in

გაცოცხლებული მემკვიდრეობა და სივრცის მეხსიერება – Neri&Hu-ს არქიტექტურული დიალოგი

სტუდია Neri&Hu Design and Research Office 2004 წელს დაარსდა შანხაიში არქიტექტორების – ლინდონ ნერისა (Lyndon Neri) და როსანა ჰუს (Rossana Hu) მიერ. სტუდიის დამფუძნებლები მიიჩნევდნენ, რომ ჩინეთში თანამედროვე არქიტექტურას ხშირად აკლდა კონტექსტთან კავშირი, სიღრმე და ისტორიული ცნობიერება. სწორედ ამიტომ ლინდონ ნერი და როსანა ჰუ თავიდანვე ორიენტირებულები იყვნენ არა მასშტაბურობაზე ან ფორმალურ ეფექტზე, არამედ არსზე – იმაზე, თუ რას უნდა წარმოადგენდეს არქიტექტურა, ვის უნდა ემსახურებოდეს და როგორ უნდა იყოს დაკავშირებული დროსა და ადგილთან.

“არქიტექტურა უნდა იყოს ადგილობრივი და გლობალური ერთდროულად – გააერთიანოს ტრადიცია და ინოვაცია, რათა სივრცე გახდეს დროისა და მეხსიერების მატარებელი,” – ლინდონ ნერი

სტუდიის არქიტექტურული ფილოსოფია ეყრდნობა სივრცის, დროისა და მეხსიერების კონცეპტუალურ შერწყმას. Neri&Hu-ს არქიტექტურა არ არის მხოლოდ ფუნქციური მოცულობა ან ესთეტიკური ფორმა, არამედ ეს არის ადგილი, რომელიც ქმნის დიალოგს წარსულთან, აწმყოსთან და მომავალთან. ნერი და ჰუ აღიქვამენ სივრცეს როგორც ტექსტს, რომელიც იკითხება მასალებით, ფორმებით, განათებითა და სტრუქტურით. მათი მიდგომა არქიტექტურას აქცევს კულტურულ სარკედ, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება საკუთარ თავს იცნობს და იაზრებს. სწორედ ამ იდეაზეა აგებული სტუდია – არქიტექტურა არ უნდა იყოს დროისგან მოწყვეტილი ობიექტი, არამედ დროის ნაკადში ჩასმული ინტერპრეტაცია.

„ჩვენი ინტერესის საგანი არ არის უბრალოდ ლამაზი ობიექტების შექმნა — ჩვენ გვაინტერესებს აზრიანი არქიტექტურა,” – Neri&Hu

„We are not interested in making beautiful things, but in making meaningful things,” – Neri&Hu

Neri&Hu-ს პროექტები გამოირჩევა იმით, რომ სტუდია ხშირად მუშაობს ისტორიულ კონტექსტში. მათ არ ეშინიათ ძველი სტრუქტურების შენარჩუნებისა და მათი თანამედროვე საჭიროებებთან ადაპტაციის. პირიქით – ძველი კედლები, გაუთლელი აგური, დაძველებული ხე თუ ნატეხები მათთვის არაა დაბრკოლება, არამედ რესურსია ახალი არქიტექტურისთვის. ამგვარად, ისინი ქმნიან სივრცეებს, სადაც ახალი და ძველი თანაბრად მნიშვნელოვანია, ორივეს აქვს თავისი ხმა, თუმცა ეს ხმები არ ეჯიბრებიან ერთმანეთს – ისინი ქმნიან ჰარმონიას. ეს იდეა პირდაპირ ეხმიანება აზიურ ფილოსოფიას, რომელშიც ციკლურობა და შრეებად აზროვნება არსებითია. სტუდიის შემოქმედებაში არქიტექტურა შეიძლება ჩაითვალოს სივრცის „თარგმანად“ – თანამედროვე ინტერპრეტაციად იმ მდიდარი ისტორიული ფენებისა, რომლებიც კონტექსტშია ჩამალული.

