in

ნეიროარქიტექტურა: სივრცე, ნერვული სისტემა და ინსტინქტები

როდესაც ადამიანი შედის ახალ სივრცეში, ხშირად რამდენიმე წამში უკვე აქვს განცდა — მოსწონს ეს ადგილი თუ არა. ზოგჯერ ამას ვერ ვხსნით, თითქოს უბრალოდ ვამბობთ: „აქ თავს კარგად ვგრძნობ“ ან „აქ რაღაც არ მომწონს“.

ეს შეფასება ხშირად ჩნდება მანამდე, სანამ სივრცის შესახებ ცნობიერად დავფიქრდებით, სანამ დავაკვირდებით მასალებს, ფორმებს, ავეჯს ან ფერებს. თითქოს, სხეული უკვე რაღაცას გვეუბნება და მხოლოდ შემდეგ ცდილობს გონება ამ განცდის ახსნას.

ეს შემთხვევითი არ არის. ადამიანი სივრცეს არ აღიქვამს მხოლოდ თვალით — სივრცეს კითხულობს მთელი სხეული: მოძრაობით, ხედვის მიმართულებით, სინათლით, მასშტაბით, ხმებით, ტემპერატურით და მასალების ტექსტურითაც კი. ხშირად სივრცის ემოციური ტონი ჩვენამდე აღწევს მანამდე, სანამ მას სიტყვებით აღვწერთ.

სწორედ ამიტომ, ზოგჯერ შეიძლება სრულიად უბრალო სივრცეში თავი მშვიდად ვიგრძნოთ, ხოლო ვიზუალურად შთამბეჭდავ გარემოში — გარკვეული დაძაბულობა. ეს განსხვავება ხშირად მოდის იქიდან, რომ სხეული და ცნობიერება სივრცეს განსხვავებული გზებით ამუშავებენ.

ნეიროარქიტექტურა სწორედ ამ განსხვავების გაგებას ცდილობს. ის სვამს კითხვას: რატომ რეაგირებს ადამიანის ნერვული სისტემა სივრცეზე ასე სწრაფად? რატომ ახდენს სივრცის სტრუქტურა გავლენას ჩვენს ემოციებზე, კონცენტრაციასა და ქცევაზე?

ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად აუცილებელია გავიხსენოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი — ევოლუცია.

ადამიანის ტვინი არ ჩამოყალიბებულა ქალაქებში, არც ოფისებში, არც საცხოვრებელ კომპლექსებსა და არც მაღალტექნოლოგიურ ინტერიერებში. ჩვენი ნერვული სისტემა ჩამოყალიბდა ბუნებრივ ლანდშაფტში — გარემოში, სადაც გადარჩენა დამოკიდებული იყო გარემო პირობების სწრაფ და ზუსტ აღქმაზე.

ათასობით წლის განმავლობაში ადამიანი ცხოვრობდა ისეთ გარემოში, სადაც სივრცის სწორად წაკითხვა ხშირად სიცოცხლის საკითხი იყო. ადამიანს უნდა დაენახა საფრთხე მანამდე, სანამ საფრთხე მას დაინახავდა. უნდა გაეგო, საიდან მოდიოდა ხმა, სად შეიძლებოდა დამალვა და როგორ უნდა ემოძრავა უსაფრთხოდ. სწორედ ამიტომ, ადამიანის ტვინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სივრცის ისეთ თვისებებს, როგორიცაა ხედვის არეალი, საზღვრები, სიმაღლე, სინათლე და მოძრაობის მიმართულება.

ადამიანის პირველი სივრცე — ბუნება

თუ წარმოვიდგენთ ადამიანს ათასობით წლის წინ, მისი ყოველდღიური გარემო სრულიად განსხვავებული იყო თანამედროვე ქალაქისგან. ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება პირდაპირ იყო დაკავშირებული გარემოზე დაკვირვებასთან. ჰორიზონტის დანახვა, ხმების ამოცნობა, მოძრაობის დაფიქსირება — ეს ყველაფერი გადარჩენის მექანიზმის ნაწილი იყო.

