი თბილისთან ახლოს, თეთრი წყაროს რაიონში მდებარეობს. მისი ისტორია 40 წლის წინ დაიწყო, როდესაც ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, მიხეილ თუმანიშვილმა, სოფელ წვერში სააგარაკო მიწა მიიღო. ამ ადგილას მკვიდრი მოსახლეობა არ ბინადრობდა, სწორედ ამიტომ, წვერი დღემდე სააგარაკე ზონაა და ის ნებისმიერ მნახველს საუცხოო ბუნებითა და უმშვენიერესი ხედებით აჯადოებს.

სოფლის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ის დღემდე შეძლებისდაგვარად დაცულია “ადამიანის ხელისგან”, რაც იმას ნიშნავს, რომ წვერში მაქსიმალურად არის შენარჩუნებული ველური ბუნება და იქაური გარემოსთვის დამახასიათებელი მინიმალიზმი. სწორედ აქედან გამომდინარე, წვერში არ გვხვდება ბეტონის ქაოსურად ნაშენები კონსტრუქციები. სოფელში მიმავალი 6 კილომეტრიანი ხევიც კი დღემდე ე.წ. “მოხრეშილი” გზითაა დაფარული.

როგორც მიხეილ თუმანიშვილის შვილიშვილი, ნინა მენთეშაშვილი იხსენებს, “წვერის იმ ფერდობზე, სადაც თეატრალებს ერგოთ მიწები, ერთ მხარეს იყო წყალი და შედარებით ნაყოფიერი მიწა, მაგრამ ამ მხარეს არ ჰქონდა კარგი ხედი. ფერდობის მეორე, კლდოვანი ნაწილიდან კი ძალიან ლამაზი ხედი იშლებოდა, თუმცა, იქ არ იყო წყალი… რომანტიკულმა, შემოქმედებითმა და არაპრაქტიკულმა მიშა თუმანიშვილმა, რა თქმა უნდა, მოინდომა ის მხარე, რომელსაც არ ჰქონდა წყალი, მაგრამ ჰქონდა ულამაზესი ხედი.”

ასე შეიქმნა სახლი, რომელსაც მიხეილ თუმანიშვილის ოჯახი რამდენიმე ზაფხულის განმავლობაში სტუმრობდა. თუმცა, მაშინდელი პირობების გათვალისწინებით (უწყლობა და რთული გზა), მალე წვერში ჩასვლა სულ უფრო და უფრო გართულდა, რაც იმით დასრულდა, რომ მეპატრონეებმა სახლი დაკეტეს და იქ დაახლოებით 20 წელი არ დაბრუნებულან.

“სახლი იყო მოუვლელი, მუხლამდე ბალახით, ჭიისგან შეჭმული იატაკით და ჩამტვრეული მინებით. ამ წლების მანძილზე ბევრჯერ დაურეკავთ და უკითხავთ, აგარაკს ხომ არ ყიდითო. ჩვენც ბევრჯერ გვიფიქრია გაყიდვაზე, რადგან აღარ დავდიოდით, მაგრამ მიშა ბაბუს ისე უყვარდა იქაურობა, არ გვეთმობოდა არავის”.

თუმცა, 2020 წლის ზაფხულში ნინა დიდი ხნის პაუზის შემდგომ წვერის მიტოვებულ სახლს ეწვია, რათა ეს ადგილი მისი მეუღლისთვის, რეზი ბესელაშვილისთვის გაეცნო. რეზი იმდენად მოიხიბლა წვერში არსებული გარემოთი, რომ როგორც ნინა იხსენებს, “ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება”. სწორედ ასე გადაწყვიტა წყვილმა, რომ საკუთარი წვერის სახლისთვის ახალი სიცოცხლე ეჩუქებინათ და იმავე ზაფხულს შეუდგნენ ამ მიზნის განხორციელებას.

პირველი, რაც ნინამ და რეზიმ გააკეთეს, იყო ჭაბურღილი ეზოში, რომელსაც 6 დღის მანძილზე ბურღავდნენ დილიდან ღამემდე. “თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამდენი წლის შემდეგ, პირველად დავინახე ჩემს კლდოვან ეზოში 80 მეტრის სიღრმიდან ამოჩუხჩუხებული უცივესი წყალი”, – იხსენებს ნინა

ამის შემდეგ კი დაიწყო სარემონტო სამუშაოების ურთულესი ეტაპი, რასაც კიდევ უფრო ართულებდა სოფლამდე მიმავალი ცუდი გზა, მკაცრი კლიმატური პირობები ზამთარში და კომუნიკაციების არარსებობა.

“მთელი წელი ზამთრის ჩათვლით, გაუჩერებლად, ხშირად უდენობაში, დიდთოვლობაში, ყინვაში და უგზოობაში ვაშენეთ და ვარემონტეთ ეს სახლი. ბევრი რამ გამოვიარეთ: ხან ხევის გზაზე გვეჭედებოდა სატვირთოები, ხან დიდი ნალექის გამო რამდენიმე დღით მიდიოდა დენი და იძულებული ვხდებოდით, გაყინული მუშები თბილისში წამოგვეყვანა. ისეთი პერიოდიც გვქონდა, ერთის გარდა, ყველა ხელოსანმა უარი რომ თქვა იქ მუშაობაზე და მე, რეზიმ და ჩვენმა მშენებელმა ვაკომ, ჩვენი ხელით “ვშკურკეთ” და ვღებეთ ღობის და ჭიშკრის ბოძები, რომ დრო არ დაგვეკარგა და საქმე მთლად არ გაჩერებულიყო.”

გაზაფხულზე რეზიმ და ნინამ ეზოს სამუშაოები წამოიწყეს და საკუთარი ბოსტანიც კი გააშენეს.

საბოლოო ჯამში, წყვილი მიიჩნევს, რომ მათ იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე ამას პროექტის დაწყებამდე გეგმავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რეზი და ნინა თვლიან, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ, მათი ერთი წლის ნამუშევარი ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება.

სახლი თეთრი, მინიმალისტური ინტერიერით – Kuba & Pilař architekti-ს ნამუშევარი

როგორ ხდება უძრავი ქონების შეფასება Area-ს დახმარებით?