in

მინიმალიზმი და ექსპრესია ერთ სახლში – ნინო ნოზაძის ნამუშვარი

ნინო ნოზაძის ეს პროექტი მკვეთრი ფორმებისა და მშვიდი დახვეწილობის დიალოგია. ეს არის სახლი, სადაც ბუნებრივი მასალები, თამამი აქცენტები და სინათლის ოსტატური გამოყენება ერთიანდება თანამედროვე, მრავალშრიან კომპოზიციაში.

შესასვლელი სივრცე თეატრალურ ატმოსფეროს ქმნის: სარკისებური კედლები უსასრულობის ეფექტს იძლევა, ღრმა წითელი ტონი ინტენსიურობას მატებს გარემოს, ხოლო ჭადრაკისებური მარმარილოს იატაკი მკაფიო რიტმს ამყარებს. განათება აქ სცენური ხასიათისაა და სივრცეს დრამატულ ელფერს სძენს.

მისაღებში მუხის მასალით მოპირკეთებული კედლები თბილ ფონს ქმნის, რომლის ცენტრშიც უმშვენიერესი მონუმენტური მარმარილოს ბუხარია. ლეოპარდის პრინტით გაწყობილი დივანი ირონიულ სითამამეს მატებს სივრცეს, ვენეციური შუშის ვარდისფერი ჭაღი კი სასადილო ზონას სინათლით ავსებს.

სამზარეულო შავი მინიმალიზმის მაგალითია. წითელი სკამები კუნძულთან და ღია თაროებზე გამოფენილი ჭურჭელი სივრცეს ცოცხალ ელფერს სძენს.

საძინებლებში გვხვდება მუხის პანელირები და ბუნებრივი ქსოვილები, რაც თბილ ატმოსფეროს ქმნის. მთავარი საძინებელი მინის ტიხრით უკავშირდება სველ წერტილს, სადაც ბრინჯაოს დეტალები და მდიდარი ტექსტურები ფიგურირებს, ხოლო ცენტრალურ ელემენტად თავისუფლად მდგომი აბაზანა გვევლინება.

სტუმრების აბაზანაში მწვანე მარმარილოთი მოპირკეთებული კომპაქტური სივრცე გვხვდება.  ხოლო საბავშვო ოთახში ინტერიერი მინიმალისტური და თანამედროვე სტილისაა, სადაც თბილი ხის პანელები ქმნის სივრცის მთავარ ფონს, ხოლო ჩაშენებული საწოლი და თაროები ფუნქციურობასა და სისუფთავეს უსვამს ხაზს. აბაზანის ქვის ნიჟარა მეტალის კონსტრუქციით ინდუსტრიულ შტრიხს მატებს სივრცეს, ხოლო ვარდისფერი მეტალის მაგიდა საინტერესო კონტრასტს სძენს ოთახს, შედეგად კი ინტერიერი იქცევა ერთიან, ჰარმონიულ კომპოზიციად, რომელიც ბუნებრივ სითბოსა და ექსპერიმენტულ თანამედროვე აქცენტებს აერთიანებს.

ეს პროექტი არა მხოლოდ უბრალოდ საცხოვრებელი სივრცეა, არამედ ნინო ნოზაჩის დიზაინერული ხედვის მანიფესტი — ადგილი, სადაც სკულპტურული ფორმები, მასალების სიმდიდრე და სინათლის ძალა ერთიანდება თანამედროვე და ინტიმურ ატმოსფეროში.

ფოტოგრაფი: გიორგი პარკაია

კუნძულის ხედებით შთაგონებული სახლი მაიორკაზე – jle arquiteqtos-ის პროექტი