ადამიანს მუდმივად სჭირდებოდა გარემოს შეფასება: სად შეიძლებოდა ყოფილიყო საფრთხე? სად შეიძლებოდა ეპოვა თავშესაფარი? სად შეიძლებოდა უსაფრთხო მოძრაობა? ამ პირობებში ადამიანები ბუნებრივად ეძებდნენ ისეთ ადგილებს, რომლებიც ერთდროულად ქმნიდა ორ მნიშვნელოვან შესაძლებლობას: ერთი იყო გარემოს ფართო ხედვა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საფრთხის დროული აღმოჩენა, მეორე კი — სხეულის ნაწილობრივი დაცვა, რათა ადამიანი სრულიად ღია სივრცეში არ ყოფილიყო.

მაგალითად, კლდის კიდე, საიდანაც შორს შეიძლებოდა დანახვა, მაგრამ ზურგს კლდე იცავდა, ან ხის ქვეშ მდებარე ადგილი, რომელიც ქმნიდა მცირე თავშესაფარს, მაგრამ მაინც აძლევდა გარემოს ხედვის შესაძლებლობას. ეს ევოლუციური პრინციპი დღეს ცნობილია, როგორც Prospect/Refuge თეორია.

Prospect/Refuge

*Prospect ნიშნავს ხედვის შესაძლებლობას — გარემოზე დაკვირვების საშუალებას.

*Refuge ნიშნავს დაცულობას — ადგილს, სადაც სხეული ნაწილობრივ დაცულია.

საინტერესოა, რომ ეს პრინციპი დღესაც მოქმედებს თანამედროვე შენობებში. ადამიანები ხშირად ინსტინქტურად ირჩევენ ადგილებს კედელთან, წერტილებს, საიდანაც ჩანს შესასვლელი, ან ადგილებს ფანჯარასთან. რესტორანში ადამიანები ხშირად ირჩევენ მაგიდებს კედელთან. ოფისში ბევრს ურჩევნია იჯდეს ისე, რომ ზურგი კედელს ეყრდნობოდეს და სივრცე წინ იშლებოდეს. ეს უბრალოდ გემოვნების საკითხი არ არის — ეს არის ევოლუციური მეხსიერება, რომელიც ჩვენს ნერვულ სისტემაშია ჩაწერილი.

სივრცე, როგორც მოძრაობის ისტორია

არქიტექტურა ხშირად წარმოდგენილია როგორც სტატიკური ობიექტი — შენობა, რომელსაც ვუყურებთ. მაგრამ ადამიანის გამოცდილებაში სივრცე, პირველ რიგში, მოძრაობაა. ჩვენ სივრცეს არასოდეს ვხედავთ ერთდროულად მთლიანობაში — ჩვენ მას აღმოვაჩენთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

შენობაში შესვლა ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, შემდეგ მოდის გარდამავალი სივრცე — დერეფანი ან ფოიე, შემდეგ კიბე, რომელიც გვაიძულებს შევცვალოთ სხეულის პოზიცია. ამის შემდეგ შეიძლება მოულოდნელად გაიხსნას დიდი სივრცე. ეს არის სივრცითი სეკვენცია — მოძრაობის თანმიმდევრობა, რომელიც დროში ვითარდება.

ეს სეკვენცია ქმნის ემოციურ გამოცდილებას. გრძელი და ერთფეროვანი დერეფნები თითქმის ყოველთვის იწვევს სწრაფ მოძრაობას. ადამიანები ასეთ სივრცეებში იშვიათად ჩერდებიან, რადგან ნერვული სისტემა ასეთ გარემოს გარდამავალ ზონად აღიქვამს, ხშირად მსგავსი სივრცეები იქცევა ლიმინალურ სივრცედ, რომელიც ადამიანისთვის მისი ინსტინქტებიდან გამომდინარე, ხიფათის შემცველია. 

