in

გზა ფერწერიდან შპალერის დიზაინამდე – ინტერვიუ ნინა კიკალიშვილთან

თანამედროვე ინტერიერში ხელოვნება სულ უფრო ხშირად სცდება დეკორატიულ ფუნქციას და სივრცის აქტიურ თანამონაწილედ იქცევა. ფერწერა, ორნამენტი და კედლის დიზაინი აღარ არის მხოლოდ ვიზუალური აქცენტი — ისინი ქმნის განწყობას, განსაზღვრავს ატმოსფეროს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ სივრცეს. როდესაც ხელოვნების ნიმუში ინტერიერში ორგანულად იბადება და არ თავსდება უბრალოდ კედელზე, დიზაინი ტექნიკური ამოცანის ფარგლებს სცდება და შემოქმედებით, ემოციურ და ინტელექტუალურ პროცესად გარდაიქმნება.

სწორედ ასეთ მიდგომას ეფუძნება დიზაინერისა და ფერმწერის — ნინა კიკალიშვილის — შემოქმედება. კლასიკური სამხატვრო განათლება, საერთაშორისო გამოცდილება და ინტერიერის დიზაინის ღრმა ცოდნა მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ სიღრმესა და მრავალფეროვნებას ანიჭებს. მისთვის კედელი მხოლოდ ფონური ზედაპირი არ არის — იგი სივრცის მთავარი გამომსახველი ელემენტია, ვიზუალური ენა, რომელიც ადამიანის ემოციებზე, ქცევასა და განწყობაზე პირდაპირ მოქმედებს. ნინას მიერ შექმნილი შპალერები და კედლის კომპოზიციები ინტერიერს დროის განზომილებასაც სძენს და მაყურებელთან მუდმივ დიალოგში რჩება.

ინტერვიუში ნინა კიკალიშვილი გვიზიარებს საკუთარ პროფესიულ გზას — თბილისის სამხატვრო აკადემიიდან მილანის Domus Academy-მდე, იტალიურ არქიტექტურულ სტუდიებთან თანამშრომლობიდან საკუთარი კომპანიის შექმნამდე. ის საუბრობს სტილისტურ მრავალფეროვნებაზე, ინტუიციასა და კონტექსტის მნიშვნელობაზე, ფერის ფსიქოლოგიაზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც ხელოვანი იღებს სივრცის ფორმირების პროცესში.

ნინა, გვიამბეთ როდის გაგიჩნდათ ინტერესი დიზაინის მიმართ – როგორ აღმოაჩინეთ ეს სფერო და რა იყო ის მთავარი მოტივაცია, რომელმაც განსაზღვრა თქვენი კარიერული არჩევანი?

ბავშვობიდანვე მქონდა ძლიერი ინტერესი ხელოვნების მიმართ და თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი პროფესიული გზა იქნებოდა. ფერწერის მიმართულებით სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დავამთავრე. მოგვიანებით გამიჩნდა ინტერიერის დიზაინისადმი ინტერესი, განსაკუთრებით სამგანზომილებიან პროგრამებში მუშაობის მიმართ, სადაც სივრცის ფორმირება მასალებისა და ფორმების დახმარებით შევძელი.

შემდგომში მილანში, Domus Academy-ში მივიღე მაგისტრის ხარისხი ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. სწავლის შემდეგ ვიმუშავე რამდენიმე იტალიურ არქიტექტურულ კომპანიაში, სადაც შევქმენი შპალერების კოლექცია 2025 წლის Salone del Mobile-ისთვის. დღეს ეს კოლექცია წარმატებით იყიდება იტალიური მწარმოებელი კომპანიების მიერ.

ამ გამოცდილებამ განსაზღვრა ჩემი მთავარი პროფესიული მიმართულება და საფუძველი ჩაუყარა მამაჩემთან ერთად Kikala Studio-ს ფარგლებში შექმნილ შპალერების ბეჭდვის ხაზს: Kikala Factory-ს.

როგორ ყალიბდებოდა თქვენი ხედვა კარიერის დასაწყისში და რა გამოწვევებმა ან გაკვეთილებმა განაპირობა თქვენი დღევანდელი ხელწერა?

ჩემს პროფესიულ ხედვასა და ხელწერაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კლასიკურ ფერწერულ განათლებასა და მრავალწლიან პრაქტიკას, რაც მაძლევს თავისუფლებას, ვიმუშაო სხვადასხვა სტილში. ხშირად, როდესაც ადამიანები ჩემს შპალერებს ხედავენ, ჰგონიათ, რომ მათზე რამდენიმე ავტორი მუშაობს, რადგან თითოეული ნამუშევარი განსხვავებული სტილისა და ტექნიკის არის. სინამდვილეში კი ყველა ნამუშევარს მხოლოდ მე ვქმნი.

