in

მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორები თბილისში – რას უნდა ველოდოთ SHARE Georgia 2026-ზე?

ცოტაა ისეთი ქალაქი, სადაც სხვადასხვა ეპოქას შორის დიალოგი ისე თვალსაჩინოდ ჩანს, როგორც თბილისში. ხის აივნიანი ეზოები, სოლოლაკის არტ-ნუვოს ფასადები, საბჭოთა პერიოდის ბრუტალისტური არქიტექტურა და თანამედროვე მინისა და ფოლადის შენობები ერთმანეთის გვერდით თანაარსებობს და ქალაქის იდენტობას ქმნის.

ამ სწრაფმა ცვლილებებმა თბილისი ერთგვარ ცოცხალ არქიტექტურულ ლაბორატორიად აქცია. თუმცა განვითარების იმავე ტემპს თან ახლავს ზეწოლა ისტორიულ გარემოზე, საჯარო სივრცეებსა და ადგილობრივ თემებზე.

სწორედ ამ ურბანული ცვლილებების ფონზე ტარდება SHARE Georgia 2026, რომელიც ადგილობრივ არქიტექტურულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პრაქტიკის წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ადამიანურ მასშტაბზე ორიენტირებული საჯარო სივრცეების შენარჩუნებას შორის ბალანსია. ღონისძიებას SHARE Architects აორგანიზებს, არქიტექტურისა და საინჟინრო სფეროს ერთ-ერთი უდიდესი პროფესიული ქსელი ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

ფორუმი 22 სექტემბერს, Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართება. პროგრამა რეალურ პროექტებსა და პრაქტიკულ მაგალითებზეა აგებული და არქიტექტორებს, ინჟინრებსა და დეველოპერებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ გამოცდილებას, რომელიც თბილისსა და რეგიონში მომავალ პროექტებზეც შეიძლება გამოიყენონ. ერთი დღის განმავლობაში ღონისძიება 10 ქვეყნიდან 30 სპიკერს გააერთიანებს. პროგრამაში შედის პლენარული სესიები, თემატური მრგვალი მაგიდები და დასკვნითი მთავარი მოხსენებები.

პირდაპირი დიალოგი სამ საერთაშორისო სპიკერთან

SHARE Georgia 2026-ის პროგრამა ოთხ ძირითად მიმართულებაზეა აგებული: Living Architecture, Urban Development, Large-Scale Projects და Facade Design. ამ ფორმატით ერთ სივრცეში იყრის თავს თანამედროვე არქიტექტურის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: როგორ რეაგირებს შენობა ქალაქის წარსულზე, როგორ იცვლება საჯარო სივრცე და როგორ შეიძლება მასშტაბური მშენებლობა გარემოსთან და ადამიანთან უფრო ფრთხილ ურთიერთობაში იყოს.

ფორუმის მთავარი ღირებულება მხოლოდ თემების მრავალფეროვნება არ არის. ფორმატი სპეციალურად ისეა მოწყობილი, რომ ქართველ არქიტექტორებსა და საერთაშორისო პრაქტიკის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი პროფესიული დიალოგი შედგეს. წლევანდელი პროგრამის მთავარი სტუმრები სამი გავლენიანი არქიტექტურული სტუდიის წარმომადგენლები არიან.

ოლგა ბოლშანინა, Herzog & de Meuron-ის უფროსი პარტნიორი

ოლგა ბოლშანინა შვეიცარიული Herzog & de Meuron-ის უფროსი პარტნიორია და კომპლექსურ ინფრასტრუქტურულ და ურბანული განახლების პროექტებზე მუშაობს. მისი პრაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე არსებული შენობებისა და რთული სივრცეების ადაპტაციას უკავშირდება. ოლგას პროექტებში ხშირად ჩანს მიდგომა, რომელიც ძველი ნაგებობების დანგრევის ნაცვლად მათ ახალ ფუნქციას სძენს და თანამედროვე არქიტექტურას ისტორიულად დაცულ გარემოსა თუ რთულ ბუნებრივ ლანდშაფტში ინტეგრირებს.

SHARE Georgia 2026-ზე ბოლშანინა ორ კონკრეტულ პროექტს წარადგენს.

The Titlis Project, შვეიცარია: ალპური კურორტის განახლების პროექტი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, რომელსაც ყოველწლიურად 1.1 მილიონზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ძველი და შეზღუდული კომპლექსის სრულად დემონტაჟის ნაცვლად Herzog & de Meuron-მა არსებული ბეტონის კონსტრუქციები შეინარჩუნა და ახალ მოცულობებში გააერთიანა. პარალელურად განახლდა შენობის ენერგოსისტემები და იზოლაცია, რათა კომპლექსს მკაცრ კლიმატურ პირობებში მუშაობა შესძლებოდა.

