in

პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვინც სახლს დამოუკიდებლად არემონტებს — ნინი ელისაშვილის გზამკვლევი

მაცხოვრებელთა ნაწილი სარემონტო სამუშაოებს ინტერიერის  დიზაინერის დახმარებით ასრულებს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ფინანსური საკითხებისა თუ გარკვეული მიზეზების გამო, სახლის მოწყობა თავად, პროფესიონალის დახმარების გარეშე სურთ. ამ დროს  ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერიერთან და რემონტთან დაკავშირებული ინფორმაციის წინასწარ მოძიება და იმ პრაქტიკული რჩევების გათვალისწინებაა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს შეგვიმსუბუქებს და სასურველი შედეგის მიღებაში დაგვეხმარება. დღევანდელ სტატიაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან საჭირო და პრაქტიკულ ინფორმაციას ინტერიერის დიზაინერი ნინი ელისაშვილი გვიზიარებს

„ყველა ადამიანს სურს, იცხოვროს ისეთ სახლში, რომელიც კომფორტის გარდა, ესთეტიკურ სიამოვნებასაც მიანიჭებს. ამიტომ ტექნიკურ საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანია სივრცის იერსახეზე ზრუნვაც. თუ სახლის გარემონტება ინტერიერის დიზაინერის ჩართულობის გარეშე გადაწყვიტეთ, ვფიქრობ, ქვემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკული რჩევები დაგეხმარებათ სწორად და თანმიმდევრულად წარმართოთ ეს პროცესი“, — აღნიშნავს ნინი ელისაშვილი.

სივრცის გეგმარება

დიზაინერი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, რემონტის დაწყებამდე მოხდეს სივრცის სწორად გადანაწილება, რათა მაქსიმალურად ფუნქციური, ჩვენს მოთხოვნებზე მორგებული გარემო მივიღოთ.

„ოთახის ზომა უნდა განისაზღვროს მისი დანიშნულების მიხედვით. მნიშვნელოვანია, წინასწარ გქონდეთ წარმოდგენა თქვენთვის სასურველ ავეჯზე, მის ფუნქციაზე და გაბარიტებზე (მაგალითად, საძინებელში საწოლის ზომაზე). ხშირია შემთხვევები, როდესაც ბინის მფლობელი გეგმარებისას არ უთმობს სათანადო ყურადღებას ავეჯის მოცულობასა და ფუნქციურობას, რის გამოც მიღებული შედეგი არ ამართლებს მოლოდინს.“

კომუნიკაციის წერტილების მოწყობა

ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ გეგმარების დაწყებამდე  გასათვალისწინებელია კომუნიკაციის წერტილების განსაზღვრა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული სველი წერტილებისა და სამზარეულოს მდებარეობა. ნინი გვირჩევს, რომ სველი წერტილი საკომუნიკაციო შახტიდან შორ მანძილზე არ გადავიტანოთ, რადგან შესაძლოა, მომავალში დისკომფორტი შეგვექმნას. ტიხრების აშენებამდე კი, სირთულეების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, ჯერ კომუნიკაციის წერტილები, ფუნქციური ზონების მდებარეობა, ავეჯისა და ტექნიკის ზომები განვსაზღვროთ და მხოლოდ შემდეგ დავიწყოთ სარემონტო პროცესი.

„ავეჯის განლაგებასა და გაბარიტებზე წინასწარ დაფიქრება არა მხოლოდ ტიხრების სწორად გადანაწილებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ პირდაპირ კავშირშია სახლში ელექტრო წერტილების, განათების და გაყვანილობის სწორად დაგეგმვასთან. შესაბამისად, აუცილებელია, წინასწარ გქონდეთ წარმოდგენა სამზარეულოში ნიჟარისა და ტექნიკის, სველ წერტილში ფურნიტურის, საძინებელში საწოლის, მისაღებ ოთახში კი მაგიდის და მოსასვენებელი სივრცის მდებარეობაზე.

განათება

„მინდა ცალკე გამოვყო განათება, რომელიც ინტერიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორად შერჩეულ სანათებს შეუძლია ყველაზე მოსაწყენი ინტერიერიც კი ძალიან საინტერესო გახადოს“.

განათების დაგეგმვამდე უნდა გადავწყვიტოთ, სივრცეში  ნეიტრალური ნათება გვსურს თუ თბილი. როგორც დიზაინერი გვირჩევს, უმჯობესია ყველგან ერთი ფერის განათების დამონტაჟება, რათა ერთიანი და ჰარმონიული სივრცე მივიღოთ. ასევე, აუცილებელია სანათების რაოდენობისა და მათი სიმძლავრის წინასწარ განისაზღვრა მათი ფუნქციის მიხედვით.

„მაგალითად, თუ მოგწონთ მაგიდაზე დაშვებული სანათები, გაითვალისწინეთ, რომ ელექტრო წერტილის მდებარეობა მაგიდის მდებარეობის და ზომის მიხედვით უნდა განისაზღვროს.“

მოსაპირკეთებელი მასალები სველ წერტილებში

დიზაინერის თქმით, სააბაზანო სივრცეში მნიშვნელოვანია, წინასწარ გადავწყვიტოთ, პატარა ფორმატის ფილები გვსურს თუ დიდი. მხოლოდ ამის შემდეგ ღირს კონკრეტული პროდუქტის შერჩევა.