ნამუშევრების სტილი უმეტესად დამოკიდებულია სივრცისა და პროექტის კონტექსტზე, რადგან თითოეული გარემო განსხვავებულ ვიზუალურ ენას მოითხოვს. ჩემი ხელწერა ეტაპობრივად ჩამოყალიბდა და განვითარდა თითოეულ პროექტთან ერთად. ზოგ შემთხვევაში ვმუშაობ აბსტრაქტულ ფორმებზე, ზოგან კი რეალისტურ მიდგომას ვირჩევ.

ვფიქრობ, სტილისტური მრავალფეროვნება აუცილებელია ნებისმიერი შემოქმედისთვის, რადგან იდეა ყოველთვის ერთნაირად არ იბადება და თავისუფლებას მოითხოვს გამოხატვის ფორმაში.

თქვენს მოღვაწეობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კედლის ორნამენტებისა და დიზაინის შექმნა. როგორ გამოხატავთ თქვენს უნიკალურ სტილს თითოეულ ნამუშევარში და რა ხდის მათ განსაკუთრებულს?

არ მიყვარს ერთ კონკრეტულ სტილთან მიჯაჭვულობა, თუმცა ვფიქრობ, რომ მაქვს საკუთარი ხელწერა, რომელიც დეტალებით გამოირჩევა. განსაკუთრებით მიზიდავს იდეის ფორმებად გარდაქმნა – თითქოს, მას ჩარჩოს ვუსაზღვრავ, რათა უფრო მკაფიო და გააზრებული გახდეს. ეს შეიძლება იყოს ბუნების მოტივები, გეომეტრიული ფორმები ან ადამიანის პორტრეტი.

ამ ეტაპზე შთაგონებას ვპოულობ შუა საუკუნეების წიგნების ილუსტრაციებსა და მათ მცენარეულ ორნამენტებში. ამასთან, ჩემთვის მნიშვნელოვანია ინტუიციაზე დაყრდნობა და შიდა განცდით ხელმძღვანელობა.

დიდ გავლენას ახდენს გარემოც, სადაც გავიზარდე. მჯერა, რომ ხელოვანის ნამუშევრებში ყოველთვის ქვეცნობიერად იკვეთება ბავშვობასთან დაკავშირებული დეტალები. ალბათ სწორედ ეს ელემენტი ანიჭებს ჩემს ხელწერას ემოციურ სიღრმესა და სითბოს.

რა პრინციპებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული პროექტის შექმნისას და რა ფაქტორები ახდენს ყველაზე დიდ გავლენას თქვენს გადაწყვეტილებებზე დიზაინში?

დიზაინის პრინციპებზე საუბრისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბალანსია – როგორც ფორმებსა და გეომეტრიას შორის, ისე ფერების ურთიერთობაში. ფერი და ფორმა ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს გარემოს. პერფექციონისტი და დეტალებზე ორიენტირებული ვარ; აბსტრაქტულ ნამუშევრებშიც კი თითოეული ელემენტი გააზრებულია.

შპალერს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანის განწყობასა და ქცევაზე. სწორად შერჩეული ვიზუალი იზიდავს ადამიანს და სივრცეში დარჩენის სურვილს აძლიერებს.

პირად ნამუშევრებში პროცესზე გავლენას ახდენს ჩემი განწყობა, გარემო და მოგზაურობებისგან მიღებული შთაგონება. ხშირად მუშაობა სპონტანურადაც ვითარდება. დამკვეთთან მუშაობისას კი პირველ ადგილზე დგას სივრცე და მისი საჭიროებები, რასაც ჩემს ხედვასა და გამოცდილებას ვუხამებ. საბოლოო მიზანი ყოველთვის ერთი რჩება: ძლიერი, ვიზუალურად დაბალანსებული ნამუშევრის შექმნა, რომელიც იდეალურად ერწყმის ინტერიერს.

როგორ აღწერდით თქვენს შემოქმედებით პროცესს – რა არის თქვენი ძირითადი შთაგონების წყარო და რა როლს თამაშობს განწყობა იდეებისა და კონცეფციის ჩამოყალიბებაში?

შპალერი ჩემთვის განსაკუთრებული მედიუმია, რადგან მაძლევს შესაძლებლობას, ძლიერი გავლენა მოვახდინო გარემოზე და გარკვეულწილად ვაკონტროლო მისი აღქმა. ის არ მოქმედებს მხოლოდ კედლებსა და ინტერიერზე, ის პირდაპირ ზემოქმედებს ადამიანების განწყობაზე, ემოციებსა და ქცევაზეც კი.

არასწორად შერჩეულ შპალერს შეუძლია გარემოს აღქმის დარღვევა და დისკომფორტის გამოწვევა, რაც ადამიანების ქცევაზეც აისახება. სწორად შერჩეული შპალერი კი ქმნის კომფორტულ გარემოს, სადაც ადამიანს ბუნებრივად უჩნდება დარჩენის სურვილი. ამ შემთხვევაში შპალერი მხოლოდ დეკორი კი არა, ძლიერი კომერციული ინსტრუმენტიც ხდება.

