in

სამზარეულო როგორც მთავარი აქცენტი – მყუდრო ინტერიერი შვედეთში

Banner M2
Banner M2

ამ შვედური ბინის ცენტრი არა მისაღები ოთახი, არამედ სამზარეულოა. პროექტის საერთო ფართობი 82 კვადრატული მეტრია, სადაც, როგორც წესი, პროექტის გულს მისაღები ზონა წარმოადგენს ხოლმე, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბინის მეპატრონეები დროის უმეტეს ნაწილს ძირითადად სამზარეულოში ატარებენ, რომელიც ძალიან ცოცხალი და სასიამოვნოა. საცხოვრებელი საკმაოდ ნათელ ფერებშია მოწყობილი და აკმაყოფილებს სკანდინავიური სტილის მთავარ პრინციპებს. სივრცეები ფართო და ნათელია, ავეჯი ფუნქციურობაზე ორიენტირებული და ბინაში ესთეტიკურ განწყობას აღძრავს, ხოლო მკვეთრი აქცენტებისა და ცოცხალი ხასიათის შემოსატანად მწვანე მცენარეებია გამოყენებული.

მისაღები ოთახი სადა და მყუდროა. დამატებით ხიბლს ბინის ამ ნაწილში კედლის ნახატები და ბუხარი ქმნის. საინტერესოა ჭაღისა და იატაკის სანათის კომბინაციაც. ამასთან, სკანდინავიურ სტილს ბუნებრივი მასალის სიმრავლე ახასიათებს, რაც ბინის ამ ოთახში იდეალურად იგრძნობა, რადგან ნაცრისფერ და თეთრ ფერებთან კონტრასტის სახით ვხვდებით ყავისფერი ხის ავეჯისა და ნივთების მრავალფეროვნებას.

 

სამზარეულოსთვის შერჩეული პასტელი კარადები, მოდური შავი დეტალები და ფერადი აქცენტები ხელს უწყობს იმას, რომ ბინის ეს ნაწილი სხვა ოთახებისგან აშკარად გამოკვეთილი და გამორჩეული იყოს. ოთახს აქვს სამი კლასიკური ფანჯარა, საიდანაც ბინაში უხვი რაოდენობით ბუნებრივი სინათლე შემოდის. სამზარეულო თანამედროვე ტექნიკითა და ელეგანტური ავეჯით არის დახვეწილი, საერთო ჰარმონია კი შავ-თეთრი ფერების კონტრასტით იქმნება, რასაც კიდევ უკეთ უსვამს ხაზს კედლის მოსაპირკეთებლად გამოყენებული კერამიკული ფილების დიზაინი.

ცალკეა გამოყოფილი სასადილო სივრცეც, სადაც, სამზარეულოს მსგავსად, ბინის მეპატრონეები ყველაზე დიდ დროს ატარებენ. სასადილო მაგიდა და სკამები ხის მასალისგანაა დამზადებული, რაც სახლში ერთგვარ ბუნებრივ და მსუბუქ განწყობას აღვიძებს.

რაც შეეხება საძინებელს, ბინის ეს ნაწილი ძალიან მყუდრო და კომფორტულია, თუმცა, სხვა ოთახებთან შედარებით, მცირე ზომისაა. საძინებელი ზონა ბუნებრივი ქსოვილების სიმრავლით გამოირჩევა. საინტერესო ხასიათის გასაღვიძებლად ამ შემთხვევაშიც კედლის ნახატები, ლარნაკები და მწვანე მცენარეები გამოიყენეს, ხოლო საწოლის თავზე დიდი ზომის ფანჯარა სივრცეს სინათლით ავსებს და ვიზუალურად აფართოებს.

აღსანიშნავია, რომ მთელს სახლში ხის იატაკის საფარია გამოყენებული, რასაც სივრცე ერთიანობაში მოჰყავს და ოთახებს შორის სასიამოვნო გადასვლებს ქმნის. მინის ტიხრებით კი უზრუნველყოფილია ისიც, რომ სივრცე კიდევ უფრო ვრცელი და ნათელი ჩანდეს. მთლიანობაში, ბინა ძალიან სადა და სასიამოვნოა და სრულად არის მორგებული მისი მეპატრონეების სურვილებსა და გემოვნებას.

როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

9 ადგილი თბილისში, სადაც სამზარეულოს ორგანაიზერს შეიძენთ