„გირჩევთ, საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე, კონსულტაცია გაიაროთ შემსრულებელთან და წინასწარ შეუთანხმდეთ ფილის კუთხეების 45 გრადუსიან დამუშავებაზე. ასე გაცილებით ლამაზი გამოვა კუთხეები და აღარ დაგჭირდებათ დამატებით ე.წ. კუთხოვანას გამოყენება. ასევე, უმჯობესია, ფილის შეძენამდე მაღაზიაში გაიაროთ კონსულტაცია და დააზუსტოთ, რამდენად შესაძლებელია შერჩეული ფილის გრადუსული ჭრა, რადგან ზოგიერთ ფილას აქვს არათანაბარი (ტალღოვანი) ზედაპირი ან მინისებრი დაფარვა, რაც გრადუსულ ჭრას ართულებს“, — ამბობს ნინი ელისაშვილი.

დიზაინერი გვიხსნის, რომ სამზარეულოს კედლის ფილის ან ალტერნატიული მასალის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ავეჯის ფერი და მასალა. მაგალითად, თუ სამზარეულოს ზედაპირი და კედლის მასალა ერთნაირი გვსურს, უმჯობესია გამოვიყენოთ კვარცი და ნეოლითი. რადგან როდესაც ავეჯისა და მოსაპირკეთებელი მასალების ფაქტურა და ფერი ერთმანეთთან თანხვედრაშია, ჰარმონიული გარემო იქმნება. 

იატაკის მოპირკეთება

„სამზარეულოს იატაკზე შესაძლებელია დააგოთ ფილა, ან მთლიან ბინაში გამოყენებული მასალა — ლამინატი და პარკეტი. თუ არჩევანს ფილაზე შეაჩერებთ, უმჯობესია იგივე პლინტუსი გამოიყენოთ, რაც სხვა ოთახებში გექნებათ.  ლამინირებული იატაკის ან პარკეტის შერჩევისას კი წინასწარ დაფიქრდით, მუქი ტონალობის იატაკი მოგწონთ თუ ღია. ასევე ყურადღება მიაქციეთ იატაკის წყობას და ზომას, რათა მომხიბვლელი და სახასიათო სივრცე მიიღოთ“, — აღნიშნავს ნინი.

კედლის მოპირკეთება

კედლის ფერის შერჩევისას სასურველია ვიცოდეთ, რა განწყობას გვიქმნის კონკრეტული ტონალობა, რადგან სწორად შერჩეული ფერები ჰარმონიულ და მშვიდ გარემოს განსაზღვრავს. თუ არჩევანს ჭრელ შპალერზე შევაჩერებთ, უმჯობესია, ავეჯი და დეკორი სადა იყოს, ხოლო თუ კედლები სადა ტონალობაში იქნება გადაწყვეტილი, რეკომენდებულია აქცენტი ფერად ავეჯსა და დეკორზე გაკეთდეს.

ნინის თანახმად, თანამედროვე ტენდენციების მიხედვით, დღეს აქტუალურია სველ წერტილებში კედლის შეღებვა, რა დროსაც აუცილებლად სპეციალური საღებავი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ნესტის მიმართ მდგრადია და ადვილად იწმინდება.

შიდა კარის შერჩევა

შიდა კარის შეძენისას ყურადღება უნდა მივაქციოთ კედლებისა და იატაკის ფერს. ხისფერი კარის შერჩევისას, კარისა და პლინტუსის ტონები ერთმანეთთან მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს. შეღებილი კარის შემთხვევაში კი სასურველია კარი და პლინტუსი ერთ ფერში გაკეთდეს.

დეკორი

რემონტის დასრულებისა და ავეჯის განლაგების შემდეგ, ბოლო ეტაპზე დეკორის მოწყობა ხდება. დეკორი იმ ნივთების ერთობლიობაა, რომელსაც საბოლოო ხასიათი შეაქვს ინტერიერში და სივრცეს ბევრად უფრო ლამაზად წარმოაჩენს. მაგალითად, მცირე დეტალების დამატებით, როგორებიცაა ნახატები, წიგნები, მცენარეები თუ ხალიჩა შეგიძლიათ მარტივად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე საცხოვრებელს  ინდივიდუალიზმი და ორიგინალური ესთეტიკა შემატოთ.

„მიუხედავად იმისა, რომ რემონტი შეიძლება რთული და ხანგრძლივი პროცესი იყოს, ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ, შექმნათ მაქსიმალურად ფუნქციური, ესთეტიკური და რაც მთავარია, თქვენზე მორგებული გარემო“, — ამბობს ნინი ელისაშვილი.

 

სტატიაში გამოყენებული ვიზუალური მასალა არ წარმოადგენს ნინი ელისაშვილის ნამუშევრებს. 

ავტორი: მეკო მეტრეველი

კლასიკური და თანამედროვე დეტალების შერწყმით შექმნილი ინტერიერი მადრიდში

#სადვიცხოვრო: თანამედროვე პენტჰაუზი უმშვენიერესი ტერასით ვაკის პარკთან დომუსში