Tai Kwun, Center for Heritage & Art, ჰონგ-კონგი: მე-19 საუკუნის ყოფილი პოლიციის, სასამართლოსა და ციხის კომპლექსის საჯარო კულტურულ ცენტრად გარდაქმნის პროექტი. ისტორიული კედლები და შიდა ეზოები შენარჩუნდა, მათ შორის კი ორი ახალი, კონსოლური მოცულობა დაემატა, რომლებიც ჩამოსხმული ალუმინით არის მოპირკეთებული. ახალი არქიტექტურა ძველი სტილის იმიტაციას არ ცდილობს. სხვადასხვა ნაგებობას ერთმანეთთან გადასასვლელები და საგამოფენო სივრცეები აკავშირებს.

ვილ პლოუმენი, Foster + Partners-ის პარტნიორი

ვილ პლოუმენი Foster + Partners-ის პარტნიორია და კომპლექსურ საცხოვრებელ, გენგეგმარებისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხელმძღვანელობს. თბილისში მისი გამოსვლა განსაკუთრებით ეხება იმ საკითხებს, რომლებიც სწრაფი ურბანული განვითარების პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება: ფასადების ეფექტიანი გადაწყვეტები და რესურსების ნაკლები მოხმარება.

ფორუმზე პლოუმენი წარადგენს The Lana and The Residences, Dorchester Collection-ს, დუბაის Marasi Marina-ზე მდებარე სასტუმროსა და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც OMNIYAT-ისთვის შეიქმნა და 2024 წელს დასრულდა. ორი ერთმანეთთან დაკავშირებული, 31 და 30-სართულიანი კოშკი მიწის დონიდან აწეულია, რაც მარინასა და მისასვლელ გზას შორის ვიზუალურ და საფეხმავლო კავშირს ქმნის.

შენობებში შვიდი ვერტიკალური ბაღია მოწყობილი. ღრმა გადახურვები და თხელი სართულები ოთახებსა და კერძო აივნებს მთელი წლის განმავლობაში ჩრდილავს და მექანიკური გაგრილების საჭიროებას ამცირებს. კომპლექსის ზედა ნაწილში კი Sky Garden და სამი მხრიდან გარშემორტყმული უსასრულო აუზია განთავსებული.

პლოუმენის გამოსვლის კიდევ ერთი თემა იქნება „AI as yet another tool, not as a threat“. საუბარი შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, როგორც არქიტექტორის კიდევ ერთ სამუშაო ინსტრუმენტს და არა პროფესიის შემცვლელს. ის განიხილავს, როგორ ცვლის AI არქიტექტურულ სამუშაო პროცესს ისე, რომ დიზაინერის როლი არ ქრება.

ვიგო ჰარემსტი, Henning Larsen-ის პარტნიორი და დიზაინის დირექტორი

ვიგო ჰარემსტი Henning Larsen-ის დიზაინის დირექტორი და პარტნიორია. სტუდია ცნობილია მასშტაბური ხის კონსტრუქციებითა და მიდგომით, რომელიც არქიტექტურას ურბანული მიკროკლიმატის მართვისა და ქალაქში ბუნების დაბრუნების საშუალებად განიხილავს.

SHARE Georgia 2026-ზე ჰარემსტი ორ დიდ პროექტს წარადგენს, რომლებიც აჩვენებს, როგორ შეიძლება მასშტაბური შენობები ბიომასალებისა და გარემოსდაცვითი საინჟინრო გადაწყვეტილებების გამოყენებით შეიქმნას.

World of Volvo, გეტებორგი: გამოცდილების ცენტრი და საჯარო თავშეყრის სივრცე, რომელიც მასიური ლამინირებული ხის კონსტრუქციის ქვეშაა მოწყობილი. პროექტი ეფუძნება შვედურ კონცეფციას Allemansrätten, ანუ ბუნებაზე საზოგადოების თავისუფალი წვდომის უფლებას. შენობა თავადაც ღია საჯარო სივრცედ იქცევა და ამავე დროს აჩვენებს, რომ მასშტაბურ მშენებლობაში ხეს ბეტონის ნაწილის ჩანაცვლება შეუძლია.

Lighthouse at Darling Park, სიდნეი: საოფისე კოშკისა და 10 000 კვადრატული მეტრი საჯარო სივრცისა და პარკებისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც უშუალოდ მაგისტრალის თავზე შენდება. ეს მაგისტრალი ქალაქის ფინანსურ უბანს სანაპიროსგან ყოფდა. პროექტის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი მიკროკლიმატისა და გარემოს სიმულაციებმა შეასრულა. შენობა ერთდროულად მუშაობს ქალაქის მასშტაბში, როგორც სილუეტის ნაწილი, და ქუჩის დონეზე, როგორც ადამიანზე მორგებული სივრცე.

