in

საგაზაფხულო განწყობა Mon Chou-ში – DODO Designs-ის ნამუშევარი

ბუნიაობა გაზაფხულის ასტრონომიულ დასაწყისს გულისხმობს, რა დროსაც ბუნება ცოცხლდება, ხასიათი და განწყობა კი მატულობს. ჩვენი თვალისათვის, რომელიც სწრაფად აღიქვამს ირგვლივ მომხდარ მოვლენებს, ვიზუალური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მსოფლიო ბრენდები სულ უფრო მეტად ცდილობენ არა მხოლოდ სლოგანებითა და სიტყვიერი მოწოდებებით აწარმოონ მომხმარებელთან ურთიერთობა, არამედ დიდ მნიშვნელობას ვიზუალურ ანბანს ანიჭებენ. ბოლო პერიოდში ამ მხრივ საქართველოშიც საინტერესო გააქტიურება შეიმჩნევა და უკვე მეორე სეზონია, რაც ე.წ. მხედველობითი კომუნიკაციის თვალსაზრისით, საბავშვო კონცეპტუალური შოურუმი Mon Chou გამოირჩევა.

Mon Chou-მ გაზაფხულის მოსვლა შიდა დეკორითა და არაჩვეულებრივი ფასადის დიზაინით ამცნო მთელ ქალაქს და თავის ერთგულ მომხმარებელს. შოურუმის დამფუძნებელმა, მარიკა ვახტანგიშვილმა მარკეტინგის გუნდთან ერთად წინა სეზონის მსგავსად, ამჯერადაც DODO Designs-თან ერთად ითანამშრომლა და შედეგად დასამახსოვრებელი, მიმზიდველი დიზაინი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ დეკორის უმეტესი ნაწილი ხელით არის შესრულებული.

დიზაინერ დოდოშკა ჩხეიძის თქმით, დიზაინის მთავარი თემა ყვავილებია, რომლებიც განსაკუთრებით აღძრავს საგაზაფხულო და სადღესასწაულო განწყობას. ამას გარდა, ყვავილები სიახლესთან და ახალ სიცოცხლესთანაა დაკავშირებული. პროექტის ავტორს სურდა, შეექმნა ისეთი სივრცე, რომელიც ბავშვებისა და მშობლებისათვის ერთდროულად მიმზიდველი და ჯადოსნური იქნებოდა. ეს ყოველივე კი ფორმითა და მასალით გამოიხატა და დეკორმა მაქსიმალურად ხელნაკეთი ვიზუალი მიიღო. ყვავილების დახლი და ფასადის ყვავილები ზღაპრულ სამყაროს მოგვაგონებს და არარეალისტურ ატმოსფეროს ქმნის, რათა პატარებისთვის ის ბევრად უფრო ახლო და ნაცნობი გახდეს.

ინტერიერი ბრენდის  ხასიათით, ლოგოთი და ფერებით არის შთაგონებული, ამიტომ მთავარ ტონალობად წითელი და თეთრი შეირჩა, რომლებმაც უფრო ვინტაჟური სახე მიიღო და სიძველის ეფექტი წარმოქმნა, რათა თბილი და ერთგვარად ნოსტალგიური განწყობა შექმნილიყო. ეს, ერთი მხრივ, ბავშვობას, როგორც წარსულთან მუდმივად დაკავშირებულ პერიოდს, მეორე მხრივ კი მაღაზიის პროდუქციის დიზაინს ესადაგება. საბოლო ჯამში, შეიქმნა დახვეწილი, პოზიტიური და ზღაპრული ინტერიერი, რომელიც,  ბავშვებში საზეიმო ემოციებს იწვევს.

ფოტოები: ანა დოლიძე

პროექტის ავტორი: Mon Chou

დიზაინი: DODO Designs

ხელნაკეთი ყვავილები: ნინო სამადბეგიშვილი

ბინა დიღომში მშვიდი ფერთა გამით – თაკო უნდილაშვილის ნამუშევარი

ბლოკი თუ თაბაშირმუყაო – როგორ შევარჩიოთ სასურველი ტიხარი?