ისტორიული და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმის საუკეთესო მაგალითია Neri&Hu-ს პროექტი “The Waterhouse at South Bund” შანხაიში.

ეს პროექტი წარმოადგენს 1930-იანი წლების შენობის გარდაქმნას ბუტიკ სასტუმროდ. Neri&Hu-მ შეინარჩუნა არსებული სტრუქტურის ინდუსტრიული ხასიათი — უხეში ბეტონის კედლები, რკინის კონსტრუქციები, დროის ნაკვალევი — და მასში ჩააშენა თანამედროვე დიზაინის ახალი ელემენტები მინით, შიშველი მეტალითა და სუფთა გეომეტრიით.

მთავარი კონცეფცია იყო წარსულის პატივისცემა და ამავდროულად მისი გააზრება თანამედროვე კონტექსტში. არქიტექტორებმა მკაფიოდ გამოყვეს ძველი და ახალი ნაწილები — ისინი ერთმანეთს არ ფარავენ, არამედ აშკარად უპირისპირდებიან და სწორედ ამ დაპირისპირებაში ჩნდება სივრცობრივი დინამიკა. ეს ქმნის არქიტექტურულ ნარატივს, რომელშიც ახალი „ლაპარაკობს“ ძველთან და მთელი შენობა იქცევა ერთგვარ დიალოგად.

Neri&Hu-ს ხედვის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია მასალისა და სტრუქტურის სიბრტყის ღიად გამჟღავნება. მათ არ აინტერესებთ ზედმეტად დაფარული ან “გასუფთავებული” არქიტექტურა. ისინი ხშირად იყენებენ ბეტონს შიშველი სახით, ხეს – მისი კოჟრებით, აგურს – ნაკაწრებით. ამაში იგრძნობა პატივისცემა ხელოვნურობისგან დაცლილი ნატურალური ფორმის მიმართ.

Tsingpu Yangzhou Retreat – იანგჯოუ, ჩინეთი

ამგვარად, Neri&Hu არქიტექტურას არა დეკორატიულ, არამედ მატერიალურ, ფიზიკურად ხილულ გამოცდილებად აქცევს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სივრცე არ დარჩეს სტერილურად აბსტრაქტული – მას უნდა ჰქონდეს წონა, ფაქტურა და ხმოვანება. ამის გამო ხშირად იყენებენ განათებას არა მხოლოდ ფუნქციურად, არამედ როგორც პოეტურ ელემენტს, რომელიც სივრცეს სუნთქვას და დროის შეგრძნებას აძლევს.

ამ მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია ხელოვნების ცენტრი ჩინეთში, რომელიც ერთგვარი არქიტექტურული მედიტაციაა სინათლესა და ჩრდილზე. Neri&Hu ამ პროექტში სინათლეს იყენებენ როგორც დრამატურგიულ ინსტრუმენტს — სივრცის განცდა იცვლება დღის მანძილზე, რაც მნახველს უღვივებს ემოციურ კავშირს არა მხოლოდ არქიტექტურასთან, არამედ დროის ცვლასთანაც. განათება ამ სივრცეში აჩენს ფენებსა და ტექსტურებს, ამკვიდრებს სიმშვიდეს ან მოულოდნელად ქმნის დაძაბულობას.

Aranya Art Center

საინტერესოა, რომ Neri&Hu-სთვის არქიტექტურა ინტერიერსა და ექსტერიერს შორის არსებული ზღვრის მოშლაა. ისინი ერთდროულად ქმნიან როგორც შენობებს, ასევე ინტერიერებს, ავეჯს და განათების ობიექტებს, რათა სივრცეს ჰქონდეს ერთიანი, უწყვეტი ენა. მათთვის ინტერიერი არ არის შენობის დასრულების შემდგომი ეტაპი – ეს არის სივრცის განუყოფელი ნაწილი, რომელიც იმავე ფილოსოფიით უნდა დაიგეგმოს, როგორზეც მთელი არქიტექტურული გეგმა. ამასთან, მათთვის მნიშვნელოვანია სივრცის სოციალურობა – ანუ ის, თუ როგორ ხვდება ადამიანი მასში და როგორ გადადის იგი სხვა სივრცეში. სწორედ ამიტომ მათ პროექტებში ხშირად გვხვდება ღია შიდა ეზოები, გალერეები, გადასასვლელები. შესაბამისად, მათ არქიტექტურაში მოძრაობა არასოდეს წყდება.

