in

მწვანე ტონებით გაჯერებული ბინა ჟვანიას ქუჩაზე – ნინი სოხაძის ნამუშევარი

ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე 220 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბინა დიზაინერმა ნინი სოხაძემ თანამედროვე, ფუნქციური და სახასიათო საცხოვრებელ სივრცედ გარდაქმნა. როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ფართი მოცულობითი იყო, საწყის ეტაპზე სივრცის დაგეგმარება მყისვე დიდ გამოწვევად იქცა – ვიწრო დერეფნები, ქაოტური განლაგება და არაერგონომიული სტრუქტურა საჭიროებდა სრულ რედიზაინს.

ბინის მეპატრონესთან მჭიდრო კონსულტაციის შედეგად, ნინი სოხაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულად მოეშალა ბინის ტიხრები, რათა თავიდან დაგეგმილიყო სივრცე. შემოსასვლელში არსებული სიმჭიდროვე და ვიწრო კორიდორების სისტემა ჩანაცვლდა ნათელი და ჰაეროვანი ზონით, რომელიც სტუმარს შესვლისთანავე საშუალებას აძლევს, სივრცე მთლიანობაში აღიქვას.

სამზარეულოს საწყისი გეომეტრიული სირთულე და ფართობის სიმცირის პრობლემა გადაიჭრა საზაფხულო ვერანდის მეშვეობით — ის შემინეს და ფუნქციურ ზონად აქციეს. ასე გაჩნდა ახალი, სივრცეში ჩაწერილი სამზარეულო, რომელიც უმშვენიერეს ტერასას უკავშირდება.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისაღები ოთახის არასტანდარტული დაგეგმარება. დიზაინერმა გადაწყვეტილება მიიღო, შეექმნა კედელი, რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ ტელევიზორისთვისაა განკუთვნილი, თუმცა რეალურად, მასში დამალულია ძველი კონსტრუქციული დგარები. ამავე კედლის მიღმა, კიბის უჯრედში, ჩაშენდა ტექნიკური ოთახი – სრულიად შეუმჩნეველი, ინტერიერში ჩაწერილი დეტალი, რომელიც ამავდროულად ინარჩუნებს სივრცის სისუფთავეს.

მისაღები ზონა ორ ფუნქციურ ნაწილად არის გაყოფილი – მყუდრო დასასვენებელი და აქტიური სოციალური სივრცე, რომელიც ხშირი შეკრების ადგილი გახდა ბინის მფლობელებისა და მათი მეგობრებისთვის. ამას ემატება სამაგიდო თამაშებისთვის განკუთვნილი ზონა, რაც ინტერიერს შინაურულ და არაოფიციალურ ატმოსფეროს ანიჭებს.

ნინი სოხაძის შემოქმედებითი მიზანი ამ პროექტში იყო სივრცის მაქსიმალური “დათბობა” როგორც ვიზუალურად, ასევე ემოციურად. ინტერიერის ფერთა პალიტრა მოიცავს მწვანის ნატურალურ გრადაციებს, რაც პერიოდულად მეორდება ავეჯზე, კედლის ელემენტებზე და მცენარეულ დეკორზე. ხის იატაკი და დარაბები კიდევ უფრო აძლიერებს სიმყუდროვის განცდას, ფერადი აქცენტები კი ინტერიერს ვიზუალურ დინამიკას სძენს.

ყურდღებას იქცევს სტუმრებისთვის განკუთვნილი მცირე ზომის (2.2 კვადრატული მეტრი) სველი წერტილი, რომელიც თამამი და არტისტული გადაწყვეტით იქცა ბინის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სივრცედ. ის ზუსტად იმ ემოციას იწვევს, როგორი ჩანაფიქრიც ჰქონდათ დიზაინერსა და დამკვეთს.

შემოსასვლელში გვხვდება მიკროცემენტით მოპირკეთებული კიბე, რომელიც არ იკვეთება სხვა ზონებთან და შესაძლებლობას იძლევა, რომ მაცხოვრებლებს კომფორტული წვდომა ჰქონდეთ მეორე სართულზე განთავსებულ პრივატულ ზონებთან.

პროექტის წარმატების ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად ნინი სოხაძე დამკვეთის ჩართულობას ასახელებს — თანამშრომლობა, რომელიც ყოველ ეტაპზე თანხვედრაში იყო და საერთო მიზნისკენ სრულ ჰარმონიაში მოდიოდა. სწორედ ამ ურთიერთქმედებამ შექმნა ინტერიერი, რომელიც არ არის მხოლოდ ვიზუალური — ის სენსორულად აღქმადი, ფუნქციური და „სახლურ“ ემოციებზე დამყარებულია.

პროექტის ავტორი: ნინი სოხაძე

დიზაინ სტუდია: Roomy.რუმი 

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ცხოვრება ქალაქგარეთ: სუბურბან საგურამოს მშენებლობა ივნისში სრულდება

იტალიური მემკვიდრეობისა და ნიუ-იორკის სტილის შერწყმა – გრეგ ნატალეს ჯადოსნური პროექტი