რას აძლევს ქართველ პროფესიონალებს გლობალურ არქიტექტურულ საზოგადოებასთან პირდაპირი კავშირი?

SHARE Georgia 2026-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ცოდნის გაცვლა, პროფესიული კავშირების შექმნა და გრძელვადიანი თანამშრომლობაა. ამისთვის პროგრამაში სამი თემატური მრგვალი მაგიდაა გათვალისწინებული, სადაც სპიკერსა და აუდიტორიას შორის მკაცრი ზღვარი ქრება და საუბარი ყოველდღიური პროფესიული პრაქტიკის კონკრეტულ საკითხებზე გადადის.

პირველი მრგვალი მაგიდა: საგანმანათლებლო არქიტექტურა

09:31-11:01, Ballroom Hall #1

ოფიციალურ პროგრამაში სესია წარმოდგენილია სახელწოდებით „Experts Round Table: Rethinking Educational Architecture: Designing for Change and Resilience“. მას უძღვება ოთარ სულაბერიძე, ArtStudio-ს არქიტექტორი.

დისკუსიაში მონაწილეობენ ოლგა ბოლშანინა, Herzog & de Meuron; პატრიცია სტურზოიუ, Quadratum Architecture; არმანდ ვოკში, Avatelier; არტაკ კნიაზიანი, AGL Group; გიორგი სიხარულიძე; მარიამ წიკლაური და თამარ მელივა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის არქიტექტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ოთარ სულაბერიძე, მოდერატორის გარდა, პანელის მონაწილეც იქნება.

დისკუსიის ამოსავალი იდეაა, რომ საგანმანათლებლო არქიტექტურა მხოლოდ ერთი, წინასწარ განსაზღვრული ფუნქციისთვის შექმნილ შენობებზე აღარ უნდა იყოს დამოკიდებული. სკოლები და სხვა საგანმანათლებლო სივრცეები უფრო ადაპტირებადი და მდგრადი უნდა გახდეს, რათა სხვადასხვა საჭიროებასა და გაუთვალისწინებელ გარემოებებს მოერგოს.

საუბარი შეეხება მომავლის სკოლებისთვის არქიტექტურულ კონკურსებს, საგანგებო სიტუაციებში საგანმანათლებლო შენობების სამოქალაქო ინფრასტრუქტურად გამოყენებას, ღიაობასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსს, არსებული შენობების რადიკალურ ხელახალ გამოყენებას, ინფრასტრუქტურის განათლებისთვის ადაპტაციას და იდეას, რომ სკოლის შენობა გახსნის შემდეგაც არ უნდა განიხილებოდეს საბოლოოდ დასრულებულ სივრცედ.

მეორე მრგვალი მაგიდა: იდენტობა, კუთვნილების განცდა და თბილისის საჯარო სივრცეების სოციალური გავლენა

11:30-13:00

სესიას ნიკოლოზ ლეკვეიშვილი, TIMM Architecture-ის თანადამფუძნებელი, გაუძღვება. დისკუსიაში მონაწილეობენ ვიგო ჰარემსტი, Henning Larsen; გიორგი სულაბერიძე, ArtStudio; გვანცა ნიკოლაიშვილი, ურბანული დაგეგმარების ექსპერტი; ზურა ჯიშკარიანი, არტისტი და მწერალი; და ელენე კაპანაძე, Tbilisi Public Art Fund-ის პროექტის მენეჯერი.

პანელი თბილისის მრავალშრიან ურბანულ ისტორიას განიხილავს: საბჭოთა პერიოდის დაგეგმარებას, დამოუკიდებლობის შემდგომ სპონტანურ განვითარებასა და ბოლო წლების სწრაფ მშენებლობას. დისკუსიის საფუძველია მოსაზრება, რომ თბილისის საჯარო სივრცე არასოდეს არის ნეიტრალური. ის სხვადასხვა პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების, ინტერესებისა და წარმოდგენების ერთობლიობაა.

აქედან მოდის მთავარი კითხვაც: ვის ეკუთვნის ქალაქი და ვისთვის იქმნება მისი საჯარო სივრცეები? საუბარი შეეხება იმასაც, როგორ შეიძლება არქიტექტურამ და ურბანულმა დაგეგმარებამ მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებაზე მეტად იმუშაოს და ადამიანებში რეალური კუთვნილების განცდა შექმნას.