სწორად გააზრებული კედლის დიზაინი სივრცეს ანიჭებს დადებით ენერგიას, აძლიერებს ინტერიერის ესთეტიკას და ქმნის სანდო გარემოს, სადაც ყოფნა სასიამოვნოა.

როგორ ახერხებთ სასურველი ემოციის მიღწევას თქვენს ნამუშევრებში?

განწყობის შექმნა მრავალ კომპონენტს აერთიანებს: სივრცის გააზრებას, დაგეგმვის ლოგიკას და მასშტაბებისა და პროპორციების სწორ გათვლას, რაც ინტერიერის დიზაინის ცოდნას ეფუძნება.

მხატვრობისა და დიზაინის გაერთიანებით იქმნება ნამუშევარი, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად ძლიერია, არამედ იდეალურად ერგება კონკრეტულ გარემოს და სრულ ჰარმონიაშია სივრცესთან.

მრავალფეროვანი ტექნიკების ფლობა მაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად გადმოვცე ის ემოცია და ხასიათი, რომელიც თავიდანვე მაქვს ჩაფიქრებული და რომელიც კონკრეტული ინტერიერისთვის არის განკუთვნილი. ტექნიკის შერჩევით მიზანმიმართულად ვქმნი იმ ატმოსფეროს, რომლის მიღწევაც მსურს.

თქვენი გამოცდილებით, რამდენად დიდ გავლენას ახდენს კედლის დიზაინი სივრცის საერთო განწყობაზე? როგორ უნდა შეირჩეს კედლის ფერი, ორნამენტის ფორმები და ტექსტურები ისე, რომ საბოლოო შედეგი სრულყოფილად შეესაბამებოდეს კონკრეტული სივრცის საერთო კონცეფციას?

განწყობის შექმნის მნიშვნელობა განსაკუთრებით მკაფიოდ დავინახე Netflix-ის სერიალ The Queen’s Gambit-ში, სადაც ვინტაჟური შპალერები იმდენად ძლიერ ვიზუალურ ელემენტად იქცა, რომ კედლები თითქოს ისტორიას ჰყვებოდნენ და მაყურებელს თავს სივრცის ნაწილად აგრძნობინებდნენ.

შპალერის ფერისა და სტილის შერჩევა ყოველთვის დამოკიდებულია ინტერიერის ფუნქციაზე. სწორედ ამიტომ, ერთსა და იმავე დიზაინს ხშირად ვქმნი სხვადასხვა ფერთა ვერსიაში, რათა ის მოერგოს განსხვავებულ გარემოსა და ადამიანების ხასიათს.

ფერს გადამწყვეტი როლი აქვს გარემოს აღქმასა და განწყობაზე: საცხოვრებელ ზონებში, განსაკუთრებით საძინებელში, უპირატესობა ენიჭება მშვიდ ფერებსა და დაბალანსებულ ფორმებს, ხოლო საჯარო და კომერციულ სივრცეებში მეტი თავისუფლება და თამამი ფერები იპყრობს ყურადღებას და აძლიერებს ინტერესს.

თქვენი შემოქმედება, ფაქტობრივად, სახვითი ხელოვნების ნაწილია. რა კავშირს ხედავთ სახვით ხელოვნებასა და ინტერიერის დიზაინს შორის? როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნების სხვადასხვა დარგების ინტეგრირება ჩვენს სივრცეებსა და ყოველდღიურობაში?

სწორი აღნიშვნაა. ჩემი ნამუშევრები ნამდვილად სახვითი ხელოვნების ნაწილია, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩემი, როგორც ფერმწერის საფუძველს. ვფიქრობ, ხელოვნებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანებზე და სივრცეზე – ის ამდიდრებს გარემოს და შემოაქვს ის, რაც ყოველდღიურობაში ხშირად გვაკლია.

ნეგატიურისა და სტრესის ფონზე, ხელოვნება დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობასა და შინაგან მდგომარეობაზე. ინტერიერში არსებული შპალერი მხოლოდ დეკორი არ არის. ის ფიქრისკენ, შთაგონებისა და შემოქმედებისკენ გვიბიძგებს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრებმა ადამიანებში შთაგონება გააჩინოს, რადგან სწორედ იდეების გაცვლით ვითარდება საზოგადოება. ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

მხატვრობა ასევე გამბედაობას მოითხოვს, რადგან ნამუშევრის საჯაროდ გამოტანა ნიშნავს საკუთარი შინაგანი სამყაროს გაზიარებას და მზადყოფნას კრიტიკისა და განსხვავებული აზრების მისაღებად. სწორედ ამ ღიაობაში მდგომარეობს ხელოვანის ძალა.

ფლორითა და ფაუნით შთაგონებული სანაპიროს სახლი პორტუგალიაში – dEMM Arquitectura-ს პროექტი

„ქრონომეტრი’’ – ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი ლისზე,  სადაც ვიზუალს შინაარსი განაპირობებს