Neri&Hu-ს არქიტექტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კვლევით კომპონენტს. თავად სახელწოდება “Design and Research Office” უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ მათთვის დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალური ან ტექნიკური პრაქტიკა – ეს არის კვლევაზე დამყარებული პროცესი. ყოველი პროექტი წინ უძღვის კონტექსტის, მასალების, ადგილობრივი ტრადიციების, კლიმატის, შუქის მიმართულებების, მეხსიერების ფენების და სოციალური ჩარჩოების დეტალურ შესწავლას. მათი აზრით, კარგი არქიტექტურა ვერ შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ არ გაიაზრებ სად ხარ, ვისთვის ქმნი და რას ნიშნავს შენთვის ეს ადგილი. ამიტომაც მათი პროექტები არასოდეს ჰგავს ერთმანეთს – ისინი მორგებულია კონკრეტულ ადგილს, სიტუაციას და ადამიანურ საჭიროებას.

Lao Ding Feng

სტუდიის არქიტექტურული ენა ვერ დახასიათდება ერთი კონკრეტული სტილით – მათი ნამუშევრები შეიძლება იყოს მინიმალისტური, ბრუტალისტური ან თბილი და ბუნებრივი, მაგრამ რაც ყოველთვის თვალში საცემია, ესაა ინტელექტუალური სიღრმე და სიჩუმის ესთეტიკა, რომელიც მათ სივრცეებს თან სდევს. Neri&Hu-ს არქიტექტურა არ ყვირის – ის ჩუმად საუბრობს, მაგრამ სწორედ ამ სიჩუმეში იგრძნობა არქიტექტურის ძალა. მათი მიზანია, რომ სივრცემ არ დაჩაგროს ადამიანი, არ გადააჭარბოს მას. ისინი ქმნიან არქიტექტურას, რომელიც ზუსტად იმდენ ადგილს იკავებს, რამდენსაც საჭიროებს – არც მეტს და არც ნაკლებს.

„ყოველი პროექტი ჩვენთვის არის შანსი, გადმოვცეთ ამბავი სივრცის, მასალისა და მეხსიერების მეშვეობით,“ – Neri&Hu

„We see every project as an opportunity to craft a story through space, material, and memory,” – Neri&Hu

Neri&Hu-ს არქიტექტურა ემოციურია, მაგრამ არა რიტორიკული. იგი პატივს სცემს წარსულს, მაგრამ ამავდროულად ესწრაფვის ახალს. იგი ცდილობს იყოს ადამიანური – მას არ აინტერესებს ფორმა და მასშტაბი, არამედ მისი ყურადღების ცენტრშია ადამიანი, რომელსაც ეს სივრცე უნდა ემსახუროს. სწორედ ამ ღირებულებების გათვალისწინებით, Neri&Hu Design and Research Office დღეს არქიტექტურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და გავლენიანი სახელია.

აღსანიშნავია, რომ Silk Development-ის მოწვევით, სტუდია Neri&Hu Design and Research Office-ი ამჟამად სასტუმრო “ტელეგრაფის” პროექტზე მუშაობს. 

ძველისა და ახლის სინთეზით შექმნილი უნიკალური ინტერიერი ვიქტორიანულ სტილში

სკანდინავიური და იტალიური სტილი ერთ სივრცეში – დახვეწილი ინტერიერი სტოკჰოლმში