როგორც მოდერატორი ნიკოლოზ ლეკვეიშვილი ამბობს: „თბილისის საჯარო სივრცეებში ერთმანეთზეა დალაგებული განსხვავებული წარმოდგენები იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნის ქალაქი. ეს წარმოდგენები საბჭოთა დაგეგმარებამ, დამოუკიდებლობის შემდგომმა იმპროვიზაციამ და ბოლო წლების სწრაფმა განვითარებამ შექმნა. ეს მრგვალი მაგიდა კითხულობს, რეალურად ვისთვის იქმნება ეს სივრცეები და ქმნის თუ არა ის, რასაც ვაშენებთ, ნამდვილ კუთვნილების განცდას, თუ მხოლოდ მის ილუზიას. მიზანი დიაგნოზის დასმა კი არა, ისეთი წინადადებების ფორმირებაა, რომლებსაც პრაქტიკის შეცვლა შეუძლია“.

მესამე მრგვალი მაგიდა: AI და იმერსიული არქიტექტურა, AI, VR, BIM

13:15-14:45

სესიას დიმიტრი ჩაავა, X Architecture-ის დამფუძნებელი პარტნიორი, გაუძღვება. მონაწილეები არიან დენის ლაცეი, Gerber Architekten; ვილ პლოუმენი, Foster + Partners; და ნიკოლოზ ჯაფარიძე, Architects of Invention.

დისკუსიის მიზანია AI-ის გარშემო შექმნილი ხმაურის მიღმა დარჩენილი პრაქტიკული საკითხების განხილვა. საუბარი შეეხება იმას, როგორ ცვლის AI, VR და BIM არქიტექტურულ სამუშაო პროცესს საწყისი ესკიზიდან მშენებლობამდე და როგორ მოქმედებს ეს ცვლილებები თავად არქიტექტორის როლზე.

დიმიტრი ჩაავა სესიის იდეას ასე აყალიბებს: „მრგვალი მაგიდის მიზანია AI-ისა და იმერსიული ტექნოლოგიების გარშემო არსებული აღფრთოვანების მიღმა გავიხედოთ და ვნახოთ, როგორ ცვლიან ისინი არქიტექტურის გააზრების, განვითარების და კომუნიკაციის გზებს. რადგან ეს ტექნოლოგიები პროფესიულ პრაქტიკაში სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს, მთავარი კითხვა მხოლოდ ის აღარ არის, რა შეუძლიათ მათ. მნიშვნელოვანია, როგორ იმოქმედებენ არქიტექტორის როლზე, შემოქმედებით პროცესსა და საბოლოოდ იმ გარემოზე, რომელსაც ჩვენ ვქმნით“.

მთავარი აქცენტები

SHARE Georgia 2026 თბილისის ურბანული გარემოს აქტუალურ საკითხებს საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილებას უკავშირებს. საგანმანათლებლო არქიტექტურა, ქალაქის იდენტობა, AI და ახალი ტექნოლოგიები, მასშტაბური შენობები და გარემოსდაცვითი მიდგომები დღის განმავლობაში როგორც მრგვალ მაგიდებზე, ისე მთავარი სპიკერების გამოსვლებში განიხილება.

ღონისძიების მნიშვნელობა მხოლოდ ერთდღიანი პროგრამით არ შემოიფარგლება. SHARE Georgia 2026-ში მონაწილეობა პროფესიონალებს SHARE Architects Network-თან წვდომასაც აძლევს. ეს საერთაშორისო ქსელია, რომელიც ყოველწლიურად 20-ზე მეტ ქვეყანაში 25-ზე მეტ კონფერენციას აერთიანებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. არქიტექტურული სტუდიებისა და ინდივიდუალური პრაქტიკოსებისთვის ეს საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაფართოების შესაძლებლობაცაა.

დასწრების კატეგორიები

Standard Pass, 20 ევრო

მოიცავს პლენარულ სესიებზე, თემატურ მრგვალ მაგიდებსა და ყავის შესვენებებზე დასწრებას. არ მოიცავს შუადღის Keynote Plenary Session-სა და სადილს. პასი განკუთვნილია არქიტექტორებისთვის, არქიტექტურულ ან საინჟინრო კომპანიებში დასაქმებული ინჟინრებისთვის, საჯარო სექტორის წარმომადგენლებისა და აკადემიური სფეროს პროფესიონალებისთვის.

Keynote Pass, 40 ევრო

მოიცავს შუადღის Keynote Plenary Sessions-სა და Aftertalks-ზე დასწრებას. არ მოიცავს დილის თემატურ მრგვალ მაგიდებსა და სადილს. იგივე პროფესიული კრიტერიუმები მოქმედებს ამ კატეგორიაზეც.

Full Access Pass, 49 ევრო

მოიცავს პლენარულ სესიებს, მრგვალ მაგიდებს, შუადღის მთავარ გამოსვლებს, Aftertalks: Wine & Networking-სა და ყავის შესვენებებს. სადილი პაკეტში არ შედის. დასწრება ამ შემთხვევაშიც იმავე პროფესიული ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი.

[R]

ბუნებრივი ფაქტურებით შექმნილი ინტერიერი კრწანისში — Concept Design Studio-ს პროექტი