ევოლუციური თვალსაზრისით, ადამიანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ვიწრო, გაურკვეველი და შეზღუდული ხედვის მქონე სივრცეების მიმართ. ბუნებრივ გარემოში ასეთი ადგილები — მაგალითად, კლდის ნაპრალები, ვიწრო ბილიკები ტყეში ან გამოქვაბულის შესასვლელები — ხშირად იყო პოტენციური საფრთხის ზონები, სადაც მტაცებელი შეიძლება დამალულიყო. ამიტომ ადამიანის ნერვულ სისტემაში ჩამოყალიბდა სწრაფი რეაქცია ასეთ გარემოზე. როდესაც ხედვა შეზღუდულია და სივრცის კონტროლი რთულია, ტვინი ავტომატურად ზრდის სიფრთხილის დონეს. სწორედ ამ ევოლუციური მექანიზმის გამო, თანამედროვე არქიტექტურაში ვიწრო, გრძელი და ცუდად განათებული გადასასვლელები ხშირად იწვევს დაძაბულობას ან არაცნობიერ დისკომფორტს.

მაგრამ როდესაც სივრცეში ჩნდება სინათლის ცვლილება, ხედვის გახსნა, მასშტაბის გაფართოება ან მცირე ადგილები დასაჯდომად, მოძრაობა ნელდება. ადამიანები იწყებენ ერთმანეთთან საუბარს. სივრცე ხდება სოციალური ინტერაქციის ნაწილი. ამიტომ, არქიტექტურა შეიძლება განვიხილოთ როგორც ადამიანის მოძრაობის ქორეოგრაფია.

ფოტოარქიტექტურის ეპოქა

თანამედროვე სამყაროში არქიტექტურას დაემატა ახალი ფენომენი — სოციალური მედიის კულტურა. Pinterest-ის, Instagram-ისა და ვიზუალიზაციების სამყაროში სივრცე ხშირად ფასდება იმით, თუ რამდენად შთამბეჭდავად გამოიყურება ის ფოტოზე.

შედეგად, ბევრ სივრცეს ვქმნით ისე, რომ ის კარგად გამოჩნდეს ერთ კადრში. მაგრამ რეალური სივრცე ფოტოსგან სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. ფოტო ვერ გადმოსცემს მოძრაობას, მასშტაბს, სინათლის ცვლილებას დღის განმავლობაში, აკუსტიკას ან მასალების რეალურ ტაქტილურ თვისებებს. ამიტომ ხშირად ხდება, რომ სივრცე ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ყოველდღიურ გამოცდილებაში ადამიანებს იქ დიდხანს ყოფნა არ უნდათ. ადამიანებს შესაძლოა, მოსწონდეთ სივრცის სურათი, მაგრამ სხეული მაინც გარკვეულ დაძაბულობას განიცდიდეს.

ნერვული სისტემა და სივრცის აღქმა

ადამიანის ტვინი მუდმივად აფასებს გარემოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს პროცესი ცნობილია როგორც ნეიროცეპცია (Neuroception). ჩვენი ნერვული სისტემა გარემოდან იღებს უამრავ სიგნალს — ხედვის მიმართულებას, სივრცის მასშტაბს, ხმებს, სხვა ადამიანების მოძრაობას, სინათლის ხარისხს. ტვინი ამ ინფორმაციას ძალიან სწრაფად ამუშავებს და მუდმივად პასუხობს ერთ ძირითად კითხვას: უსაფრთხოა თუ არა ეს ადგილი?

კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი სენსორული ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილი მუშავდება ცნობიერ დონეზე. დაახლოებით 5% ხდება შეგნებული ანალიზის ნაწილი, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 95%, მოქმედებს ჩვენს ემოციებსა და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე ისე, რომ ამას ხშირად ვერ ვამჩნევთ.

შესაბამისად, ხშირად ხდება, რომ სივრცის შესახებ ჩვენი სიტყვიერი შეფასება არ ემთხვევა იმას, რასაც სხეული რეალურად განიცდის. ამ იდეის საინტერესო დემონსტრაცია მოხდა მილანში, დიზაინის კვირეულის დროს შექმნილ ინსტალაციაში — „A Space for Being“. ექსპერიმენტის მონაწილეები მოძრაობდნენ სხვადასხვა ინტერიერში, ხოლო ბიომეტრიული სენსორები აფიქსირებდა მათ გულისცემას, სუნთქვასა და სხვა ფიზიოლოგიურ რეაქციებს.

შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანების სხეულის რეაქცია ხშირად არ ემთხვეოდა მათ სიტყვიერ შეფასებას. ზოგჯერ ადამიანი ამბობდა, რომ სივრცე მოსწონდა, მაგრამ მისი სხეულის მონაცემები მიუთითებდა სტრესზე. ეს ნიშნავს, რომ სივრცესა და სხეულს შორის მიმდინარეობს უხმო დიალოგი.

ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაწილი — ე.წ. რეპტილიური ტვინი. ეს სისტემა პასუხისმგებელია სწრაფ რეაქციებზე, სივრცის კონტროლსა და საფრთხის აღმოჩენაზე. ის მოქმედებს ბევრად სწრაფად, ვიდრე ცნობიერი აზროვნება. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ ადამიანი უბრალოდ გრძნობს, რომ სივრცე არასასიამოვნოა, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხსნის, რატომ.

რატომ ვცდებით თანამედროვე არქიტექტურაში

თანამედროვე არქიტექტურაში ხშირად ვხედავთ ერთ საინტერესო შეცდომას: ჩვენ ვაპროექტებთ სივრცეებს ტექნოლოგიური ადამიანისათვის — იმ ადამიანისთვის, რომელიც მუდმივად იყენებს სმარტფონს, კომპიუტერს, ციფრულ სისტემებსა და ავტომატიზებულ გარემოს. თუმცა, ამ პროცესში ხშირად გვავიწყდება, რომ ადამიანის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ევოლუციურად ძველი სისტემაა. ჩვენ შეიძლება ვიყოთ ტექნოლოგიურად განვითარებულები, მაგრამ ჩვენი ტვინი კვლავ რეაგირებს ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ბუნებრივი სინათლე, სივრცის პროგნოზირებადობა, ხედვის კონტროლი და გარემოს ნაწილობრივი დაცულობა.

როდესაც არქიტექტურა მთლიანად ეფუძნება ტექნოლოგიურ ან ვიზუალურ ლოგიკას — აბსტრაქტულ ფორმებს, მონოტონურ ინტერიერებს ან მაღალტექნოლოგიურ, მაგრამ სენსორულად ღარიბ გარემოს — სივრცე შეიძლება ვიზუალურად შთამბეჭდავი, მაგრამ ნერვული სისტემისთვის რთულად მისაღები იყოს.

არქიტექტურა, როგორც ნერვული გარემოს დიზაინი

ნეიროარქიტექტურა გვახსენებს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს: ჩვენ არ ვაპროექტებთ მხოლოდ თანამედროვე ადამიანისთვის, არამედ ვაპროექტებთ ძველი ნერვული სისტემისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს თანამედროვე სხეულში.

როდესაც სივრცე ითვალისწინებს ხედვისა და დაცულობის ბალანსს, მოძრაობის ბუნებრივ რიტმს და სენსორული გარემოს ხარისხს, ადამიანი თავს უფრო მშვიდად გრძნობს. ასეთ სივრცეებში ადამიანები უფრო დიდხანს რჩებიან, უფრო ხშირად ურთიერთობენ და უკეთ კონცენტრირდებიან.

შესაძლოა, სწორედ აქ იწყება თანამედროვე არქიტექტურის შემდეგი ეტაპი. სივრცე შეიძლება იყოს ტექნოლოგიურად განვითარებული და ფორმალურად ექსპერიმენტული, მაგრამ ამავე დროს უნდა დარჩეს გასაგები ადამიანის სხეულისთვის. როდესაც ეს ბალანსი მიიღწევა, არქიტექტურა აღარ არის მხოლოდ შენობა — ის ხდება გარემო, რომელიც ადამიანის ნერვულ სისტემასთან დიალოგში შედის; სივრცე, რომელსაც არა მხოლოდ ვხედავთ, არამედ ვგრძნობთ.                                                                                                            

ავტორი: გიორგი ზაუტაშვილი

დიზაინი, კომფორტი და ევროპული ელეგანტურობა – რა შეგიძლიათ აღმოაჩინოთ „ლაქშერის“ შოურუმში